შავთა დროთა შესცვალეს მის გული ანდამატისა.

იგივ მხნე, იგივ მღერალი, მოყვარე თავის

მიწისა.

გრ. ორბელიანი.

აზნაური მიხეილ ყორაშაძე ცხენმა თოხარიკით აიყვანა სერზე და დაბურულ ტყით სულშეხუთული, უსაზღვრო სივრცეს მისცა.

მის წინ შეერთებული იყო დადუმებული ზღვა და ფერწასული ცა.

ორი მზე სჩანდა – ერთი მაღლა და მეორე ქვევით; ხმელეთი მიმალულიყო; ორი თეთრი სახლი და ქოხმახები ლანდებად იდგენ რიყეზე.

მგზავრის ყურადღება ხედმა ვერ მიიქცია. მისი თვალები მიაშტერდენ იალქან აშვებულ ხომალდს. ხომალდისკენ მიმავალ პატარა ნავში მჯდომ ვაჭარს მიხეილმა ხელსაყრელად მიჰყიდა დათვის ნაღველი, მელიის ტყავი და გარეული ტახის ორი ქსანი ჯაგარი. როცა უკან ბრუნდებოდა გახარებული, – არც ბაჟი გადამიხდია, აქ ღამის გათევა არ მომიხდება და საგზალიც არ შემომაკლდებაო, – ნახევრად ტიტველი სვანი წინ გადაეღობა და სვანურ-მეგრულ-ქართულით აუხსნა, გოგოს მოგყიდი ძლიერ იაფად, თათრებმა არ წაიყვანეს, გოგო უძლებად არის, და იმ ურჯულოებს ეშინიათ, ჩვენ არაფერი შეგვყაროსო. მიხეილს ჯერ გაეცინა, რა მყიდველი მე მნახაო, მაგრამ როცა სვანმა მიუთითა, ხურჯინიდან თავამოყოფილ ჭადზე, – ის მომეცი და მეტი არაფერი მინდაო, იფიქრა, ერთი ჩემ მზეხათუნსაც გავახარებო და პატარა გოგო ცხენზე უკან შემოისვა.

– ჩამოხტი, შე კაი კაცო! ორივეს ვერ გწიკავთ ეს ვირის ოდენა ცხენი! – მიაძახა სვანმა უკვე სწორი ქართულით და სიცილი დააყარა.

ამ სიცილს მიხეილზე მაშინვე არ უმოქმედნია, გოგოს ხურჯინიდან ამოღებული ჭადი მოუტეხა, თითონაც კარგი ნატეხი ჩაბღუჯა ხელში და გზას არხეინად განაგრძობდა, მაგრამ, რაც დრო გადიოდა, და მზე იხრებოდა, ჩრდილები გრძელდებოდენ და ვერც მგზავრებს ხვდებოდენ, ყანებშიაც აღარავინ სჩანდა, ჯერ უმნიშვნელო ფიქრმა გაიტაცა, შემდეგ სიფრთხილე მოაგონდა და ბოლოს შიშმა შეიპყრო.

მართლაც, რად არ ლაპარაკობდა თავიდანვე სწორ ქართულს ეს სვანი? რად ამტვრევდა მეგრულს, ქართულს და შიგ კიდევ სვანურს ურევდა? ასე იაფად გოგოს დათმობა რა იყო? ან ეს დაცინვა რას ნიშნავდა?

ხანჯალი მოიმარჯვა გვერდზე, თოფი ხელში დაიჭირა, წელში გასწორდა და გული მოეცა; მაგრამ ისევ ფიქრმა დააფრთხო: „თუ ეს გოგო მოიტაცეს, მე რა ყარამანი ვარ?! ასე გულადად მიმავალს რომ დამინახავს მოთარეშე, არ დამზოგავს და მაშინვე დამბაჩას მესვრის, ერთს გავუძლო, მეორე დამეცემა, ორს გავუძლო – სამი გაჩნდება. მე შენ გეტყვი, მშიერი და ოხერი ცოტაა!“ იარაღი მიმალა, „საწყალ კაცად ვეჩვენები, გოგოს წამართმევენ და მე გადავრჩებიო“. ესეც არ იკმარა; თუ წინათ გოგო შეეცოდა და ცხენზე შემოისვა, ახლა მიხეილმა გოგოს უბრძანა ქვეითად ეარა, და მუდამ-წამს უძახდა.

– გაიარე, შე წყეულო, რა ფეხები გებმება, წელკავი ხომ არ გჭირსო?

გოგოს არ გადადებია ბატონის შიში, მაგრამ შეატყო, რომ ბატონი თუმცა უყვიროდა – წამოდიო, მოცდას და შეჩერებას კი არ აპირებდა და სამართლიანად ფრთხილობდა, ამ ტიალ ბუჩქნარში არ დამტოვოსო; უკანასკნელ ძალას იკრეფდა არ ჩამორჩენოდა, ცხენს კუდში ჰკიდებდა ხელს, რომ სიარული შეემსუბუქებინა; როცა არაქათი გამოელია, ერთი წაბანცალდა, გზის დაბალ ხსტეს წამოედვა, გადახტა, წაიქცა და გაგორდა.

– ადე, გოგო, ნუ გეშინია, მივედით, აწი ჩვენეთი იწყება. გაუძალიანდი ერთი სიზარმაცეს!

გოგოზე მეტყველება აღარ მოქმედებდა; მგლის არჩივი ცხენი ხსტეს დაწვდა და ბალახობა დაიწყო. რატომღაც ცხენის საქციელი მიხეილს ცუდ ნიშნად მოეჩვენა, აღვირი ჩაჰკრა, ქუსლი ჰკრა და გასწია. გზიდან გოგოს მიაძახა მხოლოდ:

– ალალი იყოს შენზე ჩემი ზრუნვა და ის ორი მჭადიც!

გოგო ამ ძახილზე ერთხელ კიდევ წამოდგა, უნდოდა ცხენოსანს დადევნებოდა, ფეხი აღარ დაემორჩილა, წინ აღმართულმა ცაცხვის ჩრდილმა მიიზიდა და მიწვა.

ორიოდე საათის შემდეგ მიხეილს ცხენმა უღალატა – აღმართს მიაბჯინა ფეხები და ვერავითარმა ქუსლმა, შოლტის რტყმევამ და გინებამ ადგილიდან ვერ დასძრა. მხოლოდ როცა მიხეილმა რტყმევა მიატოვა და გვერდზე მიჯდა, ცხენი ახლო ბუჩქნარში შევიდა და ბალახ-ბულახი ოდნავ მობლოშნა, მერმე წამოგორება განიზრახა; აქ კი მიხეილი მივარდა, უნაგირი მოხსნა, აღვირი აყარა, რომელიც წყევლა-კრულვით მასვე მიარტყა – „მგელსაც შეუჭამიხარო“. თვითონაც მისაწოლად მოხერხებული ადგილის ძებნა დაიწყო, როცა ორი ცხენოსანის ფეხის ხმა მოესმა.

– სად დაიკარგა ეგ მამაძაღლი? ნამდვილ გაგვასულელა! – ამბობდა ერთი – ამდენა გზას მის ჯახრიკაზე ვერ გაივლიდა. სადმე გადიმალა უთუოთ.

– დავბრუნდეთ, რას დაუბრუნდეთ, ორ ჭადში მართლა, გოგო როგორ დავკარგოთ?! იმ მამაძაღლს ფულიც აქვს, – უპასუხებდა მეორე.

ამ ცხენოსნების ჩამოვლამ მთლად თავზარი დასცა მიხეილს. ახლა ბედსაც ემადლიერებოდა, გოგოსაც და ცხენსაც, რომ გოგოს ვერაგობამ, ცხენის სიჯიუტემ უეჭველ ტყვეობას გადაარჩინა – გზაზე რომ ყოფილიყო ეს ორი კაცი, ხომ შეჰკრავდენ და, სტამბოლს თუ არა, ხულოში მაინც ამოაყოფინებდა თავს.

და მიხეილი უფრო გაშორდა გზას, ტყეში შევიდა და დაჯდა. ძილით ვერ დაიძინა. უცდიდა, იქნებ მდევრებმა უკან ჩამოიარონო. თვალღია გაატარა ღამე. დილითაც ვერ დაიძრა ადგილიდან, და მხოლოდ შუადღემ რომ მოაწია, უნაგირს მიაკითხა, ცხენი მოიძებნა და დიდი სიფრთხილით ისევ დაადგა გზას. ბევრი არ უვლია – როგორც კი სამშვიდობოში იგრძნო თავი, ისევ ჩამოხტა, ცხენი ბალახზე მიუშვა, და დაღლილი, დაქანცული მიეგდო.

მზეხათუნს ის-ის იყო მილულებოდა, რომ გულამომჯდარი მიხეილი ამაყად შევიდა თავის პატარა სახლში. ძაღლის მხიარულმა წკმუტუნმა და კარის ჭრიალმა დიასახლისი ვერ გამოაღვიძეს და მოსულმა ნჟღრევა დაუწყო, მოვედი ხომ ჰხედავ, მაჭამე, ფეხი დამბანე და დამაწვინეო.

ქალს ჩვეულებრივი წუწუნისათვის არ მიუმართნია, რადგან შორიდან მოსულს მართლაც მოვლა უნდოდა, და თან ახლად დაბრუნებულის ქცევა ამჟღავნებდა, რომ კარგი ამბები მოეტანა.

იმ ღამეს თუ ბევრი არაფერი უთქვამს მიხეილს, მაგიერად მეორე დღეს განცვიფრება უნდოდა გამოეწვია თავისი მოხერხებით, ვაჭრობის უნარითა და ვაჟკაცობით, მაგრამ მზეხათუნი იმ წამს გაფითრდა, როგორც კი გოგოს დაკარგვა გაითვალისწინა:

– შენ ყოველთვის ასე იცი, ჩემი სასიამოვნო თუ რამეა, იმას არ დაეძებ, ხელს არ გაანძრევ, ეს ტანჯვა და ვაება ამაშოროვო.

მიხეილი გულმხიარული სიმშვიდით უპასუხებდა:

– ქალო, ღმერთს მადლობა უთხარი, ფათერაკს გადავრჩი, მეც მოვედი, ცხენიც მოვიყვანე და ფარაც მოგიტანე – იმ ცინდლიან ძღაბს რას დაეძებ, სულ ორ ჭადზე გავცვალე – შენი ჭირი წაუღიაო.

მზეხათუნი დროებით დამშვიდდა, მაგრამ მთელი კვირის განმავლობაში საკმაო იყო მიხეილს ან წყლიანი დოქის მოწოდება ეთხოვნა, ან პერანგის დაკერება დასჭირებოდა, ან ცხენის საბალახოდ გაბმა გახსენებოდა და თვითონ წასულიყო, მზეხათუნი თავიდან იწყებდა თავისებურ ჰანგს „აი ახლა შენი ქმრის წყალობით ადექი და თრაქე წყალი, მზეხათუნ შუმგულაძის ქალო, თითქო ერთი გოგო გაწყვეტილიყოს ქვეყანაზე!“ „ჰო, გადაყევი ამ დაშავებულ ჯახრაკას, მზეხათუნ შუმგულაძის ქალო! ვაი შენს დღეს, სად დამეკარგე, გოგო, შენ მაგიერ ამ გასატყავებელს ჯღიბა უნდა გამოუხილო და ვზიდო მისი ფუნა“.

რამოდენიმე დღის შემდეგ ფერმკრთალი მზეხათუნი, გავარვარებულ თონეს დაემგვანა და რაღაც ნაზად დაუწყო ქმარს მოპყრობა.

– რა გინდა, მაინც აღარ იტყვი ქალო? – ვეღარ მოითმინა შეხუმრება, ჯლიქვის გაკვრა-გამოკვრა მიხეილმა.

– რა, შენ გენაცვალოს ჩემი თავი, და მე და ჩვენმა პუპიმ ვითვალეთ გუშინ, ვითვალეთ და შენ ის გოგო დაგიტოვებია, უეჭველია, ქვაყელიას პირზე… აბა სად იქნებოდა კიდო მეტი, სად დატოვებდი? შენ რომ მოდი, შუაღამე არ იყო. შენ რო თქვი, შეღამებისას გამექცაო, ჰო და რა შორი გზაა, შეღამებიდან შუაღამემდე…

მიხეილი მშვიდათ ისმენდა და უნდოდა გაეგო, საითკენ მიჰყავს ცოლს მუსაიფი.

– ასე რომ, შენ ნუ მოუკვდები ჩემს თავს, რომ წახვიდოდე და გაიკითხავდე, ქე ნახავ… ვინ იცის, იქნება გზის პირად ზის და გიცდის.

მიხეილს შერცხვა გულწრფელად აღეარებინა, რომ არც კი იცის დამფრთხალი რა გზით მოვიდა და სად დასტოვა გოგო. მაინც არხეინად უპასუხა:

– რას ამბობ, დედაკაცო, გადირიე, აქამდი რა მოაცდევინებდა? ან შიმშილი მოკლავდა ამდენ ხანს და ან ტურა-მგელი დაგლეჯდა ნეკის ოდენა გოგოს.

– ნუ იტყვი, გენაცვალე, მაგას! ქრისტიან კაცს მგელი რავა შეჭამდა, ან შიმშილით რავა მოკლავდა სოფელ-ქვეყანა?

– თუ ვინმემ აჭამა, კიდევაც წეიყვანდა შინ…

– რავა წეიყვანდა, შე კაცო, მურვან ყრუობა ხომ არ არის. მიხვალ და ეტყვი ჩემი გოგოათქო…

– ჰო და მოგართმევენ ხონჩით! მზითევსაც გამოგატანებენ!

– ასე იცი სულ! შენ გეხუმრება და მე ცეცხლი მეკიდება გულზე. რა გიჭირს ერთი მიიარ-მოიარო, გაიკითხო და გამოიკითხო, მოყვრებსაც ნახავ და გოგოსაც მოიყვან!

– კაი ახლა, კაი! სასაცილოდ ნუ გამხდი სოფელ-ქვეყანაში. არ მეტყვიან, შენ გოგოს ამ ცხენის წყლის პირად რა უნდოდაო! ალიას და ოსმანას უთხრა, გოგო ვერ დავიჭირე – ხელსა და თვალს შუა გამექცა-თქო?!

მზეხათუნს გულს მოეცა.

– რავა, შენი ერთი შეწითლებისათვის მზეხათუნ შუმგულაძის ქალი სიკვდილამდის მოახლედ გინდა გყავდეს?! ან რა სამარცხვინოა პატიოსანმა აზნაურიშვილმა არ იკადრე ბზღირტლიანი გოგოს დადევნება.

– თუ მაშინ არ ვიკადრე, ახლა რას დაღოღავ და ეძებო, – არ მეტყვიან?!

– ღმერთო კი მომკალი! უყურეთ ერთი ამას! გაქცეულ ყმებს დადიანები და ბაგრატიონები ეძებენ, შენ რა დაგემართება, ბეჩა! არც შვილი გინდა ჩემთვის, არც ძირი, არც გოგო… შეიძლება ეს? – ატირდა მზეხათუნი.

– ქალო, შვილი არ გყავს, ჩემი რა ბრალია?!

– არა, ჩემი ბრალია, ამასაც იტყვი შენ, შენი კაი კაცობა რომ ვიცი!

მიხეილი თავიდანვე დარწმუნებული იყო, ცოლის ენას თავს ვერ შემოუვლიდა, ერთხანს მაინც უძლებდა, მიზეზს მიზეზზე იგონებდა, რომ უსიამო მგზავრობა თავიდან აეცილებია. ბოლოს იჭვიც შეეპარა, ვინ იცის, იქნებ გოგო მართლა ვიპოვნოვო და განუწყვეტელი პაექრობის შედეგად ცხენს ლეღვის ნეშო გადაუსვა, უნაგირი შეადგა, საგზლით სავსე ხურჯინი უნაგირის კეხსა და ბალიშს შუა გადიკიდა, გაჭირვებით ცხენზე შეჯდა და საძებრად გაემგზავრა.

**

სისხამ დილას ჩიტ-ბადითა და ღაჟოთი გამოსული თოთხმეტიოდე წლის ბიჭი მეტად სახტად დარჩა, როცა ხის ძირში ხელებ-გაშლილი, პირაღმა მწოლარე პატარა გოგო დაინახა; ჯერ მოერიდა და უკან დაიხია, ცალი თვალი მაინც გადაავლო და შეამჩნია, რომ გოგოს მხოლოდ მოკლე პერანგი ეცვა, სახე გალურჯებოდა; თუმცა მზის სხივი თვალებში სცემდა, მაინც ღრმად ეძინა, და ასეთი ვინმე მათ სოფელში არვინ ეგულებოდა. ბიჭი უკანვე დაბრუნდა და მალე მოიყვანა მოხუცი ქალი, რომელსაც სულ პატარა, ცნობისმოყვარე ნამტირალებ თვალებიანი ბავში მოჰყვებოდა. მოხუცმა ქალმა ოდნავ შეანჟღრია თუ არა, გოგონას გამოეღვიძა, წამოჯდა და დაიწყო „ქო პატენი“, რომლის დანარჩენი სიტყვები ვერცერთმა ვერ გაიგო.

– ვინაა ეს საცოდავი? ვაი და ვუი მის საცოდავ დედას! – და მოხუცი ქალი უფათურებდა როგორც კი შეეძლო, წამოაყენა, წელზე ხელი მოხვია და შინ წაიყვანა.

გოგო მთელი დღე ძილად იყო მიგდებული.

ღამით გამოეღვიძა. მის წელზე თავი დაედვა ბიჭს და ეძინა. პირველად არ იცოდა რა ექნა, შემდეგ წელი თავიდან ფრთხილად გამოაძვრინა, ფეხზე წამოდგა, ნიგუზალს წაედვა და შეაკივლა.

– რა გინდა, გოგო, რას დაბორიალობ?

გოგომ რაღაც უპასუხა, და თანაც კარი გააღო და მკრთალ სინათლეზე დოქს დაწვდა და წყალი დიდხანს სვა.

დილას ბიჭმა რომ გაიღვიძა, მის გვერდით მწოლიარე გოგო დაინახა, შერცხვა და სასწრაფოდ ადგა.

როცა პატარა გოგომ „საიმედოთ სჭამა“, მოხუცებულმა ქალმა ბიჭს უთხრა:

– მაინც არაფერს აკეთებ, მადლია ამ გოგოს შენ მიხედო, შენი სტუმარია, მე წავალ, ათასი საქმე მაქვს, თორემ მართას იმედი, შენი არ იყოს, ჩემ მტერს მიეცა. ოფოფებს დასდევს…

– კი, ბიცოლა, კი! სოკოს რომ დაგპირდი, იმასაც მოგიტან.

მუნჯურათ, ერთი და იმავე სიტყვის ათასჯერ განმეორებით გოგო ბიჭი ყველაფერს აგებინებდა ერთმანეთს.

ბიჭმა გაიგო, რომ გოგოს ძატუ ჰქვია, ვიღაც ბატონს აქ მიუტოვებია.

ბიჭმაც გააგებინა, მე ივანე მქვია, ეს სახლი ჩემია. მამა მექოთნე მყავდა, მომიკვდა, დედა ნათესავებს შეეკედლა, იქიდან უფრო მოგეხმარებიო და მართლაც მიგზავნის ფქვილს, ტანისამოსსო.

ძატუმ დიდსავით დიასახლისობას მაშინვე მიჰყო ხელი, თუმცა დიდი მისალაგებელი, ბევრი საკმაზი შესაწვავ-დასაცხობი არაფერი ჰქონდათ. უმარილო ფხალით, ღერღილიანი ღომითა და პანტა ვაშლით მაძღრები იყვნენ და მთელ დღეს ნადირობდენ და ლაპარაკობდენ.

ივანემ იშოვა საუკეთესო მსმენელი, ისეთი როგორიც ჯერ არ ყოლოდა.

როგორც თვითონ ივანეს სჯეროდა, ისე იჯერებდა ყველაფერს ძატუ: ცხრათავიანი გველეშაპი, ნატვრის თვალი, უკვდავების წყარო ივანეს სწამდა, როგორც რაიმე არსებული, აგერ მთის გადაღმა მყოფი საგანი. ზღაპარი ხომ ნამდვილი ამბავი იყო ნაცნობთა შორის მომხდარი და ძატუც უდასტურებდა, თითქოს მასაც ენახოს ფასკუნჯი, ოქროს მდებელი ვირი, მოლაპარაკე მელია და ჯადოსანი დედაბერი.

მაგიერად ნანახსა და განაცადს ივანე ისე მოჰყვებოდა, ისე შეაფერადებდა, რომ თვითონ განცვიფრებული რჩებოდა და სხვასაც აკვირვებდა. ძატუც იჯერებდა და თან განცვიფრებაში მოდიოდა.

ერთ დღეს წაიხამსეს თუ არა, ივანემ რაღაც მზადება დაიწყო და უხსნიდა ძატუს.

– ჩვენში დიდი ქალბატონია, როსკანი ჰქვია… სასახლე აქვს, ყველა, რაც გინახავს სახლები, რომ შეკრიბო, მისი ერთი ოთახი არ გამოვა. თითებზე სულ ვარსკვლავები უთამაშებს; ცხენი ჰყავს, ერთი კი არა, ათასი, მთას გადაახტებიან… ჰო და იმან ბრძანა, ვინც თეთრ მიმინოს მომიტანს, ერთ ცხენს ვაჩუქებო. რძლისთვის უნდა – ტერეზიასთვის – ისეთი ლამაზია, ისეთი, რომ ტყის ქალი ხომ გინახავს, იმას სჯობია. მე უნდა დავიჭირო უსათუოდ თეთრი მიმინო და ცხენს მომცემენ. შევჯდები და წავალ, ამირანს მიუყვან…

– ქო!

– იცი ვინ არის ამირანი?

– ვარი… არა, – შეასწორა ძატუმ…

– რომ მოვალ, გეტყვი.

– ერთი მიმინო დავიჭირე, უბრალო მიმინო, მოურავმა წაიყვანა და აი ეს ქუდი მაჩუქა.

ივანემ კედელზე ჩამოკიდებული ქუდი ჩამოიღო და გოგოს დაახურა.

– მიჩუქებია შენთვის.

– მადლი, მადლი.

ბიჭს შეენანა თავისი ქუდი, გოგომ შეატყო და დაბრუნება მოინდომა, მაგრამ ივანემ ძალით ჩამოაფხატა თავზე, დასტაცა ხელი ბადეს და ღაჟოს და გაიქცა.

გახარებული გოგო ცალფეხზე შემოტრიალდა.

ივანე გვიან დაბრუნდა, თან თევზები და კიბოები მოიტანა, მარა სახე გამოცვლილი ჰქონდა.

– რა დაგემართა? – ჰკითხა ძატუმ.

ივანე ერთხანს ხმას არ იღებდა. შიში გადაედო.

ივანემ, როგორც იყო, ხმა ამოიღო.

– რომ წავედი, მაშინ მიმინოზე ნადირობა ადრე იყო და ერთი ადგილი ვიცი მდინარეში, თევზაობა დავიწყე… ა, ეს კიბო და თევზები დავიჭირე, მერე გამოვედი და ჩაუსაფრდი… ბადე გავშალე, ღაჟოს უფეთქებდი. უცბად რას ნახავ?.. უშველებელმა არწივმა დაიწყო ჩემს თავზე ცაში სრიალი. ტანში გამბურძგლა. ეს კი ჩამივარდა ხელში-თქო, ვიფიქრე და უფრო გავშალე ბადე და უფრო ავაფეთქე ღაჟო. მაგრამ ღაჟო ჯოხიდან გადმოვარდა, და ბალახში უნდოდა შეძრომა. მეც ბადე ხელში გამიშეშდა. გაგონებით კი გამიგონია, ნახვით კი არ მენახა ასეთი ამბავი. შორს ფრიალო ქვებზე, სადაც მზე ძალიან აცხუნებდა, აღიმართა ვეებერთელა გველის თავი, რომელიც ქანაობდა, სისინებდა და უფრო და უფრო ზევით და ზევით მიიწევდა… არწივმა ერთი კიდევ გააკეთა წრე და შურდულივით დაეცა გველს; გველმა ვერ მოასწრო კბენა და თავდაყირა ღვედივით ჩამოეკიდა ისევ აღმა მიმფრინავ არწივს, მაგრამ მალე გამოერკვა, მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა და ნელ-ნელა თავი ზე აწია – უნდოდა ეკბინა არწივისთვის. სწორეთ იმ წამს, როცა მკერდისთვის უნდა მიეღწია, გველი ტრიალით ქვე წამოვიდა და ქვას დაასკდა… დავარდნილმა გველმა კიდევ მოასწრო ზე აღმართულიყო; წინანდელი ხერხითვე არწივი დასწვდა გველის კუდს, აიყვანა ზევით, უფრო მაღლა, ვიდრე პირველად. რადგან გველმა ისე მკვირცხლად ვერ ასწია თავი, ვერ აიტანა წელი და ვერ მიუახლოვდა არწივს და უშვა ხელი; გველი მეორეჯერ დავარდა. ახლა უკვე გაქცევა უნდოდა, არწივი როცა თავს დაეცა, გველმა სინჯა თავი წამოეწია, მაგრამ ვეღარ შესძლო. ახლა არწივი თითქმის დაიკარგა ცის სიმაღლეში და იქიდან გადმოაგდო ურწმუნო. დავარდნილს სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ჰქონდა, არ იძვროდა. არწივი ნელა დაეშვა, მსხვერპლს დახედა, თამამად ჩაჰკრა ნისკარტი თავში, წაიღო მძორი და მიიმალა.

თვალებ-გამოპრაწულ ძატუს რაღაც უნდოდა ეთქვა, რომ ვიღაცამ თავზე დააძახა მას:

– რას აშინებ, ამ საწყალ გოგოს, აი შე მეზღაპრია, შენ! თუ ამისთანა ბიჭი ხარ, სადაა რომ დამპირდი ოფოფს დაგიჭერო?!

– ერთს კი არა, ორს დაგიჭერ, მეიცა პატარა, სული მომათქმევინე ერთი, ხომ გაიგონე რა ვნახე.

