ჯაყოს ხიზნების პერსონაჟთა სახის გააზრებისთვის

ჯაყოს ხიზნების პერსონაჟთა სახის გააზრებისთვის

ჯაყოს ხიზნების პერსონაჟთა სახის გააზრებისთვის – ,,პიროვნული კულტურა კრიზისის ფონზე“

„ჯაყოს ხიზნები“ მიხეილ ჯავახიშვილს თავისი ქვეყნის უმძიმესმა კრიზისმა დააწერინა. რომანში ისტორიული ფაქტების კონსტატაციასაც ვხვდებით და მათს ღრმა ანალიზსაც. ვგულისხმობთ, რომ იგი ასახავს მე-20 ს-ის 20-30-იან წლებში შექმნილ საზოგადოებრივ-კულტურულ მდგომარეობას და, ამავე დროს, მსჯავრიც გამოაქვს ასახული მოვლენებისადმი.

რომანში რეალისტური ხერხებით არის დახატული ის ფონი, სადაც სამოქმედოდ გამოჩნდება თეიმურაზ ხევისთავი, არა მხოლოდ როგორც განსაქიქებელი და „კრიტიკის ქარცეცხლში გასატარებელი“ პერსონაჟი, არამედ ადამიანი, რომელიც მოდის თავისი დატვირთული წარსულით (გვარიშვილობა, ადგილ-მამული, განათლება), ცდილობს ცხოვრებასთან დიალოგის გაბმას, ვერ ხედავს აწმყოს რეალურ სურათს თავისი დაღლილი, „ბეცი თვალებით“, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს და სუბიექტურიც, კარგავს ყველაფერს, რაც კარგვადია და ღატაკი, უპოვარი, ხიზანი საკუთარ მამულში, აღმოაჩენს მარადიულ, წარუვალ, გაძრცვილ მშვენიერებას, რომლის ერთადერთი პატრონი თავად არის.

მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც ქვეყნის საზოგადოებრივი თუ კულტურული მდგომარეობის ფრიადი მცოდნე, გამოწვლილვით აღწერს და აჩვენებს მიზეზებს, რაც ერის დაცემასა და მის სახიფათო მომავალს განსაზღვრავს, მაგრამ, ამავე დროს, მოვლენათა მიღმა ის ზოგადი კანონზომიერებებიც იკითხება, რომელთა წინაშე ადამიანი უმეტესწილად უძლურია. სწორედ ასეთი ორმაგი ხედვა განაპირობებს, რომ მთავარი პერსონაჟი, რომლის სახეც სატირული ხერხებით არის დახატული და, შესაბამისად, მკითხველში უარყოფით განცდებს აღძრავს, განსხვავებით მთელი რომანის მანძილზე მისდამი ჩამოყალიბებული შეხედულებისა, ფინალში სრულიად სხვაგვარ დატვირთვას იძენს, ანტიგმირი ლამის გმირადაც კი იქცეს.

თავისთავად ცხადია, თეიმურაზ ხევისთავის სახის ამგვარ გააზრებას მწერლის მსოფლხედვა უდევს საფუძვლად, რაც ქრისტიანულ ფილოსოფიას ემყარება და ამ ხედვაზე დაყრდნობით შესაძლებელია უკიდურეს სულიერ-ხორციელ დაცემას პიროვნების აღდგენა მოჰყვეს.

რომანში ნაჩვენებია თეიმურაზ ხევისთავის უკიდურესი კრიზისული მდგომარეობა. იგი განათლებულია, მცოდნეა, მაგრამ მისი ცოდნა უნიადაგოა, აღარავის ჭირდება, ამიტომ ვეღარ პოულობს ადგილს ქალაქში და ნელი-ნელ კარგავს სულიერ თუ მატერიალურ, კულტურულ მონაპოვნებს. საგვარეულო განძს, თავის უსაყვარლეს წიგნებს და ბოლოს, ქალაქშივე უუცხოვდება თავის ერთადერთ მეგობარს მარგოს, რომელიც, შეიძლება ითქვას, კრებითი სახეა ზოგადად ფასეულობათა და სწორედ ამ დროს, როდესაც ქალაქში კრიზისი ახრჩობს თეიმურაზს, ჯაყო ჯივაშვილი – წინააღმდეგობის ხორცშესხმული ხატება – თეიმურაზს უბიძგებს თავისი კერისკენ, მხოლოდ, ხიზანის მდგომარეობით.

