კვირა დღე იყო. ის-იყო სოფლის ეკლესიაზე წირვაც გათავდა. სალოცავად მოსული ხალხი ეკლესიის გალავანში გაიფანტა, ჯგუფ-ჯგუფად დაიყო და შეიქნა ჩვეულებრივი სჯა-მუსაიფი სოფლელებს შორის. ერთ ადგილას რამდენიმე კაცი გულმოდგინებით ყურს უგდებდა რაღაც მხიარულ ამბავს, რომელსაც მოუთხრობდა ახალგაზრდა გლეხი.

– შე კაცო, შენ ერთობ მუსაიფში ხარ და კაცია საგუნაშვილმა ეს არის წმინდა გიორგიზე გადაგცა! – უთხრა მოამბეს ხანში შესულმა გლეხმა, რომელიც ის-იყო მიუახლოვდა მხიარულად მოლაპარაკე ჯგუფს.

– რას ამბობ, გიორგი? – მიაძახეს აქეთ-იქიდან.

– მართალს ამბობ, კაცო? – თავზარდაცემულმა წაილუღლუღა იმან, ვისაც მიუტანეს ხატზე გადაცემის არასასიამოვნო ამბავი.

– მართალს გეუბნები, შვილო, მა რა, გეხუმრები?.. რა სახუმაროა, შენ თვითონ თქვი! – მიუგო გიორგიმ.

ანდრია, ახალგაზრდა გლეხი, ეკლესიისაკენ გაიქცა და ერთ წამში კარებთან გაჩნდა. თითქმის იმავე დროს გამოჩნდა კაციაც, რომელიც ხელზე ბოხოხის ბერტყით ეკლესიიდან გამოდიოდა.

– ხატზე გადამეცი, მართლა, კაცია? – შესძახა ანდრიამ.

– მა რა გეგონა!? – უპასუხა კაციამ.

– რა დაგიშავე, კაცია? ეს გამაგებინე, რა დაგიშავე, რომ ასე ამომიჩემე… რომ აღარაფრით მზოგავ?.. თქვი მაინც, შე კაი კაცო… ამ ხალხს მაინც კარგად გააგებინე… ამათ გაჰსაჯონ, თუ რამეში მტყუანი ვარ შენთან!

– მაგათზე უკეთეს მოსამართლეს მიგეცი…

ღმერთს, თვითონ ღმერთს და მასთან მყოფ წმინდანს გასცემ, შვილოსა, პასუხს!.. მე რაღას მედუდღუნები!.. ბევრი გეხვეწეთ, შენც და სხვასაც, მარა არაფერი საქმე გამეწყო თქვენთან… შენ არ ააგულიანე სხვები?.. ორი ტკაველა მიწა მქონდა, იმასაც აღარ მიყენებო!.. მე, ჩემო ვაჟბატონო, ჩემს თავს არავის დავაჩაგვრინებ… რა გზითაც იქნება, ჩემზე მოღერებულ ხელს მისივე პატრონს მოვახვედრებ…

შენ ჩემთან აწი აღარაფერი სალაპარაკო აღარა გაქვს… წმ. გიორგის გაეცი პასუხი!..

– შენ გგონია, წმ. გიორგი მარტო შენს სიტყვაზე გეიარს? – გულმოსულად უთხრა ანდრიამ.

– მაგასაც შენი თვალებითვე დეინახავ!.. – და ამ სიტყვისთანავე კაციამ კიდევ დაიბერტყა ქუდი ხელზე, დაიხურა თავზე და მაღალი მსხვილი ჯოხით ხელში, გარშემო მოგროვილ ხალხს გაშორდა.

მოხუცებული კაცია დარწმუნებული იყო, რომ ანდრიას თავზე ღვთის რისხვას მოიყვანდა… მისი სახის გამომეტყველება, რომელიც ისე აშკარად, ნათლად ეუბნებოდა, რომ ამ კაცის დამორჩილება ადვილი არ არისო, რომ ის თავის შეურაცხყოფას არავის შეარჩენს, ვინც უნდა იყოსო, – მისი სახის გამომეტყველება ახლა თითქოს გეუბნებოდათ: ეჭვი არა მაქვს, რომ წინდა გიორგი დასჯის ანდრიასო. ამიტომ ისე დინჯად გაბრუნდა ის მოშორებით, საფლავის ქვაზე მჯდარი გლეხებისკენ.