– ნახე, ღმერთი გიშველის შენ ისე! ასე იცი შენ ყველაფრის გაზღაპრება, – გულმოსული უთხრა ქალმა და წავიდა.

– იცი ვინ არის ის? – მიუბრუნდა ივანე ძატუს, – მართაა, ჩემი ბიძაშვილი. ქმარი უნდა, და თუ მათ ეზოში რომ ოფოფები დადიან დავიჭირე, უსათუოდ გათხოვდება. რამდენი ხანია მეხვეწება! უნდა დაუჭირო… შენც მომეხმარე.

მეორე დღეს ივანე და ძატუ შეიფუთნენ გვიმრით, ანწლითა და ტირიფის შტოებით და შეფუთნილი ბადით ხოხვითა და განსაკუთრებული სტვენით დაუწყეს დევნა მართას ეზოში მოგოგმანე დედალ-მამალ ოფოფს.

ხოხვა და სტვენა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ბოლოს ერთის მაგიერ ორი ოფოფი ერთად დაიჭირეს სწორედ იმ დროს, როცა მოულოდნელმა სტვენამ ორივე განაცვიფრა და ჯიღა ისარივით დააყენებინა.

მართას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა – ამ წელიწადში უეჭველად გავთხოვდებიო. ივანე დიდხანს ეხვეწა, ორი ოფოფი რად გინდა, ერთი დამიბრუნე ქალბატონის პატარა გოგონას წაუყვანო – უნდოდა ეთქვა გამონაცვალს მაჩუქებსო და ძატუს ჩავაცმევო, მაგრამ არ უთქვამს – შერცხვა. ბატონების საჩუქარი მხოლოდ იმედი იყო, მართამ კი ნამდვილათ გამოუტანა მათ თითო ნაგები ღომი და ერთი პატარა ჯამი ლობიო, რასაც ხარბად დაეწაფა ორივე, სანამ ბიცოლამ არ დაუძახა:

– ივანე, ბიჭო, მოდი აქ, გოგოც მოიყვანე. ვიღაც კაცი კითხულობს.

**

ჭიშკრიდან გადმოსული მიხეილი მზეხათუნისა და პუპის გამოანგარიშებაზე არ დამდგარა, იცოდა, რომ ლაჩრის სახელის თავიდან ასაცილებლად ოსტატურად შესცვალა ბავშის გაქცევის დრო, ადგილი და მიზეზი. და ახლა, რაც კი გზაზე მიდიოდა, სულ ფიქრობდა, სად დაშორდენ ერთმანეთს ის და გოგო. თუმცა ადგილი ვერ წარმოედგინა, მაგრამ იმედი უფრო და უფრო უმტკიცდებოდა, რომ გოგოს ნახავდა. „აი აქ ცხენი წამიფორხილდა“. „აქ ჩვენი კორტოხი დავინახე და დავმშვიდდი“. „აქ მეძინა“, „აქ იყო ამ დაღმართში, რომ ეს სამგლე (და სიბოროტით ცხენს ორივე ქუსლი ჰკრა) გამიჩერდა“. „იქ იმ ჩიგვნარში მივიმალე“. „ააა, მამა ნუ წამიწყდება, აქ იყო ის ძღაბი რომ გამექცა, ა, ის ხე, სადაც გოგო გაგორდა“.

და მიხეილმა გზას გადაუხვია, ხის ძირი დაათვალიერა და მინდორს დაადგა. ბილიკს წააწყდა. მას გაჰყვა და პატარა ეზოს მიადგა. „მასპინძელო, მასპინძელოს“ დაძახება ვერ მოასწრო, რომ მის წინ პატარა ძაღლთან ერთად გამოჩნდა მოხუცი ქალი, და გადაძახების შემდეგ მოირბინა გოგო-ბიჭმა.

და ეს გოგო იყო მისი გოგო, ასე იაფად ნაყიდი და ასე ადვილად დაკარგული.

დიასახლისს ბევრი არ გაუჯანჯლებია საქმე, – ეტყობოდა, გოგოს დატოვება მაინცა და მაინც არ უნდოდა. ოღონდ რაღასაც მოელოდა. და მცირე ყოყმანისა, რაღაც კრიმანჭული ლაპარაკისა და შევაჭრების შემდეგ მიხეილმა გადასცა სპილენძის ორი პატარა ფარა, რომელიც ქალმა მაგრად ჩაბღუჯა ხელში. მიხეილმა წყალი მოითხოვა, დალია და ბატონი და გოგო დაადგენ გზას.

ქალბატონი მზეხათუნის წყალმანკიანი მუცელი გაჭირვებით დაჰქონდათ დასივებულ ფეხებს. გოგომ არაფერი იცოდა, მოსაზრებაც ვერ ჰქონდა მკვირცხლი, მაგრამ მიტან-მოტანისთვის ზედგამოჭრილი იყო და ყველაფერზე მკვირცხლად ამბობდა: „ქო პატენი!“ გოგო და ქალბატონი ერთმანეთს შეეთვისენ: პატარა გოგოს, როგორც ეტყობოდა, მშობლების სახლშიაც არ ქონდა დიდი პატივი, და მზეხათუნის სუფრის ნარჩენი, და ათასჯერ მიკერილ-მოკერილი სამოსი სავსებით აკმაყოფილებდა… მზეხათუნმა კი ჯერ ერთი, დიდკაცობაში შესდგა ფეხი, – მოახლის ყოლა ხომ ყველას არ შეეძლო, – მეორე, სირბილი აღარ სჭირდებოდა.

გავიდა წელი, პირველ წელს მოყვა მეორე და მეოთხე და მათ შეხმატკბილებულ ცხოვრებას თითქოს ვერაფერი დაარღვევდა, რომ ერთ საღამოს ორჯერ-სამჯერ დაძახებული მზისავარი (ასე მონათლა დიდის შინაგანი ყოყმანის შემდეგ მზეხათუნმა მეგრელი გოგო ძატუ) ზანტის, ერთის მხრიდან მეორე მხარეზე გადაქანებული აჯაბაჯათი მიუახლოვდა თავის ქალბატონს. დაგვიანება, უცნაური სიარული, აჭორფლილი სახე, უეცრად მოხვდა თვალში მზეხათუნს და თითქოს ელვამ წყვდიადი გაანათაო.

– მიადექი ამ კედელს! – უბრძანა ქალბატონმა, და გოგომაც ბრძანება აასრულა.

– ასე არა… თავი, ქუსლები და ზურგი რომ მიეკრას კედელს… აი ასე – და მზეხათუნი ხელით მიეხმარა, რომ ბრძანება ზუსტად ასრულებულიყო – ახლა ხელები ასწიე ზევით, რაც შეგეძლოს, ჰო, გააჩერე ასე, – და ქალბატონმა გვერდიდან გახედა გოგოს მუცელს, დიდი კვლევა-ძიება არ იყო საჭირო – ყველაფერი ნათლად სჩანდა.

– უი, თვალი კი დამიდგა! რას ვხედავ ამას?! ორსულია, ორსული, დედა ნუ წამიწყდება! – მზეხათუნს უნდოდა ერთი მიერტყმია, მაგრამ შეჩერდა, ტახტზე დაბრძანდა განაჩენის გამოტანას შეუდგა.

– ორსულად ხარ ხომ?! – შეეკითხა ქალბატონი.

პასუხი არ იყო საჭირო, საწყალი გოგო ისე კანკალებდა, ისე იკუჭებოდა და სახეს ხელებით ისე იფარავდა.

– ვისია? – მაგრამ ეს კითხვაც ზედმეტად ეჩვენა მზეხათუნს, – სულწაწყმენდილი ჩემი ქმრის, აბა ვისი იქნება, – თვითონვე მისცა თავისთავს პასუხი.

– ბატონისაა ხომ? ამოიღე ხმა, შე ეშმაკის ფეხო!.. – მაგრამ ჩვეულებრივი „ქო პატონი“ მაინც ვერ გაიგონა და გაბრაზებული წამოიწია და მიაძახა:

– არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა, გათხარე მიწა და ჩაძვერი შიგ. დამეკარგე აქედან.

პირზე ხელაფარებული ძატუ ზლაზვნით გაშორდა.

**

– ორსულათაა მზისავარი, – დაიწყო მზეხათუნმა წვრილათ.

– რას ბრძანებ, ქალბატონო?! – თავის მხრით შეეკითხა მიხეილი.

– ჰო, ორსულათაა… ვისი უნდა იყოს ნეტავი?

– იმ ბიჭისაა, აქ რომ დაეთრეოდა წამდაუწუმ.

– ნუ წაიწყმენდ სულს, რას ერჩი იმ საცოდავ ბიჭს, არც დასიზმრებია.

– რავა არ დასიზმრებია! საჩუქრები რომ მოჰქონდა, რა იყო აბა?

– რა საჩუქარია, დედის ნაქონი ორი ღილი და სამი კაკალი თაღლითი!

– აბა დედოფლის ჯიღას ხომ ვერ მოუტანდა? რაც ჰქონდა, ის მოჰქონდა – ხან პანტა ვაშლი, და ხან მძივი.

ამ ოთხ წელიწადში სულ ოთხჯერ თუ იყო, შე კაი კაცო!

– შე დალოცვილო, ოთხი მოსვლა არ ეყოფა ერთი ზღმურტლიანი ბაღანეის გაკეთებას?! გელათის მონასტერი ხომ არ არი, წლობით აშენოს კაცმა.

– უი, უი! რას ამბობს ეს უნამუსო?! რავა აყროლდა და ააყროლა ყველაფერი! – შეკივლა მზეხათუნმა.

– რა გენაღვლება ახლა, მზეხათუნ ჩემო, ერთი გოგო ან ბიჭი რომ შემოგვემატოს. უნდა გიხაროდეს კიდეც. და, თუ ქალი ხარ, სოფელ-ქვეყანას ნუ შეაწრიალებ – შენც სასაცილო გახდები და მეც. ისე ჩუმ-ჩუმად ასეთი ამბავი ყველგან ხდება.

მიხეილმა რა თქმა უნდა, იცოდა, რომ თვითონ არაფერ შუაშია. დარწმუნებული იყო რომ ბავში იმ ბიჭს ეკუთვნის, რომელთანაც თავი შეაფარა ოდესღაც გაქცეულმა ძატუმ და რომელიც მოდიოდა და ეკურკურებოდა, მაგრამ თავგამოდებით არ უარყოფდა თავის მამობას – უნდოდა მზეხათუნისათვის დაემტკიცებია, უშვილობა შენი ბრალიაო და ჯერ კიდევ ჭარმაგ ვაჟკაცად თავი გამოეყვანა.

– უი, უი, ფუი ეშმაკს – დარჩენოდა მხოლოდ წამოეძახნა მზეხათუნს და მარტო შედგომოდა ამ უბედურობის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომებს, მაგრამ სანამ დამხმარედ არ გამოჩნდა მთელი მიდამოს ხან მოწვეული და უფრო ხშირად უწვევი დამრიგებელი ქალბატონი პუპი, მანამ მზეხათუნმა საქმეს თავი ვერ მოაბა.

მიჯნურობის მხარეს ყველაზე ნაკლებად აქცევდა ყურადღებას მზეხათუნი. ავადმყოფ ქალს ხვევნა-ალერსი თითქმის ათი წელია აღარც კი აგონდებოდა, მაგრამ არ შეეძლო გულგრილად ეყურებინა, მის დოვლათს როგორ დაეპატრონებოდა ვიღაც ორ ჭადში გაცვლილი მურტლიანი გოგო. გაეგდო? და აღარ ყოლოდა მოახლე? ქალბატონი ისე შეეჩვია ქალბატონობას, და ახლა ამ სიბერის დღეს სადღა შეუძლია ცეხვა, რეცხვა, ბოსტნის გამოხილვა, საქონლის ფუნის გატანა. არ შეუძლია, სწორედ არ შეუძლია, კმარა, რაც სიყმაწვილეში თავი ჩააკლა, წელი ჩააწყვიტა ამ უმადურ ოჯახს.

– დავტოვო? – მეათეჯერ ეკითხებოდა თავისთავს მზეხათუნ, – და უყურო ჭვრიტიმალიდან, როგორ ალერსობენ? არ შემიძლია, არ შემიძლია! რა ვქნა?

ასე ფიქრობდა მზეხათუნი, როცა ჭიშკარში ჩამოვიდა პუპი და ისე დაადგა თავზე, რომ ფიქრში გართულს არც შეუმჩნევია.

– უი, უკაცრავად გენაცვალე… – დაიწყო ბოდიში მასპინძელმა.

– ვიცი, ჩემო მზეხათუნ, არ გაქვს თავი სტუმარ-მასპინძლობის. ნუ მომერიდები, ჩემთან შენ რა ბოდიში გინდა? ნეტავი კი რამე შემეძლოს, თვარა…

დასხდენ და ერთხანს სდუმდენ.

– მაინც რა ვქნა ვერ გადამიწყვეტია! – მწუხარედ დაარღვია სიჩუმე მზეხათუნმა – მირჩიე რამე!

– ხომ იცი, ასეთ საქმეში თვითონ უნდა გადაწყვიტოს კაცმა. მე რომ ვიყო, ახლავე გავაგდებ გოგოს და მისი ჯანი, თვარა დაგიგდებს ბუშს და ზარდე შენ, შუმგულაძის ქალო. იქნება მერე ნაწილიც ქე მეითხოვოს იმ ბიჭმა და უყარე კაკალი. შვილი შენ არ გყავს საუბედუროდ.

– მეც მასე ვფიქრობ, მარა ოჯახს რა უყო? აღარ შემიძლია, პუპი ჩემო, გარჯა, და ეს მკლავს.

– ახლა შენ ვერაფერზე უარს ვერ გეტყვის შენი ქმარი, გიყიდოს ერთი კაი გოგო და მოგართვას საუპატიოთ.

– სად გვაქვს მაგდენი, პუპის ვენაცვალე?

– რატომ არ გაქვს? დაიკლოს შენმა ქმარმა. თუ ასეთი დარდიმანდობა უნდა, კიდეც იშოვოს. შენი რა საქმეა, სად იშოვოს?! ზღვიდან ამოიღოს და მთვარიდან ჩამოიტანოს. სხვა თუ არაფერი, ცხენი ხომ ყავს, გაყიდოს და ის იქნება – აბა, აბა ხასებით აავსებიებ ოჯახს? – უფრო და უფრო კაპასობდა პუპი.

– კაი ახლა, თუ გინდა გავაგდე გოგო, სად უნდა წავიდეს? – მზეხათუნი ეძებდა დამაბრკოლებელ მიზეზს, რომ გოგო შეენარჩუნებინა.

– მაგას კი უნდა, მართლა, მოფიქრება… ქრისტიანი კაცის შვილია კატის კნუტისავით ხომ ვერ გადააგდებ, – და პუპი ღრმად ჩაფიქრდა, – ჰო, დიდიხანია, ვიფიქრე ამაზე, მარა არ ვიცი დანამდვილებით… კნეინა როსკანის რძალი ტერეზია ფეხმძიმედ ბრძანდება. ეს შენი გოგო ჯანსაღია, უთვისტომოა, იქნებ ქნას წყალობა და აიყვანოს. ერთხელ ისიც მითხრა, მინდა ისეთი ძიძა ვიშოვო, რომ მარტო ჩემი შვილის იმედით იყოსო! შეიძლება ცოტა რამე კიდეც მოგცეს. გავა წლები და, ახლა როსკანი შენ გოგოს არ დაეხარბება. დაგიბრუნოს იქნებ მისი შვილიანათ, და ყველაფერი მოგვარდება. შენი ქმარიც ამ ორი-სამი წლის მერე არშიყობას აღარ იკადრებს და, რომც იკადროს, რა მოარშიყე მეყოლება?! – ქალებმა გაიღიმეს – ღმერთმანი მგონი ასე აჯობებს.

– და მიხეილი, მიხეილი დამეთანხმება კი?

– უი, ღმერთო კი მომკალი, მიხეილს ვინ კითხავს?! ყელი გამოგჭრა და გამთელებაც მას უნდა კითხო? აბა მეიფიქრე, მზეხათუნ, გენაცვალე! ახლა კი სახლში წავალ, საკერავი მაქვს, კვირისთვის უნდა მოუსწრო ჩემს ბიჭს.

მეორე დღეს მზეხათუნ ქალბატონი დიაკონს ეხვეწებოდა, ქაღალდი მომეციო და ბატის ფრთა მიუტანა კალმად გამომიჭერიო. დიაკონმა ფრთა ადვილად გამოჭრა, მაგრამ ქაღალდზე ეკლესიაში წავიდა და იქიდან ერთი ნაგლეჯი მოიტანა, რომელმაც მზეხათუნი შეაცბუნა.

– კაცო, რას მიშვები, ეს სახარებიდან ამოგიგლეჯია, წავწყდებით შე სულ წაწყმედილო!

– რავა გეკადრება, ქალო, შენ თუ არ მებრალები, დიაკვანი კაცი ამას როგორ ჩავიდენდი?.. ლექსის წიგნი ჰქონებია მღვდელს. შიგ ნათლობის სიას ვწერთ და იქიდან ამოვგლიჯე.

მელანიც ძმარით და ნაჭაზე აფხეკილ ჭვარტლით შეაზავეს და მზეხათუნი შეუდგა უსტარის წერას.

„დიდო ბატონო და პატრონო.

ყოველთა ქალთა უმშვენიერესო, სანახავად სანატრელო, ბრწყინვალეო კნეინა.

თქვენისა ხილვისა უღირსი უძლურებისა ჩემისა გამო უპირველესად ურხწნელსა ღვთისმშობელსა მარიამსა სახელოვნისა ქმარშვილისა თქვენისა ბედნიერებასა და ჯანმრთელობასა მუხლმოდრეკით შევვედრი…“

კნეინამ მეტი ვეღარ წაიკითხა წვეტიანი ასოებით, ქარაგმებითა და ხვეულებით ნაწერი ბარათი, განზე გადადვა და პუპის მიმართა:

– შენ გეცოდინება, პუპი, რა უნდა ამ საწყალ დედაკაცს?

პუპიმ, როგორც მისის აზრით, დიდკაცებთან ბაასს შეეფერებოდა, დაწვრილებით და დალაგებით დაუწყო თხრობა არა ნაკლებ ბუნდოვანისა და ღრმა სიტყვებით…

კნეინა როსკანი წარმოშობითაც დიდი კაცის ქალი იყო, ქმარიც დიდი კაცი და დიდი მოხელე ჰყავდა, საქმე მართლაც ბევრი ჰქონდა, მაგრამ დიდკაცობას აათებდა – ოდიშის მთავრის მეუღლეს ადარებდა თავს, საქმიანობას აასკეცებდა, მუდამ დროის უქონლობას უჩიოდა, ამიტომ ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, საქმეს სწრაფად სწყვეტდა. პუპის ენაწყლიანობაც უნდოდა შეეწყვიტა, მაგრამ ბედათ სიტყვა მზეხათუნის იჭვიანობაზე გადავიდა; ამან კი ისე გააცინა კნეინა, რომ მხრები და გულმკერდი აუთრთოლდა, მუთაქას მოქანცული მიეყრდნო, ფეხები ტახტზე აიტანა და შემოიკეცა.

– არა, თუ ქალი ხარ, თუ! ჰა! ჰა! ჰა! მიხეილი მოარშიყე! – ძლივს ამბობდა კნეინა.

– კი, თქვენი ნუგეში არ დამეკარგოს! ასე ამბობს, მათ ალერსს როგორ უყუროვო?

– მართლა მისია, პუპი? – კიდევ იცინოდა კნეინა.

– საწყალი მიხეილი ფიცავს, მარა რა ვიცი?! ვიღაც თქვენი ფარეში ყოფილა, ივანე ბეღურაშვილი, იმას აბრალებს.

– ჰა, ჰა, ჰა! მერე რა უნდა მაგ საცოდავს?

– წაიყვანოს ეს გოგოვო, მის მაგიერ სხვა ვინმე მიწყალობოსო.

კნეინამ თვალები მილულა, როგორც რაიმე გადაწყვეტილების დროს ჩვეულება ჰქონდა – თითქოს ჭეშმარიტებას შორით ვჭვრეტო და მოკლედ გადაწყვიტა.

– კარგი! მე ტურფისახარს გაუგზავნი, მაინც და მაინც იჭვმისატანი არაფერია, და მან ის გოგო გამომიგზავნოს. ყმაწვილია, ჯანსაღია, ხომ? არ შეცდე და არ შემაცდინო.

– რომ არ ვიცოდე და ისე წამომცდეს, ენას არ ამოვითხრი?! კენჭივითაა, კნეინას ჭირი შემეყაროს! ყვავილი სჭირდა, თორემ ამ ხუთ წელიწადში, მე ვარ მოწამე, ფრჩხილი არ წამოტკიებია, ნაყვავილევიც არ დაჩენია.

– იმ გოგოს ჯვარს გადავწერ… რა ქვია?

– მზისავარს უძახიან, და შენ, რაც გენებოს ის დაარქვი, გენაცვალოს ჩემი თავი, შენი ნება არაა…

– ჰო და იქნება ჩემთან ქმრიანად ამ ჩემს სასახლეში… და არ შემომესევა ძიძის ოჯახი, გვარი და მათი მოყვარე. ასი კაცი არ გამიხდება სარჩენი და საზრუნავი.

– რჩენა არ გაგიჭირდება, მარა სნეულებას და მურტალ ჩვეულებას მაინც ვერ შემოიტანებენ ოჯახში.

– გადია, ა, არ გინდოდა მაინც ტურფისახარი, და უთხარი მოემზადოს და მიხეილ ყორაშაძესთან წააყვანიე.

– უი, ბატონო, უარი რომ თქვას?

– მაგისთანა რამ არ გამაგონო! როგორ თუ უარს იტყვის! მოამზადე!

სამზარეულოში ყვირილ-ტირილი შეიქნა. ტურფისახარი გადიას უჩიოდა, მან მომიხერხაო, მაგრამ აქაც პუპი გაჩნდა.

– ნუ სულელობ დედაკაცო, ის მიხეილი დღეს თუ ხვალ დაქვრივდება და… ვინ იცის…

– უიმე ბეჩა, ასი წლის კაცი?

– არც შენ მყავხარ ნეკის მლოკავი გოგონა.

**

ტურფისახრმა მიხეილ ყორაშიძის ოჯახში მოიკალათა, და ცოლ-ქმართა შორის მშვიდობა დამყარდა.

აქ ვტოვებთ სამუდამოდ მიხეილ და მზეხათუნ ყორაშიძეებს და მათ მოახლეს ტურფისახარს.

ჩვენი მოთხრობის მსვლელობისათვის მათ დაასრულეს თავისი როლი, მაგრამ ზედმეტად ცნობისმოყვარე მკითხველების დასაკმაყოფილებლად და კრიტიკოსების ყბიდან თავის დასაცავად – რა დაემართა მოთხრობის ზოგიერთ მოქმედ პირსო, – არ დავიზარებთ, მოგახსენოთ: მზეხათუნი მალე გადიტანა წყალმანკმა. ტურფისახარის სახელი ნელ-ნელა, თანდათანობით გადაიქცა თათიად და როგორც ხავსი და სურო, ანწლი და გვიმბრა გადაიხლართება, ან კენჭი და სილა მდინარის პირად აირევა ერთმანეთში, ისე შეუერთდა მიხეილს… ჯვარიც კი დაიწერეს და ცხოვრობდენ ტკბილად, სანამ ორივეს განკითხვის დღე არ დადგა – სამ თვეში ერთი მეორეს გაჰყვენ „ადგილსა ყვავილოვანსა“.

არც რუსეთისა და ოსმალეთის ომებს, არც ეგრედ წოდებულ, დიდ რეფორმებსა და გლეხთა განთავისუფლებას, მათზე არ მოუხდენია არავითარი გავლენა.

ძატუს კნეინამ საკუთარი სახელი აღუდგინა და სასახლეში გადმოიყვანა. სასახლის მღვდელმა მოურავთან კი იბუტბუტა: „ჯერ ცოდვის მონანიება უნდა და შემდეგ ჯვარის წერაო“, „დასაქორწინებელთა გამოცხადება არის საჭირო ეკლესიაშიო, ვინ იცის როგორაა მათი საქმეო“, მაგრამ კნეინა როსკანის წინაშე ყოველივე დაბრკოლება გაქარწყლდა, ყოველივე დადუმდა და ორ გულითად მეგობარსა და მიჯნურს – ივანესა და ძატუს ჯვარი დასწერეს.

**

ბებია-ქალმა – იმავე ქალბატონმა პუპიმ, – ლოგინიდან ჩამოიყვანა ძატუ, სკამზე დასვა, ხელში მიაჩეჩა დირედან ჩამოშვებული ბაწარი და უთხრა:

– დაიჭი და დაეკიდე!

მეორე ქალმა სკამს გობში ჩადგმული ფიცარი მოუყენა.

– ნუ დამიწყებ ახლა ერთი კნეინობას, რა ჩვენი საქმეა ნაზობა! შენც ერთი „დოხტური“ მომინდომე! – მიაძახა ბრაზმორეულმა პუპიმ, როცა ძატუმ კივილს უმატა.

– მტკივა ბეჩა! – კიდევ უფრო შეკივლა მშობიარემ.

– მტკივა! გეტკინება, აბა რავა იქნება?! როცა სიამოვნებდი, მაშინ რატომ არ გაგახსენდა, რომ გეტკინებოდა, ახლა მოითმინე. საყვირელი არაფერი გაქვს – ქვეყანას ნუ გააგებიებ შენს სიკეთეს.

– რა გაუძნელდა ამ საცოდავს?! – ჩაულაპარაკა დამხმარე ქალმა.

– მკვდარი ყოფილა ბავში, – უპასუხა ბებიამ და დაუმატა – იქნებ უკეთესიც იყოს მისთვის. კნეინა ტერეზას ბიჭი, ტყუილა ხომ არაა „დოხტურის“ ხელში დაბადებული – ორივეს ეყოფა, დედასაც და ძიძასაც.

