I

შუადღე მიღწეული იქნებოდა, როდესაც ორსართულიანი სახლიდან, № 12, ლევერის ქუჩაზე, კიდევ ერთი კაცი გამოვიდა და საკონსულოს კარები ბრაზით გამოიჯახუნა.

ერთხანს შესდგა და ხელში ნაჭერი დაჭმუჭნული რბილი ქუდი ვითომ შეასწორა, ნამდვილად კი უარესად მოსთელა.

მერმე ისევ აავლო თვალი იმ შენობას, როგორც სასამართლოს აჰხედავს ხოლმე მომჩივანი, რომელმაც უეჭვო საქმე წააგო, და მცირე ყოყმანის შემდეგ ლიუქსენბურგის ბაღისკენ წავიდა.

უცებ ისევ შესდგა, ჯიბეზე ხელი მოუსვენრად მოიფათურა და, რა დარწმუნდა, რომ ყოველივე თავის რიგზე იყო, ხშირი ნაბიჯით განაგრძო გზა.

საკონსულოს პირდაპირ ფილაქანზე მუდმივ დარჭობილმა აგენტმა მიმავალს თვალი აადევნა და გაიფიქრა:

“ვერ მორიგდნენ”.

შემდეგ უბის წიგნაკი ამოიღო და რაღაც ჩაინიშნა იმ ფურცელზე, სადაც ადრევე ჰქონდა ჩაწერილი: “№ 86. შავი ჯაგარი. 40 წლისა. მკვრივი.

მოუხეშავი. 170 სანტიმეტრი. მარცხენა ხელი დამწვარი. მარტო მოდის”. მერმე ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ქვის კაცივით დაიწყო ნელი ბიჯება, თანაც მჭრელ თვალებს სახიფათო სახლს არ აშორებდა.

ნოდარ შუბიძე სენატს გამოსცდა, ოდეონის ქვეშ ვეება მაღაზიის წინ შესდგა და ახალ წიგნებს გადაავლო თვალი. მაგრამ გული ვერ დაუდო, რადგან იმ დღეს აღარ ეწიგნებოდა, და დამწვარი ხელით თავის წვერივით შავი საათი ამოიღო და დაჰხედა.

 

საუზმის დრო იყო და ქუჩაში ხალხმა იმატა. სენ-მიშელის ბულვარზე ამოვიდა და ხელახლა შესდგა. რომელ კაფეში ისაუზმოს? იქვეა ნაცნობი “სუფლო”, “დარკური”, “ვოლტერი”, “პასკალი” და სხვა მრავალი. მაგრამ…

არა, არც ერთ ამ კაფეში არ შევა. იქ უეჭველად შეხვდება გადმოხიზნულ ქართველებს, რომელნიც… არა, საჭირო აღარ არის.

ვისთვის? რაღასთვის? ზეპირადაც იცის ნოდარმა, ვინ რას იტყვის, რა გეგმას გადმოუშლის. მთქმელი სხვებსაც შეახურებს და თვითონაც გაღვივდება. ისიც იცის, თვითონ ნოდარიც როგორ მოიქცევა: სახეზე უნდობლობის ღიმილს აიკრავს და ერთ სიტყვასაც ვეღარ დასძრავს, გულზე კი მწვავე სევდა მოაწვება და მეათასეჯერ გაიფიქრებს:

“ნეტარ არიან მორწმუნენი, მე კი”.

თვითონ კი დიდი ხანია ჭიანაჭამთა სიაში მოექცა. უკან ეყარა რვა უგრძესი წელიწადი (უფრო გრძელი, ვიდრე მანძილი პარიზიდან ტფილისამდე), ეკლით დაფენილი და შხამით მორწყული გზები (უფრო საურვე და მწვავე, ვიდრე გზანი გოლგოთისანი), დამსხვრეულ იმედების გორები (ძველ ნაქალაქევზე მეტად დანგრეული) და კიდევ იდუმალი რაღაც, თუ ვიღაც, რომელიც მოკვეთილ სხეულივით დარჩა იქ, შორს, ძალიან შორს, ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადაღმა, და რომელიც ერთხელ… ოდესღაც…

და ერთხელ, – აბა ვინ იტყვის, როდის და როგორ დაიწყო ის დიდი ნგრევა, – ერთხელ ნოდარ შუბიძემ ცხადად იგრძნო და გაიგო, რომ გაღმა დარჩენილი კი არ იყო მისი მონაკვეთი, არამედ თვითონ ნოდარი იყო იმ ცოცხალისა და უზარმაზარის მონაჭერი, ჩანაბერი და ჩანათესლი – იმდენად მცირე და უმნიშვნელო, რომ აგერ იმ ტელესკოპშიც კი ვერ გამოჩნდება, აგერ იმაში, რომელიც იქ, ლიუქსენბურგის ბაღის ბოლოში, ვეება ცალთვალა დევივით ასვეტილა ცისკენ.

 

და ყველაფერიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

არა, აღარ შევა კაფე “პასკალ”-ში, არც “სუფლო”-ში, არც “დარკურ”-ში.

ერთხელ კიდევ მოიფათურა ჯიბე და სწრაფი ნაბიჯით წავიდა პანთეონისკენ. ქუჩა რომ გადაჭრა, გაღმა მიმავალ ავტობუსს შეახტა და მთვარეულივით ჩამოჯდა.

დღეს რომ სევრიდან პარიზში მოდიოდა, ჰფიქრობდა: კონსული ვიზას მომცემს. მერმე ტელეფონებსაც ავამუშავებ და პნევმატური ფოსტითაც დეპეშებს დავუგზავნი… ყველას, ყველას, უკლებლივ ყველას – ამხანაგსაც და…

ნაამხანაგარსაც. დეე, ყველანი მოვიდნენ და უკანასკნელად მნახონ. ერთხელ მაინც გადაუხდი დიდ ნადიმს და… არა, მშვიდობით დარჩენას მაინც ვერ ვუსურვებ. საშინელი ალიაქოთი ასტყდება. ვინ იცის, იქნება მომდრიკონ და დამტოვონ კიდევაც.

საღამოზე ლათინთა უბანს დაივლის, სორბონის მიდამოებში ოციოდე ქართველს წააწყდება და ყველას დაჰპატიჟებს.

საღამოზე კი გაღმა წაიყვანს და სადმე, ოპერის მახლობლად, თუნდაც, “გრანდ ჰოტელ”-ში, დიდებულ სადილს მიართმევს… იქიდან ელისეს მინდვრებზე გაივლიან და იქ კი კავკასიელთა “სელექტ”-ში შეიხედავენ.

შემდეგ გამობრუნდებიან, დიდ ბულვარებზე ავლენ, მონმარტრის აღმართს შეუდგებიან და შუაღამეზე პიგალის უბანში ავლენ.

“იქ ჩვენებურებს ღამის კაბარე აქვთ გამართული – “შატო კოკაზიენი”. წინ წითელ ჩოხიანი მეკარენი დაგვიხვდებიან, შიგნით კი ყველაფერი ჩვენებური იშოვება: საცივიც და ღომიც, ჩიხირთმაც და ხარჩოც, ჩახოხბილიც და ცოცხალიც, ტაბაკაც და… და წითელი ბორდოც, რომელიც კახურს ენათესავება”.

წითელი ბორდოც, ტკბილი დუდუკიც და გიჟური ლეკურიც – ნამდვილზე უნამდვილესი, თითის წვერებზე შემდგარი, ორბივით მქროლავი, ცეცხლივით მწვავე და ჩაბარუხივით მჩქეფავი.

გული გაიხსნან მეგობრებმა! სვან და სჭამონ დევებივით! იმღერონ, იცეკვონ და თუნდაც ყველაფერი ყირაზე დააყენონ!

