ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

ფართობი – 9,6 მლნ კვ. კმ.
მოსახლეობა – 1 მილიარდ 354 მლნ კაცი (2011 წ.)
დედაქალაქი – ბეიჯინგი (პეკინი)
ფულადი ერთეული – იუანი

გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნება:

ფართობის მიხედვით ჩინეთი მეოთხე ქვეყანაა მსოფლიოში და ხმელეთის დაახლოებით 7%-ს იკავებს. მას სახმელეთო საზღვარი 14 ქვეყანასთან აქვს და ასევე ფართო გასასვლელი გააჩნია მსოფლიო ოკეანეში. ჩინეთის კუთვნილ კუნძულთა შორის ფართობით უდიდესია ჰაინინი (34 ათასი კვ. კმ).

ჩინეთში აღსანიშნავია მსოფლიოში უმაღლესი ტიბეტის მთიანეთი. ნეპალთან სასაზღვრო რაიონში მდებარეობს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა (8848 მ).
ჩინეთში მიედინება აზიის ორი უდიდესი მდინარე. ქვეყნის უგრძესი მდინარეა იანძი (6,3 ათასი კმ). მრავლად არის ტბები, რომელთა შორის უდიდესია კუკუნორი (ცინხაი, 4583 კვ.კმ).

მოსახლეობა:

ჩინეთი მოსახლეობის მხრივ პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. აქ მსოფლიო მოსახლეობის 23% ცხოვრობს. მოსახლეობა ძალზე არათანაბრად არის განსახლებული. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე 139 კაცს შეადგენს.

მოსახლეობის 93% ჩინელია (ხანები). აქ სულ 56 სხვადასხვა ერის წარმომადგენელი ცხოვრობს.
ქალაქებში მოსახლეობის 33%-ია კონცენტრირებული.

რელიგიებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია ბუდიზმი, დაოიზმი, კონფუციანიზმი.

ჩინეთის სახელმწიფო წყობილება:

ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. XVII-დან XX საუკუნის დასაწყისამდე ქვეყანას ცინების დინასტია მართავდა, რომელიც 1911-1913 წლების რევოლუციის შედეგად დაემხო და ჩინეთი რესპუბლიკად გამოცხადდა.

1949 წლიდან ჩინეთი კომუნისტური ქვეყანაა. იგი ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა თავისი შრომითI რესურსებით, ეკონომიკური და სამხედრო პოტენციით. ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და ატომური იარაღის მფლობელია.

ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევენ 5 წლის ვადით. ქვეყნის მთავრობის სათავეში პრემიერ-მინისტრია. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრება წარმოადგენს, რომელსაც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ 2979 დეპუტატის შემადგენლობით ირჩევენ.

ქვეყანაში 1982 წელს მიღებული კონსტიტუცია მოქმედებს. ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია 1 ოქტომბერი.

პოლიტიკურ-ადმინისტრაციული თვალსაზრისით, ჩინეთI 22 პროვინციად, 5 ავტონომიურ რაიონად, ცენტრალური დაქვემდებარების 4 ქალაქად და ორ სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიოანად იყოფა.

1997 წელს ჩინეთს ბრიტანეთის ყოფილი კოლონია – ჰონგკონგი დაუბრუნდა. 1999 წელს ჩინეთმა ასევე აღადგინა თავისი სუვერენიტეტი პორტუგალიის კოლონია მაკაოზე.

ეკონომიკა:

ჩინეთი უმსხვილესი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. მშპ-ის საერთო მოცულობით იგი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, თუმცა მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, იგი მსოფლიოს პირველი 50 ქვეყნის სიაშიც კი არ შედის (94 ადგილი მსოფლიოში). მშპ-ს საშუალო წლიური ზრდის ტემპი 11%-ს შეადგენს და ყველაზე მაღალია მთელ მსოფლიოში.

ჩინეთის ეკონომიკური სისტემის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი საბაზრო ეკონომიკის პირობებით კომუნისტური პარტიის კონტროლის ქვეშ ვითარდება.

ბეიჯინგი:

ჩინეთის დედაქალაქი ჩინეთის დიდი ვაკის ჩრდილოეთით, ყვითელი ზღვის ნაპირებიდან 160 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.  ქალაქი ცზის სახელით დაახლოებით 3 ათასი წლის წინ დაარსდა. 1421 წლიდან იგი ქვეყნის, ხოლო 1949 წლიდან უკვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქია.

ბეიჯინგის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია: გუგუნის მუზეუმი, ცის ტაძარი, ტიანანმინის მოედანი, ბეიჰანის პარკი და ა.შ.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]