,,ჯაყო გმინვაა ჩემი სულის“ - მიხეილ ჯავახიშვილი

,,ჯაყო გმინვაა ჩემი სულის“ – მიხეილ ჯავახიშვილი

„ჯაყოს ხიზნებს“ 1924 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ეკიდებოდა, ხოლო სული იმ დროის სისხლში მქონდა ამოვლებული. „ჯაყო გმინვაა ჩემი სულის“, – ეს სიტყვები მიხეილ ჯავახიშვილმა თავის უბის წიგნაკში ჩაწერა. ძნელია ამაზე უკეთესად „ჯაყოს ხიზნების“ შეფასება. ეს რომანი, მართლაც, გმინვაა, ოღონდ არა მხოლოდ მწერლის, არამედ ერის სულის. 1924 წელს ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა თავისუფლებისათვის და სისხლის ნიაღვარში ჩაიხრჩო. ამ სისხლმა გაუყუჩებელი ტკივილები დაუტოვა მწერალს.

მიხეილ ჯავახიშვილი ერის მაჯისცემას მიყურადებული მამულიშვილი იყო. როგორც პავლე ინგოროყვას უთქვამს, იგი მწერლობაში პუბლიცისტიკიდან და პოლიტიკიდან მოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების შუაგულში ტრიალებდა და საზოგადოებრივი პრობლემების არსი ძირით ძირამდე ჰქონდა გაჩხრეკილი.

მიხეილ ჯავახიშვილი 1921-23 წლებში საქართველოს ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის, ე.წ. „პარიტეტული კომიტეტის“ წევრი იყო. ამ პარტიას საქართველოში მნიშვნელოვანი ძვრების მოხდენა, კერძოდ, რეჟიმის შეცვლა და დამოუკიდებლობის აღდგენა სურდა.

1923 წ. ნაციონალურ-დემოკრატიული პარტია ლიკვიდირებულ იქნა. ყველა წევრი დააპატიმრეს, მათ შორის, მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც ორთაჭალის ციხეში ექვსი თვე იჯდა. დაპატიმრებულთაგან ბევრი დახვრიტეს. მიხეილ ჯავახიშვილსაც დახვრეტა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ პავლე ინგროყვას, ნიკოლოზ ყიფშიძესა და კიდევ რამდენიმეს სერგო ორჯონიკიძისთვის უთხოვიათ, რომ მწერალი არ დაესაჯათ. მართლაც, 1923 წლის 3 აგვისტოს მიხეილ ჯავახიშვილი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ იგი აქტიურად შეუდგა წერას და ზედიზედ გამოაქვეყნა მოთხრობები და რომანები – „კვაჭი კვაჭანტირაძე“ და „ჯაყოს ხიზნები“.

ავტობიოგრაფიაში მიხეილ ჯავახიშვილი წერს: „ადამაშვილის მოღვაწეობის მთავარი მიზანია საქართველოს თავისუფლება, ავტონომია. ის რწმენით ევოლუციონისტია. ერის ძალა და მომავალი მის ქონებრივ-გონებრივ სიმდიდრეშია, რაიც შენდება და ერთდება ნელი, დინჯი, თანდათანობითი, ბეჯითი შრომითა და ხელმოჭერით, ანგარიშიანი ცხოვრებით – ამიტომ ყოველი ქართველის მოვალეობაა შრომა, ანგარიში, პატიოსნება და მამულიშვილობა. 1904-1905 წლებში ადამაშვილი უკიდურესი რადიკალი იყო, თუმცა სოციალიზმის მოძღვრება ვერ შეითვისა. მისი აზრით, რევოლუცია აუცილებელი იყო, მაგრამ სოციალიზმის იდეამ განუზომელი ზარალი მოუტანა საქართველოს და შემდგომშიც უდიდეს ხიფათს უქადის“.

თუ რა ზარალი მოუტანა სოციალიზმმა ერს, ამას მიხეილ ჯავახიშვილი მოთხრობებითა და რომანებით ამხელდა, უპირველესად კი, „ჯაყოს ხიზნებით“. ქართულ მწერლობაში ასეთი გამბედაობა მხოლოდ ილია ჭავჭავაყეს ჰქონდა. მართლაც, ბევრი რამ ანათესავებს ამ ორ მწერალს. ერის ბედისა თუ მხატვრული სიტყვისადმი დამოკიდებულება – მხილების პათოსი, გროტესკი, ძარღვიანი ქართული და ამოუწურავი ლექსიკური მარაგი. ალბათ, არც მათი შეხვედრაა შემთხვევითი. მიხეილ ჯავახიშვილი იგონებს, როგორ შეხვდა ყმაწვილობაში წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებლის მოსწავლე ილიას მისსავე დღეობაზე. იქ მას რუსული აქცენტით წაუკითხავს ბარათაშვილის ლექსი. ილიას შეუქია. ვიღაცას უთქვამს, მწერლობას აპირებსო. „მაშინ მწერლობა აზრადაც არ მქონიაო“, – იგონებს მიხეილ ჯავახიშვილი. ერთხელ კი ილიას სისხლით მოსვრილ ბალიშზეც ედო თავი. სწორედ მაშინ მიიღო ალბათ მისტიკური ნათლობა – ტანჯვით გზის გავლისა და ჯვარცმისათვის. მის საარქივო ჩანაწერებში ერთი ასეთი სამომავლო თემაა მონიშნული: „ბნელ ღამეს მამადავითის სასაფლაოზე ავედი. ლანდი მომეჩვენა, ილია ჭავჭავაძე გაცოცხლებულიყო. წამომყვა. საქართველო დავატარე. ყველაფერი ნახა. მესაუბრა“.