ძატუს შერცხვა და მშობიარობას მთელი შემდეგი ტანჯვა კბილის კრაჭუნითა და გულში ჩათხრობილი ვაით გადიტანა.

პუპი გაბრაზებული იყო, რომ ორიოდე დღის წინად კნეინას მოლოგინებისთვის ქალაქიდან საგანგებოთ მოიყვანეს ექიმი, ის კი არც მიუშვეს მელოგინესთან და ახლა ამ საცოდავ ქალზე იყრიდა ჯავრს.

ქალბატონებს აუსრულდათ სურვილი: ბავში გაძიძებული ჰყავდათ, მაგრამ შინ იმყოფებოდა. ძიძა ჰყავდათ, მაგრამ ძიძას მთელი სოფელი არ ეკიდა ზურგზე; ამას ძიძის უშვილობაც დაემატა – ძუძუზე აყვანილი მემკვიდრე შვილსავით ძვირფასი ხდებოდა.

პუპიმ მხოლოდ ერთხელ გააფრთხილა ძატუ:

– სანამ ბავშს აწოვებ, ქმარს არ გაეკარო… რძე არ გაგიფუჭდეს… თუ არ დაორსულდები, ქალბატონმა იცის დაჯილდოვება – ძაღლი არ დაყეფს შენს ბედს, – მარა მზეხათუნი არ გეგონოს, ცუდათ მოეწყობით… თუ…

ძატუმ ნამუსიანად შეასრულა მოვალეობა: დარცხვენა წარსულის გამო, გადაცვლილ ბავშზე მწუხარება, ძუძუზე აყვანილი ბატონისშვილის სიყვარული, უადგილობა და ივანეს აქეთ-იქით ხშირი ხეტიალი, საშუალებას არ აძლევდა ცოლქმრულ განწყობილებისათვის…

არც კნეინა დარჩენია მთლად მწყრალად – როცა შვილიშვილს ძუძუ წაართვეს, ძატუს მისცეს იქვე, ახლო, ქცევა ადგილი, მოუწნეს და აუშენეს ისლით დახურული ჯარგვალ-ნარევი ქოხი. გადმოუტანეს ივანეს ბარგი ბარხანა, ფულად რვა მანეთი ჩაუთვალეს, გამონაცვალი კაბა-თეთრეული გაატანეს და გაანთავისუფლეს.

და აქ დაიწყო ცოლ-ქმარის დევგმირობა.

წინად ივანე არ აკლავდა თავს შრომას და ჯაფას – სახლი სახლად რჩებოდა, თვითონ სასახლეში უჯდა კერის წინ ფარეშებს, მოახლეებს, ბაზიერებს და დროს ატარებდა ზღაპრებისა და ამბების თქმაში.

სასახლეს ერთი შიკრიკი მაინც სჭირდებოდა და ის იყო ყველაზე ფეხმარდი და საიმედო – მეტს არ იტყოდა და ამბებით დატვირთული მოვიდოდა. სამოახლოს, სამზარეულოს, სამეჯინიბოს ერთი მთქმელი სჭირდებოდა და ეს იყო ივანე. ასე ივანე თანდაყოლილ სურვილსაც ისრულებდა და ბატონ-ყმათა სასიამოც რჩებოდა.

ახლა კი გლეხებსაც უკვირდათ. ბატონებს კი სასწაულათ ეჩვენებოდათ, თუ როგორ გარდაიქმნა კნეინას „ნაჩუქარი“ ნაცრის ფერი, ყვითელი გვიმრით დაფარული ხოფი, შავ მიწად, და ზედ აბიბინდა ვაზი, ხილი, ყანა და ბოსტანი. ჩირგვები და ფიჩხი არ დაუწვავთ – შეშად შეინახეს, მიწა გადააბრუნეს, ფერდობებზე ღვარის ჩამონარეცხის დასალექად პატარ-პატარა ღობე-ყორე აუშენეს; ნაკვეთს ირგვლივ ბჟოლა შემოურგეს; აქ წაბლს, იქ რცხილასა და კოპიტს სურო და მაკრატელა ჩამოაშორეს, ნიგოზი დარგეს, ვენახი ჩაყარეს, „ბატონის“ მიტოვებულ ქართიდან თხრილით პატივი მიუშვეს, ტყეში ნაპოვნი ნაყარი ფუტკარი ბუკად შინ დაიდგეს.

გაზრდილის ნათლიამ უშობელი აჩუქა ძატუს, სამ ბებერ თხასა და დაკირულ ჭურში, ბიძამ ივანეს თითის ოდენა ორი მოზვერი მისცა, „ოღონდ დაესახლე და მეტს გაძლევ, ღმერთია მოწამეო“ – დაუმატა.

– მალე იმაგრებს ფეხს ჩვენი ახალი მოხევე, – იტყოდა ერთი გლეხი.

– ი დედაკაცი, თვარა ივანე მეზღაპრეა! – უმატებდა მეორე.

**

„შუბიანი თეთროსანის“ დღის წინა საღამოს, როცა ქმარს ეძინა, ძატუმ დედალი დააკვლევინა მეზობელ ბიჭს. თავ-ფეხი და კუჭ-ფილტვი ცალკე მოხარშა; სამი თავღია პატარა ხაჭაპური გამოაცხო; ყველაფერი ეს ჯამზე დააწყო, სამი ანთებული კელაპტარი მიაწება და ილოცა: „შუბიანო თეთროსანო, თეთრად დამიბერე ჩემი ივანე, ჩემი გაზრდილი დავითი“. ძატუს უნდოდა განეგრძო ჩამოთვლა, თუ ვისი თეთრად დაბერება უნდოდა კიდევ, მაგრამ აღარავინ ყავდა და ოდნავ გულნატკენმა ისევ გაიმეორა: „შუბიანო თეთროსანო, თეთრად დამიბერე ჩემი ივანე, ჩემი გაზრდილი დავითი“ და სისხამ დილით გააღვიძა ივანე და სანთლებიანი, სავსე ჯამი გაუწოდა.

– რა გინდა ქალო? – შეეკითხა თვალების ფშვნეტით ივანე.

– ჭამე, ბატონო, შენ ხარ ოჯახის უფროსი.

ივანე მიხვდა, იამა, ჯამი ჩამოართვა, წამოდგა, ჯამი კარადის თაროზე ჩამოდგა და ვითომ უნდოდა გარეთ გასულიყო, რომ დედაკაცმა მიაძახა:

– არა, ა, პირი არ დაიბანო, ეს ჯამი ასე უზმოდ უნდა გასცალო.

– მოდი შენც ჭამე, აბა.

– არა, ა, ეს შენია, მარტო შენი.

ივანემ ჩვეულებრივ კარგად იცოდა, მაგრამ ახლა თაღლითობდა, რომ ცოლისთვის ესიამოვნებინა და უთხრა კიდეც:

– დამავიწყდა, ქალო, ეს ამბები… აბა ვინ მომაშავებდა საუფროსოს? – მადიანად შეექცა ხმიადს.

მზემ მოიარა ეზო. მამალმა მიატოვა ყივილი. ცაში ჟღივილით დასრიალებდენ მერცხლები. ქათმები აკაკანდენ; ჭიშკარში ძატუმ გადაუშვა ძროხა და მაკე ღორი. ბჟოლების ძირში დააბა თიკნებიანი თხა. მოზვრებს გამოჭრილი ჩალა დაუყარა.

– აქ მარტო მოილოცავენ, მეტი არაფერი, ჩვენში კი ახლა ჯარია, ბურთაობა, ცეკვა, ქეიფი, მარულა, – ლაპარაკობდა ძატუ და თან ფუსფუსებდა სახლში.

– ბატონები თუ ქეიფობენ, თორემ სხვა, შენ არ მომიკვდე, ასეთი არაფერი ჰქონდეს…

– ამ ერთი დღისთვის ყველა მოიმარაგებს ერთ ფინჩხა რამეს…

– წავიდეთ თქვენ სოფელში, მოვიკითხოთ თქვენიანები, გაგიხარდება, გაეხარდებათ.

– ეჰ, მამას არ ვუყვარდი… თუ ვყვარებოდი, შენ რომ გააგებიე ჩემი აქ ყოფნა, მნახავდა ერთხელ მაინც; კვიდრი და-ძმა არ მყავს, და დედინაცვალი ხომ ღმერთმა ნუ მანახოს. ორი დღის სავალია – რამდენი საგზალი დაგვჭირდება; ახლა ძღვენი და საჩუქარი, სად აუვალთ, სად წავა?!

– არა გაისათ უნდა წავიდეთ… ვიშოვით რამეს… – ივანემ გასცალა ჯამი და ცოლს უთხრა:

– აგაშენა ღმერთმა, მარა შენ მშიერი დამრჩი!

– ნაწირვებს სადილს ვჭამთ და მოვასწრებ გაძღომას; ნუ გეშინია, მუცელს აღორებ ღორია, და აქორებ ქორია.

ძატუმ მიალაგ-მოალაგა ქოხი, საჭმელ-სასმელი მიდგა-მოდგა და ცოლქმარი ეკლესიაზე წავიდა. წირვა თავდებოდა. გალავანში უკვე ყაყანებდენ. ძატუს გული დაწყდა, რომ დასაპატიჟებელი ვერვინ დაინახა, „ასე გამოწყვეტილი რავა ვართ სოფელ ქვეყანაშიო“, მაგრამ შინ როცა დაბრუნდენ, მალე გამოაკეთა თავისი და ქმარის გუნება.

კერაზე ეფიცხებოდა ქოთანი, ნაჭაზე ეკიდა კარდალა ღომით, და ერთი მეორეზე დადგმულ კეცებზე ცხვებოდა ნეშოდაფარებული ჭადები.

ძატუმ მხიარულად დადგა დაბალი სუფრა, გამოიტანა კარადიდან ყველი, დააწყო ჭადი, დააგო ღომი, ივანეს დასაჯდომ ადგილთან დადგა დოქი, თვითონ მოიდგა ქოთანი ქათმით და დაუძახა ივანეს:

– მოდი, კაცო!

ივანემ სიამოვნებით გადახედა სავსე სუფრას და ამაყად სთქვა:

– თუ ელია არ გადამერია…

– ნუ ცოდავ, კაცო!

მაგრამ ივანე არ შეჩერდა და განაგრძო:

– … გაისათ ერთი ოთხ საპალნე ღვინოსაც ჩავასხამ, ახლა წყლითაც დავკმაყოფილდეთ…

– რატომ? ღვინოც გვაქ, ღვთის წყალობა! – და ჭინჭილა გადაუდგა ივანეს – დოქი მანდ არ არი?

– ბიჭოს, მე წყალი მეგონა!!! მართლა რომ ღვთის წყალობაა, საიდან იშოვე?

– შე კაცო, ჩვენმა ვენახმა იმდენი ქე მოისხა, რომ ქვაბში გამომეწურა ერთი ორი დოქი.

– იმე, პირველი მოსავალი ჩიტისაა. ცოდვა გიქნია… მარა კიდო უკეთესი, დევილოცავ ერთს.

ივანემ ჭინჭილა აივსო.

– სახლი გვაქ, მოზვრები წამოიზრდება, ხულაში სიმინდია, მოსავალი გვეყოფა… რა გვიჭირს? ეივსოს ეს ოჯახი სიტკბოებით, სიხარულით!…

როცა ივანემ ჭინჭილა ხელმეორეთ აავსო და ძატუს გაუწოდა, ფერწასული, უძრავად მჯდომი ქალი დაინახა და გაკვირვებით ჰკითხა:

– რა დაგემართა, ქალო?

– მუცელი მეძრა, – წაიდუდუნა ძატუმ.

– დალიე, ყუათს მოგცემს! – და ქალს ჭინჭილა ტუჩზე მიადგა; შემდეგ ხმადაბლა დააყოლა:

– მაშ დავსახლდით!

**

„ვეფხის-ტყაოსნის“ ავტორის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრება არ ვიცით. რა საკვირველია, რომ ივანე – მთქმელის ცხოვრებაც მხოლოდ ხარვეზებით მქონდეს გადმოცემული.

ვაი რომ, რასაც ვწერ, იმაზე მებადება იჭვი, თორემ ხარვეზებს უბოდიშოდაც მაპატიებდნენ.

ივანე და ძატუ – „მზე და მთვარესავით შეაბერდენ ერთმანეთს“, როგორც უსურვა მათ, ჯვარისწერის შემდეგ კნეინა როსკანის სამზარეულოში გამართულ ვახშამზე შეზარხოშებულმა მოურავმა; ორი უფროსი ცოლშვილიანი ვაჟი უკვე ცალ-ცალკე დაესახლებიათ, უმცროსი მეეტლედ იყო ქალაქში და მშობლებს ფულს უგზავნიდა, რომ შემდეგ შინ დაბრუნებულიყო და მათთან დასახლებულიყო. ქალიშვილი გაეთხოვებიათ და ახლა სტუმრად ჰყავდათ მისი თხუთმეტი წლის ბიჭი, სემინარიის მოწაფე – ზურიკო.

კერაზე თავშექცეული ეგდო თავისი ძირფესვიანად ორი ვეება ხე, და ჭერამდე აწვდენილი ცეცხლი კიდეც ანათებდა და კიდეც ათბობდა ქოხს.

ივანე გობზე დამბალ ჯოხს ჩიჩილაკად ხდიდა, ზურიკო კვახს იწვავდა, ზოგჯერ ნაჭაზე დაკიდებულ აჩუხჩუხებულ ტკბილიან ქვაბში სუთს ურევდა, რომ ავადმყოფის აჩემებული, ჯანჯუხებისათვის აცმული თხილის კაკლები სასახლიდან დაბრუნებულ ბებიას შიგ ამოევლო.

– გამარჯობა თქვენი! – მიესალმა ბაბუა-შვილიშვილს ახლად შემოსული მოხუცი დედაკაცი და კერასთან ჩაჯდა.

– გამარჯობა, გამარჯობა, მართლა დაია, დაბრძანდი, დაბრძანდი, ამ ბიჭს ვერ იცნობ?

– როგორ არა, ბეჩა?

– რამ მოგიყვანა, ქალო, ამ სიშორეზე? – და კითხვით უხერხულობა რომ ჩაეფარცხა, ივანემ განაგრძო, – იცი რა გამახსენდა ახლა! გახსოვს მე და ძატუს რომ ოფოფებს გვაჭერინებდი, ხო აგიხდა… იმ წელსვე გათხოვდი, ხომ?

მართამ ორივე ხელი გადაუქნია, თითქოს ქოქოლას აყრისო.

– გაჭერიებდი, აბა! თვითონ დაიჭირე და ის იყო! უი ნეტავი არც ოფოფი დაგეჭირა, შენის კარგად ყოფნით, და არც მე გავთხოვილიყავი.

– რა დაგემართა, რა ამბავია? მართლა სახე შეგცვლია, მკვდრის ფერი გადევს?

– რა კაი დამემართება ჩემი შვილის პატრონს?

ყოველგვარი ახალი ამბის მოყვარული ივანე შემობრუნდა, თხილის ჯოხი მუხლზე დაიდო და სმენად გადაიქცა, მაგრამ ახლა მართა შეეკითხა:

– ძატუ სადაა?

– სასახლეშია, ბაბო გაუხდათ ავათ და იმას უვლის, – სასწრაფოდ უპასუხა ივანემ, რომ ამბავი მალე მოესმინა.

– ჰო და თუ გადაედვა ბებიას ტიფი, მოსასვლელად კაცი არ მოვა აქ… – უკმაყოფილოდ შენიშნა ზურიკომ.

– გადამდები არააო, დოხტურს უთქვამს.

– სად შეეყარა საწყალს, ახლო-მახლო არ გამიგონია.

– რაც დიდი ქალბატონი როსკანი გარდაიცვალა, წყდებიან სულ. ჩემი გაზრდილისა და ამ ბაბოს მეტი არავინ შერჩათ.

– გაწყდებიან, აბა რა იქნება?! ცოდვამ პალიასტომი დააქციაო… – ისევ მწყრალად შენიშნა ზურიკომ, რომელიც უკვე ადგილს უთმობდა ახლად შემოსულ ბებიას.

ძატუ სასწრაფოთ მიესალმა მართას, ტკბილს სუთი მოურია და დაწყებულ ღერზე თხილს დაუწყო გულის აცმა.

– წამომყევი ერთი ბატონთან, იქნებ ის ბიჭი გამიჯოროს.

– რა შუაშია ბატონი, ბატონ-ყმობაა თუ? – წაიბუზღუნა ზურიკომ.

– შენ არვინ გეკითხება მაგას! – გაბრაზდა უეცრად ივანე. ბაბუის შენიშვნაზე ნაწყენმა ბიჭმა უკვე შემწვარი კვახი აიღო და გავიდა.

ძატუს საქმისათვის არ შეუშვია ხელი, ისე შეეკითხა:

– არ მეტყვი, გენაცვალე, რა მოხდა, რისთვის?

– რა მოხდა და ჩემმა შვილმა გამომიცხადა, ჭიათურაში მივდივარ სამუშაოდო, და შენ რაც გინდა ის ჰქენი ამ მიყრუებულ სოფელშიო. ამას მოველოდი ამ სიბერის დღეს?

– არ წავა! – გადაჭრით სთქვა ძატუმ.

– რაცხა შენი ბრალი იქნება, თვარა ჭიათურაში გამქცევს არ გავდა, გუშინ რომ ვნახე გედევანა, – დაუმატა ივანემ.

– ვაი ჩემი ცოდვა, შენც რომ ასე ამბობ, რაღა უნდა მეშველოს? – სასოწარკვეთილებით ამოიოხრა ქალმა და რამდენიმე ხანი სიჩუმე ჩამოვარდა. ივანე ისევ ჩიჩილაკს დაუბრუნდა, ძატუ თხილის უკანასკნელ კაკლებს აცვამდა ღეროზე.

– ნუ მეტყვით უარს, წამომყევით ბატონთან, იქნებ რამე მიშველოს, გასულელებული ბიჭი ჭკუაზე მოიყვანოს.

– ბატონის რა საქმეა, შენ ბიჭს ჭიათურაში უნდა წასვლა თუ ტრაპიზონში. ზურიკო მართალს ამბობს, ბატონ-ყმობა კი არაა ახლა – უპასუხა ისევ ივანემ.

– აბა ვისი საქმეა, ვინმესი საქმე ხომ უნდა იყოს?

ამ მოსაზრებას ივანემ ვეღარ გაუძლო და შერიგების კილოთი შეეკითხა:

– თითონ ბიჭი მაინც რას ამბობს, ჭიათურაში წასვლა რათ მომივიდა ჭკუაშიო?

– მოდი და შენ ელაპარაკე, გამოლენჩებულ ვირიკას – შვილს უნდა ვასწავლოვო. ფული მინდაო. გაიგებ რამეს ახლანდელი ბიჭებისას?! გადირიენ, გადიშალენ! ფულები უნდათ! სოვდაგრის შვილები გამომიჩნდენ მაგენიც! ერთი საწყალი თუმნიანი დამილანდა, შავი დღისათვის სამარხად მაქვს გადანახული, ვინ იცის კაცს რა დაემართება და შემომიჩნდა, შვილი ქალაქში მიმყავსო, ექვსი აბაზი მომეცი წუღას უყიდიო, თითქოს ქალამანი არ ეკადრებოდეს ჩემ შვილიშვილს! წლიდან წლამდე ფეხშიშველი დავდივარ მაგისთვის, მაგ გასაგლეჯისთვის, თვარა სხვა ვინ მყავს, მე თვალ დასაფსებს.

ივანემ გულიანად გადიხარხარა.

– რა გაცინებს, შე კაცო, მე ცეცხლი მეკიდება და შენ იცინი?!. – შეკრთა მართა.

– უი, ღმერთო კი მომკალი! – შეუტია ქმარს ძატუმაც. – ბიძაშვილი რჩევას გთხოვს და დახმარებას, შენ კი გიჟივით იცინი! რა პატიოსნებაა! თუ არ იცი რჩევა, გაჩუმდი მაინც.

– დაჯექი, დაჯექი! – დააშოშმინა ივანემ ფეხზე წამომდგარი მართა – ერთ ამბავს გეტყვი და მერე, რაც გინდა ის ქენი, შენი საქმეა.

– მაცა, შენი ჭირიმე, რა მეზღაპრება ახლა? გამიშვი, მე ჩემ საქმეს უნდა ვეწიო.

– მეიცა, ა, მეიცა! ამ შუაღამეზე რა საქმეს უნდა ეწიო და მე რომ გეტყვი, იქნებ არც ისე უსარგებლოდ გეჩვენოს.

მართა ჩაჯდა. ივანემ ჩიჩილაკი შეატრიალა-შემოატრიალა, გობზე ყალიონი გაიწყო და დაიწყო:

**

მთელ იმ მხარესაც და პატარა ცხრა კომლიან სოფელსაც ოლეთი ჰქვიოდა. იქ ერთ მოხუცებულ ქალს ვაჟი ჰყავდა. დედას გლახა შვილიც კი უყვარს, თორემ ისეთი ბიჭი, რა თქმა უნდა, თვალის ჩინს ერჩია. ტანადი, თვალადი, გულადი, მუშა და მგალობელი, მოცეკვავე და სოფლის ერთგული. დედას კი არა, ბებრებსაც იტაცებდა. მკაში, როცა წინ მიდიოდა გამგელებული, ყმაწვილები ეხვეწებოდენ, ნუ დაგვჩაგრავო, და ბებრები გახარებული უძახდენ ბარაქალას. როცა ხელებგაშლილი ჩამოივლიდა ორბივით, ახალგაზრდა ბიჭები წრეს უფართოებდენ, წამოჭარხლებული გოგოები კი წინ წამოიჭრებოდენ, იქნებ ჩვენ გაგვიწვიოს საცეკვავოთო და თავის სითამამით დარცხვენილნი, შემატყვეს გულისნადებიო, იმალებოდენ უკან რიგებში; და თუ გალობას დაიწყებდა, სანამ კი მიწვდება თვალი, შვილის საფლავზე გაფოფრილ დედასაც კი დაამშვიდებდა.

დედა ევედრებოდა ბიჭს, ერთი, შვილო, მომასწარი შენი ნაშიერი კალთაში გავიგორო და მერე მშვიდად მოვკვდებიო, მაგრამ ბიჭს მუდარა ხუმრობაზე გადაჰქონდა და ძველებურად არც შრომას იკლებდა და არც ნადირობას.

ასე იყო თუ ისე, დიდხანს იყო თუ ცოტა ხანს, ბოლოს დედამ შეამჩნია, რომ ბიჭი, მუშაობის დროს რაღაც ჩაფიქრდება, დაეყრდნობა თოხს იქნება თუ ცელს და სივრცეში გაიყურება; დილით ადგომა ეზარება და ლოგინში თვალმილულული აზმორებს; ან სხვებზე ადრე ნადშიაც კი მუშაობას მიატოვებს და ხის ძირში გაგორდება, ვითომ მძინავსო.

დედა ჩუმ-ჩუმად დედაკაცებს შესჩიოდა, უგუნებოთ მყავს შვილიო. ვიღაცამ შებედა და უთხრა, უჟმური ექნება აყოლილიო; გულიც მოუვიდა დედას, უჟმური შენ თვითონ გაქვსო, მაგრამ მარჩიელთან მაინც წავიდა და მისი რჩევით „შუბიანი თეთროსანი“ მოილოცა.

ბიჭს დღითი-დღე უფრო და უფრო ეტყობოდა, რომ რაღაც დარდი აწუხებდა. სახეს ფერი შეეცვალა, შრომას გულს ვერ უდებდა. სიმღერით აღარ იმღეროდა და ტოლ-ამხანაგებში გარევას გაუფრთხოდა. დედა აქედანაც შეუჩნდა, იქედანაც, და დედა რომ დაემშვიდებია, შემდეგი სიტყვა წამოაცდევინა:

– დედი, არ მინდოდა თქმა, მარა რადგან არ მასვენებ და შენ თვითონაც სწუხარ, გეტყვი, ერთი ქალი ვნახე, უმისოდ ცხოვრება არ შემიძლიაო.

– მერე შვილო, მაგას წინ რა უდგასო, კარგი თუა, შენც კარგი რამ გამიზრდიხარ, მაინც ვინ არის, როგორია და სადაურიო?

შვილმა უთხრა:

– არც ის ვიცი, ვისი შვილია, და არც ის ვიცი, სადაურია, ოღონდ მზე დათ არ ეკადრება და მთვარე ძმადაო. ორი ტევრი თმა გაშლია, ორი გედის ყელი მკლავებადო; გვრიტებს მიუგავს ფეხები და ნატერფალზე ვარდები იფურჩქნებიანო; თვალთა ელვარება კბილების შუქს უერთდება და უკუნეთ ღამეს დღედ გარდაქმნიანო. თითებს რომ ჩონგურს ჩამოჰკრავს, ზღვის ტალღები დადუმდებიან; ამდგარი – ალვის ხე არის, დამჯდარი – შველის ნუკრიო.

– შვილო, ალი არ მოგლანდებოდეს, არ დავიღუპოვო?

– რა ალი, დედი, რას ბრძანებ?! – ცოცხალი, ჩვენი ქალია, ერთხელ ხელზე მამთხვევია და მითხრა – ჩემი საწინდარი ეს იყოსო, თუ ჩემი ქმრობა გინდოდეს… მამიშენის ბეჭედი და… – ბიჭი შეჩერდა.

– იმ ბეჭედის შელევა კი მენანება, – ჩემი განსვენებულის სამახსოვროდ მეტი არაფერი გამაჩნია, მაგრამ თუ ასე არის, მიართვიო. ოღონდ უთხარი, შენი ისეთი ერთგული იყოს, მოყვარული და მორჩილი, როგორც მე ვიყავი მამიშენისო… კიდევ რა ნებავს, მითხარი შვილო, ისეთი რა უნდა იყოს, რომ ვერ ვიშოვოთ და, საწინდრად ვერ მივართვათო?

დედამ ბევრჯერ გაუმეორა კითხვა, ევედრა, მითხარი, ბეჭდის გარდა კიდევ რა ნებავსო, მაგრამ ბიჭი, თითქოს დაყრუვდა და გაშეშდაო, ხმას არ იღებდა.