ნოდარს ეხლა ფული აქვს. დანახარჯს გადაიხდის, მერმე სევრში დაბრუნდება, ბარგს აიკიდებს და გზას გაუდგება, იმ ნაცნობ გზას დაადგება, რომელიც ოდესღაც… იქიდან… დაულეველი… დაფშვნილი მინით იყო მოფენილი, ეხლა კი, აქედან, მკლავზე უმოკლესად და ბამბაზე ურბილესად ეჩვენება.

დიაღ, ასე ჰქარგავდა დილას, პასპორტის მიღების მოლოდინში, ახლა კი…

ახლა შატლეს თეატრთან ჩამოხტება, იქვე სადმე შესჭამს რასმეს და დღესვე სევრში დაბრუნდება.

მერმე კი – “მერმე ვნახავ, რაც მოხდება”.

ავტობუსმა სენ-მიშელის ხიდზე გაისრიალა და შატლეს წინ შესდგა. არავინ არ ჩამოხტა და ისევ თავის გზით წავიდა.

ჭკუაც ისე სჭამს რწმენას, როგორც მზე – ყინულს.

– წრეულს, გაზაფხულზე დაიწყება, – მუდამ ესმოდა ნოდარს ყოველ მხრიდან.

– უეჭველად!

– აუცილებლივ!! – ადასტურებდნენ ათასები.

ნოდარს კი ომის რწმენა უდნებოდა და მის მაგივრად მეორე უღვივდებოდა: რომ ამ ქვეყნად მშვიდობის წყურვილი ომის ჟინზე უფრო ძლიერიაო.

 

ჭკუა რწმენას თოვლსავით სჭამს, მაგრამ –

“მაგრამ – ლურსმანივით ჩაუჯდა ფიქრი შუბიძეს – ვინც ერთხელ იგემა ომის ზარი, მეორეჯელ ალაგიდან ვეღარ დასძრავ”.

– ნოტა მზადდება, ნოტა! – თოფივით სადმე გავარდებოდა დროგამოშვებით და ირგვლივ ზოგიერთი იმავე თოფის წამალივით იფეთქებდა ხოლმე:

– იწყება!. იქნება!..

– უეჭველად!

– აუცილებლივ!

ნოდარ შუბიძე კი ისევ უნდობლად იღიმებოდა და გულში თავისთვის ამბობდა: “ყველა ნოტები, და მუქარაც კი, ჯერჯერობით ზავის ღმერთს ემსახურება, შემდეგ კი – ვინ იცის, ვინ იტყვის, ვინ გამოიცნობს? აკი თვითონ “პაპაც” გამოტყდა: შეიძლება წითელმა ქვეყანამ ოცი და ოცდაათი წელიწადი გასძლოსო.

 

მაშ შესაძლებელი ყოფილა ორმოცდაათსაც გასტანოს, ან ასსაც, ან რამოდენიმე საუკუნეც გადაიტანოს. უკვე გაცვეთილი ამბავია: ძველი ქვეყანა ახალს მუდამ ეშუღლება და მის დასანგრევად იჭურვება. ასჯერ და ათასჯერ აშლილან ერთმანერთის შესამუსრავად, მაგრამ მუდამ, თითქმის მუდამ ისევ მორიგებულან და ახალს ათასი წლობით უცხოვრია და თავისი გზით უვლია, ეხლაც იგივე განმეორდება, ან შეიძლება განმეორდეს, ამიტომ…”

და ნოდარს სწორედ ამიტომ დაელია იმედიც და მოთმინებაც – როდის და როგორ, ეს ხომ სულ ერთია!

ჭკუა იმედს სჭამს მეთქი, როგორც სითბო თოვლს, და ეს თოვლი – ოდესღაც ღრმა და გაუვალი – ნელ-ნელა შეთხელდა, შემდეგ აქა-იქ ლილო გამოჩნდა, ქაჩალივით დაიკორტნა, მერმე კი სულაც აიკრიფა და სენას წყალს გაჰყვა.

 

ახლაც ეცინება ნოდარს, წარსული რომ აგონდება. დილით-დილამდე ან წიგნებში იყო ჩაჭედილი, ან ფაიფურის ქარხანაში ორად მოკეცილი მუშაობდა, დროგამოშვებით უცებ საიდანმე ფაჩუნი მოესმოდა, თვითონაც სხვებივით აიშლებოდა და ბარგის ჩალაგებას შეუდგებოდა.

ყველანი დარბოდნენ, მხნეობდნენ და ემზადებოდნენ. მერმე ის ფაჩუნი ისევ გაჰქრებოდა, ნოდარს კი ორიოდე კვირა ეკარგებოდა და თავისსავე თავს დასცინოდა.

ხანი გავიდოდა. სადმე ცაზე ჩიტი გაიფართხალებდა, ან შორს სადმე მონადირე თოფს გაისროდა და ლევილშიც და “ბულმიშშიც” ყველას ხელახლად ააფორიაქებდა.

სევრიც იქვეა, ჩოჩქოლი იქაც ჩაფრინდებოდა, ნოდარსაც მეასეჯერ შეაფართხალებდა და სწავლა-შრომას შეაწყვეტინებდა.

 

– გაიგე?.. წაიკითხე? – მდუღარე ხმით ჰკითხავდნენ ხოლმე ნოდარს.

გაგებულიც ჰქონდა და წაკითხულიც, მაგრამ მაინც გულგრილი კილოთი უპასუხებდა ხოლმე.

– რა, რა მოხდა? – და მოსაუბრის ნაამბობში ჩაუქრობელი წყურვილით ეძებდა უკვე წაკითხულისა და გაგონილის ახალს, ზედმეტ სიტყვას, მეხუთე ვარიანტს, ახალ ანარეკლსა და აზრის ახალ მინახვევს.

ასე ხდებოდა ოდესღაც, რამოდენიმე წლის წინათ, ახლა კი, ვინმე რომ ჰკითხავდა: “გაიგე? წაიკითხე?”, გულდინჯად უპასუხებდა:

– გავიგე… წავიკითხე. – და ყურებს ნებისყოფით იცობდა, გონება კი მუდამ იქ ჰქონდა.

სევრში, ფაიფურის ქარხნებში, ლაბორატორიაში, ღუმელებსა, ქურასა და ასნაირ თიხაში.

– უკანვე მიბრძანდებით, ბატონო? – გამოაფხიზლა ნოდარი ავტობუსის კონდუქტორმა.

– როგორ თუ უკან? – გაოცდა შუბიძე, – განა სადა ვართ?

– სენ-ლაზარეს სადგურზე – ღიმილით მიუგო კონდუქტორმა და შოფერს საოხუნჯო რაღაც მიუგდო.

ნოდარმა მიმოიხედა. ავტობუსი დაიცალა და ხელახლად ივსებოდა. შერცხვა, ფაცა-ფუცით ჩამოვიდა, ფორი გადასჭრა, მაღაზიის წინ შესდგა, ჯიბე ისევ მოიფათურა და შვებით ამოიოხრა, რადგან იქ ნადები იქვე აღმოჩნდა.

“დაბნეულობა დამჩემდა – გაიფიქრა – არსად არაფერი დამემართოს”.

 

მართლაც უკანასკნელ დროს გულმავიწყობა მეტის-მეტად შეეპარა. დილით რომ შეუდგებოდა თიხების, კაოლინებისა და სხვადასხვა ნივთიერებათა შეზავებას, ანალიზსა და დაწვას, დროც ავიწყდებოდა, ჭამაც, წესრიგიც და ყოველივეც, რაც ირგვლივ ხდებოდა.