უცხო კალთას შეფარებული, უპატრონოდ მიგდებული, გაუქმებული ტაძარივით მივიწყებული, გაპარტახებული მამულის ბედი იყო მწერლის მთავარი საფიქრალი.

უბის წიგნაკში ჩაუწერია. „ჩვენი ეპოქა რევოლუცია ჩემთვის საშინელი ტრაგედიაა, ვინაიდან ჩემს თვალწინ კვდება ძველი ქვეყანა – დედა, ზოგისთვის კი ეს უზენაესი სიხარულია, ვინაიდან იბადება შვილი – ახალი ქვეყანა. ამიტომ არის მგლოვიარედ გუშინდელი პოეტი, ამიტომ ხარხარებს დღევანდელი ჭაბუკი კომკავშირელიც. სჯობდა, სჯობდა, ან უფრო ადრე გავჩენილიყავი ან უფრო გვიან“.

მიხეილ ჯავახიშვილმა პოლიტიკას თავი მიანება, უფრო ზუსტად, ბრძოლის ფორმა შეცვალა, წინააღმდეგობის გზის ძიება დაიწყო და სწორედ ეს აისახა მის მოთხრობებსა და რომანებში, მათ შორის, უპირველესად, „ჯაყოს ხიზნებში“. ეს რომანი ერთგვარი თვითგამოტირებაც იყო – თვითდასჯა იმის გამო, რომ ვერაფერი მოახერხა, ვერაფერი გააწყო და და ერი მგელს შეატოვა ხელში.

ქეთევან ჯავახიშვილი იგონებს, რომ „ჯაყოს ხიზნების“ მეორე გამოცემის ყდაზე დახატული იყო ორი ძაღლი, რომლებიც ყმუოდნენ. როცა მწერლისთვის ამის შესახებ უკითხავთ, მას მხოლოდ ეს უთქვამს: „მარგო ელის თავის გათავისუფლებას და ყმუილი იმას ნიშნავსო“. უბის წიგნაკში კი ჩაუწერია: „ჯაყოს ხიზნები“ დამაწერინა მიმავალმა ქვეყანამო“.

მარგოს გათავისუფლების მოლოდინი კი ცხადად და გამჭირვალედ გულისხმობს როგორც საქართველოს, ასევე, საზოგადოდ, სინათლისა და სიწმინდის გათავისუფლებას, უმაღლესი სამსჯავროს იმედს, „ბედი მდევრის“ ნების აღსრულებას.

„ჯაყოს ხიზნებმა“ გამოქვეყნებისთანავე (დაიბეჭდა ჟ. „მნათობში“, 1924 წ.) დიდი ყურადღება მიიქცია და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჭარბობდა იმგვარი კრიტიკული წერილები, სადაც მწერალს ბრალს სდებდნენ ინტელიგენციის შეურაცხყოფასა და არაობიექტურობაში. მწერალზე თავდასხმებით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ იდეოლოგიზებული პროლეტარი მწერლები.

1925 წ. 17 მაისს რუსთაველის თეატრში „ჯაყოს ხიზნების“ გმირების გასამართლებაც კი მოეწყო. ამის თაობაზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა წერილი (ანონიმი ავტორი სერგო კლდიაშვილი იყო). ნიკა აგიაშვილი იგონებს: „დისპუტს დავესწარი. საზოგადოება აღშფოთებული იყო რომანით. ერთმა უთხრა მიხეილს: რაღა ოსი დაგვასვი თავზეო. მიხეილი ადგა და უპასუხა: „ჯაყოს ხიზნები“ საბჭოთა სინამდვილემ დამაწერინაო. მაშინ ყველა გაჩუმდა“.

მიხეილ ჯავახიშვილის არქივში შემონახულია ამ დროს გამოქვეყნებული ზოგიერთი წერილი მინაწერებით. ვ. ხუროძის (1924 წ. №5, 6. „მნათობი“) ვრცელი წერილის იმ ადგილას, სადაც წერია, რომ ჯაყოს მსგავსი ტიპი შემთხვევითიაო, მიხეილ ჯავახიშვილს მოუნიშნავს: „კომუნისტური გაზეთებიც კი სავსეა ჯაყოსებური ტიპებით და ამბებით“. ხოლო სადაც ეწერა, რომ მწერალი აღტაცებულია ჯაყოთი, მინაწერია: „ეგრე რამ გაგასულელა?“

ასეთი გასულელება კი, სამწუხაროდ, დიდხანს გაგრძელდა. ყველასათვის ცნობილია 1979 გამართული სატელევიზიო დისკუსია თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული „ჯაყოს ხიზნების“ სატელევიზიო სპექტაკლის გამო. საზოგადოების ერთი ნაწილი ისევ აღშფოთდა, ისევ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. შიშველი მხილება და დაუნდობელი თვითკრიტიკა (სახარებისეული დირეს დანახვას რომ გულისხმობს საკუთარ თვალში) კვლავ მიუღებელი აღმოჩნდა.

მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: „ყოველნაირი კრიტიკა კარგია, გარდა უჭკუო კრიტიკისა. სადა ცხოვრობთ, ამხანაგო! ვინ მომცა ნება, რომ დღევანდელი ყოფა-ცხოვრება ისე ავწერო, როგორც ვხედავ და მესმის?“

ამის ნებას იგი მაინც თვითნებურად გამოითხოვდა და მხატვრული სიტყვის სამოსელში ოსტატურად გახვეულ „ტყვიას“ შიგ გულში ახვედრებდა.