ბჭობს რა მარგოსთან ნაშინდარში დაბრუნების ავ-კარგიანობაზე, თეიმურაზი ვარაუდობს უცნაურ მომავალს. „იქნებ სწორედ იქ მოხდეს გარდატეხა, იქ გადაიშალოს ჩვენი ოჯახის ისტორიის ახალი ფურცელი“. მკითხველი ნაშინდარში იხილავს თეიმურაზისა და, საერთოდ, მისი ოჯახის საზარელ „გარდატეხას“, მაგრამ არც ის რჩება შეუმჩნეველი, რომ კრიზისი ორმაგ ბუნებას ავლენს. ნაშინდარი არის სივრცე, სადაც თეიმურაზი დაცემით, თვითგთვემით და თვითჩაღრმავებით რწმენას მოიპოვებს.

კრიზისის ბუნებაზე საუბრისას რენე გენონი ყურადღებას აპყრობს თავად ამ სიტყვის ეტიმოლოგიას. კრიზისი ერთგვარი სინონიმია სიტყვებისა: „განსჯა“, „გარჩევა“ და ასეთ დროს ადამიანები (ანდა, ზოგადად, ერები) ფიქრდებიან ისეთ მოვლენებზე, რომელნიც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, სრულიად იგნორირებული ყოფილიყო.

ნაშინდარში იკვეთება ჯვარცმის, გოლგოთის მოტივები და ცხადად ჩანს, რომ მიხეილ ჯავახიშვილის დამოკიდებულება ტრაგიკული მოვლენებისადმი საოცრად ემთხვევა საუკუნის დასაწყისის ქრისტიან ფილოსოფოსთა შეხედულებებს. „ტრაგიკული ისტორიული მოვლენები, არეულობები და უბედურებები იმისათვის გადაგვხდება თავს, რათა გავიხსენოთ ჩვენი შემოქმედებითი თავისუფლება და საკუთარ თავში მოვიყიოთ სულიერი სიღრმე იმ მხრივ, რომ აქედან წარვმართოთ ჩვენი აღორძინება თავისუფლად, ვაჟკაცურად და აქტიურად და, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაპყროთ იმას, თუ რა დავკარგეთ. უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე კაცობრიობა ცდილობდა შეექმნა კულტურა რწმენის, გულის, ჭვრეტისა და სინდისის გარეშე და ახლა ეს კულტურა ავლენს თავის უძლურებას და განიცდის რღვევას“ (И. Ильин, „Путь к очевидности“).

თეიმურაზის მსჯელობები ამგვარ ადამიანს ამხელს (სკეპტიკოსს, ნიჰილისტს), ამიტომაც, მიუხედავად იმ შემზარავი დაცემებისა (უძლურება, პიროვნული ღირსების დაკარგვა, მონური მორჩილება, რასაც წინ უძღვის უმწეო ამბოხი), ნაშინდარში იმსხვრევა ძველი თეიმურაზი, გახლეჩილი პიროვნება, რომლის ცოდნა და გულისთქმა ერთმანეთს ებრძვის და ამ თვალსაზრისით შესანიშნავად არის მოცემული კრიზისის, როგორც უკიდურესი სულიერი თუ მატერიალური სივიწროვის პოზიტიური მნიშვნელობა. ის ტანჯვები, ის „მწარე სასუმელი“, რაც ცხოვრებამ უხვად შეასვა დამდნარ ნაკაცარს, ჩრჩილს, წიგნის ჭიას, ამავე დროს, ერთადერთ საშუალებად აღიქმება უკიდურესი სულიერი სიცარიელის დასაძლევად, რადგანაც „ტანჯვა არის ჭეშმარიტი და მძლავრი რეალობა“. ამ რეალობას მანამდე თამაშად აღიქვამდა თეიმურაზ ხევისთავი. როგორც თვითონ ამბობს. „კმარა ესოდენი ფუტურო სიტყვა და ავი ოცნება. კმარა! ხალხი დავახრჩეთ სიტყვების ზღვაში“. ნაშინდარში დაბრუნებული ნელ-ნელა ივიწყებს ფუტურო სიტყვებს და დიალოგებში ავლენს საკუთარი ტანჯვის მიზეზებს.