– საუზმის დროა, ბატონო შუბიდზე. – ეტყოდნენ ხოლმე თანამშრომლები და მოსამსახურენი.

– ეხლავე. – წაილუღლუღებდა და ეს “ეხლავე” ზოგჯერ შუაღამესაც ძლივს მოვიდოდა.

დიასახლისი მუდამ გამწყრალი ჰყავდა, რადგან ნოდარის კერძი ცივდებოდა, და თვითონ ნოდარიც დიდი ხანია ცხელ საჭმელს თითქმის გადაეჩვია.

 

ზოგჯერ კი მუშაობის ნაცვლად რამდენიმე საათს იჯდა გახევებული, ან მიდამოებში დაჰბორიალებდა და თავის-თავს გაოცებით ხან ვერსალში აღმოაჩენდა, ხან მედონის ტყეში იპოვნიდა, ხან სენ კლუს ბაღში და ზოგჯერ კი უფრო შორს, სადმე უცნობ სოფელ-ქალაქში გამოფხიზლდებოდა ხოლმე.

ქარხნის დირექტორი ბუზღუნებდა, მაგრამ ნელ-ნელა შეეჩვია და ბოლოს “ანარშისტ შუბიდზეს” ხელფეხი გაუხსნა: როცა ჰსურდა – ეძინა, როცა უნდოდა – ეღვიძა, სჭამდა, შიმშილობდა, დაეხეტებოდა, ან სადმე კუთხეში ბერივით იდგა დაყუდებული, ან კიდევ როდენის “აზრი”-ვით იჯდა და იმავე ძეგლივით სდუმდა.

აი ეხლაც: ნოდარს შატლეს თეატრთან უნდოდა ჩამომხტარიყო, იქვე სადმე ესაუზმნა, იქვე ასულიყო გემზე და სევრში დაბრუნებულიყო, ნამდვილად კი სამი ზედმეტი კილომეტრი ბრმასავით გამოიარა და აღარ იცის, სად ისაუზმოს, ან იქნება სჯობდეს უჭმელი დაბრუნდეს და საღამოზე ისადილოს?

ნოდარ შუბიძე უფრო ქიმიურ ლაბორატორიისთვის იყო გაჩენილი, ვიდრე აქტიურ პოლიტიკისთვის. ერთ დროს ბრწყინვალედ დაასრულა ეს დარგი და ქიმიკოსთა ოჯახში გაშლილი დროშით აპირებდა შესვლას, მაგრამ ფორისა და ქუჩის ყივილმა გამოაბრუნა, მოსტაცა და ნაფოტივით დააბორიალა.

“ჯანსაღ მეცნიერებას წინ ჯანსაღი კონსტიტუცია უნდა უძღოდეს”. – ჰფიქრობდა მას აქეთ და ამ წინამავალისათვის მუდამ წინა რიგებში იდგა.

მაგრამ მეცხრე ტალღამ მათი ლაშქარი – წინანიც და უკანანიც – ქვეყანაზე განაბნია და ნოდარ შუბიძე პარიზის ბულვარებზე გადააგდო.

მაშინღა მოაგონდა უნებურად, რომ ერთი ხელობაც ჰქონდა მარაგად შენახული და უცხოელ მფარველთა წყალობით მალე სევრის ქარხნების ლაბორატორიაში უბრალო მოსამსახურედ შევიდა.

განცხრომილი კაბინეტის მაგიერ – მყრალი ბუღით და მოწამლული ოხშივარით სავსე უბადრუკი ოთახი, პორტფელის ნაცვლად – ვარვარი ღუმელი და ცხელი სარჩილავი, ხოლო ხელში – ადამიანის სულისა და ხასიათის გამოკვეთის მაგივრად – მიწის ყალიბი, სველი ალიზი, თიხა, კაოლინი, ფაიფური და მინანქარი.

მაგრამ ნოდარი ქიმიკოსი იყო და კარგად იცოდა, რომ თიხა ოქროზე უფრო საინტერესო მასალაა და ხშირად მასზე მეტსაც იწონის, გარდა ამისა, საჯდომი რკინისა ჰქონდა, მოთმინება – კამეჩისა და შრომის უნარი – მომართული საათისა.

მალე თვალი დაადგეს. შემდეგ ვერცხლად დააფასეს, მერმე კი ოქროსაც აღარ აკადრებდნენ. დღე-ღამეში თექვსმეტ საათს მუშაობდა და მუშაობის ნებართვის გარდა არასოდეს არაფერს არ თხოულობდა.

სხვები რომ სამსახურის კიბეებზე მუჯლუგუნებით მიიწევდნენ, ნოდარს ზედამდეგები მიათრევდნენ და თანდათან რთულ საქმეს აბარებდნენ.

შუბიძემაც ზედიზედ მისცა ქარხანას მინანქრის რამდენიმე ახალი შენადუღი, ფაიფურის თიხის შენაზავი და ძალიან დიდი მოგება, სამაგიეროდ პატარა ლაბორატორია მოითხოვა, რომელიც უმალვე მიუჩინეს და თავი მიანებეს.

სამი წელიწადი გავიდა მას შემდეგ. შუბიძე თითქმის დაივიწყეს, რადგან იმანაც დაივიწყა ქარხანაც და მთელი ქვეყანაც. მხოლოდ ერთხელღა გაიხსენეს, რადგან ეგონათ “ჟეორჟიენი” გაგვიგიჟდაო.

 

ერთ დილას ნოდარ შუბიძე ლაბორატორიიდან თავშიშველი გამოვარდა და მედონის ტყისკენ გაიქცა. ხუთ დღეს იყო დაკარგული. ტელეფონების, დეპეშებისა და პოლიციის დახმარებით ეძებდნენ.

ბურლარეინში ენახათ – თავჩაღუნული მიჰქელავდა მაღალ ყანებს და გლეხებს ჯოხებით გამოეგდოთ ნათესებიდან. შარანტონში კინაღამ საგიჟეთში ჩაემწყვდიათ. ჟუანვილში დედაკაცები ცოცხებით დასდევნებოდნენ. შემდეგ ობერვილიეში ამოეყო თავი და რადგან სადილის ფული ვერ გადაეხადნა, ოქმი შეედგინათ და ოდნავ მოეთელნათ კიდევაც, ხოლო რომენვილში უპასპორტოდ ხეტიალის გამო დაეპატიმრებინათ და პოლიციელის თანხლებით სევრში გამოეგზავნათ. ძლივსღა იცნეს თავიანთი ქიმიკოსი, რადგან აპაშს ჰგავდა და ჭკუაზედაც შეთხელებულიყო.

“ჟეორჟიენი” ისევ ჩაიკეტა, ერთი კვირის შემდეგ გამოვიდა და საკონსულოს მიადგა, სადაც დღეს, სამი თვის შემდეგ, ცივი უარი მიიღო.

ეხლა ნოდარი დინჯად არის, მაგრამ არ იცის, სად წავიდეს და რა იღონოს.

ცოტა ხანს იფიქრა, შემდეგ უცბად ფილაქანს მოსხლტა, გავლილი გზა ხელახლად გადასჭრა და იმავე ავტობუსზე შეხტა, რომელმაც სამიოდე წუთის წინ სენ-მიშელის ბულვარიდან მოიყვანა.

ოციოდე წუთის შემდეგ “ო შანჟ”-ის ხიდთან ჩამოვიდა და პატარა გემით სენას წყალს დაჰყვა, ხოლო საათის სამზე სევრის ქარხნების დირექტორის კაბინეტში იჯდა და მელოტ კაცს ჩუმი ხმით ეუბნებოდა:

– თითქმის რვა წელიწადია თქვენთან ვმუშაობ…

– მართალია, ბატონო შუბიდძე. მერმე, რა გნებავთ?