მინაწერებში ვკითხულობთ, რომ თეიმურაზი „რევოლუციის საქაჯავის ქვეშ გაჩანჩურდა“, რომ რევოლუციამ თეიმურაზისთანანი ჯაყოზე გაცვალა“. ი. გომართელის წერილის (1925 წ. ჟ. „ახალი გზა“, №17) იმ ადგილას, სადაც წერია: „ფსიქოლოგიის გაშუქებაში მიხეილ ჯავახიშვილი დიდი ხელოვანი და იშვიათი ოსტატია. ასეთი ანალიზი ჩვენი ინტელიგენციის ერთი ნაწილის სულიერი ავადმყოფობისა ჯერ არავის მოუცია ჩვენს სიტყვაკაზმულ მწერლობაში“, მწერალი შენიშნავს: „ავტორის გლოვა თეიმურაზის ბედისა არ გესმის?“

1926 წ. პარიზში გამომავალ გაზ. „დამოუკიდებელ საქართველოში“ დაიბეჭდა შ. ამირეჯიბის წერილი „ჯაყოს ხიზნების“ შესახებ, სადაც ვკითხულობთ: „მარგოს სახით ავტორმა ორიათასწლოვანი ქართული კულტურა ჯაყოს მიუგდო. დიახ! მაგრამ საქართველო იბრძვის! ვინ არის თეიმურაზი? თეიმურაზი მეტია, ვიდრე უბრალო ქართველი კაცი. ის ინტელიგენტია – ქვეყნის მარილი!“

მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ უმთავრესი ძარღვი ეროვნული სატკივარია. ეს პრობლემა რომანში დაყრდნობილია რთულ საზოგადოებრივ-სოციალურსა და ფსიქოლოგიურ კანონზომიერებაზე. მათი თვალმიდევნება და გაცნობიერება ცოდნა-გამოცდილებას ემყარება. რომანში წარმოჩენილია ადამიანის ფსიქიკის უღრმესი შრეები, რომელთა გაანალიზება ტექსტის მხატვრული სისტემის ცალკეულ ელემენტთა სიმბოლურ გააზრებას გულისხმობს.

მიხეილ ჯავახიშვილი შესანიშნავად იცნობდა მსოფლიოს ისტორიას და ქართული კულტურის მნიშვნელობა სწორედ ამ კონტექსტში ჰქონდა გააზრებული. იგი ხედავდა, რომ რევოლუციის შემდეგ საქართველოში უფრო მეტი იყო წარსულზე გლოვა, ვიდრე მომავალზე ფიქრი. უპირველესად კი, ინტელიგენციის წრეში გაჩნდა ქართველი ხალხისა და სამშობლოს არარაობის, ბერწობისა და უბადრუკობის განცდა. ცხადია, თავისუფლების დაკარგვა ერის სწორედ ამ ნაწილმა განიცადა ყველაზე მტკივნეულად. ბევრი უცხოეთში გადაიხვეწა.

ერის მომავალ ბედში დაეჭვებულობას მწერალი სულიერი მოშლილობის, დაავადების მიზეზად თვლიდა. „ამ სენს ჰქვია ნებისყოფის აბულია. ჰგდია ჯანსაღი ვაჟკაცი და თითსაც ვეღარ აქნევს, ჰგდია და ელოდება სიკვდილს, ზოგჯერ კი მოლოდინის იმედიც აღარ აქვს. ნირვანა, არარაობა, სრული გარინდება, სამუდამო დასვენება – აი, მისი ერთადერთი საზრუნავი“. რა დაემართა ადამიანს? – კითხულობს მწერალი და თვითონ პასუხობს: „თავისი თავის რწმენა დაეკარგა, სიცოცხლის უნარი დაუჩლუნგდა. ნებისყოფა გამოეცალა. ფსიქოპათოლოგია კარგად იცნობს ამ სენს – ზოგჯერ მასიურს და მუდამ სახიფათოს. ამავე კანონს ემორჩილება ხალხიც ან მისი რომელიმე ნაწილი“ (მიხეილ ჯავახიშვილი, „მასალები ლექციისათვის“).

სწორედ ასეთი ტიპი დაგვიხატა მწერალმა თეიმურაზ ხევისთავის სახით. იგი კერძო, კონკრეტული ადამიანის სახეცაა და, იმავდროულად, სიმბოლურიც. ხიზნობა კი უნებობაა, ტყვეობაა, საკუთარ უფლებებზე უარის თქმაა, თავისუფალი არჩევნის ღვთით მომადლებული ნიჭის დაკარგვაა, უსასობაა, ეშმაკისკენ მიდრეკა და მასთან უნებური გარიგებაა, ღვთის გზიდან აცდენაა… ამიტომაც რომანი შეიძლება რამდენიმე ასპექტით გავიაზროთ და მთავარი გმირის სახეში სხვადასხვა სიღრმის სააზროვნო შრეები მოვინიშნოთ.

1. თეიმურაზის, როგორც კერძო კაცის ბედი კონკრეტულ საზოგადოებაში.

2. თეიმურაზის, როგორც ერის გარკვეული ისტორიულ-კულტურული რაგვარობის არსებობის პრობლემა.

3. თეიმურაზის, როგორც ზოგადი, უნივერსალური ადამიანის სულიერი სამყაროს კანონოზომიერებანი. „გარეთ“ დატრიალებული დრამა არქეტიპულ საწყისებს (სულიერი, მშვინვიერი, ხორციელი) შორის კონფლიქტად გავიაზროთ. ამ შემთხვევაში, თეიმურაზიც, მარგოცა და ჯაყოც პერსონიფიცირებულ ვნებებად წარმოდგებიან, რომელთა საშუალებით მწერალი თვითშემეცნებას მიესწრაფვის, რათა ამ გზით სამყაროს ჭეშმარიტებას ეზიაროს.