კიდევ გავიდა ხანი. შვილი ცალკე დნება და დედა კიდევ ცალკე.

ბოლოს დედამ უთხრა:

– შვილო, ხომ მიყურებ, ისედაც დავბერდი და შენი მწუხარების მაყურებელს, სულ თავ-ტანი დამებნაო. მიშველე, გადამარჩინე ერთი, მე შენი ბედნიერება მინდოდა სიბერის დღეს მენახა და ისე მაინც ნუ მომკლავ, რომ ყველაფერი ვსინჯო, შენ ისევ გონზე და გუნებაზე მოგიყვანოვო. ხომ იცი, დედის გულს შვილის ჭირ-ვარამი საფლავშიაც არ მოასვენებსო.

შვილი მაინც ნამდვილს არ ეუბნებოდა, მხოლოდ ხუმრობით ანუგეშებდა.

– დედი, რა შემატყვე სამაგისო, ჯანზე და ღონეზე კარგად ვარ, სატირლად რად გამამზადე, ცუდს რასმე რად მიქადიო.

დედა თავისას არ იშლიდა.

– შვილო, ერთი გული მაქვს, თუ გჭირდება, ისიც წაიღე, შენზე წინ მე რომ მოვკვდე სჯობია, ვიდრე შენს უბედურებას შევესწროვო. დედ-მამა კვდება, შვილი რჩება, ყველგან ასეა და მითხარი თორემ საცოდაობა მოხდება, ვატყობ შენი დამტირებელი მე ვიქნები, და ეს ღმერთსაც გაარისხებს და კაცსაც, და მეც დამწვავს და ჯოჯოხეთს აქვე შენ გამიჩენო.

ასეთ ლაპარაკს ერთი დღე გაუძლო ბიჭმა, ორი დღე გაუძლო, მაგრამ ბოლოს, როცა არ იყო, ბიჭმა უთხრა:

– ის ქალი შენს გულს თხოულობს, სენი რამ მჭირს და მხოლოდ დედაშენის გული მომარჩენსო.

ერთი კი შეკრთა მოხუცი ქალი, მაგრამ წამოწვა. შვილმა რომ ვერ მოახერხა, თვითონ გაიჭრა მკერდი, ამოიღო და შვილს მისცა. მალე გაიქეცი, თორემ სისხლიდან დაწდება გული, მოკვდება და, იქნება, აღარ გამოადგესო.

გაიქცა ბიჭი. ორმაგი უბედურება იყო მის თავს. აქ დედა უკვდებოდა, იქ კი ავადმყოფი სატრფო ამდენ ხანს ელოდა თუ არა, არ იცოდა. თავი ატკივდა, გონება აერია, თვალთ დაუბნელდა, სირბილის მაგიერ მთვრალივით მიბანცალებდა, ქვას წამოედვა და დაეცა. როცა წამოდგა და იფერთხებოდა, უბის ჯიბიდან გაიგონა დედის გულის ხმა:

– შვილო, მუხლის თავი ხომ არ გეტკინაო?

– არა, დედა, არაო! – დაიძახა ბიჭმა და უმატა ნაბიჯს.

მივიდა იმ მზეთუნახავ ქალთან, დაიჩოქა და ბეჭედი გაუწოდა.

– უი, თვალი კი დამემსოს, რამოდენა ყოფილა თითბრის ბეჭედიო! ჩემს თითებს ეს ეკადრებაო! – და ფეხის ცერზე წამოიცვა და ბიჭს საკოცნელად გაუწოდა.

ბიჭი როცა დაიხარა ცერზე საკოცნელად, უბის ჯიბიდან გაიგონა:

– უი, ვინ ხართ მადლიანი, უშველეთ ჩემს ნასათუთევ შვილს, როგორ ჩაგრავენ, დაეხმარეთ, დამეღუპებაო!

ახლა კი მოვიდა გონზე ბიჭი, წამოხტა, ველ-მინდორი – ირმად გადირბინა, მთა-კლდეები – არწივად გადიფრინა, ზღვა და მდინარე – კალმახად გადასცურა, და დედასთან გაჩნდა, გული საგულეში ჩაუდვა და შეევედრა:

– მაპატიე, დედა, ვერ დაგაფასეო!

– მადლობა გამჩენს, რომ გადაგარჩინეო! – ჩუმად სთქვა დედამ და სული განუტევა.

ბიჭს აქ დედა საფლავში ჰყავს და იქ ბეჭდით დაჭერილი ქალი.

ივანემ ნელ-ნელა დაბერტყა ჩამქრალი ყალიონი, მიუბრუნდა ზურიკოს, რომელიც ზღაპრის მოსასმენად მოსულიყო, და ჰკითხა:

– შენი განათლებული კაცები არ გეუბნებიან, რატომ არის სოფელ-ქვეყანაში ამდენი თვალთმაქცობა, შეცდომა, ტანჯვა და სიყვარული?

და რადგან კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, ვერ მიიღო, დიდხანს თვალებშიაც უყურა, იქნებ იქ ამოვიკითხო რამეო, მაგრამ ეტყობოდა, ყმაწვილი ბიჭი თვით აძლევდა კითხვას და ივანემ ჩაფიქრებით, დინჯათ, თითქოს თავისთვის, დაასკვნა:

– ასეა ეს წუთი-სოფელი! მარა კაი კაცს, ხსენება მაინც დარჩება კარგი; ცუდი ჩაძაღლდება, და ეს არის სამოთხე და ჯოჯოხეთი. მაგრამ დედის სიყვარულზე უფრო საიმედო არაფერია! აბა!

– ახლა შენ რა გინდოდა მაგით გეთქვა? – ვერ მოითმინა ბოლოს მართამ, – ვითომ მე გლახა დედა ვარ, არა? თუ კაი კაცი ხარ, აბა შენ მოგვარიგე…

– მე თქვენი მორიგების თავი არ მაქვს, თუ მორიგება გინდათ, თქვენ თვითონ მორიგდებით უჩემოდ, ოღონდ კაის იზამ, თუ ექვს აბაზს წუღისთვის მისცემ და ერთ-ორ აბაზს კიდო დაუმატებ, – პატარა ბიჭს უცხო ქალაქში ჩაიყვანებენ, რამდენ რამეს დაინახავს – შაქრიყინულს, ბუბლიკს, წიგნს, რვეულს – ერთი მაინც უნდა იყიდოს, თვარა გული გაუფუჭდება, ცოდვაა…

მართამ ერთხანს კიდევ იწუწუნა და, როცა ჩაფიქრებულმა ზღურბს გადააბიჯა და ცაცხვის ძირში ზურიკო დაინახა ჰკითხა:

– ისწავლის მაინც რამეს, ღირს, რომ მას გადავალიო ყველაფერი?

– რატომ არ ისწავლის, დიაღაც ისწავლის… კაცი გამოვა და გადაგიხდის, ბები, შენს ამაგს, – უპასუხა ყმაწვილმა.

– გადახდას ვინ ოხერი ითხოვს, ოღონდ ტყვილა არ დაეკარგოს საწყალ ჩემს შვილს ამდენი სიმწრის ოფლი.

**

ბაბუასა და შვილიშვილს შორის „მცირე რამე სამდურავი“ ხშირად იჩენდა თავს: სამოცი წლის განსხვავება, რა თქმა უნდა, ჰქმნიდა ხილულ და უხილავ სხვადასხვაობას ჩვეულებისას, სიტყვა-პასუხისას, რწმენისას, მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ შესარიგებლად ყოველთვის პირველად ივანე წამოიწყებდა რასმე.

მეორე დღეს, როცა ზურიკო ხის ძირში დაინახა, წიგნის კითხვაში გართული, ივანე მივიდა და უთხრა:

– ბიჭო, ჩემს ზღაპრებს რო ისმენ, ერთი შენი წიგნების ამბავიც მითხარი რამე.

– კი, ბაბუ, თუ გინდ ახლავე…

– რა წერია მაგ წიგნში?

ზურიკომ აიღო წიგნი და წაკითხვა მოინდომა.

– ა, არა, შვილო, მასე ვერაფერს გავიგებ… თვალებში თუ არ მიყურე, ისე რაა ნათქვამი?

– კაი, ბაბუ, გიამბობ, ოღონდ ზოგჯერ ჩავიხედავ, რომ გავიხსენო.

– რავა, ზეპირად არ იცი?

– არა. ბაბუ.

– ცოდვაა, თუ სიტყვა შეცვალე! მაგი რას გავს, მატყუებ თუ? აბა მიამბე მაინც.

და სანამ ზურიკო უამბობდა, თვალების ფახურით, ტუჩების ცმაცურით, კრინტის დაუძრავად ისმენდა და, როცა დაამთავრა შედარებით გრძელი მოთხრობა, ივანემ გულის ტკენით შენიშნა:

– ეს ამბავი მასე არ იყო.

– როგორ ბაბუ?

– რავა და მაგ ამბავი მეც გამიგონია, გრძელია და იშვიათად ვამბობ, მარა მასე არ არი. რავა შეიძლება?! ა, არა.

– აბა, შენ მიამბე, ბაბუ…

– კაი, მარა დიდხანს მოუნდებით.

– რა უჭირს მერე, მე მოგისმენ და ჩავიწერ.

– არა, ეჰ! მე ვერ გეტყვი, შენ თუ წერა დაიწყე… ქვას, ხეს ველაპარაკო? რათ მინდა ასეთი თქმა? ქაღალდი მაინც ვერ აიღებს ნათქვამს.

– აბა ბაბუ, წერა-კითხვა მავნე ყოფილა?

– არა, შვილო! მაგრამ შენ რომ წერ, ან შენთვის რომ კითხულობ, კარგია, თორემ კითხვის სმენას და კარნახობას რა ფასი აქვს? მე ასე ვიცი. მიჩვევაა ყველაფერი!

– აბა რა უყო, აქ რომ გიმნაზიელია, იმან მთხოვა, ჩაიწერეო?

– მოვიდეს და თვითონ მოისმინოს.

– დაუძახებ!

– კარგი, დაუძახე, – უკმაყოფილოდ შენიშნა ივანემ.

დაჯდა ცაცხვის ძირში. ჩვენც შემოუსხედით. მე არც მიცდია, რაიმე ჩამეწერა, რადგან წინად შევამჩნიე, რომ თუ წერას დავიწყებდი, ენა ბორძიკს უწყებდა, სიტყვები ავიწყდებოდა, ცდილობდა ჩემი ყურადღება ისე მიეპყრო, რომ მისთვის სახეში მეყურებინა და ბოლოს სრულიად სწყვეტდა ლაპარაკს; და ახლა, როცა გაეგო, რომ ნაამბობს მაინც ვიწერდი ან ვისმე ვაწერინებდი, არ სიამოვნებდა და პირველად უგულოდ დაიწყო, ხოლო შემდეგ გამოცოცხლდა. თხრობის დამთავრების შემდეგაც მე შენიშვნები არ გამიკეთებია – ჩემი მასპინძლის ქალის – ბაბოს ავადმყოფობამ შემიშალა ხელი.

მას შემდეგ ორმოცდაათამდე წელმა განვლო. ცხოვრების „ქარმან სასტიკმან“ იმდენი გამოფიტა და გაანიავა მეხსიერებიდან და თან იმდენი ნალექი დააყარა, რომ ნაამბობის პირველყოფილის მარტივი და სადა ხასიათის დაცვა ფუჭედ ჩამიარდა.

და მე ვწერ ივანეს ნაამბობს, როგორც ჩემს ბუნებას გადაუმუშავებია და ჩემს კალამს შეუძლია.

**

განათლების დასამთავრებლად საზღვარგარეთ ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნებული ედიშერ ჯიმშერის-ძე აბჟანდაძე ადრე დილით დედაქალაქში ჩამოვიდა. მოდიოდა და დიდის დაკვირვებით გარემოს სინჯავდა.

ახალგაზრდა კაცი, ტანზე თავისუფლად მომდგარ ლურჯ ჩოხაში გამოწყობილი, – როგორც მაშინ ხელოვანნი ატარებდენ, – ფერმკრთალი და დიდთვალებიანი, თითქმის უიარაღო (შავტარიანი პატარა ხანჯლის მეტი არაფერი ეკიდა), ნელა მიდიოდა ქალაქის ქუჩაში და ყურადღებით ათვალიერებდა მიდამოს. ვიწრო, ბინძური ქუჩები არ აკვირვებდა, – ასეთი იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის მოგზაურობის დროს ნანახი ყველა ქალაქიც. სწყინდა, რომ ცოტა სჩანდა ხალხი და ვინც ხვდებოდა, მასაც მოწყენილი და უღიმღამო სახე ჰქონდა.

მეფის სასახლეს რომ მიუახლოვდა, შეჩერდა, დიდხანს უცქერდა.

– დიდია და ულაზათო, – ფიქრობდა ყმაწვილი, – მძიმედ დასწოლია მიწას. არ ჰგავს ჩვენებურ ნაგებობას – ნათელს, მსუბუქს და გარემოსთან შეხამებულს. მასალა მეტია დახარჯული, ვიდრე შედეგია მიღწეული, ნაფიქრი უფროა დიდების შთაბეჭდილების მოსახდენად, ვიდრე შექმნილია გულის ნადების გამოსახატავად.

ჭიშკარში დარაჯმა შეუშვა ყმაწვილი, სასახლის კიბესთან მეკარეებმა შუბები უხმოდ გადახლართეს. მხოლოდ გვერდის ბნელი დერეფნიდან ვიღაცამ დაიძახა:

– გამოუშვით! – და წინ შეეგება კარისკაცი, – მობრძანდით, ბატონო ედიშერ, მობრძანდით, კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა!

ედიშერმა დამხდური ვერ იცნო.

– გმადლობთ, ბატონო, ხომ შეიძლება მეფეს ვეახლო? წესიც ასეთია, მგონი, ახლა შემოღებული.

– კი, ბატონო ედიშერ, მობრძანდით, განკარგულება უკვე მომცა სახლთუხუცესმა. ცდა დაგჭირდებათ ოღონდ: ჯერ მეფე არ გამობრძანდება, – დარბაზის კარებამდე მიაცილა. – ვეღარ მიცანით, ბატონო ედიშერ?

ედიშერი დააკვირდა.

– ოდესღაც თქვენთან ვსწავლობდი გელათის მონასტერში.

– გიორგი, შენა? რაღა ბატონობით მომმართავ? ვერ გიცანი სწორედ, რას შვები, როგორა ხარ?

– გახლავარ, როგორც შეეფერება ჩემს სწავლას, გვარს, მაგრამ არა გულსა და ოდინდელ ოცნებას.

ედიშერმა სიფრთხილით მიმოიხედა.

– თქვენ კი მოიარეთ ქვეყანა, განათლდით და ახლა შესაფერსაც მოიმოქმედებთ. ახლა კი მიბრძანდით, გნახავთ, თუ ნებას მომცემთ.

– უსათუოდ, უსათუოდ მნახე. ახლა სოფელში მივდივარ და რამდენიმე დღის შემდეგ ჩამოვალ.

– ნახვამდის!

– გამარჯობა! – და ედიშერი შევიდა დარბაზში.

დარბაზის კედლებს გასწვრივ მიჰყვებოდა გრძელი ტახტები. მათ წინ აქა-იქ იდგა მაგიდა, რომელთა წინ ზოგი იდგა, ზოგი ირგვლივ იჯდა და თავაზიანად და თავდაჭერით მუსაიფობდნენ. ედიშერის თვალები ყელზე საბელგადადებულმა განმარტოებით მჯდომმა კაცმა მიიპყრო.

ვაჟკაცობას არ იყო გადაცილებული და უკვე მოხუცების იერი დასტყობოდა: შავი, სქელი წარბები შეყრილიყვნენ. თვალები წყნარად, დაკვირვებით მიმოიხროდენ. სახეს ფერი გაშავებოდა და ახლად გაკრეჭილ წვერულვაშს ფუფუნება არ ემჩნეოდა – ულვაშები აღარ იყო დაგრეხილ-გაწკიპული, როგორც თანამყოფთ ჰქონდათ. წელში მოხრილი იჯდა და იატაკზე ყავარჯენს უსვამდა; ზოგჯერ ხაზავდა, სწერდა და შემდეგ ნაჩქარევად შლიდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყავარჯენი კვალს ვერ დასტოვებდა.

დამხდურებმა ფარულად დაუწყეს მოსულს შეფასება.

– ა, შეხედეთ, ეგერ ჯიმშერ აბჟანდაძის ვაჟი მობრძანდა, ედიშერი.

– მამასავით თავხედი უნდა იყოს, არც იარაღი ჰკიდია და არც მხლებლები ახლავს.

– მგოსანიაო, თუ მხატვარი.

– ქვეყანა კი მოუვლია, ოღონდ თუ რამე ჩამოიტანა.

გასინჯავს მეფე-მწყალობელი, მიუჩენს თავის ადგილს…

მამა თუ ექიმობას არჩევდა, შვილს რა უჭირს იკალატოზოს.

ზოგი ოქრომჭედელს ეხვეოდა, რომელსაც მეფისათვის წურწუმა და მოჭედილი ყანწები მოეტანა.

შემართება იცი შუბის ვინც შემართა წვერი შუბის,

მას ებოძოს ჯილდო მეფის. და მიიღე ჯილდო მეფის.

ჯირითისთვის მიწყალობა

დღე-გრძელი იყოს მეფობა.

ამოიკითხეს ყანწებზე და წურწუმაზე ულაზათო ლექსები.

– უჩვენე დიდ ოსტატს, – ურჩია ოქრომჭედელს ვიღაცამ.

– რა მაგის თავი აქვს, თავისი ცეცხლი სწვავს.

– მაინც უნდა ვაჩვენო.

ხუროთმოძღვრისკენ წავიდენ.

ედიშერიც გაჰყვა.

ოსტატმა შეხედა წურწუმას. მხრები აჩეჩა.

– წურწუმა პირსაბანი წყლის დასასხმელი ჭურჭელია. ის უჭირავს ჯერ უმწიფარ ფარეშს, უფრო ხშირად კი ახალგაზრდა ქალს. წყლით სავსე ამ წურწუმას კი გოლიათი თუ დაიჭერს. მაშ რიღასი მაქნისია? იგი გამოდგება ან ფუნდუკის აბრად ჭიშკარზე, ან ბაღის აუზში, თუ წურწუმას შიგ შადრევანსაც მოუწყობ. ყანწები კარგი იქნებოდა, რომ ეს საშინელი ლექსები არ მიგეწერა.

– მე მოშაირე არ ვარ და უკეთესი არავინ დამიწერა. სამი ბათმანი ვერცხლი მომცეს და მითხრეს, მთელი ამ ვერცხლის გააკეთეო. რაღას ვიზამდი?

– შენ შვილო, ამბობ როგორც ხელოსანი, ხოლო ხელოვანი საკუთარი გონებისა და გრძნობის კარნახით მუშაობს. ვინც შრომას დაგიკვეთს, მან მხოლოდ სურვილი უნდა გამოთქვას და არა გადასწყვიტოს, თუ როგორ შესრულდეს…

კარისკაცები ჩამოშორდენ მათ, რომ კადნიერი სიტყვების მოწმენი არ ყოფილიყვენ.

შიკრიკმა ოქრომჭედელს აცნობა, მეფე შენის ნახელოვნებით გეძახისო.

– ბედნიერ ბრძანდები, ცოლშვილი არ გყავს, – წასვლის დროს უკანასკნელად თავის გასამართლებლად უთხრა ხელოსანმა ოსტატს.

– შეიძლება მართალს ამბობდე… ბუნებითი ნიჭიც გქონია და შრომის უნარიც, მაგრამ საქმის სიყვარული გკლებია და აი რას აკოპიტებ, – ლმობიერად უპასუხა ოსტატმა მიმავალ ოქრომჭედელს და ისევ ფიქრს მიეცა.

დარბაზში შესვლისთანავე ედიშერს ამ ყავარჯნიანისაკენ ჰქონდა პირი.

– სალამი თქვენდა, დიდო ოსტატო!

ყავარჯნიანი ერთ წამს უგრძნობლად უყურებდა მოსულს.

– ჰმ დიდი!

– ვერ მიცანით – ედიშერ აბჟანდაძე?

– აჰ, გაგიმარჯოს, ედიშერ! – წამოდგომა სცადა, გაუჭირდა და ისევ ჩაჯდა.

– მომიტევეთ!

– ბრძანდებოდეთ, ბრძანდებოდეთ! როგორ გიკითხოთ?

– რაღა საკითხავია?!

ედიშერმა მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ მობაასეს მარჯვენა ფეხი და მარცხენა ხელი არ ჰქონდა.

– მაპატიეთ, მე არა ვიცოდი რა…

– არ გეცოდინებოდათ, ეს ორი წლის წინ მოხდა.

– მე დღეს მოვაღწიე ქალაქს. აქ გამოცხადებაც არ მინდოდა, ისე უნდა წავსულიყავ სოფელში, მაგრამ დედა-ბატონის ბარათი დამხვდა, მეფეს უეჭველად გამოეცხადეო. სახლთუხუცესმაც დამარწმუნა ასეთი ჩვეულება შემოიღესო.

– და რა მოგაჩქარებდა!

– სამშობლოში?

– ჰო, სამშობლო კარგია, ვისაც აქვს, და არა სატანჯო.

– რაც არ უნდა იყოს, ჩვენვე ჩვენსავე ზურგზე უნდა გადვიტანოთ. უბედურება ყოველთვის შესაძლოა, მაგრამ მოთმინება და ისევ თავისი ხელობით დაკმაყოფილება, – ვითომდა ანუგეშებდა ედიშერი.

– ეს უბედურების შედეგი კი არ არის, არამედ სამშობლოს კანონისა თუ უკანონობის, – და რადგან ედიშერს სახეზე სრული გაუგებრობა გამოეხატა, დაუმატა: – ორჯერ ჩამოინგრა ჩემი აშენებულო ციხე და გადამიწყვიტეს ხელფეხის მოჭრა. მაგრამ ყოველივე ამას შემდეგ გაიგებ, ასე ერთის თქმით გაუგებარია. მეტს ჩემზე ნუ ვილაპარაკებთ, აღარ ღირს. ახლა თქვენი მითხარით, რა მოიტანეთ, რა აზრით მოდით?

– ჯერ სოფლად მინდა წავიდე, მამაკაცს მოკლებულ ოჯახს ბევრი რამ აერია უსათუოდ. ყმა და საპატრონოც დაუძლურდა უეჭველია და მსურს ყოველივე ფეხზე წამოვაყენო. მერმე კი შევეცდები ჩემი ცოდნით ქვეყანასაც გამოვადგე.

– კარგია, კარგი! მამაშენი ჩემი მწყალობელი და მეგობარი იყო, სანამ მე მეფის კარად არ დავიწყე მუშაობა და იგი კი სოფელში გადაბრძანდა. შენც, ახალგაზრდავ, მომიგონებდე და მწყალობდე, თუ სადმე შეგხვდე.

– ახლა რა გნებავთ?

– მეფეს ვთხოვე, ცალკე მოესმინა ჩემთვის, მხოლოდ ამიტომ ეს საბელიც გადავიგდე, რომ ცოტათი მაინც მისი სურვილი და წესი ამესრულებია, მაგრამ ეტყობა, მაგალითისთვის საჯაროდ უნდა დამტუქსოს და სათათბიროში არ მღებულობს.

გაიღო კარი და კარისკაცმა საზეიმოდ განაცხადა:

– დიდი ბატონი მობრძანდება!

ღიმილი გაჰქრა; ბაასი შეწყდა.

ჩქარის ნაბიჯით, მშფოთვარე მიმოხრით გამოვიდა ნაღვლიანი სახის პატარა კაცი, ოდნავ თავის დახრით მიესალმა ღრმად თავდახრილ საზოგადოებას და ყავარჯნიანს მიმართა შორიდან:

– რა, გააკეთეთ უკვე?

– გამანთავისუფლეთ!

– კიდევ არ დაგიწყიათ მუშაობა?! – აღშფოთებით წამოიძახა მეფემ, – მეორე ხელსაც დაჰკარგავ და სიცოცხლესაც.

– რაც გნებავთ, ოღონდ არ შემიძლია…

– რა გიშლის ხელს?

– თქვენ! – იყვირა უკვე ხუროთმოძღვარმა. – სძაგს ყველას ეს თქვენი ციხე, ჰგონიათ, რომ მტრის მაგიერ შიგ მათვე ჩაახრჩობთ… – საბელი მოიგლიჯა და გადააგდო.

– დილეგში! – ახლა კი სრულიად მშვიდად უთხრა მცველების უფროსს მეფემ. შებრუნდა და თავის შიდა ოთახებში მიიმალა.

ყველანი ისე გაუჩინარდენ, თითქოს ქარიშხლის დროს აბედის კვამლი ყოფილიყვენ.

მხოლოდ ედიშერი გაფითრებული და აღელვებული ამშვიდებდა:

– დაწყნარდით, ნუ იღუპავთ თავს… ჯერ კიდევ რამეს მოვახერხებთ.

– დილეგში სჯობია თქვენს კარზე ყოფნას! – უფრო და უფრო ყვიროდა ხუროთმოძღვარი და ახალგაზრდის მუდარას ყურადღებას არ აქცევდა, სანამ მხლებლებმა არ გაიყვანეს. მცველების უფროსი მეფესთან შევიდა. მეფემ მაგიდიდან აღებული თითბრის მუშტი გადასცა და უთხრა:

– გესმის?

– მესმის, ბატონო.

– მხოლოდ უხმოდ.

დამწუხრებული, აღშფოთებული და ჩაფიქრებული ედიშერი კიბეზე ჩამოდიოდა, როცა კარისკაცი დაეწია და მოახსენა, მეფე გთხოვთ, სათათბირო ოთახში მობრძანდეთო.

ედიშერმა თავი დაუკრა და შებრუნდა.