– და ერთხელაც არ დამისვენია.

– ეგეც მართალია. გნებავთ, დაისვენოთ?

– დიაღ, მინდა დავისვენო… მინდა ინგლისში წავიდე და კერამიკული ქარხნები დავათვალიერო.

ჯამაგირის და გზის ფულს არ მოვითხოვ.

– დიდებული აზრია, – მოეწონა დირექტორს, – უეჭველად ნახეთ მინტონის ქარხანა სტრაფორდშირში. არც კოპლანდისა დაივიწყოთ.

– მინდა ვეჯუდისაც დავათვალიერო.

– დიდებულია, მშვენიერია! – აღფრთოვანდა დირექტორი, რომელსაც მისი კონკურენტი ინგლისელები დამპალი კბილივით აწვალებდნენ. – ნამეტნავად დააკვირდით კედლისა და იატაკის ფერად აგურებს, ფაიანსსა და ქვის ჭურჭელს, რომელსაც ლამბეტში დოულტონის ქარხანა ამზადებს, და უფრო მეტად კი – ფაიფურის ქარხანა გაჩხრიკეთ ვორჩესტერში.

– დიაღ, მეც ვფიქრობდი…

ვორჩესტერში შევლას.

– იქნება ზოგი რამ გაიგოთ და… იმედია მოხსენებას დაგვიწერთ.

– უეჭველად.

დირექტორი გახარბებულიც იყო: არაფერს ჰხარჯავდა, მოგებით კი… ვინ იცის, შეიძლება “ანარშისტ შუბიდზეს” საიდუმლოება რამ გაეგო და ჩამოეტანა.

– როდის აპირებთ? – ჰკითხა დირექტორმა.

 

– ხვალ დილით.

– რამდენი ხნით?

– ერთი ან ორი თვით.

– მშვენიერია. იქნება… მფარველი გყავთ ვინმე და რომელიმე ქარხანაში მოახერხოთ სამსახური?

– შეიძლება. ვეცდები.

– რა თქმა უნდა, ჩვენს სიკეთეს არ დაივიწყებთ და ისევ დაგვიბრუნდებით.

 

– უეჭველად დავბრუნდები და ყველაფერს მოგახსენებთ.

– მაშ მშვიდობით მგზავრობას და გამარჯვებას გისურვებთ. ადგილს, რა თქმა უნდა, შეგინახავთ.

– დიდად გმადლობთ, მშვიდობით ბრძანდებოდეთ, ბატონო დირექტორო – და გამოვიდა.

– წუხელის მშვენივრად გეძინათ, ბატონო შუბიდზე, – უთხრა მეორე დილას დიასახლისმა, რომელიც დიდი ხანია მდგმურის ძილს გადაეჩვია. – რა მოხდა? რომელმა წამალმა გარგოთ?

ნოდარს მართლა ქვასავით ეძინა. რა მოხდა? ეს ბებრუცანას საქმე არ არის.

სულ ერთია, ვერ გაიგებს.

– მაშ ერთი თვით მიბრძანდებით? – ჰკითხა დიასახლისმა.

– დიაღ, ერთი თვით მივდივარ.

ერთი თვის ქირა წინდაწინვე ჩაუთვალა და დაუმატა:

– თუ დავიგვიანე… ვინ იცის, რა მოხდეს? თუ დავიგვიანე, ჩემი ბარგი აქ სადმე შეინახეთ, ან იმას გადაეცით, ვინც ჩემს წერილს მოგიტანთ, ოთახი შეგიძლიანთ ერთი თვის შემდეგ გააქირავოთ.

– ტრე ბიენ, მესიე შუბიდზე, ტრე ბიენ.

– იქ წიგნების მეტი არაფერია.

 

– ვიცი.

– ყუთებში ჩავალაგე.

– ვნახე.

– მაშ მშვიდობით იყავით.

– მშვიდობით კი არა, ნახვამდის, ბატონო შუბიდზე.

– ნახვამდის, ქალბატონო, ნახვამდის.

და ერთი საათის შემდეგ ნოდარ შუბიძე ერთი პატარა ჩემოდანით სენ-ლაზარეს სადგურის ნაცვლად ლიონის სადგურს მიადგა, ხოლო ნაყიდ ბილეთზე მცირე ასოებით ეწერა: “პარიზი – მარსელი”.

 

კუპეში რომ ჩაჯდა, დამწვარი ხელი ჯიბეში ნერვიულად მოისვა და ოდნავ გაიღიმა. სამი მგზავრიდან ერთმა გაზეთის კითხვა შესწყვიტა და ნოდარს თვალი დაადგა.

შუბიძე უცებ შეშფოთდა და გაიფიქრა: “ვინ იცის, იქნება ჯიბგირია, აქ არაფერი იფიქროს”… და ჯიბიდან აბრეშუმის ხელსახოცში შეხვეული რაღაც ნივთი ამოიღო, ფრთხილად გაშალა და ხელში ყავის პატარა ფინჯანი შერჩა – უსწორ-მასწორო, ფაიფურის მსგავსი და უცნაური ფერისა: არც ყვითელი, არც წითელი, არც ჩალისფერი, არამედ ერთიც, მეორეც და რაღაც მეხუთეც. და მას ისეთი სიყვარულით, სინაზით და სიფრთხილით დაუწყო სინჯვა, თითქო ქვეყნის თვალი ეჭირა და დამსხვრევისა ეშინოდაო.

დიდხანს ატრიალა, სამივე მგზავრს დაანახვა, მერმე ისევ შეახვია და განძივით შეინახა, ნამდვილი განძი კი – შვიდი წლის მწარე შენაძენი, ათას-ფრანკიანების სქელი დასტა, რომელიც დღეს დილით გამოიტანა ბანკიდან, – დაუდევრად ედო უბის ჯიბეში და თითქმის არც კი ახსოვდა.

მესამე მგზავრმა ერთხელ კიდევ აათვალიერა ნოდარი, მის ხელში გაზეთ “Humanité”-ს მოჰკრა თვალი და გაიფიქრა: “რა ამის საქმეა პირველ კლასში ჯდომა?..” – და ისევ თავის “Figaro”-ს დაუბრუნდა.

 

ნოდარი კი მსხვილი ასოებით დაბეჭდილ სათაურებს კითხულობდა: “კაპიტალისტური ევროპა საბჭოთა კავშირს თავდასხმას უპირობს. ომი ახლოა… ულტიმატუმი იწერება… მაგრამ ჩვენ ნებას არ მივცემთ”.

გაზეთი გადასდო და ჩაფიქრდა. ომს უპირებენ, ნოდარი კი სწორედ იქ მიდის, სადაც შეიძლება მალე ჯოჯოხეთი დატრიალდეს. მაშ გაგიჟდა? იმ ერთ ქათამსავით დანა მოენატრა? და თუ მართლა დღეს თუ ხვალ, ან თუნდაც ერთი წლის შემდეგ ომი იქნება, ეგებ სჯობდეს…

 

და უცებ მტკიცედ გადასჭრა:

“არა, არა მჯერა. ისინი, პარიზში რომ დავტოვე, მუდამ ომს ნატრულობენ, რადგან მხოლოდ გამარჯვებული ომია მათი მხსნელი. მაგრამ ესენი?.. ესენი ომს ჭირსავით ერიდებიან, და არც ევროპას სცალიან ომისათვის. მუდამ ემზადებიან, მაგრამ არ ეძებენ. დიდი ხანია ყველაფერი თავის კალაპოტში ჩაიჭედა და ასე ადრე და ასე ადვილად ვერ ამოვარდება”. ნოდარ შუბიძეს კი აღარ შეუძლია უთავბოლო მოცდა, აღარ ძალუძს ლანდების დევნა, ღრუბლებში ფრენა და მოჩვენებასთან მუდმივი ბრძოლა.