რომანის ბოლო ეპიზოდში სიტყვები: „ვნახე, განვიცადე, მწამდა, ვსტიროდი“ – ცხოვრების ფორმულად მოჩანს და არა მხოლოდ რომანის პერსონაჟთა, არამედ საზოგადოდ ადამიანურ გამოცდილებად აღიქმება (აქ ირეკლება „ეკლასიასტეს“, აღმოსავლური თუ დასავლური ფილოსოფიის გამოძახილი).

რომანი თეიმურაზ ხევისთავის ჯაყოსთან შეხვედრით იწყება და ამას მოჰყვება დიდი გამოცდა – ტანჯვა-წამებით აღსავსე. ეს თვითონ ცხოვრებაა – წუთისოფელი – თავისი ულმობელი კანონებით. ამიტომაც ჭარბობს რომანში ბნელი ფერები. რომანტიკული და ამაღლებული აქ თითქმის არ არის, რადგან არც უმწიკვლობა და უმანკოებაა, რომელმაც სინათლე უნდა დაბადოს. ადამიანის დაცემა, მისი გულიდან სასუფევლის განდევნა და ჯოჯოხეთის დამკვიდრება ნიუანსური სიზუსტითაა წარმოდგენილი. სწორედ ეს ნიუანსები ამხელენ მიხეილ ჯავახიშვილის მწერლურ ოსტატობას, რომლის გზითაც მან მკითხველს ადამიანის სულის უჩინარი უფსკრულების მოხილვის საშუალება მისცა. რომანი ლოცვით მთავრდება – მწყემსი უცილობლად იპოვის თავის დაკარგულ, გზააბნეულ ცხვარს, ოღონდაც ლოცვის ძალას ნუ დაკარგავს ბნელიდან სინათლის მხმობელი. ცხოვრების ხიზნობა (სამოთხიდან გამოდევნა) გარდაუვალია, როგორც უფლის ნებით დაშვებული გამოცდა (ტანჯვის გზით სულის გამოსაწრთობად), მაგრამ მისგან თავდახსნა ადამიანის თავისუფალი ნების არჩევანია. მწერალს სურს, რომ მკითხველმა დაიჯეროს – თეიმურაზი ამ არჩევანს გააკეთებს.

ზნეობრივი დაცემისა და არარაობად ქცევის პროცესში რწმენის დაკარგვის უდიდეს მნიშვნელობას კარგად იცნობს ქართული ლიტერატურული ტრადიცია. მიხეილ ჯავახიშვილი რომანში წარმოაჩენს, თუ როგორ შლის და ანგრევს ადამიანის მთლიანობას, სიმტკიცესა და ნებას ურწმუნოება. ძველი და ახალი აღთქმიდან მოტანილი ციტატები (ლოცვები, იგავები, მცნებები) ადამიანის ღვთისკენ მისწრაფებას ამხელენ. მწერალი მიგვადევნებინებს თვალს, თუ რა ცვლილებებს იწვევს რწმენა კაცში, როგორ განწმენდს და აამაღლებს. თეიმურაზისთვის რწმენის განახლება „ამოძრავების“ წყარო გახდა, თუმცა მისი „საქმე“ წარმოსახვას არ გასცილდა, მაგრამ მოვლენების საღი შეფასების უნარი მიანიჭა. აქ ყოველი ბიბლიური იგავი თუ სტრიქონი, გმირის გარკვეული სულიერი მდგომარეობის რაგვარობის გამომხატველია.

რომანში ჩართულია თეიმურაზსა და ივანეს შორის გამართული ვრცელი სჯა-ბაასი, რომელიც პუბლიცისტური სიმძაფრით წარმოაჩენს თეიმურაზის სინდისის – „მამხილებელი გონების“ (სულხან-საბა) – შემოტევას, რომლის ნათელში შემოიჭრება თვითკრიტიკისა და თვითდასჯის მამხილებელი პათოსი.

მიხეილ ჯავახიშვილისთვის არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ, უპირველესად, ადამიანი არის მრავალი „მე“-სგან შემდგარი არსება, ამ სხვადასხვა, ხშირად რადიკალურად განსხვავებული „მე“-ებს შორის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს ჭიდილი. ზოგი „მე“ დათრგუნულია, ზოგი გალაღებული. თავის დროზე ფროიდისა და იუნგის ფსიქოანალიზის თეორიებმა დიდი გარდატეხა მოახდინეს ადამიანის შინაგანი სამყაროს შესწავლის საქმეში. მიხეილ ჯავახიშვილმა იცის, რომ ყოველი ადამიანის ბუნებას, ხასიათს, ქცევას განაპირობებს არა მხოლოდ აღზრდა-განათლება თუ საზოგადოებრივი მდგომარეობა, არამედ სისხლიც, რომელიც თაობების ცოდვა-მადლის მატარებელია, საზოგადოდ, გენები და ის არქეტიპები, რომელთა გაცნობიერება ადამიანის ფიქრისა და მოქმედების მოტივაციებს ხსნის.