– კარგ დროს მომისწარით, – პირდაპირ მიმართა მეფემ, – თქვენისთანა კაცი სწორედ ახლა მჭირდება. ციხის აგებაში უნდა დამეხმაროთ, მდგომარეობა დაყოვნებას ვერ ითმენს. მშენებლობას მე თვით უხელმძღვანელებ; თქვენ ჩემი დამხმარე და ამ საქმეში მოადგილე იქნებით.

– მეფეო, როგორ შეგკადრო უარი, მაგრამ ციხის შენება ჩემთვის უცხო რამაა.

– თქვენ ესეც გისწავლიათ უეჭველია, ტყუილად ხომ არ ათვალიერებდით ასეთის დაკვირვებით კრემლსაც და ტიურინსაც.

„ჯაშუშები კარგი ჰყოლია… თუმცა ასეთ წვრილმანებს თუ აქცევდენ ყურადღებას, ნამდვილი და საჭირო გამორჩებოდათ“, – გაიფიქრა ედიშერმა.

– საქმეს ახლავე შეუდექით, დრო ისედაც მცირეა, ჩვენ ცნობები გვაქვს, რომ მტერი ემზადება და დღეს თუ ხვალ დაიძვრება ადგილიდან. ნახაზებს ვეზირი მოგართმევსთ და გაარჩიეთ, შეასწორეთ. კირის საწვავი, ქვის სატეხი თქვენ პირადად აირჩიეთ. ჩასაკირავ ადამიანს შენ გვიშოვი, ვეზირო.

– როგორ? – უეცრად კიდევ უფრო შეკრთა ედიშერი. – ჩასაკირავი ადამიანი, მეფე მწყალობელო?!

– ჰო, ადამიანი უნდა ჩავკიროთ გალავანში… არ დამიჯერა ოსტატმა და კიდეც თავზე დაენგრა ორგზის ეს კედელი…

– მეფეო, რაღაც ასეთი კი მსმენია სადღაც შორს ჩვენის ქვეყნიდან, მაგრამ ჩვენში ასეთი რამ არ ყოფილა.

– იმიტომაც ამ ქვეყანას ანგრევს და აწიოკებს ყოველი გამვლელი ძლიერი და ზოგჯერ უძლურიც. ციხე უნდა გვექნეს ურყევი და მაშინ ხალხიც იქნება უძლევი.

– მეფეო, კიდევ მაპატიე კადნიერება, მაგრამ სვეტიცხოველსა და ბოლნისს ვერაფერი დააკლო საუკუნეებმა.

– ეს ჩვეულება რაღაც შელოცვაა თუ ჯადოსნობა, იგი ძველია, როგორც საქართველო, და მიკვირს, მამათქვენის შვილი როგორ უარყოფთ!

– არც მამისაგან, არც ვისმესგან ასეთი რამ მე არ მსმენია… ასეთი სისასტიკე არც შეეფერება ქართველის ხასიათსა და სხვა ჩვეულებებს…

– ასეთი ჩვეულება რომ არსებობს, თქვენმა ნალეკარმაც დაადასტურა, – დაახმარა სიტყვა მეფეს ვეზირმა.

– მაშ ახლა წახვალთ, დედა-თქვენს ქალბატონს ეახლებით, ჩემგანაც მოიკითხავთ, გადახედეთ თქვენ მამულს და მალე მობრძანდით.

მეფე შებრუნდა და ჰარამხანისკენ წავიდა, გზა და გზა მხლებელს უბრძანა, მოცეკვავეები და მომღერალნი მოიყვანეო.

ღრმად თავდახრით ვეზირი და ედიშერი უცდიდენ, სანამ მეფე არ მიიმალა.

– თქვენ, ვეზირო, მართლა გითხრათ ჩვენმა ნალეკარმა, ადამიანის კედელში მსხვერპლად ჩაკირვა ქართული ჩვეულებააო?

– მე თვით მომისმენია ნალეკარის ნათქვამი, მაგრამ როცა ოსტატმა უარი სთქვა, ამისათვის ხელი მოაჭრეს, აქ ჩოჩქოლი ატყდა, ძველ კაცებს დავეკითხეთ, სხვათა შორის ნალეკარსაც და მან გაგზავნილ სანდო პირს უთხრა, დიახ, მართალია, ასეთი ჩვეულება არსებობდაო, ოღონდ დიდი და დიდი ხანია, რაც გადავარდაო.

ედიშერი ღრმად ჩაფიქრებული ჩადიოდა კიბეებზე, რომ ბავშობის ამხანაგს გიორგის შეხვდა.

– გიორგი, თვალყური გეჭიროს ბენედიქტე ოსტატზე, – ფრთხილად უთხრა ედიშერმა.

– ვიცი, – მოკლედ მოუჭრა გიორგიმ, – მე უთხოვნელადაც ყველაფერს მოვიმოქმედებ.

– უნდა მაჩვენო…

– ვეცდები, თუმცა არ დაგიმალავ, უდიდეს საფრთხეში იგდებ თავს და მეც მაგდებ…

არც კი შეუმჩნევია, რომ ჭიშკართანვე უცდიდენ მსახურნი, ჭაღარა შერეული უფროსი ძიძიშვილით, რომელმაც საყვედურით შეხედა, რად არ გამომიყოლე თავიდანვე და თავი მაძებნიეო.

ამ ციხის შენება არ იყო მისთვის სასურველი. არც ხალხს უნდოდა იგი, და ოსტატის სიტყვების შემდეგ თვითონაც იჭვიანობდა, ვაი თუ ჩვენივე საპატიმროდ გადიქცესო. მართალია, ციხის მშენებლობა არ იყო მისი სპეციალური საგანი, მაგრამ საკმაოდ მაინც ჰქონდა შესწავლილი. ძლიერ ბევრი გულდასმითაც დაეთვალიერებია. როგორც ოსტატი ამ მშენებლობას არ ერიდებოდა. პირიქით, როცა თავს ადარებდა იმ პირებს, რომელთაც შესაძლებელი იყო მინდობოდა ეს საქმე, ის თავის თავს მაღლა აყენებდა, სრულიად გულწრფელად და პირუთვნელად. მაგრამ, თუ კარგი გამოვიდა, მეფე თავის თავს მიაწერს, თუ რამ ცუდი შეემთხვა, ედიშერს მოახვევენ თავზე და თუმცა ისე ადვილად ვერ გაუბედავენ მოსჭრან ხელი ან ფეხი, როგორც მდაბიო ოსტატს უყვეს, მაგრამ როგორ დასჯის, როგორ მოეპყრობა მეფე – გაურკვეველი და მეტად სახიფათო სჩანდა.

კიდევ ეს საშინელებაც ემატება, – ცოცხალი კაცის ჩაკირვა. ბრძოლაში მტრის, თუნდაც გაშმაგებულ გულზე შეურაცმყოფელის, მოკვლა არაფერია. სხვა საშუალება რომ აღარსად არის, იქ მალულად ხანჯლის ჩაცემა ან საწამლავის ჩასხმა, ამასაც თითქმის ურიგდებოდა ედიშერი, მაგრამ ცოცხალი ადამიანის ჩაკირვა… ედიშერს თვალწინ უდგებოდა, როგორ იბრძვის კბილებით, ხელებით კაცი, როგორ ძალით სტენიან გაბოროტებული მუშები ადამიანს. იქვე კი გდია გაფოფრილი დედა, და, ცოლი, ბავშები.

მიუბრუნდა და მხლებელს უბრძანა.

– გაიარე ჩქარა და მოამზადე… საღამოსვე წავალთ შინ.

– ვერ მოვასწრებთ, ბატონო: აქლემები უკანვე უნდა დავაბრუნოთ და მათი საპალნეები ცხენის საპალნედ შევკრათ. ჩვენ ცხენები არ გვყოლია და მოქალაქეთა ცხენებს ვქირაობთ. მათ კი დაჭედვა დასჭირდება.

– ხვალამდი არ მოესწრება?

– არა, შუაღამისათვის მოვასწრებთ.

– კარგი… თუ არ შეიძლება…

– მთვარეც ამოვა. ხვალ სიცხეს გამოქვაბულში გადავიჩრდილებთ და საღამოს ქალბატონს ვეახლებით.

ედიშერმა ისადილა, მოისვენა და ისევ ქალაქის დასათვალიერებლად გამოვიდა. შუაღამემდე ბევრი დრო დარჩენოდა. სადღაც განაპირას მაღლობიდან ქვევით მიმავალ ქუჩას დაადგა. ქუჩაზე მეურმეები ჩამომსხდარიყვენ, მთვარის მოლოდინში ჩირაღდანი აენთოთ და პურ-ღვინოს შეექცეოდენ. ყური დაუგდო:

… „და რა ყოფილა მერე… ყველაფერი მიუხლია პირში თამამად, დალაგებით. ხალხს ყველაფერი შეუძლია, ოღონდ შენი არ სწამსო. ვერ ამოურჩევია, შენ, შინაური მტარვალი, სჯობიხარ თუ სათარეშოდ მოსული უცხო მტერიო. მუშაც გამოინახება და თავდადებულიცო. დორბლებს ჰყრიდა თურმე. მეფეს დილეგში ჩაუგდია… იქ გველებია, თურმე კოჭებამდე წყალი სწვდება. სახეზე ვირთხები დაუდის… დაბრმავებულა კიდეც, მაგრამ ვერ დაითანხმა მეფემ მაინც, ცოცხალი კაცი საძირკველში მოაქციოს.

– ეჰ, ძია, მშვენიერი ცხოვრებისათვის…

– რა მშვენიერი, ბიჭო?

– აბა დაუკვირდი: თუ რამე მოიყვანა მიწამ, – მათ მიაქვთ, რადგან სარჩენი ჰყავთ ბევრი. კარგი ცხენი მეფეს მიჰყავს – ჯარისთვის და კარგი გოგო თუ დაიბადა, დიდი ხელმწიფე წაიყვანს – მისი რჯული ნებას აძლევს ბევრი ცოლი იყოლიოს. და ჩვენ რათ გვინდა პური – სარჩენი, თავისთავის მეტი არავინ გვყავს! ცხენს ვინ მოგვცემს – ჯარი ხომ არა გვყავს, რჯული ბევრი ცოლის ყოლის ნებას არ გვაძლევს და ერთი ბრუტიანი განა არ გვეყოფა!..

– ეჰ ჩალით არის დახურული ქვეყანა!

– ჩალით კი არა, ანწლით, ბაბუა, ანწლით!

– თუ ანწლითაა, აჰკარით ხელი და აარღვიეთ ის წყეული სახურავი! ჯეელები არა ხართ?

– შენს პირს შაქარი! მაგრამ ამის დროც დადგება… რია, რია, გავიტანთ ყველაფერს!..“

ყველგან ცუდი ნიშნებია, – ფიქრობდა ედიშერი, – მწუხარება დიდია; უსამართლობა კიდევ მეტი. და ეს დუღილი მეფეს თუ მიწვდა მარტო, ხომ კარგი, თორემ ჩვენც შეიძლება ზედ მიგვაყოლოს.

**

დედაკაცები რომ შეიკრიბებოდენ, ზურგს უკანაც კი სალომეს ქებაში იყვენ:

– ძალიან მოახერხა, სწორედ ძალიან მოახერხა, ასე ქვრივ-ოხერმა რა ბიჭი გამოზარდა. მართალი რომ თქვას კაცმა, სიტყვა-პასუხით, თვალ-ტანადობით თუ სხვებს სჯობია, თორემ არავის ჩამოუვარდება, ნამდვილი ოჯახისშვილია, ვინმე თავადი გეგონებაო.

თვით სალომე ბიჭის ქებაზე თავსაფარს პირზე გადიფარებდა, – არ უნდოდა ოდესღაც მომხიბვლელი, ახლა კი ჩავარდნილი ტუჩ-კბილი ზედმეტად გამოეჩინა და დარცხვენილი ღიმილით მიუგებდა:

– მე რა ღირსი ვარ, მარა ღმერთთან სწორი სჯობს, მართლა კაი ბიჭი ქე გამიკეთებია.

– მერე რას უყურებ, შე დალოცვილო, დაწერე ჯვარი და გაიკოტრიალე მუხლებზე შვილიშვილი.

– რა ვქნა, შენ გენაცვალე, კაი ამ სიღარიბეში არავინ წამოყვება და გლახა, აბა, რავა ურჩიო?!

– რათა ქალო, რათა! რას ამბობენ, ახლა ჩვენ გოგოებსაც კითხე, გარჯა და უნარია საქმე, თვარა მიწა და მამული მიწასვე დარჩება.

– შენ რაცხას გვიმალავ თვარა, შენ და შენ ბიჭს კიდეც უნდა გყავდესთ გამორჩეული საპატარძლო.

– არა, შენი თავი არ მომიკვდეს, კესარია, მე არაფერი ვიცოდე, და ისე რავა გამწირავს ჩემი ბიჭი, რომ პირველად მე არ მითხრას თავისი არჩეული.

– არ მომწონს, მართალი გითხრა, თუ შენ არაფერი იცი! ე შენი ბიჭი რაცხა ჩაფიქრებული რომ დადის, დედა ხარ, რატომ არ დაუკვირდები, იქნებ რამ მწუხარება აქვს გულში და ვერ გიტყდება, – გულწრფელად, დედობრივად უსაყვედურა ვიღაცა უფროსმა დედაკაცმა.

სალომეს ხმა აღარ ამოუღია. ასე ნათლად არ უფიქრია, მაგრამ შვილის უმღიმარი, მარტო სიარული ეს უკანასკნელი ხანი მასაც ზოგჯერ შეუმჩნევია, მაგრამ სად სცალია, მუდამ ზრუნვით დატვირთულ ქალს მოიფიქროს, ასწონ-დასწონოს და მიხვდეს, თუ რას ნიშნავს ყოველი მიხრა-მოხრა, სიტყვა და სულის თქმა შვილისა, თუნდაც ამ შვილზე ლოცულობდეს, მასზე უთენდებოდეს და უღამდებოდეს. სწორედ ამ ბიჭს სჭირია სალომეს მთელი გულისყური, რომ სადმე არ გამოეპაროს ერთი მუჭა მატყლი წინდისათვის, წყეულმა ქორმა არ წაიღოს უქმეებისათვის გადანახული ვარია და მეზობლის წყეულმა თხამ არ ამოკვნიტოს სადილ-ვახშმის ერთად ერთი მომწოდებელი ორი გოჯა ბოსტანი.

მოხუცებული ქალი კი მეგობრული დარიგების კილოთი განაგრძობდა:

– ხომ იცი, შვილო, არ გეწყინოს ჩემი გაფრთხილება, – ხნით შვილიშვილად მერგები…

– რას ბრძანებ, ბები, რას ბრძანებ, განა არ ვიცი, გული გეწვის და მიტომ ამბობ.

– ჰო და ყმაწვილ კაცს მწუხარება სევდათ გადაექცევა და ცოდვაა სანამ ვისმე უშოვიდე, შენ უნდა იყო მისი მესაიდუმლე. ეს ქვეყანა ისე აოხრდა ჩვენდა საუბედუროდ, რომ თვალის გაშლაზე ადამიანს ვეღარ დაინახავ კაცი, და მეგობარი სად უნდა გამონახოს ყმაწვილმა, რომ გული გაუხსნას, სევდა გაიქარვოს. მაგრამ შენ უნდა დაუტკბო, შეუჩნდე და გაიგო, თუ რა აქვს გულში.

მოხუც ქალს მკითხავის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ხალხს ფული და ძღვენი მიჰქონდა მისთვის, რომ რჩევა მიეღო, და სალომე როგორ არ მოუსმენდა ყურადღებითა და პატივით.

– გმადლობ, ბები, გმადლობ. ჩემ დაფსებულ თვალს არაფერი შეუმჩნევია სახიფათო… გამოვჩურჩუტდი ამ გაჭირვებაში – ხომ იცი, რა გადავიტანე. ბატონმა კაი მიწა არ შეგვარჩინა. – ქვრივ-ობოლი ვერ მოუვლით და ტყუილა რად ვიზარალოვო, – მეზობლებმაც არ დაგვაკლეს ხელი და მე ვიყავი ერთი შემტევიც, მომგერიებელიცა და მუშაკიც.

– ჰაი, ჰაი, – ბანი მისცეს ქალებმა, – ქვრივ-ობლის ცხოვრება რომ მწარეა!

– ეჰ, მწარეა ქვრივ-ობლობა, და რამდენია ახლა ჩვენში ქვრივი და ობოლი, ზოგი ტყვედ არის წაყვანილი, ზოგი მოჰკლეს, მაგრამ ბევრი დილეგსა და საკანში ლპება.

– მაგას არ იტყვი?.. შენიანი რომ გტანჯავს – ისაა ცეცხლი! ვერ გაარჩევ, ვინ სჯობია, შინაური თუ გარეული – გინდ მგელს შეუჭამივარ და გინდ მგლისფერ ძაღლს!

– იცი, დესპინე, ციხე ისევ დაინგრაო.

– რა ღმერთი უწყრება იმ ტიალს?! ერთი კედელი ვეღარ ააშენეს?!

– რას ააშენებს ნაქირავები და მოდენილი ხალხი? ქალაქელებისაგან რა სიკეთე ყოფილა? რა ენაღვლებათ, გაუჭირდებათ, მთას მოაშურებენ; ჩვენ კი იქეთ უნდა წავიდეთ ქალაქის დასაცავად და გავწყდეთ, თუ მათგანი ვინმე ტყვედ წაიყვანეს, ფული აქვთ და გამოისყიდიან.

**

მამალმა მეორედ იყივლა. სავსე მთვარე ამოსრიალდა. ჩრდილები შავ ნაბდებად გაწვნენ. სალომე ჯიშკარიანის ქალმა ქოხის სიბნელეში შეანძრია მწოლარე ბიჭი და უთხრა: დროა, წავიდეთ, ცოტა გზა კი არ გვაქვს გასავლელიო.

ბიჭს არ სძინებია. შუბოსანის დღეობა, ჟრიამული, დროს ტარება, – ყველაფერი უნდოდა წინდაწინვე წარმოედგინა, რომ არ შერცხვენილიყო, ხამად არ გამოსულიყო. სიღარიბე ეჩოთირებოდა, ქალამანი, დაკერებული ჩოხა არ მოსწონდა. ბიჭი გამოძვრა დახეული ნაბდიდან, ახლად გარეცხილი პერანგი ჩაიცვა.

– რა აქვს დედა ჩემს ამ ხურჯინში ნეტავი? სიპის ქვას რძე გაადინა თუ… ძნელია კლდის მოწველა!

**

ედიშერთან შემოვიდა მოხუცი დედაკაცი, მისი გამდელი, და სთხოვა, – „ნუ მიწყენ, მე ჩემი ჭკუა მაქვს, პირს ნუ გამატეხიებ, ნება მომეცი შენი მკლავი გავზომოვო“. ედიშერს გაეღიმა და ქალმა ბამბის ძაფიდან დაგრეხილი ზონარით მკლავი გაუზომა და ზონარი გადასკვნა; შემგდეგ ედიშერი თვითონ ადგა, კედელს მიეყრდნო, თავის სიმაღლეზე კედელს ხელი მიადვა და უთხრა „ძიძა, ესეც გჭირდება უსათუოდ და აღარ გათხოვნინებ, გაზომე აბა!“

– უი, შენ კი დაგენაცვლოს ჩემი თავი – არ დაგვიწყნია ჩვენი ჩვეულება, აბა მე ცოდვილმა რა ვქნა, წმინდა გიორგიმ, – ვენაცვალე მის განგებას, – შენი თავი კეთილად დამიბრუნა და რით შევკადრო მადლი და თაყვანისცემა. – და ქალმა აქაც აიღო ზონარით ზომა, და ის იყო გასკვნა, რომ ქალბატონმა მიაძახა:

– ჩემთან შემოდი, დასაწეპებელ ფულს მე მოგცემ.

– არა, ბატონო! ამის ფული ჩემი აღთქმაა და მე მივართმევ შუბოსანს.

– ესეც მართებული ჩვეულებაა, ნალეკარო, რაიმე სარგებლობა მოაქვს? – ცოტა არ იყოს დაცინვით შეეკითხა ედიშერი.

– უსათუოდ, ბატონო, უსათუოდ. გულის საოხად, სიყვარულის, ერთგულების განსამტკიცებლად უებარია, ხოლო წმინდა გიორგი აქცევს ყურადღებას, თუ არა, ვერ მოგახსენებ, ჩემთვის არა უთქვამს რა, – ღიმილითვე უპასუხა მოხუცმა ბრძენმა.

– დედა-ბატონო, თქვენ რაღას სწირავთ? – მიუბრუნდა ედიშერი დედას.

– მე, შვილო, არც ისეთი ცრუმორწმუნე ვარ, როგორც შენ გგონია, აღთქმით არაფერი აღმითქვია, მაგრამ, როგორც ყოველთვის შესაწირავს კი გავგზავნი – რქებმოჭედილ მოზვერს… ათი წელია, რაც გაგზავნაც არ შეიძლებოდა ამ შიშიანობის გამო. ივარჯიშონ ახალგაზრდებმა ჩვენს ყანწებზე…

– მეც მინდა, დედა-ბატონო, შუბოსნობაში ვსინჯო თავი.

– თუ თავის იმედი არ გაქვს, მარტო სინჯვას არ გირჩევ, შვილო, – დამარცხებული არ უყვარს ხალხს. არ დაგვიწყნია იარაღის ხმარება?

– ცხენზე ჯდომა ხშირად მიხდებოდა, რა თქმა უნდა; ხმალშიაც გავსულვარ, მაგრამ შუბით არ მიბრძოლია.

**

ათიოდე წელია, რაც ალიერტობის დღეობაზე შორეულ სოფლებიდან ხალხი არ მოსულა. ზოგს მგლოვიარობა უშლიდა ხელს, უმრავლესობას კი მოულოდნელი თარეშის ეშინოდა. და აი ახლა შიშითა და რიდით მოდიოდა ქვეითი და ცხენოსანი, ურმითა და ტახტრევანებით, რომ მივიწყებული ღმერთი ელოცათ, ხალხი ენახათ, და ხალხს ჩვენებოდენ.

ძველებურად არ მოდიოდა უწყვეტლივ ლიანგი, მხიარული და მომღიმარი, მსუბუქად შეჭურვილი ხანჯლითა და ხმლით, არამედ თუ ვისმე რამე იარაღი კი ჰქონდა, ზედ დაეკიდა და სიფრთხილისათვის ყმაწვილები და გოგოები არ წამოეყვანათ…

*

– გაცოცხლოს ღმერთმა, შვილო, ჩემხელა შვილიშვილები მოგსწრებოდეს. სამი რამ არ დაგავიწყდეს:

ყოველ გაჭირვებულს, ვინც არ უნდა იყოს, დაეხმარე.

ქალაქში სასახლეს – აქ, ამ ოღრო-ჩოღრო სოფელში, ფაცხა გერჩიოს – უფრო საიმედოა – გაგიტანს.

ქალს პატივი ეცი; ცოლს რომ შეირთავ, მზითევს არ გასდიო. ბაბუა აცხონოს ღმერთმა! – და ჯამიდან რამდენიმე წვეთი ღვინო დააწვეთა პურს, – შენ ჯვარი გწერია, რანაირად გამიწყრა, როცა ცოლის თხოვნის დროს სიმავრს წავეჩხუბე, დაპირებული ძროხა რად არ მოგყავსთქო. მომვარდა ეს ბებერი კაცი და ამ ხალხში არ დამზოგა „ძროხას თხოულობ, თუ ქალსო. არ გაბედო ამაზე ლაპარაკიო“. უფროსმა მიბრძანა და მე კრინტიც არ დამიძრავს. – ასე იყო ძველი დრო. მაპატიე, შვილო, ბებერი ვარ, ყველასათვის კაი მინდა და სხვა არაფერი შემიძლია, ენად გადავიქეცი.

– კარგი ხალხი ვართ, პატრონი რომ გვყავდეს. ეჰ!

– ჰაი, ჰაი, რომ პატრონი არ გვყავს, აი ციხე მესამედ ჩამოქცეულაო!

– იქ წინათაც მუდამ ყოფილა ციხე და თავშესაფარი, რა ახლა უწყრებათ ჩემი გამჩენი?!

– როგორ, ელპიტე, როგორ თუ ყოფილა? ახლა არ დაიწყო განა ციხის აშენება ჩვენმა დემეტრემ?

– ეს, ეს გრძელი ამბავია, – შეყოყმანდა ცოტათი მოხუცი ქალი.

– ღამის სათევში ვართ ხომ და კარგ ამბავს რა სჯობია, ღამეს ისე გაგვითენებს, ვერც კი შევატყობთ.

– კარგი დაგემართოს, კარგი იქნებოდა, ალიერტსაც მოვატყუილებდით…

მოხუცმა ქალმა ირგვლივ მჯდომთ მიმოავლო თვალი და რომ შენიშნა, ყველა თავაზიანი თხოვნით უყურებდენ და მხოლოდ მოკრძალების გამო არაფერს ეუბნებოდენ, დაიწყო:

– ის კლდოვანი ქვა-გორაკი, სადაც ახლა ციხეს მუდამ აშენებენ და სულ ინგრევა, ოდესღაც ჟამთა და დროთა წინ, თურმე ყოფილა დაბალი ვაკე-მინდორი. აქ ხომ ათასი ხევი გადახლართულია ერთმანეთში. ყოველი ხევიდან, ვინც კი წამოიჩიტებდა და მოღონიერდებოდა, აქეთკენ იზამდა პირს სათარეშოდ, დავლას ეძებდა და სიმდიდრეს, ტყვესა და პირუტყვს, ნოყიერ საბალახეს და უხვ წყაროებს. გაუჭირდა ხალხს, მტერი ამ დაკლაკნილ ხევებში მოულოდნელად ჩნდებოდა და უცბად ხდებოდა უჩინარი. მაშინ ომი ხელდახელი ყოფილა, სარებითა და ქვებით. სხვა იარაღი არა ჰქონია არც მომხდურსა და არც დამხდურს, და აი ერთ ახალგაზრდას უთქვამს, ასე რად უცქიროთ ჩვენს განიავებას, სჯობია, ჩვენი ერთი ადგილი ავამაღლოთ, ზედ ქვები დავყაროთ და როცა მტერი მოვა, შორიდანაც დავინახავთ, იქ შევიხიზნებით, მომზადებას მოვასწრებთ და ქვებსაც დავაგორებთ მომხდურზე, რომ გასწყვიტოს და მოსრასო. სასაცილოდ აიღეს თურმე ის ყმაწვილი, აბა მთის გაკეთება გაგონილა, რომ ჩვენ გავაკეთოთო! იმ ბიჭს მაინც არ დაუშლია და ქვის მოზიდვა დაუწყვია, სულ სალი კლდეების ნატეხები მოჰქონდა თურმე; რაც რომ ჩვენში გამოქვაბულებია, ყველა მას გამოუთხრია და აქ მოუზიდნია. მზისა და მთვარის სინათლეზე მუშაობდა და როცა სიბნელე ჩამოწვებოდა, მაშინ კი აიუქმებდა. მაშინ იწყებდა შელოცვასა, თუ ლოცვას, ვინ იცის. მუშაობდა ასე დღე და თვე, წელიწადი და კიდევ წელიწადი.

ასე მისმა დაუღალავმა შრომამ შეჰქმნა ის გორაკი. ახალგაზრდას მოფიქრებამ გასჭრა. სათარეშოდ მოსულ მტერს შორსვე ამჩნევდენ, იხიზნებოდენ და უფრო ადვილად იგერიებდენ.

კიდევ მრავალი დღე, თვე და წელიწადი გავიდა. იმ გორაკის ამშენებელი ახალგაზრდა ყმაწვილი და ბევრი მისი შთამომავალი გარდაიცვალა, ხალხი თითქოს უფრო მშვიდად სცხოვრობდა, მაგრამ ღვთის განჩინება იყო თუ მავნე სულის სიბოროტე, ხალხს ისევ დაატყდა თავზე გარეშე მტერზე უფრო საშინელი უბედურება.

იქაურ მეფეს ეყოლა შვილი. მეფის შვილს ერთხანს არავის აჩვენებდენ, მაგრამ ხალხი ბრძენია. ათასი თვალი და ათიათასი ყური აქვს, არაფერი გამოეპარება და ჩუმად დაიწყეს ლაპარაკი, რომ იმ მეფის შვილს ხელების მაგივრად უზარმაზარი, მოლივლივე გველები აქვს გამობმულიო და ეს გველები თოთო ბავშების ტვინით იკვებებიანო.

ამ ამბის თქმისათვის, ან გადაცემისათვის, ყველას საშინლად აწამებდენ და სჯიდენ. ბოლოს მეფემ გადასწყვიტა შვილისათვის ცალკე აეშენებია სასახლე და აუშენა კიდეც იმ გორაკზე, რომელიც უსახელო, მაგრამ ხალხისათვის თავდადებულ ახალგაზრდას მიერ იყო ამაღლებული. თვით მეფე მალე გარდაიცვალა და გველის მკლავებიანი უფლისწული გამეფდა.

აი ამ სასახლეში შეყვანით ყოველ დღე შეჰყვანდათ ბავშები, მაგრამ გამოსული კი არავინ ენახათ. სასახლის ნამდვილი ამბავი არავინ იცოდა, მაგრამ ხმები თავზარს სცემდა ქვეყანას. ყველაზე საშინელი თითქოს ის იყო, რომ ვინც სასახლის კარიბჭეს გადააცილებდა, უსასტიკესი სასჯელით, წამებით და ჯოჯოხეთით ემუქრებოდენ: არაფერი წამოგცდეს აქ რაც ნახო, ან გაიგონოვო, – და ისინიც ნახულით გაშტერებულნი, განაგონით გაბრუებულნი, გამოდიოდენ კისერმოღრეცილნი, მუნჯი და გაშეშებული, თვით ღრმა სარდაფებშიაც ხალხი ცდილობდა პირისპირ არავის შეხვედროდა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, ეთქვა, არც მინახავს, არც რა გამიგონია და აბა ვინც არ მინახავს, მას რას ვეტყოდიო. ელვის სისწრაფით ჰქრებოდა ამ სამთავროში ყოველი ღიმი სახეზე და თვალები მუდამ შეცრემლული რჩებოდა; ტუჩების კუთხეებში ყმაწვილთაც კი ნაოჭები გაუჩნდა. აღარ ისმოდა არა თუ ადამიანთა გალობა და სიმღერა, თვით ჩიტებმაც შესწყვიტეს ჭიკჭიკი და სტვენა. ჰაერი დამძიმდა, თითქოს ხელით გასახლეჩი გახდა და კაეშნის ფრინველებმა, საზარი შეხედულების ქიმერებმა, მაჯლაჯუნებმა და ურჩხულებმა უცნობმა და უნახავმა ზლაზვნით დაიწყეს ჰაერში ფორიაქი.

და როცა ყველას იმედი დაეკარგა, ყველა ბედს შეურიგდა და ყველა მიცვალებულთა სულებივით რიგში ჩამდგარი თვით გაემგზავრა საფლავისაკენ, გამოჩნდა ვიღაც ყმაწვილი – ქადაგი, რომელიც ყვიროდა: მე წავალ, მე წარუდგები მეფეს, ოღონდ ბავში მომეცით ერთი, რომ მიმიღონ სასახლეშიო.

ღაღადისი დიდხანს ამაო იყო! ვერც თვით იმეტებდენ საკუთარ ბავშს, და არც თავის გამეტება შეეძლოთ, რომ შებრძოლებოდენ უხილავ, უცნობ მაჯლაჯუნას. ბოლოს ერთმა ქალმა სთქვა: „ჩემს შვილს მაინც წაიყვანებენ დღეს თუ არა ხვალ, და თუ ხვალ არა, ზეგ, ისევ ამ ჭაბუკმა წაიყვანოს, იქნებ რასმე გახდეს, მე ხომ მაინც არა შემიძლია რაო!“ და როცა ახალგაზრდამ მეფეს გადასცა უცნობ გარემოთი განცვიფრებული ბავში და მეფის მხრებიდან გადმოიკლაკნა გველის ორი მოლივლივე თავი, ყმაწვილმა სტაცა მათ ყელში ხელი, იმავე გველებით შეკოჭა მეფე და ფანჯარაში გადმოაგდო მთელი ეს სიმყრალე…

მას მერმე მეფე აღარავის უნახავს; ხალხის რისხვით შეშინებული მსახურნი მიმოიფანტენ. ხალხის მიერ დაწყევლილ სასახლეს აღარავინ მიჰკარებია, უპატრონოდ მიტოვებულ პალატებსა და დარბაზებს ხავსი გაუჩნდა, ბალახი შეერია და სურო შემოეხვია; ქარმა და წვიმამ გამოჰფიტა და ბუნების ძალამ საბოლოოდ მიწასთან გაასწორა.

ერთხანს სჯეროდათ, რომ სასახლეში მავნე სულები იყვენ დაბუდებულნი, მაგრამ როცა სასახლის უკანასკნელი ნაშთები გაჰქრა, ხალხმაც თითქოს თავისი რწმენა და საზარი მოგონება დავიწყებას მისცა…

**

ედიშერი უკვირდებოდა ხალხს, ბურთის მოთამაშე ბავშებს, ჯამბაზს და ტაკი-მასხარას, მოცეკვავეთ, მოჭიდავეებს, და უკვირდა, რომ თვით ვითომ მლოცველნი თავის ცოდვას კი არ ინანიებდენ, არამედ თავის გაჭირვების მოსპობას, სიმშვიდეს, ბედნიერებას მოსთხოვდენ ღვთაებას. აქ არ იყო არც მოსკოვში ნანახი გულზე მჯიხის კვრით ცოდვის აღსარება, არც იტალიის უარყოფა აქაური ცხოვრებისა, არც კამათი მლოცველთა შორის სარწმუნოებაზე. თვით დედაბრები მხოლოდ წუთით შეჩერდებოდენ ეკლესიის კარების წინ, ანთებდენ თაფლის სანთლებს და სასწრაფოდ მიდიოდენ, რომ ებაასნათ, გართულიყვენ, თავისი ოჯახური ამბები გადაეცათ უნახავ ნაცნობებისათვის და გაეგოთ მათი ამბავი.

ეკლესია მეტად პატარა იყო. ეტყობოდა, უძველეს ბალავერზე იყო დაშენებული. პერანგი შემოცლილი ჰქონდა, გარედან მთელი დარჩენილიყო მხოლოდ კარის მარჯვნივ თეთრი მარმარილოს ერთი სვეტი და თაღზე მრგვალი თეთრი დაფა, რომლის შუაში ამობურცული იყო მრგვალ კუთხეებიანი კონუსებით ნახევარი ბურთი.

კედლების შიდა მხარე მოფენილი იყო ლურჯძარღვიან მარმარილოთი. შიგ ეკლესიაში დიდი ლოდი ეგდო. ეკლესია არ იყო გადამტიხრული კანკელით, თუმცა სატრაპეზო კი ეტყობოდა… მაგრამ რომ გადაემტიხრათ, მეტად მცირე სივრცე დარჩებოდა კარებსა და აღსავლის კარებს შუა.

– განსაცვიფრებლად არის შერჩეული ადგილი შენობისათვის. თითქოს თან შეზრდილი იყო მთასთან. ისეთივე ნაზი, მსუბუქი, ისეთივე მხიარული და სადაა; ხეების შტოებთა შორის როგორ საკვირვლად გამოდის ანარეკლი სხივი და შუქი, თითქოს მართლაც ორწვეტიანი შუბი იყოს. ახლა საცნაურია, თუ რად ჰქვია ლურჯი შუბოსანი…

ეს არ არის შიშისაგან შექმნილი, ცოდვათა მოსანანიებლად, არამედ სიყვარულით და აღტაცებით მშვენიერ ბუნებისადმი. მას არც გაქცევა უნდა ცაში, არც გაურბის სინათლესა და ჰაერს, არამედ სტკბება მზის სხივებით, მთვარის შუქით, მწვანე ჭალებით, ყვავილების სურნელებით და შორეული ზღვით.

საუცხოოდ იცოდენ ჩვენმა წინაპრებმა ადგილის ამორჩევა ყოველი ნაგებობისათვის. თითქოს ბუნებრივი მთა და ხელოვნური შენობა ერთმანეთშია შერწყმული და ეს მით უფრო საკვირველია, რომ ადგილი ქრისტეს მოძღვრების წინადაა, უეჭველია, არჩეული, კერპთ-თაყვანისმცემლობის დროს, შეიძლება ათასისა და მეტი წლის წინად.

– რადა, შვილო, ეს ხომ წმინდა გიორგის საყდარია?

– დიახ, დედა-ბატონო, მაგრამ საძირკველი არ უგავს ისეთ საყდრებს, როგორსაც ქრისტიანობის დროს აშენებდენ. თვით ეკლესია ხომ მარტო ტრაპეზიდან შედგება. და შიგ ტრაპეზი რომ არის, ეს ხომ ლოდია, მსხვერპლის ზედ დასადებად და დასაკლავად. ჰგავს, ქრისტიანებს დახვედრიათ უკვე მზამზარეული საკერპო. იგი დაუნგრევიათ და ზედ ძველის საძირკველზე შესაფერი საყდარი აუშენებიათ; ასე შეუერთებიათ ძველი და ახალი; ხალხიც ორივე ღმერთის საყუდელს უფრო შეეგუა, ვიდრე ერთისას. ის საკვირველი ნახევარბურთები, ვინ იცის, იქნებ სწორედ ისინი იყვენ თვით კერპები, რომელნიც მზის სხივსა და მთვარის შუქს ასე უხვად უკუყრიან.

*

შიკრიკმა ჩამოიარა და ნალეკარს უთხრა:

– ხვალ მეფე გიბარებსთ.

წასვლის დროს დედა მოუბრუნდა ედიშერს:

– წავიდეთ, მოსვენება გინდა, შვილო!

– წავიდეთ, ბატონო, მაგრამ აქ კი მინდოდა დარჩენა – მენახა ბარემ, როგორია ხალხი, როგორ ატარებს დროს. აი ეს ჯამბაზებიც. ასეთი რამ ფრანგეთში მინახავს – იქ ახლა უფრო შინაურ ცხოვრების უკუღმართობას, ბერმონაზვნებს დასცინიან, აქ კი, – ედიშერმა მიმოიხედა, – მეფეს, ხელისუფლებას, სამართალს; – ეტყობა, ხალხს რაღაც ბოღმა აწევს გულზე და სხვაგვარად ვერ უთქვამს…

– შვილო, რაზე უნდა გიბარებდეს მეფე?

– უსათუოდ იმაზევე, რაც მოგახსენე. ვფიქრობ და ვერ გადამიწყვეტია.

– მიიღე, შვილო, მეფის წინადადება, გამოიყენე ამდენი ცოდნა და მოგზაურობა: მეფე მწყალობელი გეყოლება, ერი – მადლიერი და მე – ბედნიერი. გვეყოფა ამდენი განრიდება.

– დედა-ბატონო, განა მამა ჩემმა რომ სასახლე დასტოვა და სოფელს მოჰკიდა ხელი, სახელი და პატივისცემა ვერ მოიხვეჭა და სარგებლობა ვერ მოუტანა ქვეყანას?

– მე, შვილო, ჩემი მეუღლის მსაჯული არა ვარ. მე ყოველთვის თავს ცხონებულის უღირსად ვთვლიდი. მაგრამ ჩემის აზრით მისი მაღალი გონება, სპეტაკი სული, თავდადება და განუწყვეტელი შრომა ბევრად მეტ ნაყოფს გამოიღებდა, რომ დიდებულნი და მეფის სასახლე არ უკუეგდო. ჩვენ დავქვეითდით, სხვა კი ვინმე ვერ ავამაღლეთ.

– დედა-ბატონო, ქსენონი და თავშესაფარი, სკოლა ჩვენი სოფლისა, რომელიც ქალაქისას ეტოქებოდა, მშიერი, მთაში ლტოლვილი ხალხის დასახლება, ფეხზე დაყენება – განა არ ღირს იმ ხალათებად და სამოურაოდ მიცემულ ადგილებად, რომელნიც მამის ტოლებმა მიიღეს?

– მე დედა ვარ, შვილო, და შენს ბედს მე ვერ გადავწყვეტ. ჩემი მასწავლებელი მხოლოდ წლები იყვენ, შენ კი დიაღ ბევრი გინახავს, ოსტატთა შორის გიშრომნია და წიგნებში ამოგიკითხავს. მე მხოლოდ უნდა გაგაფრთხილო. ქსენონებს ვეღარ მოუარეთ, რადგან მთელი ქვეყნიდან მოაწყდა ყოველი საპყარი და ღატაკი. ჩვენს მივარდნილ კუთხეში ნამდვილი ოსტატი ვერ ძლებდა – ყველას გული გელათსა და იყალთოსაკენ ჰქონდა. ერთი ეს ნალეკარი შეგვრჩა – თითონაც არ იყო გამოჩინების მსურველი და მომზადებაც ოსტატობისათვის არ ჰქონდა საკმაო.

მთა-ღრეებში მიმალული ხალხი რომ ჩავიყვანეთ, აქაც, სოფლად, ცხოვრება მეტად გასაჭირი გაუხდათ – მუდამ დარაჯად უნდა მდგარიყვენ, რადგან ირგვლივ სიღატაკე მათკენ სადავლოდ სდენიდა მეზობლებს. ერთი მცირე კუთხე ვერ მიაღწევს მიზანს: მთელი ქვეყანა თუ არ ამაღლდა. კიდევ ერთხელ გეუბნები, ეს უსწავლებიათ ჩემთვის მრავალი წლების განმავლობაში მხოლოდ დაკვირვებასა და ფიქრს, ცოდნა და პირადი გამოცდილება მე არ მაქვს, ახლა შენ უნდა გადასწყვიტო, რა გსურს, გაითვალისწინო გზა და მიზანი. ჩემთვის ჩემი განსვენებული მეუღლე სათაყვანებელი იყო და მე მინდა შენც შენი მომავალი მეუღლისთვის სათაყვანებელი იქნე. ოღონდ დაუკვირდი, იქნებ სხვა გზაა იმავე მიზნისათვის უფრო სწორი და ხელსაყრელი.

დედა და შვილი დადუმდენ. ორივეს ბევრი ჰქონდა საფიქრებელი და მთელ გზაზე ასეთ თავსატეხ კითხვებს აღარ დაბრუნებიან.

*

მეწვრილმანე ებრაელი შალომა ციციაშვილი, მისი შვილი ისაკა და საპალნეში, კეხზე გადადებულ ძარში, მინაკიდებ ფუთებსა, კოლოფებსა და ბატ-ქათმებს შორის გაჩხირული, გაძვალტყავებული დაშავებული ცხენი, მიადგენ მთის კალთას. ცხენი გაოჩნდა: ვერც შალომას წყევლამ და აღვირის ქაჩვამ, ვერც ისაკას ჯოხის სოლივით ჩაკვრამ ადგილიდან ვერ დასძრეს, სანამ მამა-შვილმა თავიანთი კოლოფები არ მოხსნეს და მათი სიმძიმის ქვეშ თვითონ არ წაიკუზენ.

შალომა, ხმელი, თმაგაბურძგნული კაცი, ხვნეშოდა და ოფლში იწურებოდა, მაგრამ მაინც განუწყვეტლივ იძახოდა: ფართალი, ფართალი, სტამბოლის აბრეშუმი, მოსკოვის ტილო, რა გინდა სულო და გულო, – ყაზანის ჩითი, სირმა, ძაფი, ვერცხლის ძაფი, ოქროს ძაფი, სამაჯური, ყელსაბამი, ნიშნობის ბეჭედი, ნარმა, ფარჩა, ხავერდი, არშია, შალი, თავსაფარი, კვესი, ჯაყვა, სამართებელი, ლალი, ზურმუხტი, ქარვა, მარტო-რქა, მარგალიტი, ფერ-უმარილი, გუნდა და ლახუსტაკი… – და მამის შემღერებას განაგრძობდა შვილი:

– ლეჩაქი, ჩიხტაკოპი, თავსაკრავი, ნემსი, ქინძისთავი, მძივი, თაღლითი, არშია, ყასინაღი, ლარი, სათითური, ტატლიბი, კევი, შაქარი, შაქრისყინული, ხალვა, ლახათლუხუმი…

– უყურე. ამ ურიასაც არ შეშინებია და მთელი ავლა-დიდებით წამოსულა!

– შენი იმედით გავბედე, შენზე კი გაიფოფრა შენმა მშობელმა!

– ბრიყვო!

– ბრიყვი რომ ვყოფილიყავ, ვაჟკაცს დამიძახებდი – და ძღვნად შუბს მომართმევდი.

– კუბოს მეტი ყველაფერი გაქვს, ურია. – დასცინა ცოლის გვერდით ამაყად მიმავალმა აზნაურმა.

– შენთვის დასჭირდეს დაღამებამდე შენს ჭირისუფალს, და მაშინვე გავაჩენ – სწრაფად უპასუხა ებრაელმა.

– აი, შე… – და გაწბილებულმა ოხუნჯმა მათრახი მოიმარჯვა.

– შუბოსანი მფარავს, შუბოსანი…

საკმაო იყო შუბოსანი ეხსენებინა, რომ მათრახიანს გაღიმებოდა, ხელი ჩაექნია და წასულიყო.

ხალხი ხარხარებდა.

ასე ამ ყვირილით აათავა მამა და შვილმა აღმართი, რომ ჩვეულ ადგილზე თელაველი სომეხი დახვდათ, – სირაჯი, რომელსაც ორი სარი ჩაესო, ზედ ფარდაგი გაეფინა და დუქანი მოეწყო.

– ვაიმე, ჩემი ადგილი დაგიჭერია, ოჰანეზ!..

– შენი ადგილი? როგორ, წმინდა გიორგიმ ანდერძად დაგიტოვა?

– ე, სულს ნუ წაიწყმედ, ქრისტიანო, ოცი წელიწადია აქ მოვდივარ!

– ბევრს ნუ ლაპარაკობ, ურია, სხვა ადგილი მოსძებნე.

– დასამარხად ყველა ადგილი გარგებს, ჩემი რჯულის მადლმა! რაც შენ აქ არ მოიგო, მეტი არ ნახა შენმა გვარმა და ჯილაგმა.

– ერთი გაიარე, თორემ ისეთ ჩაგაფარებ, რომ ნისიებს სულ დაგავიწყებ!

– კარგია, კარგი! – ჩაერია მათ ჩხუბში ვიღაც, როგორც ეტყობოდა, ხელისუფლების მქონე, – გეყოფათ აქ გინება.

– ვაიმე, ვინ აგინებს, ოღონდ აქ ღვინის გაყიდვას აპირებს, ხალხი ღვინოში ცურაობს, – და მამა და შვილმა იქით გადინაცვლეს, სადაც ბიჭი და პატარა გოგო ორი ხის შორის თოკს აბამდენ.

– კიდევ უკეთესი, აქ ხალხი მოიყრის თავს. ეს ბატები და ქათმებიც ძარში შეუშვი, დაიხოცებიან, წყალი მოურბენიე… ისაკა, დატრიალდი, იქნებ სადმე კიდევ ერთი სარი, ან გოდორი იშოვო, თორემ არ ჩაეტევიან, ღმერთმა ხეირი მოგცეს – მერმე ისევ სირაჯისაკენ ჰქნა თავი და მიაძახა: – რაც შენი მოიგო, წამლად არ გყოფნოდეს, – და შეუდგა საპალნის დაცლას.

მუშაითმა გადასერ-გადმოსერა ჯარობის მთელი სივრცე. გადაალაჯა სუფრებს, ურმებს, დამფრთხალ ცხენებს და ყველას დაანახვა თავისი წითელი ჩაჩი, ოთხი ადლის სიმაღლეზე ჩამოსული, ფერად-ფერადი ნაჭრებისაგან შეკერილი შარვალი, ინისფერით შეღებილი წვერ-ულვაში და გრძელი ჭოკი, რომელსაც ის ებჯინებოდა, როგორც ყავარჯენს და ბავშვებით გარშემორტყმული მივიდა გაბმულ თოკთან, სადაც მის წინაშე დაეცა ტაკი-მასხარა და ღაღადყო.

– მობრძანდი, დიდო ხელმწიფე! რაც სიმაღლე გაქვს, თუ იმდენი ჭკუა გაქვს, ღმერთი ყოფილხარ, მარა თავი კვახს მიგიგავს, ჭკუაც მეტი სად გექნება?! მარა ჩემი ხელმწიფე ხარ და მოწყალედ მიმიღე, დღეში სამჯერ თუ გამლახავ, ერთხელ მაჭამე!

ხალხიდან ვიღაცამ მიაძახა:

– შე, სულელო, თუ ხელმწიფეა, ასეთ რამეს როგორ უბედავ, თუ ხელმწიფე არა არის, რათ ეთაყვანებიო.

– სისულელით არ მომდის, ჩემო ძმაო, სიფრთხილით, სიფრთხილით! ახლა ყველა მეფობას ჩემობს, თუ ხელმწიფე გამოდგა – თავი ხომ შევაბრალე; თუ ჩემსავით ტუტუცია, რა დამიხარჯავს, რომ ვინანო!

ამ ლაპარაკში მუშაითმა მოასწრო ხეზე მიყრდნობოდა, იქ თავისი ტანთსაცმელი გამოეცვალა და ტაკი-მასხარასთან ერთად დაიწყო ვარჯიშობა, ტაკი-მასხარამ მუშაითის ხერხი გაამხილა:

– უყურეთ ერთი, უყურეთ. ეს ისვენებს, დაბრუშებულ ხელფეხს ავარჯიშებს, მე კი კისერს მატეხინებს – ეს ნამდვილი ოინბაზობაა და არა ჯამბაზობა.

ორივე ხტოდა, ყირაზე გადადიოდა, ხელებზე დგებოდა. ხალხს განსაკუთრებით მოეწონა, როცა ორივე თავდაყირა ხელებზე დადგა და ფეხები ერთმანეთს მიადვეს, შემდეგ სასწრაფოდ ერთმანეთს ხელებიც ჩასჭიდეს და რგოლივით დაიწყეს გადაგორება.

შემდეგ ჯამბაზი თოკს მიწვდა, ჯერ გასინჯა და შემდეგ ხელებზე დაიწყო ტრიალი, მერმე მუცლით თოკს დაეყრდნო და იტრიალა, ჩამოხტა, ოფლი მოიწმინდა, ხეზე ავიდა, იქ დაჯდა.

– ამისთანა კაცს, ჩემმა მზემ, ხელმწიფობაც ერგება და შეეფერება. შენ რომ სამართლის სათხოვრად მიხვიდე, ატრიალდება ჯარასავით, შენც ჭკუას დაგიბნევს და არც ის შეიწუხებს თავს. აბა! აღარ დამჭირდება არც ჭკუა და არც ენა!

როცა ხეზე მჯდომი ჯამბაზი წამოდგა, თოკს ფეხით სინჯვა დაუწყო, ტაკი-მასხარა შეევედრა:

– შენ შენი ღმერთი, შენ იქნებ ჩამოვარდე და დაიმტვრე, რაღა მეშველება, მე ჩემი ნამუშევარი ახლავე მომეცი, მიწაზე თეთროსანი გაიმარჯვებს, მაღლა შუბოსანიო.

– წადი, გამეცალე, შენთვის არ მცალია, – აგდებით უპასუხა ჯამბაზმა.

ტაკი-მასხარა ჯამბაზის წინ თოკზე ხელებით ჩამოეკიდა და სამუშაოდ არ უშვებდა; ჯამბაზმა გადასძახა ხალხს:

– მომაშორეთ, ეს მურტალი ვიღაც არისო!

ხალხმა ტაკი-მასხარა სიცილით შეკრა.

– ეჰ, თქვენი სამართალი! იმიტომ ხართ ჩემზე უარესად, რომ ასეთი სამართლიანი ხართო: მე ჩემსას არ მაძლევენ, და თქვენ კიდევ მე მიკრავთ ხელსო.