მას ვალი ადევს კისერზე – უმძიმესი, უმაღლესი, უნეტარესი – და ეხლა ამ მწვავე ტვირთის მოსახდელად მიდის და შვებით მხოლოდ მაშინღა ამოისუნთქავს, როცა მოსახსნელს მოიხსნის და მისართმევს მიართმევს – მიდის და სიხარულით მიართმევს იმ დიდსა და მარადიულს, რომელიც რვა წლის წინათ მოსწყდა და კინაღამ დაეკარგა.

კარი დაკეტილია? ფანჯრიდან გადავა.

ფანჯარაც მიხურულია? საკვამლეში ჩაეშვება.

საკვამლეც დაცობილია? თაგვის ხვრელით შეძვრება და მაინც თავის ოჯახში შევა – დიდ ოჯახშიც და პატარაშიც, საერთოშიც და საკუთარშიც, სადაც რვა წლის უნახავი ცოლი – თითქმის დაქვრივებული სიდონია – მოლოდინით დასჭკნა, დაილია. სადაც სამარის პირზე მიმდგარს დედა მართას ნატვრად გადაექცა ერთხელ და უკანასკნელად ნახვა თავის ერთა ნოდარისა. სადაც ნოდარის სამი წლის ვაჟი გაიოზი ახლა თერთმეტისა სრულდება და მამა ჯერ არც უნახავს. რადგან აღარ ახსოვს.

სადაც რვა წლის წინათ უამრავი მეგობარი და ნათესავი დასტოვა. ნათესავი და მშრომელი ხალხი, რომელსაც მან, ნოდარ შუბიძემ, თითქმის ყველაფერი შესწირა, და რომელიც ეხლაღა სწავლობს უმძიმეს მეცნიერებას – შრომას, და უძნელეს ხელოვნებას – საკუთარ ფეხზე სიარულს. და განა არსებობს სადმე მოვალეობა უტკბესი და უმაღლესი იმ ხარკისა და ძღვენისა, რომელიც ნოდარ შუბიძეს მიაქვს.

არა, არ არსებობს.

მაშ დროა, ნოდარ შუბიძევ, დრო!

II

ტრაპიზონი პატარა და ლამაზი ქალაქია – მთების ძირში ვეება თეთრი ნალივით მოკუნჭული.

ნოდარ შუბიძე “მესაჟერი მარიტიმას” გემიდან კორაპა-ნაკში გადმოჯდა და იმ ნალის ერთ კუთხეში თითქმის უჩინრად შესხლტა. მერმე ერთ ყავახანას მიადგა, მოისვენა, მცირე რამ მოითხოვა და ერთი ლირას მაგიერ კაფეჯინს ათიანი მისცა, თანაც დააყოლა:

– ხურდა საჭირო არ არის, ოსმან.

 

მცირე ბაასის შემდეგ ოსმანი სადღაც გაიქცა, ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა, ნოდარის წინ ჩაცუცქდა და სათქმელი დაწვრილებით მოახსენა.

კიდევ ერთი საათის შემდეგ, ლაზურად გადაცმული შუბიძე იალქნიან ხომალდზე ავიდა, რომელმაც რიჟრაჟზე აფრები აუშვა და ცხვირი ხოფასკენ იბრუნა.

აქედან დღისით სიარული სახიფათოა. ვინმე აგედევნება, ხმა გავარდება, ეს ხმა წინ გაგისწრობს და…

და აუტკივარი თავი აგტკივდება.

ამ ტკივილის ასაცდენად ხელდამწვარი “ეფენდი” დღეს სადმე ფანჩატურში ამოკლებს, ბინდისას კი ცხენს მოაჯდება და რამდენიმე ჭანის თანხლებით ღამის ქურდივით მოიპარება.

ზამთარია.

ირგვლივ დათოვლილი მთებისა და გაცრეცილი ტყის მეტი არა მოსჩანს-რა. გზა ზოგჯერ ბილიკდება, ზოგჯერ კი აღარც ბილიკი მოსჩანს და ნატერფალსაც ვერავინ პოულობს, მაგრამ “კოტის” და “ვიქტორიას” აგენტებსაც სწორედ ეს უნდათ.

მეძებრებივით დაგეშილან და გზას უფრო ცხვირით იკვლევენ, ვიდრე თვალით. თითოს ოცდაათი ოყა ჰკიდია.

ხვნეშით და ოხვრით მოდიოდნენ, ალაგ-ალაგ მოსცოცავდნენ, მოსცურავდნენ, ხრამში ჩავარდნილ დათვებივით მოფოფხავდნენ და სამი საათის გზას რიჟრაჟამდე უნდებოდნენ, ასე გამოიარეს ძანძული, ბორჩხა და მარადიდს მოადგნენ.

კონტრაბანდის პატრონი ჯემალი ყოველ სადგურზე ძველებს ისტუმრებდა და ახლები მოჰყავდა. და უკვე ნავალების გასტუმრების დროს ორ საათს მაინც იდგა ყაყანი, ღიჯინი და ჩარჩული ვაჭრობა.

 

ბოლოს ღამის მუშები ბუზღუნით უკანვე ბრუნდებოდნენ და თან მიჰქონდათ კოტის ფირმის სუნი, თითქმის ძალით ანაგლეჯი სამიოდე ლირა და ამდენივე “გურჯი-ეფენდის” მიერ ნაჩუქარი, რომელსაც თვითონვე მოჰქონდა თავის-თავიც და ერთი ხელი ევროპული ტანისამოსიც.

მარადიდში დიდხანს ისხდნენ. ზემო სართულში ცალკე ოთახი ჰქონდათ მიჩენილი, სადაც დღისითაც კი ბინდი იდგა, რადგან ფანჯრებს მუქი ფარდები ჰქონდა ჩამოფარებული.

ჯემალი თავის საქონელს ზედ აჯდა, ყალიონს აბოლებდა, ყავას სრუტავდა და გარედან “ხაბარს” ელოდებოდა. ერთი ჩუმი აჭარელი თხუნელასავით დაძვრებოდა, მოსატანი ჩურჩულით მოჰქონდა, უცოდველივით ვაჭრობდა, თითო შემოსვლაზე ხუთ ფინჯან ყავას სვამდა და უჩინარ ძაფების გადაბმას ლამობდა.

მოვაჭრენი ეფენდის ერიდებოდნენ და თათრულად ლაპარაკობდნენ, მაგრამ ზოგჯერ ქართულიც წამოსცდებოდათ ხოლმე.

– რა მოხდა, ჯემალ? – ჰკითხა ნოდარმა კოტის აგენტების ბელადს, – რას ამბობს ეგ კაცი ჩემზე?

– არაფერი, ეფენდი, ისთე…

 

– მაინც?

– იბრაჰიმ ამბობს, ჭოვ, ეფენდის… სხვები ამბობენ თურმე, ეფენდის ჯიბეში ძალიან ძვირფასი რამე აქვსო.

– საიდან იციან? – ჰკითხა ნოდარმა და შეშფოთებით წამოიწია.

კონტრაბანდისტებმა გაიცინეს.

– იბრაჰიმ ამბობს… სხვები ამბობენ თურმე, ეფენდის ხელი სულ ჯიბაში აქვსო და სულ ეძებს, ხომ არ დაეკარქაო.

ნოდარმა შვებით ამოისუნთქა, გაიღიმა და გაიფიქრა: “მართლა არაფერი ეგონოსთ და არაფერი დამიშავონ”.