მიხეილ ჯავახიშვილმა იცოდა, რომ სულიერი მოდუნება გადამდები სენივით იყო და იოლად ედებოდა ხალხის „მჩატე ნაწილს“. „ბიოლოგიური მოდუნება და სულიერ-პოტენციალური გაბერწება“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაემართებოდა ერს, თუ იგი თავის რწმენას დაკარგავდა. აქ იგი კვლავ ილია ჭავჭავაძეს „ხვდება“, რომლისთვისაც მოძრაობა იყო სიცოცხლის არსი. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“, – ამის მიღწევა მხოლოდ მოძრაობით შეიძლებოდა. „ჯაყოს ხიზნების“ პათოსიც მოძრაობაა. მწერალი სახარებასაც ეყრდნობა, რომელიც ტალანტის გამრავლების აუცილებლობას ქადაგებდა ღვთის წყალობის მისაღებად.

მიხეილ ჯავახიშვილი ამ რომანში ქართული ლიტერატურული ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებლად გვევლინება, იმავდროულად, მან საკუთარი გულისა და გონების ქურაში „გადაადნო“ მოპასანის, იბსენისა და ფლობერის გამოცდილება.

იგი სრულყოფილად ფლობს რომანის ხელოვნებას, იცის კომპოზიციის საიდუმლოებანი და მიგნებული აქვს თხრობის იმ რიტმისთვის, რომელიც მთავარი სათქმელის ირგვლივ შემოკრებს მკითხველის ყურადღებას.

მიხეილ ჯავახიშვილი რეალისტია, მაგრამ მისი რეალიზმი განსხვავდება კლასიკურისაგან. როგორც თვითონ ახსნა მოგვიანებით (1927 წ., როდესაც „არიფიონის“ ლიტერატურული ჯგუფი ჩამოაყალიბა). ეს იყო ნეორეალიზმი, რომელსაც თვითონ მწერალი ასე განმარტავდა: „ნეორეალიზმს საფუძვლად უდევს იგივე კლასიკური რეალიზმი შემდეგი განმეორებით, დამატებითა და განმარტებებით: შესწავლა მახლობელ და შორეულ კულტურათა წარსულისა და მისი მხატვრული გამოყენება დღევანდელი ადამიანის გემოვნების მიხედვით.

განუკვეთელი კულტურული მთლიანობა წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა.

შენახვა ჯანსაღი ტრდიციებისა და დაცვა თანამიმდევრობის პრინციპისა.

ხელოვნება ჩვენთვის, ადამიანისთვის, ხალხისათვის.

კულტურა ადამიანისა და ადამიანებისა.

შედუღებული მართალი მშვენიერება და მშვენიერი სიმართლე (ორივე ერთია), ფორმა და შინაარსი (განუყრელია), „ვიცი“ და „არ ვიცი“, ნამდვილი და უჩინარი (პირველი მრავალჯერ სჭარბობს მეორეს).

ნათელობა, მარტივობა, ზომიერება, გულწრფელობა, მთლიანობა.

შეგრძნება და შეგნება ახალი ეპოქის სულისა და მისი მხატვრული ასახვა. ახალი ადამიანი, ახალი სტილი, ხერხები, კომპოზიცია, რითმი, ჰანგი, თემა, თვალი, ლექსიკონი.

მკაცრი დაცვა ქართული ენის ბუნებისა და ლექსიკონისა გადაგვარებისა და ამღვრევისაგან. ბეჯითი შრომა ენის გამდიდრებისათვის და გახალისებისათვის არსებულის სრული გამოყენებით და ახალის ფრთხილი შემოშვებით“.

ნეორეალიზმის აქ ჩამოყალიბებული პრინციპებით არის დაწერილი „ჯაყოს ხიზნები“. ეს იყო, მართლაც, ახალი, ძველისაგან განსხვავებული რეალიზმი, რომელიც გულისხმობდა უპირატესად ეპოქის სულის შეგრძნებას, „მართალი მშვენიერებისა“ და „მშვენიერი სიმართლის“ შერწყმას და რეალურთან ერთად უჩინარის ასახვასაც.

ტექსტის სინათლე, ზომიერება, გულწრფელობა, სიმარტივე და მთლიანობა კი მართლაც გამოარჩევს ამ რომანს.

მიხეილ ჯავახიშვილი შემოქმედებას „გონებისა და გუმანის“ გაუგებარ, იდუმალ შეზავებად თვლიდა. მწერლისათვის კი აუცილებლობად მიაჩნდა ნიჭი, დაკვირვების უნარი, ცოდნა და შრომა. ეს თვისებები მან საქართველოს, როგორც ერთიანი, მატერიალურ-სულიერი სუბსტანციის, დახატვაში გამოიყენა. თეიმურაზის სულიერი დაცემა-გაპარტახებით მწერალი გვიჩვენებს ერის სასიცოცხლო ენერგიის დაშრეტას ახალი რეჟიმის პირობებში.

მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: „ჩვენი წარსული ზოგჯერ მართლა საზარელია. იგი სავსეა შავი ფურცლებით, საზღაპრო საზიზღრობებით, ყოველნაირი ლენცოფა და შხამიანი ბალახი უხვად არის დაბნეული ჩვენს გზაზე. ურთიერთის ჭამა და მუხანათობა, ღალატი და მზაკვრობა, „ყიყვი და ეშმაკი“, მაგრამ ამის გამო ჩვენი წარსულისა და საკუთარი თავის შეფასების დროს საღი მსჯელობის უნარს ნუ დავკარგავთ და უკიდურესობაში ნუ გადავვარდებით. გავიხსენოთ და დავიმახსოვროთ ბუნების ერთი კანონი, რომელსაც ვერავინ გაექცევა. დავრდომილის, დამარცხებულის სხეულში და ტანზედაც მუდამ ჩნდება ათასნაირი შხამიანი ბაცილა, მუწუკი და ჭირი. ჩვენი შინაური რღვევა და აღრევაც, მზაკვრობა და მუხანათობაც, „ყიყვი და ეშმაკიც“ მუდამ შედეგი იყო ჩვენი დამარცხებისა გარეშე მტრისაგან. ძარღვგადაჭრილი, იმედდაკარგული და გამწარებული ორგანიზმი იწყებს საკუთარივე თავის ღრღნას და ჭამას. ამიტომაც მოსდევდა ხოლმე ჩვენს დამარცხებას ანარქია, სიმშილი, ეპიდემია, ზნეობრივი გახრწნა, განდგომა, კონდოტიერობა და დაშლა პროვინციებად… მომეცით ხელში ანგელოზი და, თუ ყოველივე ვიკადრე, ეშმაკად გადავაქცევ. შემდეგ გაანთავისუფლეთ – ისევ ანგელოზად გადაიქცევა, რადგან მისი ბუნება და ხასიათი უცვლელია… ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც სხვები – ყველანი და ჩვენ გვყავს (თუ გვაქვს) ეშმაკიც და ანგელოზიც. ცალთვალა მხოლოდ ერთ-ერთს ჰხედავს. ან მარტო ანგელოზს (რომანტიზმი), ან მხოლოდ ეშმაკს (ნიჰილიზმი, პესიმიზმი). ორთვალა კი ყოველი ხალხის ხასიათსა და ისტორიაში ადვილად აღმოაჩენს ორივეს… ბუნებაში ცარიელი ადგილი არ არსებობს, ამიტომაც ვინც (ერმა თუ პიროვნებამ) თავისი გულიდან ანგელოზი განდევნა ან დაჰკარგა, მან განთავისუფლებული ალაგიც ყიყვსა და ეშმაკს დაუთმო. ხოლო ვისაც მარტო ეშმაკი დარჩა, თვითონაც გაეშმაკდა-გონებითაც, სისხლითაც და სულითაც… მხოლოდ რწმენა და განვითარებული გონება ანსხვავებს მეტყველ ადამიანს ურწმუნო პირუტყვისაგან… ურწმუნოებას ფეხდაფეხ მოსდევს სკეფსისი და ცინიზმი, გარინდება და ნირვანა, ნებისყოფის აბულია და სიკვდილი, ან უფრო უარესიც-ზნეობრივი გახრწნა, ეროვნულ-ფიზიკური დეგენერაცია, ასნაირი ბოროტება, ავაზაკობა და ისევ უსახელო სიკვდილი“ (მიხეილ ჯავახიშვილი, „მასალები ლექსიციისათვის“).

ვფიქრობთ, მიხეილ ჯავახიშვილის წერილის ამ ვრცლად მოტანილ ფრაგმენტში ირეკლება თეიმურაზის ტრაგედიის არსი.

„ვიღუპებით!“ – ჰკივის ხევისთავი და სასოწარკვეთილი უიმედობით იხრჩობა. მისი პესიმიზმი გადადის შავ მელანქოლიაში, ხოლო ასეთი გულის ნაღველი, ლოგიკურად განვითარებული, იქამდე მიდის, რომ ხევისთავი ქართველობას თაკილობს და ბედს შესჩივის – რატომ ინგლისელად, ფრანგად ან გერმანელად არ გამაჩინეო“ (ციტატა მიხეილ ჯავახიშვილის ზემოთ ნახსენები წერილიდან).

რომანში თეიმურაზ ხევისთავის თანდათანობით განძარცვა ხორციელი და სულიერი პატივისაგან (მატერიალური ქონება, ღირსება, სახელი, თავმოყვარეობა) შიშვლად და მწერლის თანაგრძნობის გარეშეა დახატული. ეს არის არა მხოლოდ ხილული, არამედ დაფარული ცოდვების გაჩხრეკა და სააშკარაოზე გამოტანა.

მიხეილ ჯავახიშვილი წერილში „მოპასანი და მისი ცხოვრება“ წერდა: „ძალიან ხშირად მოპასანი ისე არხეინად, ისეთის ღიმილითა და განდგომით გვისურათებს გულის ასამრევსა და პირუტყვულ ამბავს, რომ გულუბრყვილო მკითხველს ჰგონია, ავტორს მოსწონს ეს ამბავი, ეხალისება მისი ჩვენება და უდროოთა და უადგილოდ ოხუნჯობსო, ნამდვილად კი მოპასანი გოგოლივითა და სერვანტესივით ღიმილს უკან ცრემლს მალავს და გულგრილი ირონიის ქურქში ოხვრა და სევდა აქვს გახვეული“. სწორედ ასეთი მწერალია თვითონ მიხეილ ჯავახიშვილი და „ჯაყოს ხიზნების“ მოჩვენებითი გულგრილი ირონიის ქვეშ ოხვრა, სევდა და ცრემლები მოუჩანს.

„ჯაყოს ხიზნების“ სიუჟეტი მარტივია, ამბავი სამი გმირის გარშემო ტრიალებს. თხრობა დინამიურია და არსად არ მდორდება. თვით ვრცელი დიალოგებიც კი არ ანელებენ რიტმს, რაც იმით მიიღწევა, რომ გამუდმებული ცვალებადობა ხდება „ფსიქოლოგიური რიტმისა“, რაც კონტრასტულ განწყობილებათა ურთიერთმონაცვლეობას ექვემდებარება.