და ეხვეწებოდა და ემუქრებოდა ჯამბაზს, „რას მერჩი, რაც მერგება, მომეციო…“

– შარია, შარი! – ყვიროდა და ხტოდა, რომ თავი მაინც მიერტყმია თოკისთვის და გადმოეგდო მტერი.

– გამომყე, რამდენს მე ვივლი თოკზე, შენ მიწაზე იარე და მოგცემო, – დასცინოდა ჯამბაზი.

– ზევითაც რომ ვიარო, მაინც მომაღორებ, – ისევ სჯობია, შენც ქვევით და მეც ქვევითო, – და ტაკი-მასხარა კიდევ უფრო ცდილობდა თავი მიერტყა თოკისთვის და ჯამბაზი გადმოეგდო.

ტაკი-მასხარა ფრთხილობდა, ქანაობდა, ეცემოდა.

ხალხი დასცინოდა, იცინოდა.

ვიღამაც დაუძახა:

– რა ღმერთი გიწყრება; ის ბაწარზე დადის, შენ კი მიწაზე ეცემიო.

– ვაი შენს ჭკუას, არ იცი თავისუფალი კაცი დამჯდარიც უკეთ დაიძინებს, ვიდრე ხელშეკრული დაწოლილიო. ამის მეტი ტვინი რომ არ გაქვს, მიტომაც ხარ შეკრულ-შებოჭილიო…

– მართალს ამბობს, მე და ჩემმა ღმერთმა! – ხარხარით დაეთანხმა ტაკი-მასხარას სირაჯი.

– …მე თუ მტყუანი ვარ, აი იმ დიდებულს ჰკითხეთ… ბევრია თუ არა ჩვენში ისეთი, რომ ბაწარზე გაივლის კი არა, ბეწვის ხიდზე სახლდება, ცოლიც იქ ჰყავს და რატომ? იმიტომ რომ ყველაფრისაგან თავისუფალია – ღვთისგან, მოყვრისგან, ნათესაობისგან, სინდისისგან…

– ეი, შენ მანდ! ბევრს ნუ როშავ, თორემ…

ჯამბაზი ქალური მიმოხრით მიცეკვავდა.

ქვევით მოლზე ტაკი-მასხარა მანჭვა-გრეხვით, ვითომცდა დიდის სიფრთხილით მიდიოდა და თან ფორხილობდა, ეცემოდა და ხალხს აცინებდა. მხოლოდ პატარა ბავშები უბიძგებდენ ერთმანეთს და თვალგაფართოებული უყურებდენ ორი ადამიანის ამ ჯადოსნობას.

ხალხი ვერ შორდებოდა ორ ხეთა შორის გადაბმულ ბაწარს, და თან თამამად ვერც უყურებდა.

– რა აცეკვებს ბაწარზე ამ ოჯახქორს?

– შიმშილი, ბატონო, თორემ მაძღარი კაცი ბაწარზე არ დაიწყებს ხტუნავს…

– არ გვეყოფა ისედაც ტირილი და უბედურება, გადმოვარდეს ერთი, ხომ ჩაგვმწარდა ყველაფერი!

ტაკი-მასხარამ ქუდი ვიღაც ბავშს წაართვა და ხალხს ჩამოუარა შაბაშისათვის. ბავში თითქოს ნაწყენი იყო ქუდის წართმევით, მაგრამ თანაც უხაროდა, რომ ყურადღების ღირსი გახდა.

– არ დაანებო, ბიჭო, ნაწილი შენია, იცოდე! ბევრს მოგცემს, ისე უშველის ღმერთი მაგას.

იშვიათი ფარა ვარდებოდა ქუდში, მაგიერად აძლევდენ კვერცხებს, პურს, ქათმის ნაჭერს და ზოგჯერ ძროხის მთელ გვერდსა და ბარკალს.

ებრაელმა გოგოს მძივის მთელი აცმა მისცა, მაგრამ, როცა შეაძახეს მუშტრებმა, მათის ხათრით, ერთი ფარა ქუდშიაც ჩაუგდო.

ჯამბაზმა მოხსნა ბაწარი, ტაკი-მასხარამ მოიტანა ჩამოთხოული, გაავსეს ხურჯინი, აჰკიდეს ვირიკას და გაუდგენ გზას…

*

– მოდი, პური ერთად ვჭამოთ, – მიმართა ტაკი-მასხარამ ზურაბს.

– გმადლობთ, აქ ჩვენებთან უნდა წავიდე, მიცდიან ალბათ.

– კაი ყაძახი უნდა იყო, საქმე გვაქვს შენთან ცოტა რამე… მოვილაპარაკოთ.

გოგონას სუფრა უკვე გაეშალა.

ზურაბმა მორიდებით ფეხი მოირთხა.

– ჯერ ეს ჯამი დავლიოთ.

დალიეს.

– აი რა გითხრა, ძმობილო, ჩვენ ზეგ ოსიაურში უნდა ვიქნეთ, დიდი ქორწილია. შენ ღონიერ ბიჭსა ჰგევხარ… წამო ჩვენთან… იქნებ ცოტა რამ ვიშოვოთ. შენც გეტყობა, ბეღელი არ გისკდება ხორბლით და ჯიბე არ გეხევა თეთრით… ჩვენ აი ჩვენს საქმეს გავაკეთებთ, შენ იჭიდავებ…

– რომელი მოჭიდავე მე ვარ?! მე აი ქვის სათლელი საქმე თუა სადმე…

– მე განა მართლა ტაკი-მასხარა ვარ? დახე ჩემს ხელებს… მჭედელი ვარ. მაგრამ, გაჭირვება მანახე და გაქცევას გაჩვენებო… აი ამ პატიოსანმა კაცმა მითხრა, ესეც გუთნის დედაა, გუთანი რომ ვერ გამოაწყო, ჯამბაზობას მოკიდა ხელი. ჰო-და მითხრა, ბიჭო, ენამახვილი კაცი ხარ, მოდი მე ჯამბაზი ვიქნები და შენც ტაკი-მასხარობა იკადრეო. ხომ გვიყურებ, დავიწყეთ და დღეს ლუკმაპურს ვშოულობთ. თუ დრო გამოიცვალა, მე ჩემს ქურას დაუბრუნდები და ისიც ბელტებს დაუწყებს ბრუნებას.

– ჭიდაობას ხერხი უნდა, შე დალოცვილო. ჭიდაობით კი მიჭიდავნია, მაგრამ ხელობა არ მისწავლია.

– ეჰ, ძმობილო, ჭიდაობის მონასტერი ჯერ არავის უნახავს… ერთხელ წაგაქცევენ, მეორეჯერ წაგაქცევენ, შენც, ხერხია თუ ჯანდაბა, დაისწავლი და შემდეგ შენც წააქცევ. მაგრამ შენ ისეთი ძალა გაქვს, რომ ზოგის ხერხი შენთან ვერ გასჭრის.

– დედაცა მყავს მოხუცებული, იმას რაღა უყო?

– რას იტყვი, კოსტა, – მიმართა ტაკი-მასხარამ ჯამბაზს, – ჩემმა მზემ ი დედაც წავიყვანოთ. ის დიასახლისი იქნება და ჩვენ ოთხივე მსახიობები ვიქნებით, რაღა!.. ერთი ორი რამ კიდევ დავისწავლოთ… გოგოც რომ შიგ ერიოს, თუ გინდა „ტაცობანა“ იყოს. ხალხს მოეწონება. რთველამდე ასე ვიაროთ ჯარობასა და ქორწილებში და მერე თავ თავის გზას გაუდგებით, საქმეს ვეწევით.

– ვნახოთ…

– ჭამე, ძმაო, რას გვერიდები, ხალხის მოცემულია, მათი ოჯახი აშენდა. ორი დღე კი გვეყოფა, რამდენიც არ უნდა ვთქლიფოთ და მერე კიდევ გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი.

მათ მიუახლოვდა მესტვირე და ჩვეულებრივი ღიღინით მისალმების შემდეგ უთხრა:

– ჯიბას გაიკარ ხელია, ან ამოიღე აბაზი, ან ჭრელი უზალთუნია…

– დაჯე, ძმაო, დაჯე! უზალთუნის რა მოგახსენო და გულღიათ მოწოდებული ერთი ჯამი ღვინო მიირთვი.

მესტვირე დაჯდა, პური მოიტეხა და ღვინო მოსვა.

– დამილოცე, ობოლი ბიჭი მყავ, მამა ვერ დაარიგებს და ბაბუა. მესტვირემ გუდას ჩაჰბერა და დაიწყო ღიღინი:

„ნუ გეშინია ობოლო, მფარველი შენი ღმერთია. ოღონდ კი არ დაგავიწყდეს –

სოფელს ვერ გაათბობ,

სოფელს ვერ შემოსავ,

სოფელს ვერ დააპურებ,

მაგრამ მშიერს რომ ლუკმა არ გაუწოდო, ისე ნუ გაუშვებ, ტიტველს რომ ხელი მაინც არ დააფარო, ისე ნუ დასტოვებ; გაყინული რომ არ დაზილო, ისე ნუ დააგდებ…

*

– თქვენ უთხარით მეფეს, რომ ციხეს სიმაგრისათვის საძირკველში ცოცხალი ადამიანის ჩატანება სჭირდება?

– დიახ, ბატონიშვილო!

– საიდან გამოიგონე მაინც ეს საშინელება? – ცხარობდა ედიშერი.

– ეს ძველისძველი ჩვეულებაა, ბატონო! მე არ ვიგონებ. ვუკვირდები და ვფიქრობ, ძველი კაცებისაგან გამიგონია ასე.

– მე არ მსმენია…

ცოტა სიჩუმის შემდეგ:

– … ეს უგუნურება და სისულელეა!

– ნუ იტყვი, ბატონო, ეგრე – ხალხი ბრძენია…

– თუნდაც ეგრე იყოს. ახლა უნდა გადავარჩინოთ კაცი.

– თუ კი შეიძლება და ციხის აშენებას არ დასდევთ, არც თქვენ და არც ერთი ქრისტიანი, – ქვეყანა თქვენია და მე როგორ უნდა შეგიშალოთ ხელი?

– შენ იტყვი, რომ შეცდი.

– როგორ შევცდი?

– რომ თქმულება ასეთი არ გაგიგონია.

ნალეკარმა წვერზე ხელი ჩამოისვა და დინჯათ უთხრა:

– არა, ბატონო, სიცრუე ბავშობიდან არ მითქვამს, ვერც ახლა ვიტყვი, მაპატიეთ.

– ერთი კაცი არ ღირს ერთ სიცრუედ?

– სიცრუეს ჯერ არავინ გადურჩენია, ბევრი რომ დაეღუპოს, ეს კი ხშირია.

– მაშ მოკვდეს და ისიც ასე საშინლად?

– თუ მისი სურვილია, მოკვდეს. ერთი დღით ადრე, თავის ნებით, თუ ორი დღით გვიან ბუნების კანონით, არ არის, ბატონო, დიდი განსხვავება და უბედურება. ოდნავ მეტი ტკივილი ხორცისა და მეტი არაფერი – ამისთვის არ ღირს სიცრუის კორიანტელის ადენა.

– მაშ დღეობაზე რათ ყვიროდი, უშველეთ ბიჭს, არ გაატანოთ მომხდურებსო?

– იმიტომ, რომ ძალით მიჰყავდათ!

ედიშერმა განცვიფრებით შეხედა ნალეკარს.

– და ნებით რომელი გიჟი ჩაიკირავს თავს?

– ეს უკვე მე არ ვიცი, ოღონდ თავის ნებით უნდა იყოს კაცი ჩაკირული და არა ძალით.

– მოიცა, მოიცა, შენი სიტყვებით იქნებ ისარგებლეს და სხვა რამ სწადიათ კარისკაცებს მოახდინონ, ვიდრე შენ გითქვამს. ზუსტად მითხარი, როგორ უთხარი მეფეს.

– მე, ბატონო, არ მინახავს მეფე, კარისკაცს კი მოვახსენე: ძველი კაცებისაგან გამიგონია, რომ თუ ციხე ურყევი გინდათ იყოს, მის საძირკველში უნდა ჩაიკიროს ისეთი ჯანსაღი, მოწიფული კაცი, რომელსაც გამოსაცვლელი პერანგიც არ ჰქონდეს და თავის ნებით მივიდეს და ჩასაკირავად ჩადგეს-თქო.

– შენი ნათქვამი სხვაა, ვიდრე მეფისათვის მოუხსენებიათ, მაგრამ ან სად იშოვი ასეთ კაცს, ანდა თუ იპოვნი, მის ცოდვაში როგორ ჩავდგა ფეხი? თუ უარი თქვი მშენებლობაზე, რისხვა მეფისა… რათ აძლევდი ასეთ საშინელ რჩევას?

– მკითხეს და მოვახსენე, ისე როგორც სნეულებს ვწამლობ, როგორც მინახავს, გამიგონია და ვიცი.

– მტერი ხარ შემოჩენილი, თუ ბოროტი სული? რა გინდა? რა გსურს? საიდან მოსულხარ?

– მტერი, ბატონო? მტერი მაშინაც არ ვყოფილვარ, როცა სააბრაგოდ, დასარბევად კახეთსა და ქართლს თავს ვესხმოდი. გვიჭირდა და მოვდიოდით, სხვა სახსარი არ გვქონდა. მტერი? რა მემტერებოდა, კუჭი გვეწოდა. სიმშილმა გამოგვაგდო.

ნალეკარმა ხანჯლის ქარქაშიდან წვეტიანი პატარა დანა ამოიღო და ჩხირს დაუწყო თლა.

აღელვებული, ჩაფიქრებული ედიშერი მიდი-მოდიოდა ოთახში, ფიქრობდა მომავალ მსხვერპლზე და საკუთარი თავის მდგომარეობა კიდევ უფრო ხლართავდა და ბურუსით ჰფენდა მის აზრებს.

– მართალია, მე ლეკი ვარ. მეტად ღარიბები ვიყავით, აბრაგად დავდიოდი საქართველოში, ხუთი ვაჟი მყავდა მოწიფული. ჩემი ხელობა მომბეზრდა. ბიჭებიც დავითანხმე და შინ ვმუშაობდით, როგორც კი მოვახერხებდით. ბოლოს დერვიშად მინდოდა წასვლა. ყველაზე უმცროსი ამ დროს წამოიზარდა. იმანაც მოინდომა სახელი მოეხვეჭა, ვაჟკაცებში ჩარიცხულიყო და სათარეშოდ სადმე წასულიყო. დაუშალე, არ დაიშალა. ვიფიქრე, ამ ბიჭს არაფერი მოეწიოს-თქო, ცოლიც შემომიჩნდა, პატარაა, უწინამძღვრე არ დაგვეღუპოსო. ვიფიქრე, მალე დერვიშად მივდივარ, სამუდამოდ ვტოვებ ყველას და უკანასკნელად ხათრს არ გაუტეხ ამ ჩემ ჭირსა და ლხინში ერთგულ, უსიტყვო, მორჩილ მეუღლეს და უხიფათოდ დაუტოვებ შვილებს-თქო; გავყევი.

ხუთნი ვიყავით – მე და ოთხი ჩემი ვაჟიშვილი. სოფელში შესვლა ვერ გავბედეთ, ხანჯალი ყველას გვეკიდა, მაგრამ ცხენი სამი გვყავდა, თოფი ერთი გვქონდა და დამბაჩა ორი. ჩავსაფრდით. ცხენები ტყის სიღრმეში დავაბით. ჩვენ კი გზის პირას ბუჩქებს ამოვეფარეთ. დიდხანს ვიცადეთ. გაღატაკებული იყო ქვეყანა. მიმოსვლაც შემცირებული. ერთი დავარდნილი ძროხა ჩაგვივარდა ხელში. დავაბით, ნეშოთი გავაძღეთ, – ირგვლივ ნახნავ-ნათესი აღარ იყო.

მეორე დღეს დავინახე ახალგაზრდა ბიჭი. მხრებზე კომბალი გაედო, ზედ ხელები დაეწყო, მოღიღინებდა და ჩქარის ნაბიჯით მოდიოდა. ჩოხა გაშლილი ჰქონდა, წელზე გრძელი ხანჯალი ეკიდა.

არ მიამა რაღაც.

ბიჭებმა მითხრეს, გადავხტეთ, დავიჭიროთ და წავიყვანოთო. მე ვურჩიე: ფრთხილად ესროლეთ ფეხებში და მერე დაიჭირეთ-თქო. მაგრამ არ დამიჯერეს, ერთ კაცზე ტყვია რათ გვინდა, სირცხვილიაო. მეც დავეთანხმე და უნცროს ბიჭს უთხარი: „აი დამბაჩა, როცა ყველანი ერთად მივვარდებით, შენ დამბაჩა, ეგერ რომ მტვრის გროვაა, იმას დაახალე, მტვერი ავარდება, ჩვენ დავჭყივლებთ, მგზავრს შეეშინდება და შევკოჭოთ-თქო“. ერთმა ბიჭმა თოკი გაიჩრა წელში. დავჭყივლეთ, გადავხტით, დამბაჩაც გავარდა და მტვერი დააყენა… მეტი არა ვიცი რა. როცა გამოვერკვიე, თავზე ის მგზავრი მადგა დაჩოქილი და ჩემივე მათარით წყალს მაწოდებდა. ოთხი ჩემი ვაჟი უსულოდ ეგდო. მე თავში ძლიერ დაჭრილი ვიყავი. მანუგეშა იმ ბიჭმა, ერთი საყვედურიც არ უთქვამს. მკითხა ახლა რა გინდა, საით წაგიყვანოო. რა სათქმელი პირი მაქვს, შენი ტყვე ვარ და რაც გინდა, ის მიყავით-თქო – ვუპასუხე. ჯერ ის ბიჭები დაასაფლავა, მთელი დღე თხრიდა საფლავს, ხანჯლით მეტი ვერ მოახერხა. შემდეგ იარაღი ააცალა ბიჭებს და ტანსაცმელითა და წაღებით ჩაუშვა მიწაში. გაიგე, – წამოიყვირა ნალეკარმა. – ისიც კი მითხრა, თუ შეგიძლია, თქვენებურად უკურთხე ამ ბიჭებს მიწაო! განვცვიფრდი და გადავირიე. ვკითხე, შენ იცი ვინა ვართ და რისთვის დაგესხით თავსა-თქო? ვიციო, ღიმილით მიპასუხა, მაგრამ ახლა რა გიყო, ესენი მკვდრები არიან და შენ დაჭრილი, ხომ ვერ შეგჭამთო. ვაჟკაცს ასედაც წაუვა საქმე და ისედაცო. თუ გინდა შინ წაგიყვან, თუ გინდა საზღვარზე მიგაცილებ და მერე შენ იცი და შენმა ქვეყანამაო. არა-თქო – უთხარი. შინ მისასვლელი პირი აღარ მაქვს, სახარბიელო აღარაფერი დამრჩენია, შენ ბატონი ბრძანდებოდე, მე ყმად მიგულე, თუ რაშიმე გამოგადგები-თქო, ჩაფიქრდა და მითხრა: მე ძმაო, ჩემი თავის რჩენა მიჭირს, ისევ აქ ბატონია ქალი, დიდი ღვთისნიერი ვინმე, მიგიყვან და შენ იცი და იმანაო. ერთ ცხენზე მე შემსვა, ცხენის მუცელს ქვეშ ფეხები გამიკრა, – დასუსტებული ვიყავი, – წელი კი ბაწრით უნაგირის კოტებზე მიაბა, ერთ ცხენზე უდღეური ჩემი შვილების იარაღი შედვა, თვითონ მესამე ცხენზე შეჯდა და გამოვწიეთ. მოვედით თქვენი ბებიის სასახლეში. იმ ბიჭმა თურმე, – თამაზ ჯიშკარიანი ჰქვიოდა, – ერთი ცხენი და ჩვენი იარაღი კი წაიღო, თორემ სხვა ორი შეკაზმული ცხენი და ჩემი იარაღი დასტოვა და წავიდა. მას მერმე დავრჩი ბებიათქვენთან. რაღა გიამბო. მოგეხსენებათ, ნეტარხსენებული იმ კუთხის მასწავლებელიც იყო, მკურნალიც, მესაიდუმლეცა და მსაჯულიც. მომარჩინა, ჯერ კურძვლობა მომანდეს, მაგრამ ქალბატონის ვაჟიშვილები სოფლად არ ბრძანდებოდენ, კურძვალს საქმე არაფერი ჰქონდა. და მე უფრო მკურნალად ვიყავი ქალბატონთან, ვიდრე კურძვლად. აი ეს მილეთი ხალხი რომ მოდიოდა სასახლეში, ქალბატონი რომ მაგზავნიდა საქართველოს ყოველ მხარეს, ვისწავლე წერა-კითხვაც, წამლობაც, სამართლიანი განსჯაც. რა მექნა? ღვინის სმა არ მიყვარდა. მწუხარება ძილს მიფრთხობდა და დამამშვიდებლად მქონდა ნანახის აწონ-გაზომვა და ფიქრი.

როცა მამათქვენი სოფლად გადმოსახლდა და თვით მოინდომა სკოლისა და ქსენონის მოწყობა, მე თქვენთან გამომგზავნა ბებიათქვენმა, თქვენ პატარა ბრძანდებოდით, მაშინ ოჯახი, სკოლა, ქსენონი მე მებარა… ქალბატონმა ერთხელ კიდეც მიბრძანა: „მე რომ არ ვიქნები, თუ დაგიჯერეს, შენ ჩემს საქმეს გააკეთებდიო“. მე ეგრე არ გავკადნიერებულვარ, ბატონიშვილო, მაგრამ რაც შემიძლია, მე ქვეყანას არ დაუზოგავ არც გულს და არც სულს. მას მერე იმ ბიჭს აღარ შევხვედრივარ, ან რად უნდოდი, რომ შევხვედროდი, – დასაჯილდოებლად მე არაფერი მაქვს – მე დერვიში ვარ სულით და გულით და ისე რჩევა და მკურნალობა სჭირდებოდა თუ არა, არ გამიგია. ათიოდე წლის წინათ მხოლოდ თარეში დასხმია მათ სოფელს. ისიც მოუკლავთ და მისი დედაც. ისიც გავიგე, შვილი დარჩენია თურმე პატარა და ახლა კარგი ვაჟკაცი გამხდარაო.

– და მერე რად არ წახვალ და არ დააჯერებ თქვენებს, რომ ეს თარეში და თავდასხმები ჩვენც გვღუპავს და მათაც.

– ქადაგი, ბატონიშვილო, რას გააწყობს იქ, სადაც შიმშილი ჰკივის, თანაც იქ უსათუოდ მე ქრისტიანად მთვლიან, ისე როგორც აქ, სანამ ვისმე არ დავჭირდები, ლეკს მეძახის.

– ჩვენ ისევ აღვადგენთ იმ ქსენონსაცა და იმ სკოლასაც, ნუ გეშინია, მოხუცო.

– დიდია, ბატონიშვილო, მოთხოვნილება.

– ახლა კი დამეხმარე ამ საქმეში.

– მე დამაყენე შენს მაგიერ. მეფე, ადვილად შესაძლოა, დამეთანხმოს.

– შეიძლება, შეიძლება… არა, მეფე უსათუოდ დათანხმდება – სახელი ისეთი გაქვს… მაგრამ რას მოვიგებთ?

– თქვენ ყოველგვარ პასუხისმგებლობიდან განთავისუფლდებით.

– ის საწყალი, ვინც უნდა ჩაიკიროს?

– სამეფონი და ქვეყნები ეცემიან, ზღვები შრებიან და მთები ირღვევიან – ერთი კაციც თავს შესწირავს – ბედია მისი, ჩვენ რას უზამთ?

*

„ერთპერანგიანის“ მაძიებელთ უკვე მოეარათ ნახევარი ქვეყანა. ბევრი ენახათ ერთპერანგიანიც, სრულიად უპერანგოც, მაგრამ პირობას რომ შეჰფერებოდა, ისეთი არავინ იყო. ზოგი სიღარიბისაგან საპყარად გამხდარიყო, მათხოვრობდა, სიცოცხლეს მაინც დიდად აფასებდა და მსხვერპლად თავის შეწირვის წინადადებაზე უკმეხად უპასუხებდა: „მე რა მომცა ამ ქვეყანამ, რომ მის სანაცვლოდ ცოცხლად თავი დავიმარხოვო“. ზოგი მეტიჩრობით ამბობდა: „დავიმარხები ცოცხლად, თუ ჩემი სახელობის მონასტერს ააშენებთო“. უფრო ხშირად კი ამბობდენ: „ვისაც ეს ქვეყანა ანებივრებს, ვინც ოქრო-ვერცხლში სცურავს, მან გამოიმეტოს თავი, სამაგიერო მიუზღოს მეფეს და ქვეყანასაო“.

სახლთუხუცესი თავის გამარჯვებას ზეიმობდა და ნალეკარსა და ედიშერს შებრალებით ეუბნებოდა: „აბა ასეთი გმირი, ქვეყნისთვის ზვარაკად თავის გამწირველი და ისიც „ერთპერანგიანი“ ვის გაუგონია?! დიმიტრი თავდადებული, დავით და კონსტანტინე, შალვა და ბიძინა, ჩვენ შორის ვთქვათ, გულახდილად, – თუ მართალია, რომ ეწამენ, – მეფენი იყვენ და მთავრები და მათაც უკანასკნელ წამამდე მცირე იმედი მაინც რჩებოდათ, განსაცდელს გადავრჩებითო. ასე შიშველად კი თავის ჩაკირვა, ზღაპარში თუ არა, სინამდვილეში მე არ მსმენია, ეტყობა მოგვიხდება ვისიმე არჩევა და ძალით ჩაკირვა, სულერთია ოსტატი იქნება იგი, თუ ის პატარა გოგონა, ჯამბაზს რომ თან ახლდა.“

ედიშერი ხმას არ იღებდა და რაც დრო გადიოდა, მით უფრო სასოწარკვეთილი და ჩაფიქრებული თან სდევდა სხვებს.