ყაბალახმოგლეჯილი ანდრია კი ისევ იმავე ადგილას, ეკლესიის კარებთან, იდგა და გარს შემოხვეულ გლეხებს ცხარედ შესჩიოდა:

– ჩემგან რა უნდა, რომ ვერ გავიგე?! მე რას მერჩის, რას ჩამცივებია, – ეს რომ ვიცოდე, სხვა არაფერი მინდა!.. ჩემ გარდა სხვა რამდენია, რომ არ მოაშლევინეს ის ამოსაგდები გზა… რაღა მე ამომარჩია წმ. გიორგიზე გადასაცემად?!

ეგ არ ვიცი კარგად, შენ რა ბრალს გდებს კაცია და უსამართლოდ რომ ირჯებით მთელი კუთხე, ეს კი ცხადაია! – წამოიძახა ერთმა გლეხმა.

– რატომ, შე კაცო? უსამართლოდ რით ვირჯებით? – მიაძახეს აქეთ-იქადან.

– რატომ არ ანებებთ მაგ კაცს მის ადგილს?.. მე არ მოვკვდე, მეც არავის მოვუთმენდი, მაგისთანა რამე რომ ექნათ ჩემთვის… რას მეუბნები?! მე და ჩემმა ღმერთმა, ერთი-ორი კაცი მაინც შემომაკვდებოდა იქვე!.. ბიჭო, უწინ გზა სადაც გქონიათ, იმაზე იარეთ… აბა, კაცს ადგილი ვეღარ გაუშვია, ადგილი ვეღარ დაუსვენებია! – ცხარობდა გლეხი.

– სადაა ეს ძველი გზა, აბა რას ამბობ, კირილე? მე პატარა ვიყავი, რომ იმაზე აღარავინ დადიოდა…

ახლა ყანაშია შეტანილი!.. ვინ განახვებს თვალით და, ამასთანავე ის ძველი გზა სულ აღარ ვარგა. არ გინახავს თუ? – სხაპასხუპით და გაჯავრებით თქვა ანდრიამ.

– ამიტომ კაციას ძალით ართმევთ ადგილს? კარგია შენმა გაზდამ! – მიაძახა კირილემ.

– ძალით ვინ ართმევს, შე კაცო! მაგას რატომ კადრულობ? – მოისმა ზოგიერთების ხმა.

– ძალითაა, აბა რა, ვინ შეეხვეწა? თავიდან ძალის დატანება მოუნდომეთ… კაცი გაახელეთ და ახლა აღარ უნდა თავი დაგაჯაბნებინოსთ! ასე მოგექცეოდათ, აბა რავა გეგონათ? – არ წყნარდებოდა კირილე.

– შე დალოცვილო, საქმე სასამართლოში იყო და იქაც გადასწყვიტეს აგრე, რომ გზა კაციას ადგილზედ დარჩენილიყო… ჯიუტია მაგ დალოცვილი, სხვა არაფერი! – წამოიძახა ერთმა მოხუცებულმა გლეხმა.

– მე კი მაინც ჩემსას ვიტყვი, – რატომ ამომიღო თვალში? მე, მე რად გადამცა ხატზე? გასაკვირველია, ღმერთმანი! – მხრების აწევით თქვა ანდრიამ.

– ეჰ, შენც კიდევ!.. რა გაწუხებს?! მაგნაირ უსაფუძვლო გადაცემას ძალაც არა აქვს! – თანაგრძნობით უთხრა ანდრიას ერთმა იქ მყოფთაგანმა.

– დიახ, ეგ მართალია, ბერიკო, მაგრამ მაინც გეწყინება, რაზე უნდა წაგაყენოს ხატთან ტყუილუბრალოდ კაცმა? – მიუგო მას ანდრიამ.

საქმე იმაში იყო, რომ კარგა ხანმა გაიარა მას აქეთ, რაც კაცია საგუნაშვილმა ერთი თავისი საყანე ადგილი შესასვენებლად გაუშვა და აღარ დაუმუშავებია, ღობეც აღარ გაუყოლებია მის გარშემო, – ადგილი მოღალული იყო, თითქმის არაფერს იძლეოდა.

სოფლელებმა ამ შემთხვევით ისარგებლეს და შესვენებულ ადგილზე სიარული დაიწყეს, რადგანაც ამ ახალი გზით ერთობ ემარჯვებოდათ სიარული მახლობლად მდებარე ბაზრიან დაბაში და საყანეებზედაც. ძველი გზა, რომელიც სრულიად წამხდარი იყო, მიივიწყეს და მის შეკეთებას აღარავინ დაეძებდა. ამით ისარგებლეს იმ ძველი გზის მახლობლად საყანე ადგილების პატრონებმა და მოსპეს გზა. ეგ იმათთვის მეტად საჭირო იყო, რადგანაც გაფუჭებული გზის თიხნარი ნაპირები ნელ-ნელა ინგრეოდა და ამით ფუჭდებოდა საყანეებიც. დროთა განმავლობაში ეს ძველი გზა ყველამ დაივიწყა, მით უფრო, რომ კაციას ადგილზე სიარულის დამშლელი არავინ იყო. კაცია თავის მხრივ, დარწმუნებული იყო, რომ როცა კი მოინდომებდა, ყოველთვის შეჰკრავდა თავის ადგილს. მაგრამ ბოლოს სულ სხვა გამოდგა.