მწერალი ხატავს ცხოვრებას, ეპოქის სულს და ადამიანთა ბედს. მან იცის, რომ ადამიანის ყოველი გარეგანი მოქმედება (ქცევა, ჟესტ-მიმიკა, სიტყვა-პასუხი) სულიერ, უხილავ მოძრაობებს ემყარება, ამიტომაც გულდასმით ჩაჰკირკიტებს ყოველი ფიქრის ფესვებს, ჩხრეკს და აანალიზებს.

მხატვრული ნაწარმოების დასაწყისს მწერალი უდიდეს ყურადღებას აქცევდა. მისი აზრით, „ყველაზე უფრო ძნელი მოთხრობის დაწყებაა. დასაწყისი მთელ მოთხრობას აძლევს რიტმს, კოლორიტს, სტილს. უნდილად დაწყებული ამბავი უნდილადვე წავა. ძნელია შემდეგში ცეცხლის გაღვივება. სტილისა და რიტმის შეცვლა ძნელიც არის და სახიფათოც, ამიტომ დიდხანს ვეძებ ხოლმე დასაწყისს“.

„ჯაყოს ხიზნების“ დასაწყისს ბიძგი მისცა ერთმა ანეკდოტმა, რომელიც ინჟინერ ფიდო ყაზბეგს უამბია მისთვის. მწერალი წერილში „როგორ ვმუშაობ“ იგონებს:

„ნაყმევმა თავის კნეინას ძღვენი მიართვა:

– გამარჯობა, ჯაყო!
– კნეინას გახლავარ.
– რასა იქმ, როგორა ხარ?
– ძალიან კარგად ბრძანდები, შენი წირი მე.
– ცოლ-შვილი როგორა გყავს?
– სულ კარგათა ხარ, გენაცვალე.
– რამდენი შვილი გყავს, ჯაყო?
– თორმეტი გყავს, გენაცვალე, მაგ თვალებშია.
– როგორ მოახერხე მაგდენი, ჯაყო?
– მაშა, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! – მიუგო ნაყმევმა

უკანასკნელ სამ სიტყვაში ამაზე მწვავე პილპილი ეყარა. ანეკდოტი ჩემს ხსოვნაში ხუთიოდე წუთზე მეტს ვერ სძლებს, მაგრამ ამ უწმაწურ ანეკდოტს ჯაველი ოსი ჩაეხლართა (დიდი ხნის წინათ მიხეილ ჯავახიშვილს ჯავის ხეობაში უცნაური ვინმე შეხვედრია – ბრგე, ბანჯგვლიანი, ცბიერი, ხარბი. ამავე დროს, მარდი და მოხერხებული – მ.ჯ.) და ამ სახემ ჩემი ხსოვნის ერთ-ერთ კუნჭულში დაიბუდა. კიდევ გავიდა ათიოდე წელიწადი და იგი მოულოდნელად გაცოცხლდა, გაშიშვლდა და თვალწინ წამომეჭრა. აი, ზოგჯერ რა უცნაურად იბადება ტიპი“.

მთელი რომანი წარმოგვიდგება, როგორც ერთი დიდი ასპარეზი ბრძოლისა. ერთი მხრივ, დგას ჯაყო, რომელიც „მხოლოდ მეათე თაობა თუ იქნება მაიმუნისა, პიტეკანტროპოსის მინამგვანი, პირუტყვივით ბნელი და უმეცარი, მიუვალ მთებსა და უღრან ტყეში გაზრდილი. იგი ბნელი ხეობიდან გამოვარდნილი ველურია, რომელმაც პირველად მხოლოდ ათი წლის წინათ დაინახა კრამიტი და დანა-ჩანგალი, საათი და სურათი, საყელო და ცხვირსახოცი“. მეორე მხრივ, თეიმურაზი – „განათლებული, ტვინდიდა, ჭკვიანი, ჯიშიანი, ათიოდე საუკუნის განმავლობაში ბამბა-ფარჩაში ნაზარდი, ნატიფი, ნამუშევარი, ნათელი და დაფერილი“.

თეიმურაზს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ღირსეულად და დაუმორჩილებლად განვლოს ცხოვრება, მაგრამ ყველაფერს კარგავს და ნადირ-კაცის მონა ხდება. მკითხველისთვის მტკივნეულია თეიმურაზის მიერ უკან გადადგმული ყოველი ნაბიჯი, თანაგრძნობა და თანალმობა თანდათან ჯერ სიბრალულში, ხოლო შემდეგ ზიზღში გადაიზრდება.

რომანი რთულია და გარეგან ეფექტებს მოკლებული. იმდენად მიზანმიმართულია მწერლის თითოეული ნაბიჯი, რომ არც თვითონ იხედება განზე და არც მკითხველს აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას. აქ ყოველ დეტალს და მის გულდასმით ანალიზს რომანში წარმოდგენილი პრობლემების სრულყოფილი შემეცნებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მიუხედავად პერსონაჟთა სიმცირისა, რომანი მთელ ცხოვრებას მოიცავს.

რომანში ადამიანური ყოფა ხელისგულზეა თითქოს გადმოშლილი. მწერლისთვის არაფერია ყოველდღიურობაში უმნიშვნელო. ადამიანის გადადგმულ ყოველ ნაბიჯს, ნაფიქრს თავისი გამოძახილი აქვს. აქ ხშირად გამადიდებელი ლუპით არის წარმოჩენილი თვალისთვის უხილავი მოყრაობები. მწერლის გამახვილებული ხედვა, სმენა გულისა ყველაფერს ამჩნევს, უმსგავსსა და სამარცხვინოსაც დაწვრილებით აღწერს და არაფერს არ ალამაზებს, არ ჩქმალავს.