რომანში მძაფრად გაისმის სიახლის ძიების, ახალი ადამიანის, ახალი ცხოვრების, ახალი წესრიგის მოთხოვნები, რაც კონკრეტულმა ისტორიულმა დრომაც განაპირობა და, ამავე დროს, აუცილებელი გახდა ამ სიახლის სწორი, მიუკერძოებელი შეფასება, რადგანაც ხშირად არაობიექტურად ხდებოდა ამ მოვლენების ანალიზი, იმის მიხედვით, თუ „რომელ ნაპირზე“ იდგა თავად მწერალი თუ მოაზროვნე.

ერთი შეხედვით ძნელია, სატირის ბასრი იარაღით გამოკვეთილი ხევისთავის სახეში მომავლის ადამიანი დავინახოთ, მაგრამ, როგორც წესი, ამ დიდ კოლიზიებში (რასაც ვხედავთ თეიმურაზის სულიერ განცდებში), უნდა იშვას ახალი, ჭეშმარიტად ფასეული სულიერი მონაპოვარი, რადგან თეიმურაზი სვამს მარადიულ კითხვებს და პერსონაჟის სულიერი გრადაცია ამ კითხვებზე პასუხის გაცემას გულისხმობს.

„რა არის ჭეშმარიტება?
სად არს სამართალი?
რაი არს ცხოვრება ესე?“

მათი პასუხები კი ადამიანის სულში უნდა იშვას, როგორც პირმშო, როგორც გამართლება სულიერი ყოფიერებისა.

ისიც აღსანიშნავია, რომ გონებას არ ძალუძს მათი ამოხსნა.

„რა არის ჭეშმარიტება?“ – კითხულობს სამყაროს უდიდესი მისტერიის უშუალო მონაწილე, რომის პროკურატორი და „თვალწინ უდგას“ ჭეშმარიტება. შესანიშნავადაა ეს კითხვა გაგრძელებული ბულგაკოვის მიერ: „რა არის ჭეშმარიტება“ – თქვა ეს პროკურატორმა და უმალვე გაიფიქრა: „ო, ღმერთებო, ისეთ რაღაცას ვეკითხები, რაც სასამართლოზე საკითხავი არ არის… გონება აღარ მემორჩილება“. ჭეშმარიტების წინაშე გონება უძლურია, აქ იგი „ვიღაც სხვას“ უთმობს ასპარეზს.

ნახუცარ ივანესთან საუბარში თეიმურაზი აღიარებს, რომ მასში რწმენის სული ჩაკლულია, რომ გონება ცოდნისკენ მიუწევს, გული კი რწმენისკენ და ამით ეპოქის სატკივარს გამოხატავს. მაგრამ ამავე დროს ეს აღიარება საკუთარი გაორებისა მასში იწვევს იმგვარი სულიერი ძალების აღორძინებას, რამაც უნდა მოკლას წარმავალი, დროითი და შვას მარადიული.

კლასიკურ განმარტებას გვაძლევს ამ მხრივ ნ. ბერდიაევი.