როცა კაციამ ერთ დღეს მოინდომა გაშვებული საყანის შემოღობვა, მეზობლებმა მოითხოვეს ერთი ნაწილი გზად დაეტოვებინა. კაცია ავარდ-დავარდა ამაზე, ყური არავის ათხოვა, ღობვა დაიწყო, მაგრამ ღობე ისევ მოურღვიეს. კაციამ დაიწყო მუქარა, მოვკლავ ვისმე იმ ჩემ ადგილზედაო, მაგრამ მაინც არავინ შეეპუა, მით უფრო რომ ყველასათვის ეგ იყო ერთადერთი გზა. საქმე სოფლის სასამართლომდის მივიდა. მოსამართლენი მოვიდნენ, დაათვალიერეს ის ადგილი, სადაც ძველი გზა მიდიოდა, ეს ახალი სადაო გზაც და გადასწყვიტეს: რადგანაც ძველი გზა მეტისმეტად გაფუჭებულია და მისი შეკეთება ყოვლად შეუძლებელია, ამის გამო კაციას ადგილს უნდა ჩამოსჭროდა ერთი ნაწილი ახალი გზისთვის.

კაციასთან ერთად ერთმეოდა ცოტა მიწა მის მეზობელ ერთ გლეხსაც. ეს უკანასკნელი ადვილად დაითანხმეს, კაცია კი ვერაფრით ვერ დააწყნარეს, ვერ ჩააგონეს, რომ უნდა დაეთმო ის ცოტაოდენი მიწა სოფლისათვის.

– ღვთით, არაფერი გიჭირს, სხვა ადგილებიც გაქვს. ბევრი-ბევრი, ორი ბათმანი მოვიდეს ამ ჩამონაჭერზე… უნდა დაუთმო სოფელს, აბა რა ქნას სოფელმა? – ეუბნებოდნენ კაციას.

– ძველ გზაზე იარონ!

– რომ აღარ შეიძლება იმ გზით სიარული, შე კაცო, განა შენ თვითონ არ იცი?..

– მერე მე რა?.. სადაც გინდათ, იქ გააკეთეთ ახალი გზა… მე კი ჩემსას არავის დავანებებ…

დავუთმო სოფელს ჩემი ადგილი და მე მშიერი დავრჩე?.. – გაჯავრებით ამბობდა კაცია.

– შე კაცო, აქამდის ასე იოლად რჩებოდი ამ ადგილით, ახლა დაგამძიმებს და მშიერს დაგარჩენს ორი ტკაველა მიწის ჩამოჭრა? მერე საზოგადოებისათვის!.. – უთხრა ანდრიამ, რომელიც სოფლის ერთი მოსამართლეთაგანი იყო.

– საზოგადოებისათვის კი არა, ის კიდევ!.. მითქვამს – არ დაგითმობთ… მორჩა, გათავდა…

სოფელი ფეხებზე მკიდია! – გაჯავრებით წამოიძახა კაციამ.

– სასამართლოს განაჩენი რომ შესდგა, მეტი რა გზა გაქვს არ დაუმორჩილდე!.. – უთხრა მეორე მოსამართლემ, რომელიც მოთმინებიდან გამოიყვანა კაციას ჯიუტობამ.

– გლახა ანთიმოზა გგონივართ მე, რომ თქვენს წინაშე იმასავით თავს მოვიხრი?.. დიახ!.. მიროი სუდში ვიჩივლებ… თუ საჭირო იქნება, ოკრუჟნი სუდშიაც გიახლებით…

იმას ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ ჩემი თავი დაგაჯაბნებიოთ!

– ტყუილად გაირჯები, ჩემო კაცია. ამ საქმეს სხვაგან არსად არ მიიღებენ გასარჩევად, არც მიროი სუდი და არც ოკრუჟნი, – უთხრა ანდრიამ.

– თუ არ მიიღებენ, მე სხვა გზასაც მოვნახავ, სადაც პასუხს აგებთ თქვენი უსამართლობისათვის… კი მიგაცემიებთ პასუხს, სადაც იქნება!.. ნამეტურ შენ, ვაჟბატონო! შენ რომ დიდი მოქალაქე ბრძანდები! – მიუბრუნდა კაცია ანდრიას: – შენ შეგაწევ ჩემს დაჯაბნებას, გგონია?.. მოგიკვდეს მაშინ კაცია, შენ წიხლი დამკარი… კაცია არ ვიქნები, თუ შენი დაბადების დღე შენვე არ გაწყევლინე! – ყვიროდა ძალზე გაჯავრებული კაცია.