რომანის საერთო ფონი ბნელია. აქ არ ჩანან ძლიერი ნების ადამიანები, თავისუფლებისათვის სიცოცხლის გაწირვა რომ შეუძლიათ. მწერალს მკითხველის გამოფხიზლება სურს და არა მისი მოდუნება.

აკაკი ბაქრაძემ წერილში „მოუხმარელი ანუ ტრაგიკული თავისუფლება“ ზუსტად და ნათლად წარმოაჩინა რომანის უპირველესი საკითხები. მისი აზრით, ჯაყოს თავგადასავალში მიხეილ ჯავახიშვილმა ჯაყოობის, როგორც გარკვეული მოვლენის არსი ახსნა და მისი ყოველი ნიშანი გვიჩვენა. ჯაყოობა გულისხმობს: უპრინციპობას, ძალადობას, უღირსობას, მოქნილობასა და გაიძვერობას, მოჩვენებითობას, ხალხის სახელით ლაპარაკს, ნიღბოსნობას, სხვის დაუნდობელ ყვლეფას, სხვისი ქონების თავხედურად დაპატრონებას, უმადურობას, უმეცრებას, უკანონობას.

ჯაყოობა, შეიძლება, გავიაზროთ, როგორც ადამიანის არსებაში ხორციელი საწყისის გააქტიურებაც, რომელიც სპობს და ანადგურებს სულიერებას, უმანკოებასა და სინათლეს.

ამის კვალდაკვალ, თეიმურაზობა პასიურობასა და მორჩილებას, ბოროტებისადმი წინააღმდეგობის უუნარობას გულისხმობს.

აკაკი ბაქრაძემ მარგოს თავგადასავალში თავისუფალი ადამიანის მონად გადაქცევის პროცესი დაინახა და ეტაპებად წარმოადგინა ეს რთული, ხშირად გაუცნობიერებელი მოვლენა. პირველ ეტაპზე ადამიანი დამცირებას პროტესტით პასუხობს, შემდეგ საკუთარი უძლურების შეგრძნება უჩნდება და მორჩილდება. ურემზე მომხდარი ძალადობა და მარგოს ფიქრები კარგად ამხელენ შეურცხყოფილი ადამიანის მდგომარეობას. მარგომ ვერ გაუმხილა თეიმურაზს ეს ამბავი, ასე რომ, მარტო დარჩა თავის ცოდვასა და გასაჭირში და მისი დაცემაც გაგრძელდა, მაგრამ მალე თავისუფლება სრულიად დაკარგა. როგორც აკაკი ბაქრაძე წერს, ადამიანის ზნეობრივი დაცემა მისი სოციალური მონობით დასრულდა.

ასე გადაიზრდება კონკრეტული ადამიანის ბედი ცხოვრების უნივერსალურ კანონში. მარგოსთან არის დაკავშირებული სიწმინდე და ამაღლებულობა. მისი დაკარგვით თეიმურაზი სიცოცხლის აზრს კარგავს და არარაობად გადაიქცევა. აკაკი ბაქრაძის აზრით, უმწეო ალტრუიზმი (თეიმურაზი) და პასიურობა (მარგო) უნაყოფოა, ამიტომაც არ შეეძინებათ თეიმურაზსა და მარგოს შვილი, ხოლო მოძალადე მიზანთროპია (ჯაყო) და პასიურობა (მარგო) კი ნაყოფიერია.

„ჯაყოს ხიზნებისადმი“ ინტერესი განსაკუთრებით 80-იან წლებში გამძაფრდა. სწორედ ამ დროს გამოქვეყნდა რამდენიმე საგულისხმო წერილი, მათ შორის, თამაზ ვასაძის „იდეა და ხასიათი“. კრიტიკოსის აზრით, „ჯაყოს ხიზნების“ პერსონაჟები, უწინარესად, თეიმურაზი, იდეა-ხასიათები არიან და სწორედ ამის გამო, ამის წყალობითაა, რომ თვითონ მათაც და მთლიანად ნაწარმოებსაც სიმბოლური გამომხატველობა ენიჭება. იდეა-ხასიათი გულისხმობს, რომ პერსონაჟს აქვს შეხედულებათა გარკვეული სისტემა, იდეოლოგია, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც ხასიათი, თავადაა იმავე იდეოლოგიის გრძნობადი განსხეულება და ხელშესახები განსახიერება. თეიმურაზის იდეას ჯაბნის და ანადგურებს ჯაყოს იდეა. კრიტიკოსი ასკვნის, რომ თეიმურაზის იდეოლოგია – ეს არის განმანათლებლური, ლიბერალურ-ბურჟუაზიული, უტოპიზმის ელემენტებით შეზავებული და რომ საქართველოში ეს იდეოლოგია გაკოტრდა.

რომანის სამი მთავარი პერსონაჟი ქმნის სამ ურთიერთგანსხვავებულ რეალურსა და სიმბოლურ პლანს. მათი გამოწვლილვით ანალიზი წარმოაჩენს როგორც ცხოვრების საზოგადო კანონებს, ასევე ადამიანის ბუნების თავისებურებებს.

მიხეილ ჯავახიშვილი რომანში ერთგან წერს: „ქართული კალამი… ორეულია გოლგოთის ჯვრისა, ხოლო მისი პატრონი ყოველთვის ჰგავდა იმ მთაზე აღმავალ მაცხოვარს“. ამ სიტყვების ჭეშმარიტება მწერალმა თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით დაამტკიცა.

ავტორი : მაია ჯალიაშვილი

წყარო : საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა