ჯვრისწერას ვერ მოვუსწარი. ჯერ კიდევ შორიდან მესმოდა დაირის ხმა, ტაში და უდარდელი სიცილი. როცა ჭიშკარში ჩავედი, ქორწილი გაჩაღებული დამხვდა.

ეზო ღობეზე მიბმული ცხენებით იყო სავსე. ჩრდილში ისხდენ სტუმრები და შეექცეოდენ: იქ კამათელს აგორებდენ, აქ ბანქოს არიგებდენ; ორი ყმაწვილი ცაცხვის ძირში იდგა; ერთი საიდუმლოდ ჩასჩურჩულებდა, მეორე კი რევოლვერს სწმენდდა; მაღალი აივნის ახლო, კაკლის შტოებქვეშ უფრო საპატიო სტუმრებს, უფრო მოხუცებულთ, მოეყარათ თავი და თითქოს ბჭობა აქვთ ქვეყნის სვე-ბედზეო, დიდის სიჩუმისა და ფიქრის შემდეგ დინჯად იტყოდენ ორიოდე სიტყვას: „კაი კაცია ჩვენი ბოქაული“, „უბედური როსტომი გადაცვლილა“, „ერთი ორი კვირე და მთებს დათოვს“, „თუ კიდო არ გათავდა ჩვენი ტყის გაყოფა, დევიღუპეთ, შენი მტერია, ორმოცი წელიწადი კი იქნება, რაც საქმე სწარმოებს და საშველი არაფერი მიეცა“.

ამ ღრმად ნაგრძნობს და ასჯერ გაზომილს სიტყვებს ძველებურად, ჩვენებურად, სიდინჯით და სიტყვის დაფასებით უპასუხებდენ: „მართალი ბრძანებაა“, „აცხონოს ღმერთმა, მთელი გვარის თვალი იყო“, „იღუპება, ბატონო, თავადაზნაურობა, მარა გამკითხავი ვინ არის“.

ცხენი ჩამომართვეს.

მომეგებენ.

მივეგებე.

ახალი სიძე გამაცნეს.

 

ნეფე-დედოფალს, მათ დედ-მამას მივულოცე.

– ეს ჩვენი ახალი რძალია, ბესოს ცოლი, ლამაზობას ჩემობს, – ხუმრობით გამაცნო ლიზიკომ ერთი ქალი.

– ქა, რათ მარცხვენ უცხო კაცთან – ცოტა შეწითლებით უპასუხა ახალგაზრდა ქალმა.

– მთლად უცხო არ გახლავარ, – მივუგე მე, – ბესო ჩემი ბაბუდაშვილია.

– ძლიერ სასიამოვნოა! – და ქალმა მაშინვე რაღაც შეუმჩნეველი დაახლოება მაგრძნობინა, – თქვენმა მზემ, თვითონ მეუბნებოდა დილით, მაყრებს გადავრევო! პატარძალისთვის არ გვიცმევია იმდენ ხანს, რაც ლიზიკოს ვუფათურუთ.

– შენი ჩიხტა-კოპის პატრონი რომ კიდევ მე დამცინოდეს! მარტო კავების გრეხა რათა ღირს! მერე იცი, აგერ ორი წელიწადია ჯვარი დეიწერა და სულ მის ბესოსთან უნდა ჯდომა… სადილზე ვერაფერს უხერხებთ – ამოუსკუპდება გვერდში!..

ამდენს სიტყვას იტყვის და ზედ დაუმატებს: „ბესო არ მამიკვდეს, ქა!“

– აი ასე მაჯავრებს მუდამ…

– ჰო, მართალია, – ლიკლიკებდა მხიარული ლიზიკო, – აი ამას ვკითხოთ: „მაიტანე“ უნდა თუ „მეიტანე“. ვერ დავასწავლე ქრისტიანული ქართული – სულ „მაიტანე“, „მამეცი“, „მამიკვდეს“-ო გაიძახის…

– არც ერთი არ ვარგა… – გადავწყვიტე მე.

– შენც ერთი დამიწყებ ახალ-ახალ ამბებს, – შემომწყრა ლიზიკო, – აბა როგორ უნდა?

– მოიტანე, მომეცი!..

– ჰე, ჯანი გავარდნია!.. „მაიტანე მაინც არ ვარგა, ბესო არ მამიკვდეს!“ – გადიკისკისა ლიზიკომ.

 

ჭიშკარი გაიღო.

– ბესო მოდის!.. – ჩაუჩურჩულა ქეთომ ლიზიკოს.

– აბა, აწი რაღა გიჭირს?! – უპასუხა ლიზიკომ.

ჭიშკრის გაღებისთანავე მოისმა ბესოს ხმა:

– დასცხეთ, აბა ერთი, თქვენი ჭირიმე!..

მხიარულმა ზურნამ საერთო ყურადღება მიიქცია.

– შე გადარეულო, შენ!..

ვერ მოითმინე ერთი წუთი – აქ გექეიფნა, დაგვხმარებოდი სტუმრების გართობაში… – უსაყვედურა დიასახლისმა.

– არაფერია, ბიცოლა, მოვასწროფ აქაც… ამ შენ სტუმრებს სულ სუფრის ქვეშ შევაძვრენ…

– ვნახოთ!.. – ცოტა უსიამოთ უპასუხა ერთმა მაყართაგანმა.

ბესო აივანზე მარდათ ავიდა, პატარძალი გადაკოცნა და სიძეს მოუბოდიშა:

– უკაცრავად, ჩემო კოწია, რომ დავიგვიანე, – კოცნით ეუბნებოდა ბესო, – მაგრამ უზურნოთ ჩემი სონას ქორწილი არ მინდოდა დამეტოვებია…

აქ, დუქნებზე ვერ ვიშოვე, ბაზარშიაც გამიჭირდა… წარმოიდგინე ვაჭრები დანებებას არ მიპირებდენ… ჯერ პატიოსნად უთხარი, კოწია დღეს ჩემს ბიძაშვილზე ჯვარს იწერს, ზურნა, თუ შეიძლება, დამითმეთ-მეთქი. წადი, მითხრეს, საქეიფოთ ახლა დავსხედით და კოწია კი არა, დავით და კონსტანტინე რომ იწერდენ ჯვარს, ვეახლებით ჩვენივე ზურნით, დათმობით კი ვერ დაუთმობთო… გავბრაზდი, თქვე ვირისთავებო, დავით და კონსტანტინე რა თქვენი სახსენებელია-მეთქი… ცოტა ზარხოშათ მაშინაც ვიყავი, დავატანე დარჩო-მედუდუკეს ხელი და გამევიგდე წინ… დარჩოს უმისოთ რას გააწყობდენ დანარჩენი მეზურნეები…

ისინიც გამომყვენ… ვაჭრებმა – ერთი ცხვარი მეც მნახეს, – წინააღმდეგობაზე დადგენ, შევბურძაყდით, მარა… – ბესომ ჩაიცინა, იმ უსინდისოებმა ახალოხი კი მომაჭრეს… ზურნათ არ გამოადგებათ, ჭრილობის შესახვევათ არ ეყოფათ…

– ქა, რას ამბობ?.. შენც არ იყო დაკოდილი? – გაიწია ბესოსკენ ქეთომ.

ამ სიტყვებმა სიცილი გამოიწვია.

 

– ნუ გეშინია, ჯერ ყოჩაღათ ვარ! – სიცილითვე უპასუხა ბესომ.

ქეთო შეკრთა, მიიხედ-მოიხედა, რა ვთქვი ასეთიო და დარცხვენილმა ისევ ლიზიკოს გაუყარა მკლავში ხელი, თითქოს მფარველობას სთხოვსო.

– აკი გითხარი – ქრისტიანულად ილაპარაკე-თქო! – წასჩურჩულა ლიზიკომ.

– ახლა შენთან ვარ, კოწია, შენ გენაცვალე! შენ ქორწილზე უნდა ვიქეიფო რჯულზე, რომ არ დაგავიწყდეს ძმაბიჭობა, დარდიმანდობა, ახალგაზრდობა, რომ ცოლის შერთვამ არ შეგცვალოს. მუდამ ახალგაზრდა და მოქეიფე დარჩენილიყვე!.. – დაათავა თავისი სიტყვა ბესომ და მეზურნეებს გადასძახა:

– აბა ერთი ლეკური!

ბესო აივნიდან ეზოში ჩამოვიდა.

– პირველად ნეფე-დედოფალმა უნდა იცეკვოს!..

 

– კოწია! კოწია! – დაუჭირეს პირველს მხარი.

– ვარდენ, გვასახელე ერთი… ჩამოუარე ორბივით, – მიმართა ბესომ ერთ ყმაწვილს. კოწია სადღაც სუფრაზე მიღებული ჭრილობისაგან კოჭლობდა და ბესოს არ უნდოდა ძველი მეგობარი და ახალი სიძე უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო.

უცნობი ყმაწვილი მართლაც ორბივით გამოვარდა წრიდან, ჩამოისრიალა, გაჩერდა ქეთოს წინ და თავი დაუკრა.

ქეთო გაჰყვა.

მთელ სინაზეს სიყვარულისას, კრთომას გრძნობისას, მორიდებას და აღტაცებას ხატავდა ცეკვით და რხევით.

 

ქეთო კი გადაჭრით უპასუხებდა, ნუ დამდევ, ნუ მაწუხებო, თავხედობ, ჩემთან რა საქმე გაქვსო.

მათი ცეკვა ტრაგედიის პატარა ნატეხი იყო.

ქეთომ მალე გაათავა.

ტაშმა დააჯილდოვა ისინი.

– ახლა შენ იცეკვე, ბესო, შენ! – შეეპატიჟენ ბესოს.

– შენ და ქეთომ… – დაუმატა ლიზიკომ.

 

ნიშნად მადლობისა ქეთომ მუჯლუგუნი წაჰკრა ლიზიკოს და სიყვარულით შეხედა.

– აბა, ნუ გამამტყუნებ! – თხოვა კოწიამ. – ნეფე მბრძანებელია! – და ბესომ ხელი გაშალა.

თავის დაკვრა არც კი აცალა.

ბუჩქებიდან გამოპარული ხოხბის ჭუჭულივით გამოვიდა ქეთო წრიდან.

ახლა სხვაგვარად ცეკვავდა ქეთო.

გაურბოდა, თან რხევით ეუბნებოდა, არ დამშორდე არ მომკლაო, თავს დახრიდა გაშლილ მკლავთა შორის, რომ გასხლეტოდა, მაგრამ აღიზიანებდა, ხელი რათ არ მომხვიეო…

შორიდან მოცურებული ნაზად ირგვლივ ტორტმანებდა, მწვავე ფიქრით აღვსებული, შევეხო თუ გავშორდეო…

ბესო კი ლაღი და გახარებული, რომ ხელში ჰყავდა დამონებული, მხოლოდ ქალის ბავშური თავმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად დასდევდა, თავს ევლებოდა, ეხვეწებოდა და მჭმუნვარებას ეძლეოდა, თორემ იცოდა, რომ ხელში ჰყავდა დამონებული.

ეს იყო იდილია.

ქეთო მთელი საუკუნე ასე იცეკვებდა, რომ ბესოს არ ჩაეფუჩუნა:

– გაათავე, გენაცვალეო!

სახეგაწითლებული კმაყოფილი ქეთო უკანასკნელად შემოტრიალდა, პირმცინარმა ბესოს და მერე მთელ საზოგადოებას თავი დაუკრა, თითქოს კითხულობდა ჩვენმა ტრფიალმა თქვენც ხომ გასიამოვნათო.

დიდხანს არ შესწყდებოდა ტაში და ვაშას ძახილი, რომ ქორწილის გამგეს, ოჯახის ერთ ახლობელ ნათესავს არ მივეპატიჟნეთ:

– მობრძანდით, ბატონებო, მობრძანდით, სადილი მიირთვით.

ჩვენც ზლაზვნით, ნელ-ნელა, ჩვეულებისამებრ უკან ხევით, გზის დათმობით ავდიოდით აივანზე.

გამგე გვაჩქარებდა.

 

– უკაცრავად, სადილი დაგვიგვიანდა… ახლა მაინც დროზე დავჯდეთ…

დავსხედით.

მე კარგ ადგილას მოვხვდი; ლიზიკო გვერდში იჯდა, ქეთო წინ, ცოტა დაშორებით. ბესომ სუფრის მეორე თავში, ნეფე-დედოფლის პირდაპირ აირჩია ადგილი.

ჰგავს, გრძნობდა, თამადობა არ ასცდებოდა.

და მართლაც ერთხმად აირჩიეს.

– შეხედე, შეხედე ქეთოს, – წამკრა ხელი ლიზიკომ, – როგორ გახარებულია, მისი ბესო რომ აირჩიეს.

 

– სრულიად არა! – იმართლებდა თავს ქეთო.

– ძმაო კოწია! – მიმართა თამადამ ნეფეს, – ბევრს ამის მეტად არც კი უნახავხარ, მარა ნათქვამია – გულს გული იცნობსო… ამიტომ რაკი ჩვენს ოჯახში შემოდგი ფეხი, დაუმოყვრებლად ვერც ჩვენ გაგიშვით და არც შენ დაგვშორდი. გისურვებ, რომ დღევანდელი საუკუნო კავშირი ყოფილიყოს თქვენდა საბედნიეროდ და მშობელთა სანუგეშოთ. გამარჯობა თქვენი, დაო სონა და ჩემო ძველო მეგობარო, აწ კი ძმაო, კოწია! ალავერდი, ბატონებო!..

– იახშიოლ, იახშიოლ!.. ყოჩაღ, ბესო! აი გამოგვადგა ტოლუმბაში, – გაისმა სუფრაზე.

 

ქეთო, ეტყობოდა დარწმუნებული იყო, რომ ამაზე უკეთესად სმურის თქმა, ნეფე-დედოფლის დალოცვა, შეუძლებელია და მორცხვი, თავდაჭერილი ამპარტავნებით თავს ქვევით ხრიდა, რათა არავის შეემჩნია მისი ბედნიერება და მისი სიხარული.

ლიზიკოს მივუბრუნდი, ჩუმად ვკითხე:

– ბესოსაც ასე გაგიჟებით უყვარს ქეთო?

– თავისებურად მაგასაც შეიძლება უყვარდეს, მარა – რაა მაგის სიყვარული?.. სახლში ნახევარჯერ არ არის. შია ქეთოს თუ სწყურია არ იცის…

– სად დადის?

– სად წავა?! გადავა დუქნებზე, დათვრება და ნაშალ-ფარასავით გადაყვება ვისმე.

– დარჩა კიდევ რამე საქეიფოდ?

– ამ სოფელში მინგრეულ-მონგრეული ეზოს მეტი არაფერი, მარა მთაში აქვს, მგონი, კარგი ნაწილი; ხან ყიდის, ხან აგირავებს, ხან მეჯოგეს ორ-სამ მანეთს წააფცქვნის და მერე კვირაობით დაიკარგება… ქეთოს კი ზოგჯერ შია, პირდაპირ შია.

მაგრამ ქეთო ნამდვილი ანგელოზია, ერთ საყვედურს არ ეტყვის, არ უნდა, არ შეუძლია ოდნავაც არის შეაწუხოს… პირიქით ამართლებს ყოველთვის ბესოს… აი გუშინწინ…

ბესომ ხელი შეგვიშალა – ვეებერთელა ყანწით ჩემთან ალავერდს გადმოვიდა.

მე უარზე ვიდექი.

ბესო მაძალებდა.

– კარგი, ახლა ნუ შეგვაწუხე შენი პატივისცემით, – გამომესარჩლა ლიზიკო.

 

ქეთოს ეწყინა, რომ ბესოს ლიზიკო უკმეხად მოეპყრო და საყვედურით შეხედა.

– აი, ასეა მუდამ… – გადმომილაპარაკა ლიზიკომ. – თუ ბესოს ვინმემ ერთი სიტყვა შეუბრუნა, მოიღუშება… ჰო, იმას გეუბნებოდი, გუშინწინ ქეთოსთან გადავედი. ბესო არ იყო სახლში. ქეთოს პურის ზელა დაეწყო…

მეც კი დამერიდა. ბოლოს დამალვა რომ ვერ მოახერხა, მითხრა:

– ქა, რა უბედურებაა, არ იზილება და არც ხელიდან მშორდებაო! – კიდევ გასცინა ლიზიკომ, რომელსაც შინაურები მიმბაძველი ლაპარაკისათვის „ჩხიკვს“ უძახდით.

– ლიზიკო სულ ჩემზე ლაპარაკით გაწუხებს, არა?! – ჩაგვერია ქეთო ლაპარაკში… ცალკე სიტყვები მასაც უსათუოდ ესმოდა.
**
სმურს სმური მოჰყვა. თითო ჭიქა ორ-ორით შესცვალეს, ყანწის მაგიერ ბადია აიღეს ხელში და ქეიფი ლოთობაზე გადავიდა.

ქალები ადგენ.

მათ აჰყვა, ვინც ხანგამოშვებით, ცოტ-ცოტას სვამდა. მოხუცნი მოსასვენებლად წავიდენ, პატარები სათამაშოდ.

დარჩენ გამობრძმედილი მსმელები.

ქიშპობა იყო მოსულთა და დამხდურთა შორის.

ორივე მხრიდან ადგა რამდენიმე სრულიად გონებადაკარგული ფეხის ბანდალით, ენის ბორძიკით.

ბესო მაინც იჯდა.

საკვირველი იყო როგორ უძლებდა ბესო; წინათაც საკმაოთ ნასვამი, როგორ იტანდა ამოდენ ღვინოს.

 

ეშლებოდა სიმღერის მუხლები, მაგრამ მაინც ტკბილად მღეროდა.

ქეთომ, ლიზიკომ და მე ჯერ ვეცადეთ რითიმე თავი გაგვერთო, მაგრამ აივანზე ხმაურობამ დაგვიშალა და ვერც ბანქოსი და ვერც ნარდის თამაში ვერ მოვახერხეთ, ეზოში კი სიომ სანთელი არ დაგვიყენა.

ისევ სეირნობა ვარჩიეთ.

მხიარულად ვმუსაიფობდით. ქეთოს თვალი სულ აივნისაკენ ეჭირა, საიდანაც ისმოდა სიმღერა და ცალ-ცალკე თითო-ოროლა სიტყვა.

– აქ დავსხდეთ, – მოგვიწოდა ქეთომ, – აქედან კარგი გადასახედავია, სადაცაა მთვარეც ამოვა.

– ცვარია! – შეგვაჩერა ლიზიკომ.

 

– რა უშავს, ხომ არ დავდნებით, – უპასუხა ქეთომ.

– ჩემი წყალობა კაბა არ გენანება, განა? – თითქოს სტუქსავსო, დაეკითხა ლიზიკო.

ცოტა არ იყოს უხერხულ მდგომარეობაში ვიგრძენი თავი: შენიშვნა არ მომეწონა. მეგონა, მართლაც ნაჩუქარ კაბაზე გადაჰკრა ლიზიკომ მეგობარს.

– წარმოიდგინე! – ხელოვნურის აღშფოთებით დაიწყო ლიზიკომ, – ამ ქალბატონს ჯვრისწერაზედაც ვერ ვნახავდით, რომ მე არ ჩავრეოდი საქმეში… წინა კვირას გიჟი ბესო გაუწყრა: ჩეიცვი, რავა ჩამოხეულ-ჩამოტიღული დადიხარო; ამ ქალბატონმა კი უპასუხა, სახლში უკეთესი რად მინდაო.

– დაიცა, ქალო!..

– შეაჩერა ქეთომ, მაგრამ ლიზიკომ ყური არ ათხოვა.

– …იცოცხლე, მივლანძღ-მოვლანძღე ორივე; ამას ჩერჩეტი დაუძახე, ბესოს კი მივდექი: შე უხეირო, სოფელ-სოფელ რომ გალეშილი დეეთრევი, ერთი ცოლს ვერ შეხედავ, აქვს რამე ჩასაცმელი თუ არა-მეთქი? რომ ეუბნები, ჩეიცვი, ჩეიცვი, რომელი ფარჩა და ქინასური შენ მოგიტანია-თქო; ამ კონკის მეტი რომ არაფერი აქვს ხედავ-თქვა?!

– მართლა მეტი არ გაქო? – ბრძანა ერისთავთ ერისთავმა, წევიდა და ააშენა ღმერთმა მისი ოჯახი, ქე მოუტანა ქეთოს სატანისამოსე და წაღები… არა. შენ უნდა გეყურებია ამ ჭკუათხელ ქალბატონისათვის: „ქა, ჩემთვის როგორ შევაწუხო, იქნებ ფული არა აქვს და ისესხოსო?“ აი დარდს თუ ისესხებს – ცოლი შეურთავს, ქეც უნდა მოუაროს!..

– დაათავა ლიზიკომ თავისი მსჯელობა, დაჯდა, ქეთოს ხელი მოხვია, თითქოს ბოდიშს იხდიდა, შენი საიდუმლონი გამოვამჟღავნეო.

– მადლობა ღმერთს, გაათავე… ახლა შენი ამბავი თქვი…

რა მეოჯახე ხარ, რამდენი აბრეშუმი მოიწიე… იქნებ, შეებრალო და საქმრო გიშოვნოს. – დაიწყო ქეთომ, რომ სამაგიერო გადაეხადა ლიზიკოსთვის, მაგრამ არ დასცალდა… უეცრათ გავიგონეთ ყვირილი:

– რაო? ვის უბედავ?..

აივანზე ჯერ ერთი ყმაწვილი გამოვარდა, კიბე ჩამოირბინა და შეჩერდა… მას მოსდევდა ბესო.

ქეთო მათკენ გაიქცა…

ჩვენც დავედევნეთ.

– არა, შენ რავა გამიბედე, – უყვიროდა ბესო და ყმაწვილს უახლოვდებოდა…

– კმარა, რაც მიქენი…. არ მოხვიდე, თვარა არ დაგზოგავ.

– არ დამზოგავ, თვარა! – და ბესომ წინ წაიწია, მაგრამ უეცრათ დაიღრიალა:

– მომკლა ამ გლახაკმა… – ხელი მუცელზე მიიჭირა, დაიჩოქა და ნელა მიწაზე პირდაღმა დაეშვა.

ჩვენ მხოლოდ წაქცეულს მივუსწარით.

ქეთო და მე ვეცადეთ გადმოგვებრუნებინა, მაგრამ ბესო არ გვნებდებოდა.

– არ გადააბრუნოთ, არ გადააბრუნოთ, – გაგვაფრთხილა გამოცდილმა მეხანჯლემ, – ასე სჯობია, სისხლი შიგ არ ჩაექცევა. შეგირცხვა ვაჟკაცობა, – მიუბრუნდა კოწია ბესოს დამჭრელ ყმაწვილს, – ხანჯალი წვერით ჩაგიცია.

– რა მექნა, ვერ მოვიშორე და – გაიმართლა თავი ყმაწვილმა.

– კაია, კაი! ხანჯალი მაინც ჩააგე! ასეთ მდგომარეობაში არ ვიყო, გაჩვენებდი რაცხა ბიჭი ხარ!.. – დაექადნა კოწია.

– ახლა ნამეტარს ნურც შენ გაიტყლაჭები, – შეუტია თავის მხრით შეურაცხყოფილმა ყმაწვილმა.

 

მეორე ჩხუბი მოხდებოდა, რომ გამზავებელნი არ ჩავარდნილიყვენ შუაში და თავხედი სტუმარი ხანჯლის წართმევის შემდეგ ერთი ვაი-ვაგლახით ცხენზე არ შეეჯინათ და ჭიშკარზე არ გადაეყვანათ.

ექიმზე კაცი ვაფრინეთ.

ქეთოს ხმა არ ამოუღია. თვალებ და ნესტოებგაფართოებული, პირდაღებული და გაყვითლებული იდგა.

წყალიც ვერ დალია.

საჩქაროდ მოსულმა ექიმმა ბესოს ძლიერ საშიშო, მაგრამ არა სასიკვდილო ჭრილობა გაუკერა, ქეთოს წვეთები გამოუწერა, გვირჩია განსაკუთრებულის ყურადღებით ქეთოს მოვპყრობოდით და წავიდა.

მეც მასპინძლებს გამოვეთხოვე.

 
**
ორი წლის შემდეგ ბესოს ეზოზე მომიხდა გზათ გავლა. ბესო არ იყო სახლში. ის და ახალი ცოლი სადღაც ნათლობაში წასულიყვნენ.

საზარი სურათი ვნახე:

ქეთო ცაცხვის ძირში იყო, უაზროდ, დინჯის ნაბიჯით მიდიოდა ის სულ წინ, სანამ წელზე შემორტყმული თოკი არ გაქაჩავდა, რომ შემობრუნებულს პირდაპირ, გზის გადუხვევლად განეგრძო სიარული.

ფეხშიშველი… შემოხეული, უსახელო კაბა… შეკრეჭილი თმა… ფერმკრთალი, დანაოჭებული სახე…

გამომშრალი თვალები და განუწყვეტელი ბუტბუტი:

პირუტყვი… პირუტყვი… პირუტყვი.

მივუახლოვდი… ყურადღება მაინც არ მომაქცია; დაველაპარაკე – ერთი კი შეჩერდა, მერე ისევ განაგრძო სიარული და ბუტბუტი:

ცხოველი… ცხოველი… ცხოველი…

 

ბესო უხსენე… შემომიბრუნდა… სახეს ტკბილმა სევდამ გადურბინა… ჩემია, ჩემია, ჩემია – გაიმეორა უთვალავჯერ და ისევ დაიწყო გაუთავებელი სიარული და ბუტბუტი:

პირუტყვი… პირუტყვი… პირუტყვი…

გამოვიქეცი,

ვერ გაუძელი,

ახლოს საზიზღარი,

შორით საცოდავი,

მოგონებაში სასოების მომგვრელი ქმნილების ცქერას…

 
1916 წ..

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]