– ახლა კი, რაც გინდათ, ის ქენით! – და განრისხებულმა კაციამ ჩქარი ნაბიჯით თავის სახლისკენ გასწია.

– რა უნდა ელაპარაკო ამისთანა კაცს? – მხრების აწევით თქვა ანდრიამ და თან თვალები გააყოლა კაციას, რომელიც კიდევ მოჩანდა ორღობეში მიმავალი.

კაციამ აასრულა თავისი სიტყვა. აღარც თავი დაიზოგა, აღარც თავის მოხუცებულობას მოერიდა, – ბევრი იწანწალა, ორიოდე ადვოკატთანაც იყო ძღვენით, მაგრამ ვერაფერი ვერა გააწყო რა. ანდრიას სიტყვა მართალი გამოდგა და ეს უფრო გულს უკლავდა მოხუცებულს.

აენთო კაცია. ის ჰგავდა მხეცს, რომელიც არა ღონისძიებას არ დაერიდებოდა, ოღონდ კი რითიმე თავისი ჯავრი ამოეყარა, განსაკუთრებით იმ გაიძვერა, მოტიკტიკე ანდრიაზე, რომელიც თავი და ბოლო იყო სოფლის მოსამართლეებს შორის.

კაციას ერთი გზაღა დარჩა თავის შემავიწროვებელთა მოთავის დასასჯელად და კიდევაც გადასწყვიტა, მიემართნა ხატისათვის. გადაწყვეტილება აღსრულებაში მოიყვანა და კიდევაც ჩაუგდო ხატს ხელში, – გადასცა წმ. გიორგის ხატზე ანდრია. სადღა წაუვიდოდა წმ. გიორგის ანდრია? ეჭვი არ უნდოდა, წმ. გიორგი უსათუოდ დასჯიდა ანდრიასაც და მასთან მის უკუღმართ მოსამართლე ამხანაგებსაც, – ეს მტკიცედ სწამდა კაციას.

ამ დღიდან კაცია გულდამშვიდებული ელოდა წმ.

გიორგისაგან ანდრიას და მის ამყოლთა საჯაროდ დასჯას.

– დამაცათ, შვილებო, ისევ თქვენვე შემეხვეწებით ადგილი ჩავიბარო, როცა ჩემი გამჩენი შავს დღეს დაგაყენებსთ!.. ვეღარსად იჩივლებთ!.. აბა ვნახოთ!.. ღმერთიც დაივიწყეთ?! ვითომ იმას ამა სოფლის აღარაფერი ეყურება?! ჰაი გიდი, რანაირი ხალხი იზდება?! – ხშირად იმეორებდა კაცია.

დრო და ხანი გადიოდა, მაგრამ წმინდანის რისხვის ნიშნები კი არსად ჩანდა. კაციას მოუთმენლობა დაეტყო.

ნეტა რად ატარებს წმ. გიორგი ამდენს ხანს უვნებლად ანდრიას და არაფრით არ იჩენს იმაზე თავის სასწაულს?! ამ მოუთმენლობას ის უფრო უმატებდა, რომ ამ ბოლო დროს ანდრიასაც მეტი რაღაც მხიარულება ემჩნეოდა, იგი უფრო გათამამდა და, როგორც სხვები ეუბნებოდნენ კაციას, ვითომ არაფრად აგდებდა კაციასაგან ხატზე გადაცემას. პირველ ხანებში, მართალია, ანდრია შეშინდა, თუმცა თავისი სიმართლის იმედი ჰქონდა; ორჯერ ძღვენიც მიართვა წმინდანს, მაგრამ მერე, როცა გაიარა ხანმა და იმის ცხოვრებაში ისეთი არა მომხდარა რა, დაიმედდა და სრულიად მიივიწყა, რომ კაციასაგან გადაცემული იყო.

კაცია სულ ერთიანად აამღვრია ანდრიას ამგვარმა უდარდელმა ყოფაქცევამ. ახლა ის გუნებაში წმ. გიორგისაც ემდუროდა შეგვიანებისათვის. ბერმა კაცმა იმ ზომამდისაც მიაღწია, რომ ხმამაღლა დაუწყო წმინდანს მდურება.

– განა დღესავით ნათელი საქმე არაა! გამოძიება ეჭირვება კიდევ თუ?!

– რატომ ხარ, შე უბედურო, მაგდენად უგუნური, რომ წმ. გიორგის უსწორებ სამართალს?! სულწასულობაა ეგ, მეტი არაფერი… გაჩუმდი, შენთვის იყავი… წმ. გიორგიმ, – ვენაცვალე მის ძლიერებას! – შენზე უკეთ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, ან ვინ როდის დასაჯოს… – შეუტია კაციას მისმა ცოლმა, მოხუცებულმა დოდომ.

– როდემდის ვუყურო?..

ვერა ხედავ, გათამამდა და გამხიარულდა მტერი?.. მაშ, სიავკაცე და ავაზაკობა ჯობნებია სიმართლეს?! საიდან გაიგოს კაცმა, რომელი სჯობია, თუ წმინდანიც ყურს არ მიაქცევს შევიწროებული ადამიანის თხოვნას და თავის დროზე არ დასჯის კაცის შემაწუხებელს?.. რას მეუბნები შენ! – ამბობდა გულმოსული კაცია.

– გაჩუმდი-მეთქი, გაჩუმდი, ნუ ჩერჩეტობ უთავბოლოდ! ვის უჯავრდები, შე შეჩვენებულო? ვის ასწავლი, ვის არიგებ ჭკუას?.. სრულიად შეიშალე, შე უბედურო, ამ ბოლო დროს… აღარაფრის გაგება აღარა გაქვს!..

– მომშორდი, დედაკაცო, თავიდან! – მიაყვირა კაციამ დოდოს და ფეხზე წამოვარდა: – მე შენზე უკეთ ვიცი ჩემი საქმე…

როდის იყო ჩემთვის საჭირო დედაკაცის დარიგება? – მოჰკიდა ჯოხს ხელი და ეზოდან გავიდა.

მოხუცებული კაცია ახლა ანდრიასთან ერთად წმ. გიორგისაც ემდუროდა და ამ სამდურავს ხმამაღლა წარმოსთქვამდა ხოლმე. ეკლესიაში რომ იდგა, ხშირად თვალმოუშორებლად და საყვედურით მისჩერებოდა წმ. გიორგის ხატს, თითქოს უნდოდა ამით გაეგებინებინა წმინდანისათვის: ,,ნუთუ დაგავიწყდა, რასაც გთხოვდიო?!”

ვერაფერ საქმეს ხელს ვეღარ ჰკიდებდა, აღარაფერი აღარ ახსოვდა კაციას იმის მეტი, რომ ის დაექადნა ანდრიას, წმინდანის შემწეობით ჯავრს ამოვიყრიო, მაგრამ ვერც ეს აასრულა და თვით წმინდანმაც არავითარი ყურადღება არ მიაქცია მას.

დიდმა მარხვამ გაიარა.

კაცია, რომელიც ყოველ წელიწადს ეზიარებოდა ხოლმე ამ დროს, წელს არ ზიარებულა.

გათენდა აღდგომაც, მაგრამ იმის გულს ამ სამხიარულო დღესაც არ გაუხარია.

აპრილის მშვენიერი დილა იყო, აღდგომის მეორე დღე. ეკლესიაზე მრავალი ხალხი იყო თავმოყრილი. ჩვეულებისამებრ, დღეს ხატებით უნდა შემოევლოთ ეკლესიისათვის და მერე მღვდელს ხალხი უნდა დაელოცნა. წირვა გათავდა. ეკლესიიდან ხალხმა გამოსვლა იწყო.

– ყველა ხატებს გავყვეთ, ყველა! – დაიძახა ვიღაცამ.

– უთუოდ, უთუოდ!.. აბა რისთვის მოსულხართ… სეირს უყუროთ თუ? – დაუმატა მეორემ.

– უტიეთ, ყმაწვილებო, გზა მიეცით!.. რატომ იცით კარებში გაჩერება! – მიაყვირა ერთმა მოხუცებულმა გლეხმა რამდენსამე კაცს, რომელნიც ეკლესიის კარებთან შეჩერდნენ და ერთმანეთს დღესასწაულს ულოცავდნენ. – ვერ ხედავთ, ხატებს მოასვენებენ?

მართლაც, კარებში გამოჩნდა ხატებით ხელში რამდენიმე გლეხი, მათ უკან მოჰყვებოდა შემოსილი მღვდელი სასხურით მარჯვენა ხელში და ჯვრით მარცხენაში. მღვდელი თან ჯვარს სახავდა ხალხს და თან წმიდა აიაზმის წყალს ასხურებდა.

– ნუ გაჩერებულხართ, ყველა ხატებს გამოჰყევით… ეკლესიას შემოვუაროთ! კირილე, პეტრე, ვის უყურებთ?.. ეკლესიას შემოუარეთ! – უძახოდა მღვდელი ხალხს.

