shotarustaveliღამით სახელდახელოდ გამართულ მარჯვე საფრებში იყვნენ ჩასაფრებულნი. რა გათენდა, გამოვიდნენ და გაემართნენ. ერთხანს უწყინარი მგზავრებივით მიდიოდნენ. ქალაქის მცველნი მოტყუვდნენ, ალღო ვერ აუღეს, ნებივრად და უდარდელად იდგნენ, შიში არაფრისა ჰქონდათ.
ახლოს მისულთ ანაზდად თავს მუზარადი დაიხურეს, ცხენებს მათრახი გადაუჭირეს და სამივე კარიბჭისაკენ მოსხლეტით გაქანდნენ. მაშინ კი ციხე-ქალაქში ბუკ-დაფდაფს ჰკრეს და დიდი განგაში ატყდა.
მყისვე კარიბჭენი გააღეს და მიმხდურთ მახვილით მოეგებნენ, მაგრამ ვაი მათ: ტარიელი და მისი მოძმენი რაზმითურთ უმოწყალოდ დაერივნენ და იმდენი კაფეს, ლეშს ბრძოლის ველი ვეღარ იტევდა. ქაჯეთს ღვთის უსაზომო რისხვა მოიწია:

“კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა,
მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგველე ცისა!
კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა,
აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდის სიმაგრე ჯავშან-ქაფისა!”

ტარიელი ქალაქში პირველი შეიჭრა და მსწრაფლ ციხეს ეკვეთა. ავთანდილი და ფრიდონი მტერს გალომებით ებრძოდნენ და ერთობ მუსრი გაავლეს. რა ერთმანეთს შეხვდნენ, დიდად გაიხარეს. ტარიელი მოიკითხეს, მიათვალიერ-მოათვალიერეს, მაგრამ არსად ჩანდა.
ციხეში ასასვლელ გვირაბს მიაშურეს, მტრის რიდი არა ჰქონდათ. მივიდნენ და ნახეს, ნალეწი აბჯარ-იარაღი გროვა-გროვად ეყარა. თავით ფეხამდის აკაფული ათიათასი გუშაგი უსულოდ იწვა, ციხის კარებიც შელეწილი იყო.
ტარიელის მეტი ამას ვინ იზამდაო, თქვეს და შევიდნენ. გზაც შეკაფული დახვდათ, მცველთა გვამებით მოფენილი. გვირაბში გაძვრნენ და:

“ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა,
მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკრვა თმასა ლელსა,
მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.”

გეგონებოდა, ცის კაშკაშა მნათობნი მუშთარი და ზუალი ერთად შეყრილიყვნენ. ერთმანეთს ეხვეოდნენ, ჰკოცნიდნენ, `კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი”, სიხარულის ცრემლი სდიოდათ.

“მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს,
აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.”

ძმობილნი წვეულივით წინ წადგნენ და ტარიელის მზე სატრფოს მოწიწებით სალამი უძღვნეს. “მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა”, შვება-ლხენით სავსემ მშველელთ აკოცა და საამო სიტყვით მდაბლად მადლი მოახსენა.
მერე თვით ტარიელს მიესალმნენ, უებრო და ახოვან ჭაბუკს “მას ალვისა მორჩსა ვით ხეს”, და გამარჯვება მიულოცეს. რაინდებმა ტკბილად მოიუბნეს, გამოიკითხეს ერთმანეთის ამბავი და დიდად ეამათ, რომ მტრის მახვილს მათთვის ვერა ევნო რა, მძიმე აბჯარი ამაოდ არ ეტარებინათ:

“თავნი მათნი გაალომნეს, მათნი მბრძოლნი იშვლეს, ითხეს.”

სამასი კაციდან ასსამოცი შერჩენოდათ. ფრიდონს უმძიმდა, მეომრები რომ დაეღუპნენ, მაგრამ თან უხაროდა კიდეც, რომ კეთილ საქმეს შეეწირნენო. მათი ჯავრის ამოსაყრელად მონახეს, თუ სადმე მტერი კიდევ ბოგინობდა, და ცოცხალი ერთიც აღარ დაუტოვებიათ.
იმდენი საუნჯე იპოვეს, ანგარიში არ ეგებოდა. სამიათას მუხლმაგარ ჯორსა და აქლემს მარგალიტი და თლილი ლალ-იაგუნდი აჰკიდეს.
მზეთამზე ასული ტახტრევანის ჩეროში შესვეეს და სათუთად, მოკრძალებით წამოიყვანეს, აწი შეეძლო კი ვინმეს მისი წართმევა?!
ქაჯეთის ციხის მცველად სამოცი კაცი დატოვეს. გზის დაგრძელებას არ დაერიდნენ და გულანშაროსაკენ გაემართნენ, თქვეს: ფატმანი მოვინახულოთ, მის ამაგს რომ ვერასოდეს გადავიხდითო.

წყარო

თქვენი online რეპეტიტორი