ჯონ ლოკი

ჯონ ლოკი

გამოჩენილი ინგლისელი მოაზროვნე ჯონ ლოკი დაიბადა 1632 წლის 29 აგვისტოს და გარდაიცვალა 1704 წლის 28 ოქტომბერს. მისი  სახელი მჭიდროდაა ასოცირებული განმანათლებლობასთან. ხშირად მას ლიბერალიზმის ფუძემდებლადაც მიიჩნევენ. ლოკის ნაშრომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ახალი დროის ევროპული ცოდნის თეორიის, მეორე მხრივ კი — ლიბერალური პოლიტიკური მოძღვრების განვითარებისთვის. ამ უკანასკნელ თემაზე ლოკის ძირითადი იდეები ჩამოყალიბებულია „ორ ტრაქტატში მმართველობაზე“, განსაკუთრებით კი მის მეორე ნაწილში. ლოკი პირველ ბრიტანელ ემპირიცისტად ითვლება, იგი ასევე ცნობილია, როგორც სოციალური კონტრაქტის თეორიის შემქმნელი. მისმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს ეპისტემოლოგიისა და პოლიტიკური თეორიის განვითარებაზე. მან აგრეთვე გავლენა იქონია ვოლტერსა და ჟან-ჟაკ რუსოზე, შოტლანდიელ განმანათლებლებსა და ამერიკელ რევოლუციონერებზე. მისმა გავლენამ რესპუბლიკანიზმსა და ლიბერალურ თეორიაზე ასახვა იპოვა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში.

წყარო: ქართული ვიკიპედია