– კირიე-ლეი-სონ! კირიე-ლეი-სონ! – გაიძახოდა იმდენი ხალხი და წყნარის ნაბიჯით მიჰყვებოდა უკან ხატებს. უკვე სამჯერ შემოუარეს ეკლესიას და შემდეგ ხატები გალავანში გაიტანეს და იქ დაასვენეს.

ხალხი გარს შემოეხვია მღვდელს. ამ უკანასკნელმა რამდენიმე ლოცვა წაიკითხა და ხალხს უბრძანა ხატების წინ მუხლთ მოიყარეთო.

– წმიდაო გიორგი … მიმართა მღვდელმა წმ. გიორგის ხატს, რომლის სახელიც ერქვა ამ ეკლესიას: – წმიდაო გიორგი! ყველა ესენი შენი ყმები არიან, შენი მმოსავნი, შენს მფარველობის ქვეშ მყოფნი, შენი მავედრებელნი და გეხვეწებიან მუხლმოდრეკილნი, რათა შეისმინო მათი ვედრება, ნუ მოაკლებ ამათ ნუგეშისცემას, წყალობას შენსას, განაშორე ყოველივე ბოროტი, განაძლიერე ამათში კეთილი, დათრგუნე ავი და შთანერგე შიში და სასოება, რათა ადიდონ სახელი შენი, ჩვენო მფარველო, ჩვენო სასოებავ, ჩვენო ბატონო უკუნითი უკუნისამდე!..

– ამინ, ამინ! -. ისმოდა ყოველი მხრიდან.

ჯერ კიდევ არა ჰქონდა მღვდელს გათავებული ვედრების სიტყვა, რომ მოშორებით მდგარი კაცია საგუნაშვილი წამოიჭრა წინ, მისწი-მოსწია დაჩოქილი ხალხი და ერთ წამს წმ. გიორგის ხატთან გაჩნდა.

– ესმის ახლა ვითომ მაგას რამე?.. ძაღლი ვიყავი მე, ჩემი რომ არაფერი შეისმინა მაგან?! – საშინელი ხმით წამოიძახა აცახცახებულმა ბებერმა კაცმა.

ეს ისე სწრაფად, ერთი თვალის დახამხამებაში მოხდა, რომ ვერავინ მოასწრო მოხუცებულის შეჩერება. მღვდელი გაფითრებული, გონებადაკარგულივით მისჩერებოდა განრისხებულ მოხუცს.

– რას ამბობ, შე შეჩვენებულო? – მიაძახეს აქეთ-იქიდან კაციას, ვიღაცამ ხელიც ჰკრა; კაცია წაბარბაცდა, მაგრამ არ წაქცეულა.

– კაცია, გაგიჟდი?

– ჭკუაზე შეიშალე? – უყვიროდნენ გარშემო.

– რა ქნა ამ შეჩვენებულმა!..

უმაგალითო საქმე არ ჩაიდინა?! – ამბობდნენ გაოცებული მაყურებელნი.

– რაო, რა თქვა? – კითხულობდნენ მოშორებით მდგომნი.

– წმ. გიორგის ხატი ჰგმო!.. – იყო პასუხი.

– კაცია საგუნაშვილმა ხატი ჰგმო!.. კაციამ ხატი ჰგმო! – ისმოდა ყველგან და ამ ამბავმა ელვასავით შემოირბინა იქაურობა.

– რატომ ქნა მაგ შეჩვენებულმა ეგ ამბავი? – კითხულობდნენ ზოგიერთნი.

– ანდრია ჭურაშვილი ჰყავდა გადაცემული და რატომ წმ. გიორგიმ არ დასაჯაო!

– ვაი, გაგიჟებულა, ნამდვილ გაგიჟებულა ეგ უბედური! – ამბობდნენ და ყველას თვალი მიქცეული ჰქონდა ამ საკვირველი მოხუცისაკენ, რომელიც დინჯად, მაღალი ჯოხით ხელში, გალავნის ჭიშკრისაკენ მიდიოდა.

უეცრად ქალის საშინელმა კივილმა შესძრა იქაურობა.

– მომკალით!.. მომკალით!.. რა დღეს შევესწარი?..

მომკალით!.. ვაიმე, ვაიმე!.. რადა ვარ ცოცხალი, მე წაწყმენდილი!! – კიოდა მოხუცებული დედაკაცი, რომელიც მორბოდა იმ მხრიდან, სადაც ქალები იდგნენ ცალკე. ეს იყო კაციას ცოლი დოდო.

– სადაა, სად, ის შეჩვენებული?.. სად არის?.. თვალით დამანახეთ ერთი! – სასოწარკვეთილებით გაიძახოდა დოდო.

– ეგერ მიდის, დედავ, აი, ეგერ ჭიშკართან! – მიუთითეს კაციაზე.

დოდოს თითქოს დაავიწყდა თავისი მოხუცებულობა და, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, გაექანა კაციასაკენ.

– სად მიხვალ?.. სად ჯანდაბაში მიყავხარ ეშმაკს, შე წყეულო?! სად მიეთრევი… სად მიეთრევი, შე სამიწევ?! – მირბოდა და თან კიოდა დოდო.

ის-იყო კაციამ გალავნის ჭიშკრის კარი გააღო, რომ მას ქორივით დაეტაკა ცოლი, ჩააფრინდა ჩოხის კალთაში და უკან დასწია.

– სად ეშმაკებში მიხვალ?..

სად ჯანდაბაში მიხვალ?.. ახლავე დაბრუნდი!.. დაბრუნდი-მეთქი და ხატს შესთხოვე გაპატიოს!.. გესმის ჩემი თუ არა?.. – შესაზარი ხმით მიაყვირა კაციას დოდომ.

– იქით!.. მომშორდი! – ყრუდ წაილაპარაკა კაციამ და სცადა ჩოხის კალთა გაეთავისუფლებინა დოდოს ხელიდან.

– თავს გაგიხეთქ! დაბრუნდი, თვარა თავს გაგიხეთქ!.. დაბრუნდი, გეუბნები!.. ახლავე ბოდიში მოიხადე, შავდღეზე გაჩენილო!.. გესმის ჩემი თუ არა შენ? – და დოდომ ერთი მძლავრად გამოსწია კაციას ჩოხის კალთა.

მოხუცებული კინაღამ წაიქცა, მაგრამ თავი შეიმაგრა, გულმოსულმა მოიქნია ჯოხი, რომელიც ისე მძიმედ მოხვდა დოდოს ხელებზე, რომ კინაღამ მაჯები დასწყვიტა. ქალმა სიმწარისაგან დაიკივლა და ჩოხის კალთები ხელიდან გაუშვა.

– მომკალი, შე წყეულო!..

მომკალი! – დაიკვნესა დოდომ. ღვარივით გადმონადენმა ცრემლებმა თვალები აუვსო. გარეტიანებული მისჩერებოდა სახლისაკენ მიმავალ თავის უბედურ ქმარს. მერე უცბად მოტრიალდა, ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა ეკლესიისაკენ, მივიდა მღვდელთან, რომელიც ხალხს ელაპარაკებოდა, და ფეხებში ჩაუვარდა:

– მიშველე, შენ მიშველე, მამაო!.. მიშველე, შენი მუხლის ჭირიმე, ჩემო მოძღვარო!.. ვაიმე, ვაიმე!.. მიშველე, შენ დაგენაცვლე, ჩემო ბატონო!..

– მწარე ქვითინით მოსთქვამდა პირქვე დამხობილი მოხუცებული დედაკაცი: – მიშუამდგომლე წმინდანთან!.. გადამერია კაცი!.. ვაიმე… ვაიმე!..

– ადექ, შვილო, ადექ!.. ნუ გეშინია, შვილო! – მოხუცებული მღვდელი ძლივს იმაგრებდა ცრემლებს, ამ დედაკაცის უსაზღვრო მწუხარებას რომ ხედავდა, – ნუ გეშინია… წმ.

გიორგი ყურადღებასაც არ მიაქცევს მაგის უგუნურობით ჩადენილ საქციელს… ოღონდ ილოცე, შვილო, ევედრე და სულგრძელი წმინდანი შეუნდობს, თუ შენი ქმარი შეიგნებს თავის ცოდვას… შედი, შვილო, ეკლესიაში: წმ. გიორგის დაუჩოქე და ევედრე… ნუ გეშინია, ღმერთი მოწყალეა და სულგრძელი!..

მღვდელმა გადასახა ჯვარი დედაკაცს; დოდო ხელზე ემთხვია, მერე შევიდა ეკლესიაში და იქ, წმ. გიორგის ხატის წინ მუხლმოდრეკილი, დიდხანს ევედრებოდა ცხარე ცრემლით მტირალი, რათა შეენდო ყოვლად მოწყალე წმინდანს ქმრისათვის უგუნურებით ჩადენილი საზარელი საქციელი.

მღვდელი კი ისევ ხალხს ელაპარაკებოდა:

– ერთობ უცნაური ხასიათისა ვართ… ბუზს არ გადავიფრენთ ხანდახან თავზე… გულისწყრომას ხომ საზღვარი არა აქვს ხშირად… თუ რამ დავიჯინეთ, იმის გადათქმას სიკვდილს ვარჩევთ, თუნდაც რომ მტყუანიც ვიყვეთ… უთუოდ ჩვენს ნებაზე უნდა იქნეს ყველაფერი და თუ ისე არ იქნა, საშუალებასაც აღარ გავარჩევთ, ოღონდ კი სურვილი ავისრულოთ… დათმენა რა არის… – ხშირად არც კი გვინდა ვიცოდეთ.

