ჯემალ ქარჩხაძის „იგის“ ანალიზი

ჯემალ ქარჩხაძის „იგის“ ანალიზი

„იგის“ მხატვრულ ძალას, უპირველეს ყოვლისა, ის ქმნის, რომ მასში ცხადად არის განჭვრეტილი და აღდგენილი პირველყოფილი ადამიანის სამყაროს სურათი, მოძებნილია ადეკვატური სტილი ამ სამყაროს გამოსახატავად.
ნაწარმოების მთავარი გმირი გარესინამდვილესაც და საკუთარ ფსიქიკასაც აღიქვამს როგორც სასიამოვნო თუ უსიამოვნო მოვლენათა კონკრეტიკას. ეს აღქმა პერსონიფიცირებულია (მზე „დღის თვალია“, მთავრე – „ღამის თვალი“. წუხილი ცოცხალი არსებაა). იგის აზროვნება ცალკეულ სიტუაციებზეა მიჯაჭვული, მისი მეხსიერება სუსტია, გამოცდილება – შეზღუდული და მწირი. ამირომ განსჯა, განზოგადება ძალიან უჭირს. გონებაზე ბევრად უფრო მეტად მას შეგრძნებები აქვს განვითარებული, განსაკუთრებით ყნოსვის და გემოს შეგრძნებები. ყოველივე ეს ირეკლება ნაწარმოების სახეებში, ტროპებში, ენობრივ სტილში – ფრაზები, ჩვეულებრივ, მოკლედ და ხისტად მოჭრილია, ნაკლებ დანაწევრებულია.
მაგრამ მსოფლაღქმის პრიმიტიული სტილი შიგნიდანვე რთულდება გონის გაღვივების და მუშაობის შედეგად. აბსოლუტური დამაჯერებლობით წარმოსახული პირველყოფილი ცბობიერების და ყოფის სურათის შიდა პლანს შეადგენს პრიმიტიულ ადამიანში ნამდვილი, სრულფასოვანი ადამიანის – პიროვნების დაბადების პროცესი. მოთხრობაში ანალიტიკურად არის წარმოჩენილი, როგორ იქცევა პირველყოფილი ჯოგის წევრი მოაზროვნედ და თვითშემმეცნებლად, საკუთარი ზნეობის და ღირსების მქონე, შემოქმედებაზე ორიენტირებულ და ღირებულებების გამომკვეთ ინდივიდიუმად. ამ პროცესის საფეხურები, ეტაპები მკაფიოდ არის გამოცალკავებული და აღბეჭდილი.
რათა ინდივიდუუმად იქცეს, იგიმ უნდა დაძლიოს საკუთარი განსხვავებულობის შიში და ამას შეაძლებინებს უპირველესად სილამაზის აღქმის და განცდის უნარი – მთავარის შუქის ჭვრეტით მოხიბლული იგი საბოლოოდ იმართება წელში. ესთეტიკური გრძნობის წყალობით ფაქიზდება, დაიწმინდება იგის ეროტიული ინსტიქტი – სულიერი კავშირის მოთხოვნილება აღმატებული ხდება ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებაზე.
ესთეტიკური გრძნობა და ფიზიოლოგიის ბატონობისგან თავდახსნილი სიყვარული უბიძგებს იგის, გათავისუფლდეს საყვარელი ქალის უხეში ინსტიქტის მიერ დამახინჯებული, დამდაბლებული ხატისგან და ნამდვილი, მშვენიერი სახე დაუბრუნოს მას შემოქმედების მეშვეობით – სილამაზის გრძნობა და სიყვარული აღვიძებს იგიში ხელოვანს, შემოქმედს.
საკუთარ თავში გაფაქიზებული სიყვარულის და შემოქმედებითი ძალის აღმოჩენა დაანახებს იგის, რომ ის არის სული და ეს სული ამავე დროს მთელ სამყაროშია განფენილი. ნაწარმოებში ღმერთი ნახსენები არ არის, მაგრამ არსებითად იგი ღმერთს პოულობს – წვდება ერთიან და დიდ სულს, რომელიც მასშიც მჟღავნდება და გარესამყაროშიც. ღვთაებრივი სული ანათესავებს, ამთლიანებს იგის და ობიექტურ რეალობას. მეტიც, იგის როგორც შემოქმედის სული მთელ სამყაროს იტევს და ფლობს, რადგან სამყაროს შემქმნელი სულის ნაწილია. ეს გვახსენებს ვაჟა-ფშაველას პოეტურ თვითდახასიათება: „მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა“.
ღვთაებრივი სულია აზრის და სიტყვის ძალის სათავე, რომელიც იგის სხვებზე მეტი აქვს, მათ შორის ბელადზე მეტი – ბელადიც იგის „საკუთრებაა“, რაკი შეუძლია მისი არსის დანახვა და გამოხატვა. ამით იგი ბელადზე ძლიერია ( ეს ბელადის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის – ამიტომ აშფოთებს მას თავისი გამოსახულების ხილვა, მით უფრო დამსხვრევა).
მაგრამ უმნიშვნელოვანეს ეთიკურ, ესთეტიკურ და რელიგიურ ფასეულობათა აღმოჩენაც კი ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, რათა იგი სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბდეს – საამისოდ აუცილებელია მსხვერპლის გაღება იმისთვის, რაც მას ყველაფერზე მეტად უღირს.
ამისკენ იგის, რომელიც ბელადთან კონფლიქტისას თავიდან თვითგადარჩენას ცდილობს, ქალი უბიძგებს. ნი აიძულებს მას იყოს ის, რაც არის სინამდვილეში, გამოამჟღავნოს თავისი ჭეშმარიტი არსი. ნი იგის მეტად საშიშ სიტუაციაში ჩააყენებს და ამაში შეიძლება დავინახოთ ქალური შურისძიება იმის გამო, რომ იგიმ ნის სხეულებრივი მიმზიდველობა ჯეროვნად არ დააფასა. მაგრამ ნის მამოძრავებელია უფრო ღრმა იმპულსიც – მას სურს, რომ იგიმ არ დათმოს და სრულიად გამოავლინოს თავისი განსხვავებულობა, სულიერება, რომელიც უკვე ხიბლავს და უყვარს ამ კაცში. ამას მოწმობს იგის და ნის ბოლო საუბარიც.
ნის სიყვარული, ასევე ზუს სიმპათია, მათ მიერ მისი ღირსების აღიარება, მისი ინდივიდუალობის გაგება აძლევს ძალას იგის, ძველი ბელადის მსგავსად – ძრწოლის გარეშე შეხვდეს სიკვდილს. სიკვდილი ვერ თრგუნავს იგის, რადგან ის აცნობიერებს, რომ ტოვებს კვალს – იგისგან დარჩება ის, რაც მასში მთავარი იყო, დარჩება წელგამართულობა, ანუ ღირსება, თავისუფლება, ადამიანურობა. ამით იგი კაცობრიობის მომავალს შეამზადებს, მასში წილს დაიდებს და თავიდან იცილებს ამ ქვეყნიდან გაქრობას. იგისგან რჩება ზუ – მისი წელგამართული მემკვიდრე.
იგი პირველი თავისუფალი პიროვნებაა დედამიწაზე, მაგრამ თავისუფალ პიროვნებასთან ერთად ამ ქყვეყნად ჩნდება ტირანიაც, თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ძალადობაც. სადაც არის იგი, იქ არის ბელადიც და პირიქით. ეს წყვილი მუდმივად თან სდევდ საცობრიობის ისტორიას.

თამაზ ვასაძე

თქვენი online რეპეტიტორი