ქვეყნების კლასიფიკაცია

ქვეყნების კლასიფიკაცია

ქვეყნები ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის მიხედვით:

სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის დროს მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ქვეყნის ხელისუფლების შიდა ორგანიზაციებს, ქვეყნის დაყოფის პრინციპებს ცალკეულ რეგიონებად, ამ რეგიონების იურიდიულ სტატუსს, რეგიონისა და ცენტრალური სახელმწიფო ორგანოების ურთიერთდამოკიდებულების პრინციპებსა და სხვა კრიტერიუმებს.  ქვეყნებს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული თვალსაზრისით უნიტარულ და ფედერაციულ სახელმწიფოებად ყოფენ.

უნიტარული მოწყობისაა ქვეყანა, სადაც მოქმედებს ერთიანი კონსტიტუცია, ერთიანი აღმასრულებელი, საკანონმედბლო და სასამართლო სისტემა და ქვეყანა ცენტრალური ხელისუფლების მიერ იმართება. ტერიტორიული მოწყობის უნიტარული ფორმა მიღებულია ფინეთში, კორეის რესპუბლიკაში, ეგვიპტეში, ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, ირლანდიაში და ა.შ.

=> საინტერესოა ევროპის დიდი ქვეყნები, ფართობები, მოსახლეობა და სხვა

ფედერაციული მოწყობის ქვეყნებში ცენტრალური (ფედერაციული) ხელისუფლების ორგანოების პარალელურად, ქვეყნის შემადგენლობაში არსებული ტერიტორიული ერთეულებია (შტატები, მიწები, პროვინციები, კანტონები) საკუთარი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო სისტემები მოქმედებს. ფედერაციული მმართველობის ქვეყნებია: აშშ, კანადა, ავსტრალია, შვეიცარია, არგენტინა და ა.შ.

ქვეყნები მმართველობის ფორმის მიხედვით:

ქვეყნებს მმართველობის ფორმის მიხედვით ორ ჯგუფად ყოფენ: მონარქიებად და რესპუბლიკებად. მთელი რიგი თავისებურებებიდან გამომდინარე, რესპუბლიკური მმართველობის ქვეყნები ძირითადად სამი სახისაა:

  1. საპარლამენტო მმართველობის ქვეყნები, სადაც სახელმწიფო მეთაურს  – პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. ასეთი ქვეყნებია: ინდოეთი, ავსტრია, გერმანია, საბერძნეთი
  2. საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტის არჩევა ეწყობა საყოველთაო არჩევნების გზით. ასეთი ქვეყნებია: აშშ, ბრაზილია, მექსიკა, ჩილე, არგენტინა.
  3. შერეული (დუალისტური) მმართველობის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტი, რომელსაც ასევე საყოველთაო არჩევნების გზით ირჩევენ, სახელმწიფოს მეთაურია და მისი როლი მნიშვნელოვანია ქვეყნის მმართველობაში. ასევე შენარჩულებულია საპარლამენტო მმართველობის ნიშან-თვისებები. ასეთი ქვეყნებია: საფრანგეთი, ფინეთი, რუსეთი, პორტუგალია, ჩეხეთი.

მმართველობის მეორე ფორმაა მონარქია. დღეისათვის მსოფლიოში 40-ზე მეტი მონარქიული ქვეყნაა.

=> საინტერესოა ძირითადი მთავრობათაშორისი ორგანიზაციები

განასხვავებენ ორ ძირითად ფორმას – კონსტიტუციურ და აბსოლუტურ მონარქიას:

  1. კონსტიტუციური მონარქიის დროს მონარქის მეფოა ტრადიციულად განისაზღვრება  ფორმულით – “მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს”. ქვეყნის მართვა დემოკრატიული გზით არჩეული პარლამენტისა და მთავრობის მიერ ხდება. ასეთი ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები, იაპონია და ა.შ.
  2. აბსოლუტური მონარქიის დროს მოანრქის ხელისუფლება თითქმის შეუზღუდავია. აბსოლუტური მონარქიის ქვეყნებია: საუდის არაბეთი, ომანი, კატარი, ბრუნეი.

გამოყოფენ ასევე თეოკრატიულ (ვატიკანი, საუდის არაბეთი) და არჩევით მონარქიას (მალაიზია და არაბთა გაერთიანებული საემიროები).

ქვეყნები სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით:

რაც უფრო მაღალია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი, მით უფრო ძლიერია ქვეყანა და მით უფრო ფართოდაა წარმოდგენილი მისი ეკონომიკური სახე შრომის საერთაშორისო დანაწილებაში.

მსოფლიოს ქვეყნების პირველი ათეული მშპ-ის საერთო მაჩვენებლით (მლრდ დოლარი,  2012 წ.) ასეთია: აშშ(15,6), ჩინეთი(8,2), იაპონია(5,9), გერმანია(3,3), საფრანგეთი(2,5), დიდი ბრიტანეთი(2,4), ბრაზილია(2,4), იტალია(1,9), რუსეთი(1,9), ინდოეთი(1,9).

=> საინტერესოა მოსახლეობის დინამიკა

ქვეყნების პირველი ათეული მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით (ათასი დოლარი, 2011 წელს): ლუქსემბურგი(115,8), ყატარი(98,1), ნორვეგია(97,6), შვეიცარია(83), ავსტრალია(66,3), არაბთა გაერთიანებული საემიროები (63,6), დანია(59,7), შვედეთი(57,6), კანადა(50,4), ნიდერლანდები(50,2).

ნებისმიერი ქვეყნის ჰუმანური განვითარების ინდექსი 0-დან 1-მდე კოეფიციენტით ფასდება.

მსოფლიოს ქვეყნების პირველი ათეული ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით(2013წ.) ასეთია: ნორვეგია(0,955), ავსტრალია(0,938), აშშ(09,37), ნიდერლანდები(0,921), გერმანია(0,920), ახალი ზელანდია(0,919), ირლანდია(0,916), შვედეთი(0,916), შვეიცარია(0,913), იაპონია(0,912).

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]