„მხოლოდ ხელახალი დაბადება, სულიერი ადამიანის დაბადება, რომელიც ადრე თვლემდა და ჩახშული იყო, არის ნამდვილი მოვლინება ახალი ადამიანისა, რაც შესაძლებელია მხოლოდ ძველ ადამიანზე გამარჯვებით. მაგრამ საიდუმლო კაცობრიული არსებობისა გულისხმობს განვითარების სუბიექტს. არ არსებობს განვითარება იმის გარეშე, რაც ან ვინც ვითარდება“ და აქვე მსჯავრს გამოუტანს იმ ცრუ იდეოლოგებს, რომელნიც ღვთიბოძებულ წესრიგს ცრუ მრწამსით არღვევენ, თითქოს შესაძლებელი იყოს მხოლოდ უტილიტარულ მისწრაფებებზე დაყრდნობით ახალ ფასეულობათა შექმნა. „ახალი ადამიანის დაბადება თითქმის შეუძლებელია რევოლუციის გზით, რადგან რევოლუცია არის ბედისწერის პირმშო და არა თავისუფლებისა“. ის, რაც ასეთ დროს ამოტივტივდება, ვერ იქნება კულტურის მსაზღვრელი, ვინაიდან კულტურა თავისუფალ შემოქმედებას გულისხმობს. რომანში ამგვარი ნიადაგი თეიმურაზ ხევისთავის, როგორც წარსულით დატვირთული სულიერი ფენომენის სახეში არსებობს. მწერალს ნაკლებად აინტერესებს დროის მიერ ცხოვრების ზედაპირზე ამოტივტივებულ ადამიანთა ბედი, რადგან ისინი შემთხვევამ დააყენა აქ და შემთხვევა შეუცვლის ადგილს. მთავარი ის არის, რომ უკიდურესი კრიზისის ჟამს დროებისგან წელში მოხრილი არისტოკრატი თეიმურაზ ხევისთავი, რომელსაც „დაშლია“ თავისი „ცოცხალი ხატი“, სავსება, იწყებს საკუთარი სულიერი ძალების კულტივირებას, რაც ზოგადად თვითშემეცნებაში ვლინდება.

„ყველაზე ძლიერად ეს მოწოდება საკუთარი თავისადმი („შეიცან თავი შენი!“) გაისმის მაშინ, როდესაც ადამიანს ანდა ხალხს ემუქრება საფრთხე, როდესაც კულტურას ემუქრება დაცემა… ასე იყო სოკრა სოკრატესა და პლატონის ხანაში, ასე იყო რომის ცივილიზაციის დაღმასვლისას და ა.შ. ისტორიის იგივე რიტმი, იგივე დიალექტიკა შეიმჩნევა ჩვენს ეპოქაში, ყოველმხრივი კრიზისის პირობებში კვლავ დაისვა თვითშემეცნების პრობლემა საკაცობრიო სულის ყველა სფეროში“ (ბ. ვიშესლავცევი).

ნიშანდობლივია, რომ თეიმურაზ ხევისთავში ინგრევა ის „სულიერი მონაპოვარი“, რაც წინა საუკუნის (XIX ს.) ნიჰილისტურმა აზროვნებამ „უწყალობა“ („ღმერთი არ მწამს, მაგრამ ქრისტე მაინც ღმერთკაცი იყო“ – თეიმურაზის ეს სიტყვები ნიცშეს პერიფრაზია) და აღორძინდება ტრადიციული სული, რაც აბრუნებს მას თავის ძირებთან და ეს უკვე თეიმურაზის კულტურული მონაპოვარია. შეიძლება ითქვას, თეიმურაზი შემოქმედია თავისი სულისა.

„ჯაყოს ხიზნები“ თეიმურაზ ხევისთავის პიროვნული კულტურის ჩამოყალიბების გზად გვესახება, თუ პიროვნულ კულტურას შევხედავთ, როგორც თვითშემეცნების შედეგად მოპოვებულ მდგომარეობას, რასაც წინ უძღვის დიდი სულიერი კატაკლიზმები.

რომ არა მწერლის ამგვარი მრწამსი, თეიმურაზ ხევისთავი რწმენაში კი არ ჰპოვებდა ხსნას, არამედ რეალურ-ისტორიული და ყოფითი სინამდვილე საბოლოოდ ჩაკლავდა მასში ღვთისკენ მიმართულ მზერას. მომლოდინე თეიმურაზი კი, ბუნებითი პატრონი ქვეყნისა, გზას აგრძელებს ისევე, როგორც ზოგადად ერის სული, რომელსაც სიკვდილი არ უწერია.

