ხატაელთა მეფის პასუხი ტარიელისადმი - განხილვა

ხატაელთა მეფის პასუხი ტარიელისადმი – განხილვა

– ხატაეთიდან მოციქულნი დაბრუნდნენ. რამაზ მეფეს ამაყი და უკადრისი პასუხი შემოეთვალა, მწერდა: გამიკვირდა, ეგ რა მოგიწერია, როგორ თუ მანდ გიხმივარ, “ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?!” ამის მეტად აღარ ვნახო, წერილი მოგეწეროსო:

“არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია,
ვინ არის თქვენი ხელმწიფე, ჩვენ ზედა რა პატრონია?!”

– ვუბრძანე და მთელი ინდოეთის ლაშქარი აწვიეს. ვარსკვლავთ უმრავლესი შეიკრიბა, ყოველი კუთხიდან ფიცხლად იმდენი მოაწყდა, ტევა აღარსად იყო, “ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია”. მეფის წითელ-შავი დროშა ავმართე და აღლუმიც დაიწყო. ვნახე, მეომრები მოხდენილად შეჭურვილიყვნენ, მომეწონა მათი:

“სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა,
ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა”.

ლაშქარს გამოვუცხადე, რომ გზას დილით დავადგებოდით. დარდმა დამიპყრო, თავი შემებრალა, ავზე ავი ბედისად მეჩვენა, ვფიქრობდი: ჩემი მზე თუ არ ვინახულე, არ ვიცი, რანაირად გავემგზავრო-მეთქი.
შინ რომ მივედი, გულს სევდა უარესად შემომაწვა და თვალთაგან მდუღარე ცრემლი ღვარად გადმომედინა: “თვალთათ, ვითა საგუბარით, ცხელი ცრემლი გარდმომჩქეფდა”.
კვლავ ჩემს უბედურ ბედს ვუჩიოდი, რომ გუნებისად ბიჯიც ვერ გადამედგა საოცნებო ვარდისაკენ, და გამწარებული თავისთავს ვეკითხებოდი: “ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?”

წყარო: http://www.aura.ge/103-sabavshvo/1691-shota-rustaveli–vefxistkaosani-shinaarsi.html

თქვენი online რეპეტიტორი