 

შალვრის ორივე ჯიბე გადმოიბრუნა, წვრილმანი ამოალაგა და ხელსახოცში გახვეული ფინჯანიც ამოიღო.

– ეს არის ძვირფასი? – ჰკითხა და ფინჯანი აჩვენა.

ჯემალმა ფინჯანი ჩამოართვა, ხამუშით შეათვალიერა, დაუბრუნა და იბრაჰიმი გულნაკლულად გაისტუმრა. მერმე ისევ გააბოლა. დიდხანს იყუჩა და ნოდარს ჰკითხა:

– რა ხაბარია ფრანცუზებში, ეფენდი? აღარ აპირებ ჩონთან მოსვლას?

– არა, არ აპირებს. – მიუგო ნოდარმა და საუბარი აქეთ გადმოიტანა: რა კეთდება აგერ იმ ქედის გადაღმა? რას ამბობენ ხოჯები? როგორ სცხოვრობს ფუხარა ხალხი და მოიხსნეს თუ არა ქალებმა პირსაბურავი?

ჯემალი ყურანის ავტორებზე უფრო მართლმორწმუნე გამოდგა. სულიერი სასწორი მოირღვია, კალაპოტიდან ამოვარდა და ამ პატარა ოთახში ჭოროხის ოდენა გესლი დააყენა.

 

ნოდარი უქნევდა თავს, ალაპარაკებდა, გულში კი იცინოდა, რადგან იცოდა, რომ იქ, აგერ იმ ქედის გადაღმა, მართლა დაუვიწყარი და თვალუწვდენელი საქმე კეთდებოდა.

იბრაჰიმი მალე შემობრუნდა და ჯემალი ფანჯრიდან გაახედა. ორივენი თოვლიან ქედსა და ცას ათვალიერებდნენ და იმედნეულად ანგარიშობდნენ. ლურჯად მოკამკამე ცაზე მუქი ღრუბლის ნაგლეჯი მოსცურავდა, ხოლო ქედის თხემზე თეთრი კორიანტელი მოჰქროდა.

– კარგი დრო მოდის, ეფენდი, – ანუგეშა ნოდარი ჯემალმა და ხელები მოიფშვნიტა. ნოდარმაც გაიხედა და მიუხვდა, რადგან კარგი ქარბუქი ამათთვის კარგ დარს უდრიდა.

ერთ საათსაც არ გაუვლია, რომ ღრუბელმა ის ქედი – სახიფათო, მიუსაფარი, წითელი “ურუსების იამან საზღვარი” – აფურთნული ღრუბლით შემოსა, ხოლო ნამქერის კორიანტელი მარადიდშიც სისინით და ზუილით ჩამოიჭრა.

 

იბრაჰიმი გარეთ გაიჭრა, ჯემალი კი სიამით იღიმებოდა და ნოდარს ეუბნებოდა:

– ალაჰმა კარგი დარი დაგვიყენა, ეფენდი, ძალიან კარგი, ძალიან, აპა, ნახევარი აქ გვიბოძე და ნახევარი იქა. – და ჯანყით ჩაცმულ მთებზე მიუთითა.

ნოდარმა მონარიგის ნახევარი ჩაუთვალა და შეემზადა, თუმცა შესამზადებელი არაფერი ჰქონდა.

მასპინძელმა შვიდი თეთრი ნაბადი შემოიტანა, მისაღები მიიღო და გავიდა.

მერმე ხუთი აჭარელი შემოვიდა. საზიდავი მოიკიდეს, თეთრი ნაბდები მოიბურეს, გრძელი ჯოხები აიღეს, ფეხებზე თხილამურები მოიბეს, ნოდარსაც მიაბეს და თეთრ აღმართს თეთრი ბატებივით აჰყვნენ.

ცივი ბუქი თავპირში ხან სისინით უსხაპუნებსთ, ხან ალერსით ელამუნებათ, ზოგჯერ კი გიჟივით ეტაკებათ, ხვრელებს ეძებს და შიშველ ალაგებით შიგნით მისცურავს, მიიჭრების და მისცოცავს.

 

დატვირთული რაზმი მაინც წინ მიიწევს, იმ ნიავივით მისცურავს და მისახვევებში თეთრი გველივით მიიკლაკნება. დროგამოშვებით სადმე კლდის ძირში შესდგებიან, თხილამურების ნაცვლად წრიაპებს იკრავენ, ოდნავ შეისვენებენ, წინ მზვერავს გაიგდებენ და ხვნეშით და ბორძიკით მისდევენ.

წითელ ასკერს ჭრელი და მჭრელი თვალი აქვს და თოვლსაც და ყინვასაც დათვზე ადვილად უძლებს. ახლა ყვავიც კი გაიყინება, ის კი ბოძივით სდგას მკერდამდე თოვლში ჩაფლული და მგელივით ჰყნოსავს სადავლოს.

არც ჯემალის ლეკვები არიან შაქარლამაზე გაზრდილები: ქვებზე ჯეირნებივით ჰხტიან, თავქვეზე ბურთებივით მიჰგორავენ, აუვალ აღმართზე ჯაგებს ეჭიდებიან და ობობასავით მისცოცავენ. ისე გაუსხლტებიან წითელ ასკერებს თითების შუა, როგორც

ხვლიკი – ღობეში.

– ეფენდი, დეიღალე? – ეკითხება ჯემალი შუბიძეს.

 

– არა, მაგრამ…

მაგრამ ეს გზა მარტო აჭარლებისა და ეშმაკებისთვის არის გაჩენილი.

– შჲუქჲურ ალლაჰა! – ხშირად სწირავს ჯემალი მადლობას ალლაჰს, რომელმაც ეს საზღვარი, ვიღაც კოტი და დიდი ბაჟები გააჩინა. თვითონ ჯემალი და ეს ბეჩავი ხალხი კი ამ საზღვრის გადაღმა დაასახლა. და არ იცის ბედისწერის მიერ აგდებულმა ბელადმა, რით და როგორ იცხოვრებდა, ან ვინ აუშენებდა ბორჩხაში ორსართულიან ოდას, უცბათ საზღვარი რომ წაეშალნათ, ან ბაჟები მოესპოთ, ან ვიღაც კოტის რომ ფეხები გაეფშიკნა?

წვრილმანიანი გახშირდა და მავალებმაც სიფრთხილეს უმატეს. თვალებს მოუსვენრად აცეცებდნენ, ხშირ-ხშირად ისვენებდნენ, და თეთრ ვირთაგვასავით მაძვრენალ მზვერავს ხან ხეზე ააცოცებენ, ხან კლდის წვერზე ააგდებენ, ზოგჯერ ჯაგნარში შეაყოფინებენ თავს, ზოგჯერ კი წინ გაუშვებენ და დიდხანს ელოდებიან დაბრუნებას.

ქარბუქმა გადაიარა, სამაგიეროდ ხშირი ნისლი ჩამოწვა და ის ქედი შეაბინდა.

მავალები მოიბუზნენ, დაპატარავდნენ და თითქმის ოთხით მიდიან, უფრო კი მიჰბობღავენ.

აჰა საზღვარიც. აგერ იქ იმ თხემზე გადადის და ორივე მხრის ასკერებიც – ჯემალის იოლდაშებიც და რუსებიც – სადღაც აქვე უნდა დაჰბორიალებდნენ.

– ფრთხილად!.. იუსუფ, არ წაიქცე!

მაგრამ გაფრთხილება ზედმეტია. ხმას არავინ იღებს და ყველა მოდრეკით მისცოცავს.

კარგა ხანია თათარ გუშაგებს გამოსცდნენ და ღრმა ხევში ჩაიფლნენ.