ახალი ადამიანის დაბადების პრობლემა დღესაც მეტად აქტუალურია, მით უმეტეს, რომ კრიზისი მთელი მისი განშტოებებით აქტიურ ფაზაშია. ადამიანი და მთლიანად ერი განიცდის შემაშფოთებელ შიშს არსებობის წინაშე, თავისი მაღალი მისიის ხელახალ გადასინჯვასაც ახდენს. ეგებ აქ უნდა დამთავრდეს ყოველივე, ჩემში?! ეგებ ოდინდელი მოწოდების („შეიცან თავი შენი!“) არსი ამოწურულია, ეგებ მხოლოდ ფიზიკური გადარჩენაა მთავარი და ამიტომაც „ყველაფერი ნებადართულია“?! ეს მაცდური კითხვა-პასუხებია და ამ საფრთხის წინაშე ყოველთვის თრთოდა ზნეობრივი ადამიანი, მაგრამ რაკიღა სამყაროს ძირეული მოდელები არ შეცვლილა და ამაღლების მოდელი წარმავალის დათმობაზე შენდება, უნდა ვიგულვოთ, რომ კრიზისს ის გაუძლებს, ვინც ცხოვრების შოლტების ცემისაგან წელში მოხრილი ამაყად იტყვის: „მე მომღუნეს, შეიძლება მომტეხონ, მაგრამ ვერასოდეს დამიმორჩილებენ!“, „რაც მოსავალია, მოვიდეს!“; „ორგულობა და ორპირობა არ შემიძლიან!“, „მე ბავშვს ისეთ რამეს ვერ ვასწავლი, რაც მე თვითონ არა მწამს“.

ხოლო სულიერი არისტოკრატიზმით განბრძნობილი ამასაც დასძენს: „ჯაყო უბრალო შემთხვევაა და ჩემს უბედურებაში ბრალი არ მიუძღვის“ (ამ დასკვნამდე მიდის თეიმურაზი მას შემდეგ, საბოლოოდ ჩაუღრმავდება რა მარგოს დაკარგვის მიზეზებს).

მომავლის კონტურები მხოლოდ თვითჩაღრმავების შემდეგ ესახება თეიმურაზს. „ვნახე, განვიცადე, მწამდა, ვტიროდი“ – კედელზე აწერენ მარგო ყაფლანიშვილი და თეიმურაზ ხევისთავი და ამით თავიანთი სულიერი მონაპოვრის ფიქსაციას ახდენენ. ისინი მარადიულ ადამიანებად იქცევიან, რადგან მათი მსაზღვრელი წმინდა გულია და არა გონება, რომელსაც ჭეშმარიტების წვდომა არ ძალუძს.

მხოლოდ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ ჯავახიშვილის რომანი უპირველესად ეროვნულ ტრაგედიას აღწერს და ამ მდგომარეობის დაძლევას ისახავს მიზნად, ამიტომ ქვეყნის პატრონის თეიმურაზ ხევისთავის პიროვნული გამთლიანება იმ დანაკარგის დაბრუნებასაც გულისხმობს, რაც მას ეკუთვნის – იგი კვლავ ხევისთავთა საგვარეულო სასახლეში ცხოვრობს და რწმენით სავსე ელოდება მარგოს.

„კიდობანში ძველი ხატი აქვს დამალული. იმ ხატს კუთხეში დაასვენებს, სანთელს აუნთებს და პირქვე დაემხობა. მეტანიით, სასოებით და ცრემლით ლოცულობს თეიმურაზ ხევისთავი…

…ისევ ელის ნაქმრევი ნაცოლარს. ისევ დაყუდებული შიო მღვიმელივით იცდის თეიმურაზ ხევისთავი“.

ამიტომ სავსებით გასაგებია, რას გულისხმობს მიხეილ ჯავახიშვილი, როდესაც წერს: „უცნაურია, ყველაზე მეტი დავა „ჯაყოს ხიზნებმა“ გამოიწვია, მაგრამ ყველაზე მეტი სიხარულიც ამ რომანის დასრულებამ მაგრძნობინა. იმ დღეს ნამდვილად ბალღად გადავიქეცი, რომელსაც გაუძლისი ბედნიერება დაატყდა. ვეღარც მე ვცნობდი ჩემს თავს და ვეღარც ჩემი ცოლ-შვილი მცნობდა“.

რომანის ამგვარი ფინალი კი მკითხველსაც უღვივებს რწმენას, რომ კრიზისიდან თავის დახსნა შესაძლებელია, თუ ადამიანი ანდა მთლიანად ერი შეიმეცნებს თავის შეცდომებს და შეცოდებებს.

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]