მხოლოდ ნალეკარი არ ცხრებოდა და ერთ მხარეში რომ ვერ პოულობდენ, მეორეში მიაჩქარებდა თანამგზავრთ:

არ შეიძლება საქართველო ისე გადაგვარებულიყოს, ღარიბთა შორისაც სიკვდილამდე თავდადებული ვაჟკაცები არა ჰყავდესო, მხოლოდ ჩვენ არ ვიცით ძებნა, ვერ ვეუბნებით ნამდვილ სიტყვას, არ გვესმის მათი პასუხი, არ გვიჯერებენ, ჩვენი არ სწამთ, თორემ ვინც შეგვხვდა, ალბათ მათ შორისაც იყო ისეთი, ვისაც ეგრე უხერხულად ვეძებდითო.

*

მდევრად გაჭრამ და ტაკი-მასხარასთან ჭიდილმა დიდად შეულახა ზურაბს ტანსაცმელი. ქუდი და ცალი ქალამანი დაჰკარგოდა, ჩოხა კალთაზე გახეოდა, პერანგის სახელოები განთავისუფლებული ქალის ჭრილობის შესახვევად თვით მოეხია.

აქაც დედამ უშველა. ჩოხის განახევი ისე ამოუხვია, მობეგვა და გაგლისა ტახის ეშვით, რომ ნაკერიც აღარ ემჩნეოდა. ქალამნად ლოგინზე გაფენილი დათვის ძველი ტყავი მისცა, გამოჭერიო; პერანგი, შვილის ნამალევად საკუთარი კაბის ამონაჭრებით შეაკეთა.

ახლა სალომე შეკეთებულ პერანგს უკვე მესამეჯერ რეცხდა, წელზევით ტიტველი ზურაბი ნაჯახს ლესდა, როცა ეზოში ჩამოსძახეს „მასპინძელო, გამოგვხედეო“, ზურაბს ეგონა ჩემდა დასაჭერად მოდიანო და ხანჯალს დასტაცა ხელი, მაგრამ მაშინვე კუთხეში მიდგა, როცა დამამშვიდებელი სიტყვები, – „სამტროდ არ მოვდივართო“, გაიგონა.

კარი სალომემ გააღო.

– ის ბიჭი რად მემალება? უდროო დროა, ვიცი, მაგრამ მაპატივეთ.

– თქვენ გვაპატიეთ, პერანგს ურეცხდი და რცხვენია.

– მეორეს ვერ ჩაიცვამს?

დედაკაცი შეყოყმანდა და არაფერი უპასუხა.

– ეს თედო ჯიშკარიანის ოჯახია, ხომ?

– დიახ, ბატონო, – უპასუხა სალომემ.

– თქვენ ხომ გაგიგონიათ, თედომ რომ ლეკები დახოცა და ერთი ტყვედ წამოიყვანა.

– სხვებისაგან ცოტა რამ, ბატონო, – განსვენებულს არ უყვარდა ლაპარაკი.

– მე ის ლეკი ვარ, – უთხრა ქალს და გულში გაიფიქრა – რაღა მაინც და მაინც, ვინც მე გადამარჩინა, მისი შვილი ჩემის სიტყვით უნდა შეეწიროს მსხვერპლად. იქნებ ამით უხდი მადლს? – საუკუნო მადლობა და სახელი ხვდება წილად. გამოუცნობო მიმიძეხ წინ.

– მეფემ გამოგვგზავნა ქვეყნის მოსავლელად, და მეც აქ შემოვიარე, მენახა განსვენებულის ოჯახი…

სალომეს ტანმა რაღაც უგრძნო. მოსულმა მიმოიხედა და ტახტზე ჩამოჯდა.

– უი, თვალი კი დამევსო, დაჯდომაც ვერ შეგთავაზეთ.

– არაფერია, დაო, აქ ახლოს კარავს გვიმზადებენ… დიდებულებიც არიან. შენ, შვილო, რის მოხელე ხარ? ვხედავ წერაქვი და წალკატი გიგდია…

– ქვის მთლელი ვარ… მაგრამ რა ქვის მთლელი, როცა იარაღი არ მივარგა და გაკეთებაც კი არსად შეიძლება.

– რატომ?

– დამიცვდა იარაღი, მოფოლადება სჭირდება და ფოლადი ვერ ვიშოვე…

– ფოლადს მე გიშოვნი, შვილო, ოღონდ დიდი გზის მოვლა დაგჭირდება. მოდი ედიშერ აბჟანდაძის სასახლეში და მოგცემ.

– დიდი ხელის გაწყობა კი იქნება, მაგრამ როგორ შეგაწუხოთ?! ფოლადი ეგრე ძვირია ახლა!

– ამით მაინც გადაუხდი მამაშენს.

– რათ მობრძანებულხართ ამ ჩვენ მიყრუებულ მხარეში? – ვერ მოითმინა სალომემ და შეეკითხა…

– მეფემ დაგვავალა ციხის აშენება, საჭიროა ერთი კაცი, რომელიც თავის თავს ჩაიკირავს საძირკველში.

– უი, – შეჰკივლა ქალმა, – ვინ იზამს მაგას, ვინ გამოიმეტებს თავს?!

– იქნება ვინმე, უსათუოდ, თუ ომში მიდიან და წამებას იტანენ ათასები, ერთი და ორი ასეთ მსხვერპლსაც გაიღებს, რომ ქვეყანას უშველოს…

– მერმე ქვეყანას რით უნდა არგოს ვისიმე საძირკველში ჩაკირვამ?

– ჰგავს, არგებს, ხალხს ასე სწამს, ძველ კაცებს ოდესღაც ასე უთათბირნიათ.

– ეს წყეული ციხეც რაღად გვინდა, თუ შიგ ჩავიკირებით? – დაბნეულად დაიწყო სალომემ.

– აი, დაო, რომ მუდამ თარეშია, – თქვენი ქმარი მე მომერია, მაგრამ შემდეგ მაინც ომში დაიღუპა, ხალხი ვერ მიდი-მოდის, ვერც ყიდულობს, ვერც ჰყიდის, არ აცვია და არ ახურავს – ყველა ეს შიშიანობის ბრალია… ციხე ავაზაკთა და მეკობრეთა, შემოსეულ მტერთა და მოღალატეთა ასალაგმავად არის საჭირო… ტყუილა ხომ არ უშენებიათ ჩვენს ძველებს ყოველ კუთხეში ციხე და სიმაგრე… და ამ ციხეებს ყველას თამარისა და დავითის სახელი აქვს, როცა ვერც მტერი გვჯობნიდა და ვერც ავაზაკი ჭაჭანებდა.

– დამშვიდდება კი ქვეყანა, ციხეები რომ აშენდეს? – შეეკითხა ზურაბი.

– მარტო ციხის აშენება არ კმარა ქვეყნის დასამშვიდებლად… მაგრამ თავშესაფარი ციხე თუ არ გვექნება, არ შეიძლება მყუდრო, მშვიდი მუშაობა.

– და კაცის ჩაკირვა აუცილებელია? – ისევ შეეკითხა ზურაბი.

– აი ორჯერ ააშენეს და ჩამოიქცა…

– რომ ჩაეკიროს ვინმე, კედლები აღარ ჩამოიქცევა?..

– ძველებს, შვილო, ეგრე უთქვამთ და მეც ძველების მჯერა.

– კაცი რომ ჩაეკიროს და კედლები მაინც ჩამოინგრეს? – უცბად შეეკითხა სალომე თავის შვილს. შვილმა ნალეკარს შეხედა, თითქოს ეუბნებოდა ამაზე რას ეტყვიო.

– რამდენჯერ მოხდება, რომ ომში კაცი თავს გაიმეტებს ამხანაგის გადასარჩენად, მაგრამ ვერ გადაარჩენს და თვითონაც დაიღუპება, ოღონდ ხალხის რწმენა, ასე მცდარი არ იქნება.

ნალეკარი ადგა.

– მშვიდობით ბრძანდებოდეთ. მიხარის, რომ ღირსეულ ვაჟკაცს ღირსეული ოჯახი დარჩენია.

ზურაბი გაჰყვა. ღამეში გზას ნელა იკვლევდენ. უეცრად ზურაბი შეჩერდა და ნალეკარს მიმართა.

– მამა ჩემი ჩაეკირებოდა?

ნალეკარიც შეჩერდა და კარგა ხნის დუმილის შემდეგ უპასუხა:

– მგონი კი… იმდენად კეთილშობილი იყო და თავდადებული… იმ ომშიაც ხომ ბავშის გადარჩენას შეალია თავი.

*

ღამე დედა-შვილს არ სძინებიათ. დედას რაღაც აწუხებდა; თანაც ეშინოდა, არ უნდოდა აზრი დალაგებოდა და მწუხარების საგანი გამოერკვია, ბორგავდა ისე, თითქოს უმიზეზოდ.

ზურაბი კი ფიქრობდა ერთს და იმავეს, ხან უკანასკნელი თარეშის დროს დაჭრილი პატარა გოგო მოაგონდებოდა, ხან დაჭრილი ჯამბაზი და ტაკი-მასხარა, ხან მამა და ხან საყოველთაო გაჭირვება, შიში და უიმედობა.

– თუ ყველაფერს მოეღება ბოლო, თუ ქვეყანა დამშვიდდება და ეს აწიოკება, ტყვევნა და კვლა მოისპობა, რა იქნება, თავი რომ გავწირო?

მეორე დღეს ისე ადრე, რომ ქანცმოლეული დედაც იწვა თვალდახუჭული, ზურაბი ნალეკართან მივიდა; ნალეკარი კარავს გარეთ მარტო მოწყობილიყო და ზურაბი ცალკე, საიდუმლოთ ეთათბირა მას.

– მეფე რომ ჩვენსავე ხალხს აპატიმრებს, ჩვენი მტრის „ხელმწიფის ფეხთა მტვერს“ ეძახის თავს, არ გვზოგავს… თუ მასვე ექნება ციხე, უფრო არ გაზვიადდება და უფრო არ დაგვჩაგრავს.

– დროებით… გარეშე მტერს მაინც მოვიშორებთ… მეფეს ჩვენვე გავუსწორდებით. დამშვიდებული ქვეყანა გასწორდება წელში, მოიცემს ძალას და მეფესაც თავის ადგილს უჩვენებს.

– კარგი, ბატონო, თუ ქვეყანას…

– კაცი შენ ყოფილხარ, შვილო, და ქუდი შენ გხურებია, – მიაძახა ნალეკარმა.

მოგვიანებით ნალეკარმა დიდებულებთან შეიყვანა ზურაბი და დედამისი სალომე, რომელსაც მოერბინა და ახლა გონებადაკარგული, გამოლენჩებული დასდევდა შვილს და ეუბნებოდა:

– რას, შვები, შვილო?

– მეფე არ დაგაკლებს წყალობას, – შენიშნა დინჯად სახლთუხუცესმა.

– რა შავ ქვად მინდა ზურაბის დამკარგავს ან მეფე და ან მისი წყალობა! – ჩაიფუჩუნა დედამ.

– ქვეყანა არ დაივიწყებს შენს ამაგს. – სასოწარკვეთილად უთხრა ედიშერმა, რომ რამე ეთქვა და თვითონვე არ მოეწონა ნათქვამი.

სოფელმა მაშინვე გაიგო, რაც ხდებოდა ჯიშკარიანების ქოხში;

დიდკაცების კარვებს მიაწყდა ცნობისმოყვარე ხალხი და მიესია ზურაბის ეზოს. ავადმყოფნიც კი ადგენ და მოაშურეს.

– უი, თვალი კი დამიდგეს!

– რას შვება, რამ გადარია?!

ბებერი დედაკაცი დაფუსფუსებდა და ხალხს ეუბნებოდა:

– ნუ დალეწეთ ღობე, ნუ მიმოჯეჯგეთ ბოსტანი, ნუ აალაფეთ ოჯახი.

– რათ უნდა ბოსტანი ჩაკირულს?

– ეს ღმერთმა იცის, იგი უშველის.

– თითონ თავს იკლავს, და ღმერთი რას გაუკეთებს?

სოფლიდან დაიძრენ, წინ ბავშები უხმოდ მირბოდენ და უკან იხედებოდენ, მგზავრებს ქალებიც მისდევდენ; მათ უკან ნაჯახიანი მამა-კაცები მიჰყვებოდენ, ბოლოს გადაყრუებული ბებრებიც მიჩანჩალებდენ ყავარჯენზე დაყრდნობით.

მგზავრებს წინ უსწრებდა ხმა: „ჩასაკირავი კაცი მოჰყავთო“. ზოგი ამბობდა, შეკრულიაო, ზოგი ფიქრობდა, ოქროს ტახტზე დაუსვამთ და რაშებით ეზიდებიანო.

ეს მშვენიერი ბიჭი რომ გამოჩინჩული მიგყავთ, ცოდო არ არის? – ჩაილაპარაკა ვიღაც ქალმა და თვალი გააყოლა.

მართლა, ჩაგვეცმია რამე, – მეფეს როგორ მიუყვანოთ ასე ძონძებში გახვეული?

– არჩეული ღარიბი უნდა იყოსო…

– სანამ თავს შესწირავდეს, ერთი ლაღად გავლა მაინც ვაღირსოთ! – ჭიშკარზე მდგომი ქალი შევარდა სახლში და სიძისთვის ნაქსოვი, ნაქარგი აბრეშუმის წინდები მიაწოდა.

მეორე ქალმა მას მიბაძა და პაჭიჭები გამოუძებნა.

– ასეთ წინდა-პაჭიჭებს კარგი წუღა-მესტიც უნდაო! – წამოიძახა ვიღაც ბიჭმა, თვითონ გაიხადა და მისცა.

– კაცი ეს ყოფილა და ქუდი ამას უნდა ეხუროს… შენ რათ გინდა, შე გლახა! – ქალმა ქმარს გადააძრო ბოხოხი და ზურაბს დაახურა.

და ასე შემოსეს და შეამკეს სამსხვერპლოდ მიმავალი ბიჭი ტანით, ფეხით, ცხენითა და იარაღით.

– ვაიმე, რამდენი რა მიაქვთ, გამდიდრდა კაცი, რათ უნდა ამდენი?! – წამოიძახა იქვე ხალხში გარეულმა, თავისი მუდმივი კოლოფით ზურგზე, შალომა ციციაშვილმა.

– შენ არაფერს მიართმევ?

– რა აქვს საწყალს, რომ მიართვას? – კითხვითვე უპასუხა შალომამ.

– შენთვის ყველაზე უფრო საჭიროა ციხე და უშიშროება, თორემ ამ შენს საწვრიმალოს მეთარეშენიც კარგად გამოიყენებენ და შენ და შენს შვილს სტამბოლში ამოგაყოფინებენ თავს.

– ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს! შენ თუ მშვიდათ იცხოვრე, მე ვერ ვიცხოვრებ მშვიდათ?

მობაასემ ხელი ჩაიქნია.

შალომამ კოლოფი მოიხსნა, დადგა, დიდხანს ეძება, ხან ერთი ამოიღო, ხან მეორე, შემდეგ ცხვირსახოცი გაშალა, რომლისთვისაც წრუწუნას კუთხე მოეღრღნა, დაეწია ზურაბს და ხელში ჩაუდო.

– სიმწრის ოფლი მოიწმინდე – წმინდა ტილოა…

სოფელ კაჟნოვანში ღამე უნდა გაეთიათ.

ბანაკი გაიზარდა.

ხალხი ბობოქრობდა.

– ეჰ, შვილო, ვაჟი არ მაღირსა ღმერთმა და შენზე უკეთესს ვის მივცემ, – და ვიღაც მოხუცმა ლეკური ჩამოკიდა, – შენთან დაიმარხოს; ალალია! ახალგაზრდა ქალმა ცხენი მიართვა:

– იარე სახელოვნად!

გზა აღარ სჩანდა და ღელვასავით მოგორავდა თვალუწვდენელი ხალხის ხროვა.

სოფელ ნასილავში თავმა კაცმა დაუყვირა სოფელს, ხელცარიელი ნუ წამოხვალთ, ბარემ სილაც წამოიღეთო.

ზურაბი ვეღარ მიჰყვებოდა კარის კაცებს, ისინი ხალხმა გათიშა და ამალად გაჰხადა. სოფელ საკირალში ედიშერს მთელი მოსახლეობა შემოესია.

– კირი ხომ საჭირო იქნება? – შეეკითხა სოფელი.

– დიახ!

– როდის იქნება ჩაკირვა? – დაეკითხა ქალიშვილი.

– მალე.

– ბარემ აცოცხლეთ, სანამ არ მოთავდება ციხე.

– მართალი ხართ, ასე მოვიქცევით.

– მაშ კირს გამოვწვავთ.

– კარგს იზამთ.

და ხალხმა თავის ოსტატებს მიანდო დაეწყო კირის წვა.

*

ბალავერი ამოყვანილი იყო. კედელს ორის მხრიდან აშენებდენ და ახლა ნაწილები ერთმანეთს უახლოვდებოდენ.

დადგა წამი!

– აბა, ზურაბ, მობრძანდით! – მიმართა ხუროთმოძღვარმა.

ბიჭი შეკრთა, დედას ხელსა და მკლავებზე ერთხელ კიდევ გადაუსვა ხელი და ნაძალადევის ნაბიჯით, აჯაბაჯა მივიდა, ბალავერზე შედგა, შემობრუნდა, დადგა და გულზე დაიკრიფა ხელები.

– შენი ნებით მიდიხარ ხომ ჩასაკირავად? – შეეკითხა ბერი.

ჩემის ნებით, – ყრუდ, მაგრამ გარკვევით უპასუხა ბიჭმა.

– ვაი უბედურ დედა-შენს! – სთქვა ვიღაც ქალმა.

– შეკრთა… – გადაუფუჩუნა ახალგაზრდამ ამხანაგს.

– შეკრთები! – უპასუხა მეორემ, – კოჭის თამაში კი არ არის!

დედა წამოდგა და კედელს მიეყრდნო ხელებით.

კალატოზები ცდილობდენ სასწრაფოდ აეწყოთ ქვა, გადაესვათ დუღაბი. მაგრამ ქაფჩა უნებურად ერიდებოდა ადამიანს შეხებოდა, ოსტატებს სიმარდე აკლდებოდათ, ზედმეტად ფაცურობდენ.

– ღმერთო ჩემო, რა ამბავია?!

– არის კი ღმერთი?! თუ ღმერთი იყოს, ამდენ საცოდაობას როგორ უყურებს გულხელდაკრეფილი?! მოუშვას ერთი ცეცხლის წვიმა და კუპრის ნიაღვარი!

– ვიღაც დამშეული ყოფილა და განაწამებ სიცოცხლეს სიკვდილი არჩია, – უდარდელად შენიშნა ვიღაც დიდებულმა კარისკაცთა წრეში.

– არა, ბატონო, თუ სიკვდილი ნდომებოდეს, უფრო უმტკივნეულო საშუალებას მიმართავდა. ზოგიერთი ეჩოსავით მუდამ თავისკენ მიითლის, რასაც სამშობლო უხვად აწვდის, და ერთხელაც არ იკითხავს თუ რითი არგოს ქვეყანას. ზოგიერთისათვის, როგორც ამ ყმაწვილისთვის, სამშობლო არაფერს იმეტებს, მაგრამ თავს სწირავენ მაინც. ამიტომაც არის ყველაზე უანგარო და, მაშასადამე, ყველაზე უფრო თაყვანსაცემი მდაბიოთა და ღარიბთა სიყვარული სამშობლოსადმი. – მკვახედ უპასუხა ედიშერმა.

– შვილო ზურაბ, სადამდის? – ჩაიკვნესა დედამ.

– მუხლამდის, დედა! – უპასუხა ბიჭმა.

სალომე ქვაზე ჩამომჯდარიყო, თავი კედელზე მიეყრდნო, არც ტიროდა, არც ხმას იღებდა, არც თრთოდა, მაგრამ გადახრილ წელზე ტანისამოსის ნაოჭებში იმდენი ტანჯვა გამოიხატებოდა, რომ ედიშერი თვალებს ვერ აშორებდა; მთელი სხეულით თრთოდა, სახე გაფითრებოდა და გამშრალი უპეებიდან გადმოსული თვალებით სურათის ყოველ მოძრაობას იკრებდა.

– შვილო, ზურაბ, სადამდის? – კიდევ, თითქოს თავისთვის წარმოსთქვა დედამ.

– მკერდამდის, დედი! – დახშული ხმით უპასუხა ზურაბმა.

– ასეთი არც ციხე მინდა და არც ტახტი! – წამოცდა ვიღაც მანდილოსანს.

– ამის ყურებას, მე წამიყვანონ ტყვედ, არა სჯობია?! – წამოიძახა მოურიდებლად ვიღაც ბიჭმა.

მოხუცები თავს აქნევდენ. ქალები თვალს ხრიდენ. უკანასკნელ წამში დიაკვნები მოემზადენ სულთათანას საგალობლად.

– შვილო, ზურაბ, სადამდის? – ძლივს ჩაიკვნესა დედამ.

– ვაიმე დედა პირ… – სიტყვა არ გაეთავებია ზურაბს, რომ მოისმა გამყინავი ხმის მთელის ძალით ყვირილი:

– გაჩერდით ხალხო! – რას შვებით, რამ გადაგრიათ?

კალატოზები გაშეშდენ, დედა შემობრუნდა და გაქვავდა. სიჩუმე დააწვა სულიერსა და უსულოს.

დიდი ხუროთმოძღვარი, რომელიც ამ არეულობის დროს ჯამბაზსა და დარაჯებს ამოეყვანათ, საპატიმროს კოშკიდან ყვიროდა:

– ვინც თქვენთვის თავს სდებს, მას ჰქოლავთ?! ძველს თქმულებას აზრათ ჰქონდა, უეჭველად გამოეცადა, არის თუ არა ქვეყნისათვის თავდადებული, თორემ ნამდვილი ჩაკირვა ვის სჭირდება?! ეს გადმოცემა დაივიწყა კიდეც ხალხმა, როგორც ველური, და ახლა გინდათ ისევ აღადგინოთ?! ხომ დამტკიცდა, რომ კიდევ არის თავგანწირული ხალხი… მისმა მაგალითმა თქვენც აღგაფრთოვანათ, შეხედეთ როგორ აღიმართა ციხე… ზურაბის თავდადებამდე განა ასე გულმოდგინეთ მუშაობდით?!

– ვინ ბედავს ამას? დაიჭირეთ! დაჰკარით მაგას, – ბრძანა მეფემ, მაგრამ მისი ხმა ახლა ჩაახშო ნალეკარის მშვიდმა სიტყვებმა:

– ეს მე ვთქვი, რომ კედელში ჩაეტანებინათ კაცი. ახლა ამეხსნა თვალი. თუ ქვეყანას ჰყავს ერთი უარარაო, რომელიც თავის-თავს შესწირავს – იმ ქვეყნის ციხეც ურყევია და ხალხიც უძლევი, აბა კალატოზებო, ხალხო, სწრაფად გავანთავისუფლოთ…

ახლა მართლაც ცეცხლი მოიკიდა ხელზე ყველამ: ქალებმა, კალატოზებმა, დიდებმა და ბავშებმა, – გადაყარეს ქვები, აფხიკეს კირდუღაბი და ქანცგამოლეული, ფერწასული და მძიმედ-მსუნთქავი ზურაბი ზეასწიეს.

დედა გაშტერებული იძახოდა მხოლოდ:

– რა მოხდა, ვის აქორწინებენ?! გამიშვით, მეც უნდა დავესწრო!

არც მისი ესმოდა ერს.

მეფის მცველები დაიძრენ, ხალხს შუბები მიუღირეს, და მაშინ კი ვიღამაც დაიძახა:

– პირიქით, დაჰკარით მაგათ!

– ცოცხლებს მარხავენ ეგ ურჯულონი! – დაუმოწმა მეორემ.

– არ გვინდა მეფე!

– ბენედიქტე ხუროთმოძღვარმა განაგოს.

– ზურაბი იყოს წინამძღოლი.

– ედიშერმა მოჰკიდოს საქმეს ხელი.

ვიღამაც ქვა ისროლა, ქვას ისარი მოჰყვა; ისრის დანახვაზე ხალხი მიაწვა ჯარს გულ-მკერდით; სადღაც კომბალი გამოჩნდა, იქ წალკატმა გაიპრიალა.

მეფემ და სეფეწულებმა სასახლეს მიაშურეს.

ამალამაც იბრუნა პირი.

აქ დაიკვნესა დაჭრილმა; იქ აკივლდა ქალი „შვილი მომიკლესო“. ვიღაც ბებერმა ნაჯახი მიაწოდა ზურაბს და თითქმის უბრძანა:

– დაიჭი, შენ ხარ წინამძღოლი, დაჰკარი ვინც წინ დაგიდგეს, თვით მეფეს.

სასახლის ფანჯრიდან გადმოდგა ედიშერი და დაიძახა:

– უძლეველო ერო, შენ ხარ ურყევი ციხე! მეფე გაიქცა, ჯარისა და კარისკაცთაგანაც მიტოვებული… იყოს დროებით გამგებლად ბენედიქტე ხუროთმოძღვარი; შენი ღვიძლი შვილი, მშვიდი და თამამი, თავდადებული და თავმდაბალი, მცოდნე და შემგრძნობი, მტკიცე და სამართლიანი.

– გაგვიძღვეს, გაგვიძღვეს!

ახლა ციხის მხოლოდ მცირე ნაწილებიღაა დარჩენილი; ხალხს მაინც სჯერა, რომ მხოლოდ მათ ძირში აქვთ თავდასაცველი.

ხალხი ფიცულობს: მართალია იშვიათად, მაგრამ უკუნეთ ღამეში ზოგჯერ მოისმის სიმთა ჟღერა და იგია ხმა იმ უცნაური ჩანგისაო.

მთვარიან ღამეში, თუ ვინმე მიაჩერდება ნანგრევის სამრეკლოს გუმბათს, ყოველთვის დაინახავს თმახუჭუჭა ბიჭს, რომელიც თოკზე მიცოცავს, რომ ზარის ენა დაარხიოსო.

და თავის თავს ხალხი ახლაც ეძახის უძლევს და თავის ციხეს ურყევს.

მოდი და გადააჯერე!

1938-44 წ.წ.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]