თოვლი გაღრმავდა და სიარული გაძნელდა. მაგრამ არა უშავს რა: აგერ იქ, მაღალი კლდის ძირში შეისვენებენ, ძალას მოიკრეფავენ, ერთხელ კიდევ მიაწვებიან და წითელი ასკერების მესერში გაძვრებიან. სამაგივროდ მერმე დაისვენებენ და გაიხარებენ: ლირებსა და ჩერვონცებს ჩაილაგებენ და თავიანთ ცოლშვილს ან დანიშნულებს საკაბეს, ფეხსაცმელს, სამკაულსა და მჭადს მიუტანენ.

– აპა, ფრთხილად! ყოჩაღად! მაჰმუდ, ფეხი არ დაგიცდეს!.. აი და, კიდევაც მივედით… აგერ, აქვეა.

უცებ წინამავალი შესდგა და ხელი გამოიქნია.

რაზმიც გაშეშდა და ზღარბივით აიბურძნა. რამდენისამე ხელი უნებურად დასწვდა იარაღს, რომელიც ასეთ დროს ბუდიდან თავის-თავად ამოსხლტება და პატრონის დაუკითხავად აყეფდება ხოლმე.

ნოდარიც გახევდა. ხელიც არ გაუნძრევია, რადგან ჯიბეში ფინჯნის მეტი არა ედო რა, მაგრამ გული მძლავრად აუტოკდა და გაიფიქრა: “ნუთუ ბედმა მიღალატა?”.

და უცებ გულს მოეშვა: წინამავალმა მაღალი ჩურჩულით შეატყობინა:

– ჩვენი არიან… წამოდით. – და ჯაგნარიდან გავიდა.

 

სხვებიც მიჰყვნენ, კლდის ძირს მიადგნენ და იქ მსხდომებს ჩუმი ნიშნებით მიესალმნენ.

პიტალო კლდეს ხუთი უცნობი მოჰფარებოდა. იარაღი მოემართნათ და საბრძოლველად შემზადებულიყვნენ, ახლა კი, თავისიანები რომ იცნეს, შვებით იღიმებოდნენ, ახალმოსულებს ტვირთის ჩამოხსნას ჰშველოდნენ და ჩუმი ხმით “ხაბარს” ეკითხებოდნენ.

მხოლოდ ერთი იდგა მოშორებით. იმასაც ნაბადი ესხა, მაგრამ ჩაბალახის მაგივრად თავზე ურუმის ქუდი ეხურა.

ახალმოსულებმა მას ყური არ ათხოვეს, რადგან ასეთი მგზავრი ხშირად ენახათ და ეხლა თვითონაც ერთი გჲურჯი ეფენდი მოჰყავდათ.

მაგრამ ნოდარმა…

 

“არა, შეუძლებელია… ის არ არის. – გაიფიქრა, შესდგა და თვალი მოიფშვნიტა – ის არ არის… დაუჯერებელია! შეუძლებელია!”

მაგრამ ის არის, სწორედ ის არის. დასაჯერებელიც არის და შესაძლებელიც, რადგან “ის” ღიმილით მიდის ნოდარისაკენ და ორივე ხელთათმანიან ხელს უშვერს, შემდეგ კი განცვიფრებით აღებს პირს და ღელვით ბუტბუტებს:

– ნოდარ?.. შენა ხარ?

ეხლა კი ცხადია: მართლა სარდიონია, სარდიონ გლურჯიშვილია!

– კაცო… სარდიონ…

მართლა შენა ხარ? – და ორი სიყრმის მეგობარი ერთმანეთს ჩაეხვია. შემდეგ ურთერთს ღიმილით დააშტერდნენ, თითქოს უნდოდათ კარგად დარწმუნებულიყვნენ, ხომ არაფერი მოელანდათ, და ხელახლა გადაეხვივნენ.

– მართლა შენა ხარ? მართლა? – აღარ აცლიდა ერთი მეორეს. საიდან?.. როგორ?.. სად?.. რისთვის? ქვებზე ჩამომსხდარი და ჩაკუნტული აჭარლები ოფლს იხოცავდნენ და ორს ეფენდი მეგობარს გაოცებით შესცქეროდნენ, რომელნიც აქ, ამ უდაბურ ტყეში, ორ ქვეყნის საზღვარზე, ყველაზე სახიფათო ალაგას შეჰხვდნენ ერთმანეთს, და მათთვისაც კი უფრო საკვირველი ის იყო, რომ ერთი მათგანი წითელ გჲურჯისტანიდან “ურუმების ქოყანაში” მიიპარებოდა, მეორე კი “ფერენგის ქოყნიდან” სამშობლოში მორბოდა.

 

– აქ მო, დავსხდეთ. – უთხრა ნოდარმა და მეგობარი ხელით განზე გაიყვანა. ორივენი ნამქერის ბექობზე ჩამოსხდნენ და ერთმანეთი ერთხელ კიდევ აათვარიელეს.

– სად მიხვალ? – ჰკითხა ნოდარმა.

– შენ სადღა მოხვალ? – მიუგო სარდიონმა.

– ჯერ შენ მითხარი, სად მიხვალ მეთქი?

– მივრბივარ.

– სად, რად, რისთვის?

– შენც გეცოდინება, რისთვის გარბის ადამიანი ჯოჯოხეთიდან?

– დაიცა.

ეხლავე გაფრთხილებ: ხელი აიღე მაგარ სიტყვებზე. ნუ ხარ მუდამ ელდა-ნაცემი. დინჯად მითხარი.

– დინჯად და მოკლედ გეუბნები: ჯოჯოხეთს გაურბივარ მეთქი, ჯოჯოხეთს.

– ისევ!

– კაცო, გაიგე და დამიჯერე: გიჟი ხომ არა ვარ, რომ სამუდამოდ ან თითქმის სამუდამოდ ხელი ავიღო ცოლზე, დედაზე, შვილებზე, ნათესავ-მეგობრებზე და უცხოეთში გადავიხიზნო?!

– მუშაობდი, ებრძოდი?

– არა.

– დასაჭერად დაგდევდნენ?

– არა მეთქი.

– მაშ…

არ მესმის, გამაგებინე.

და მოკლედ გააგებინა. მდუღარე კილოთი და გალესილი სიტყვებით მოსთქვამდა ქვეყნისა და თავის დაღუპვას: რომ ყველა და ყოველივე ინგრევა, დნება, იწვის, რომ ეს ქვეყანა უზარმაზარ სასაფლაოდ გადაიქცა, სადაც ყველაფერი ჩაკვდა და ჩაიხრჩო: პიროვნებაც და ადამიანობაც, მორალიც და უფლებაც, შრომაც და სიხარულიც, რომ ხალხი გამხეცდა და ბატონყმობის აღდგენას ნატრულობს.

– დაიცა, დაიცა! – მესამეჯერ გააწყვეტინა ნოდარმა. – დაიცა მეთქი! ეგ მჭრელი და ჭრელი სიტყვები ათასჯერ გამიგია. შენ თეთრების პროკლამაციას მიკითხავ. ან იქნება შენც გათეთრდი?

სარდიონმა ხელი ხელში სტაცა და თითქმის მუდარით შესძახა:

– ნოდარ, შენ რომ ჩემს ალაგას ყოფილიყავი, გათეთრდებოდი კი არა, დამიჯერე, კიდევაც გაშავდებოდი.

 

– ვერ დაგიჯერებ, ჩემო სარდი. თითქმის რვა წელიწადია აქაურობას მოვწყდი, მაგრამ მაინც ვერ დაგიჯერებ.

– რატომ, კაცო, რატომ არ მიჯერებ? – გულნაკლული ბავშვივით იწყინა გამოქცეულმა.