და აი, სადამდის მივყავართ ამნაირ ჩვენს ხასიათს… თვით ღმერთსაც კი ვებრძვით… კაცი წმინდანს ებრძვის, რატომ ჩემს ნებაზე არ გაიარეო, რატომ ჩემი ნება არ აასრულეო… ამაზე მეტი შეიძლება?! აი, სადამდის მივყავართ ჩვენს გულფიცხობას… აი, სადამდის მიდის ჩვენი უგუნური გულისწყრომა!.. დამშვიდდით, შვილებო, ისწავლეთ მოთმინება, რომ გულფიცხობაში ჩადენილი საქციელი შესანანებლად ისევ თქვენვე არ დაგირჩეთ!..

იმ სამახსოვრო დღიდან საკვირველად გამოიცვალა კაცია.

ძვირად უნახავთ, რომ ვისმეს დალაპარაკებოდა. თავის ოჯახშიაც ცალკე ყოფნას ცდილობდა ყოველთვის. ხანდახან, დოდო რომ მასთან ლაპარაკს დააპირებდა, კაცია წამოდგებოდა, აიღებდა ჯოხს და სადღაც მიეშურებოდა. ბოლოს უწყინარ შეშლილს დაემსგავსა.

მოტყდა, უცნაურად მალე მოტყდა, სრულიად დაბერდა და მოიკუმშა ამას წინათ წარმოსადეგი კაცია. ზედვე ეტყობოდა, რომ იგი სწუხდა, სწუხდა გადამეტებით, მაგრამ ხმას არ იღებდა.

ერთხელ ისე მეტისმეტად შეწუხდა, რომ მთელი ოჯახი ფეხზე დადგა.

– არიქა, ბიჭო გიორგი, მღვდელთან!.. მალე! – შეჰყვირა დოდომ თავის ვაჟს.

– არ მინდა, არა!.. – ძლივს წამოილუღლუღა კაციამ, რომელიც საზარლად კვნესოდა ტახტზე მწოლიარე.

– მალე, შვილო, მალე!.. უზიარებელი არ მოკვდეს ეს შავდღეზე გაჩენილი!.. ღმერთო დიდებულო, მოხედე შენი მოწყალე თვალით!..

– და დოდო რომ ავადმყოფთან ფუსფუსებდა, გიორგი მღვდელთან მირბოდა თავმოძულებით.

ცოტა ხანს იქით კაციას მღვდელი ადგა თავზე.

– რას შვრები, კაცია?.. როგორ ხარ? – ჰკითხა მღვდელმა.

კაციამ ჯერ ხმა არ გასცა, მერე გადმოხედა, მიაპყრო თვალები, დიდხანს უყურა, ხელი გამოართვა, წამოიწია, ემთხვია ხელზე. მერე უცბად ისევ დაწვა, კედლისაკენ ქნა პირი და ვეება დევკაცი ბავშვივით ატირდა სიტყვის უთქმელად. ამ მწარე, საცოდავად მოთქმამ მღვდელს გული აუჩვილა; ცრემლებით თვალებზე ის გულმხურვალედ ლოცულობდა და თან ნუგეშს აძლევდა საცოდავ მოხუცებულს.

კაცია ეზიარა.

რამდენიმე დღის შემდეგ მოხუცებული მოკვდა საშინელ ტანჯვაში. საწყალი ბერიკაცი თავის გულს შემოასკდა; გულფიცხობამ იმ ზომამდის მიიყვანა, რომ უმაგალითო საქციელი ჩაადენინა და ამ ჩადენილი საქციელის მოგონება, რომლის გასწორებაც მის თვალში შეუძლებელი იყო, წარმოუთქმელად აწუხებდა, სტანჯავდა, სტანჯავდა მუდამ, ყოველ ჟამს, ყოველ წუთს, ისე რომ ბოლოს ბერიკაცს ძალ-ღონეც გამოელია და სულიც დალია.

– ვერ ვიტირებთ, – ამბობდნენ მეზობლები: – ღმერთს ვაწყენიებთ, რომ მისი მგმობელი ვიტიროთ! – და ამიტომაც მიცვალებულ კაციას სასაფლაოზე მხოლოდ ცოლ-შვილი მიჰყვა და ესენიც მხოლოდ იმის უბედურ დღეზე გაჩენას დასტიროდნენ.
1894 წ…

დავით კლდიაშვილი