– იმიტომ, რომ… ორი უკიდურესი აზრი არსებობს: “ჯოჯოხეთია!” ჰკივი შენ და შენისთანები. “სამოთხეა” – მარწმუნებენ სხვები. სიმართლე კი სადღაც შუაში უნდა იყოს.

ჩავალ, ვნახავ და დავრწმუნდები.

– აპა, ადექით, – სთქვა ჯემალმა და ორ მეგობარს მიუბრუნდა: – ეფენდი, ქეა დროი წევიდეთ.

– მოიცა, ჯემალ, ცოტა ხანს მოიცა. – უთხრა ნოდარმა.

– სად მიეჩქარებით! გვალაპარაკეთ. – დაუმატა სარდიონმა და ნოდარს მიუბრუნდა:

– შენვე დარწმუნდები, რომ მე ცამდე მართალი ვარ. მაგრამ თუ აგეთია შენი რწმენა, რად მიდიხარ საბრძოლველად?

– მე საბრძოლველად კი არ მივდივარ.

– მიუგო ნოდარმა. – არამედ სამუშაოდ, აშკარა მუშაობისთვის მივდივარ.

– მაშ ამ გზით რად მიდიხარ? – გაოცდა სარდიონი.

– იმიტომ, რომ… პასპორტი არ მომცეს.

– დაგიჭერენ!

– არ დამიჭერენ!

– დაგიჭერენ მეთქი!

– დამიჯერე, არ დამიჭერენ.

– ეფენდი, დროა.

– გაახსენა ჯემალმა და წამოიწია.

– დაიცა, ჯემალ, დაიცა მეთქი! – შეეხვეწა ორივე და ბაასი სხაპასხუპით განაგრძეს.

ნოდარი არწმუნებდა: თუ ყველაფერი მართალია, თუ ხალხი, “ჩვენი მშრომელი ხალხი”, მართლა ასეთ განსაცდელშია, სარდიონიც და სხვებიც მოვალენი არიან სწორედ ასეთ დროს გამოიჩინონ სულიერი სიმტკიცე, მხნეობა, სიყვარული, და მისთვის თავდადებით, ერთგულად და პირნათლად იმუშავონო.

– ვინ გამუშავებს, კაცო, ვინ? შენ იმ ხალხს არ იცნობ, შენ არაფერი არ იცი. – ჰკიოდა სარდიონი და ისე ცხარედ აჯერებდა ძველ მეგობარს, უკან დაბრუნებულიყო, თითქოს იმ მართლა ჯოჯოხეთში მიდენილიყო, გლურჯიშვილი კი გულწრფელად ლამობდა მის გადარჩენას, თანაც მეხუთეჯერ ეკითხებოდა:

– ვინ მიგიშვებს ხალხთან, ვინ?

– ხალხს თავი დაანებე და შენთვის მაინც იცხოვრე. – მოუჭრა ნოდარმა და მის ხმაში მწვავე კილომ გამოჟონა.

– დამიჯერე მეთქი, ნოდარ, – უკვე ეაჯებოდა სარდიონი, – დამიჯერე: ხალხს დიდი ხანია თავი დავანებეთ და მარტო იმისთვისღა ვზრუნავთ, რომ ფიზიკური სიცოცხლე შევინარჩუნოთ, მშობლები და ცოლი შევინახოთ და შვილები დავზარდოთ, მაგრამ – გეუბნები – არსებობის ყველა გზები მოგვიჭრეს მეთქი.

 

– მაინც არა მჯერა.

– დამიჯერებ, როცა ნახავ, ახლა კი გეტყვი: ყველანი განწირულები ვართ მხოლოდ იმიტომ, რომ ცოცხლები დავდივართ და ცოტა რაღაც გვესმის.

– კმარა, გაჩუმდი! არასოდეს არ დავიჯერებ.

– დაიჯერებ.

– არა მეთქი!

– ეფენდი, წასვლის დროია. – ერთხელ კიდევ გაახსენა ჯემალმა.

– დაიცა, კაცო, გვალაპარაკე.

– შეეხვეწა სარდიონი.

– რა დროის ლაპარაკია, ეფენდი!? – გაცხარდა ჯემალი. – როიცხა რუსი ასკერი მოვა, მაშვინ ილაპარაკე.

ნოდარი წამოდგა:

– ადე, გეყოფა.

– ნოდარ, გაფრთხილებ – და სარდიონიც წამოდგა.

– მეც გაფრთხილებ. წამო, დაბრუნდი.

 

– ნოდარ, გეხვეწები, თავს ნუ იღუპავ.

აჭარლებიც წამოიშალნენ და ბარგის აკიდებას შეუდგნენ, მეგობრები კი ერთმანეთს ეჭიდებოდნენ, აჯერებდნენ და ეხვეწებოდნენ:

– სარდი, წერას ნუ აუტანიხარ მეთქი!

– ნოდარ, თავს ნუ იღუპავ მეთქი!

– სარდი, გეუბნები: ხელობა არა გაქვს და მშიერი მოკვდები.

– გაიგე, ნოდარ: ხელობაცა გაქვს და მაინც ჩაკვდები.

– წამო, დაბრუნდი მეთქი, შე დეზერტირო!

– დეზერტირიცა ხარ და მოღალატეც!

– არ გაგიშვებ!

– არც მე გაგიშვებ!

და ერთმანეთი ჩაბღუჯეს. აჭარლები კი კბილებს თეთრად აელვებდნენ და აჩქარებდნენ:

– ეფენდი, დროა, ვიგვიანებთ.

– ეფენდი, გაათავეთ.

– ეფენდი, ჩონ მივდივართ.

 

ბოლოს ნოდარმა უთხრა:

– სარდი, ყური მიგდე: წამო, დაბრუნდი, ყველაფერს ვნახავ, და თუ მართალი გამოდექი, ორივენი ერთად წამოვიდეთ. თანახმა ხარ?

სარდიონი შეყოყმანდა. ხელჩახვეული იდგნენ და ერთმანეთს თვალებში ჩასცქეროდნენ. მცირე დუმილის შემდეგ სარდიონმა ჰკითხა:

– პატიოსან სიტყვას მაძლევ?

– პატიოსან სიტყვას გაძლევ. – მტკიცედ უპასუხა ნოდარმა და დაუმატა: – ესეც დამიჯერე: მშიერი არ დარჩები.

– სად? – სწრაფად ჰკითხა სარდიონმა.

– არც აქ და არც “იქ”.

 

– მაშ..

– მაშ გათავებულია. მივდივართ.

სარდიონმა ცივი ოფლი მოიხოცა და თავის მეგზურებს მოტეხილი ხმით მიჰმართა:

– მე… მე უკანვე მივდივარ… თქვენ წადით.

– ფული? ეფენდი, ფული?

– ჰო, მართლა…

კიდევ გერგებათ: აი, ინებეთ. – თეთრი თუმნიანები ჩააბარა და უცებ გაიხსენა: – მართლა, ჩემი წერილი… წერილი დამიბრუნეთ.

– რა წერილი? – ჰკითხა ნოდარმა.

– ჩემი წამოსვლა არავინ იცის. ქურდულად გამოვიპარე… ცოლსაც კი ვერ გავუბედე…

რადგან… იმიტომ რომ…

– მაშ ბედი გქონია. – უთხრა ნოდარმა. – ადვილად ბრუნდები.

სარდიონმა აჭარელს წერილი გამოართვა, ოთხჯერ გადაჰხია, თოვლზე გააბნია და წაიბუტბუტა:

– ამ აჭარელს ეს წერილი უკანვე უნდა წაეღო და ქედაში ან ხულოში ფოსტაში უნდა ჩაეგდო.

– მაშ მივდივართ.

– ნაზად სთქვა ნოდარმა და მეგობარს მკლავში გაუყარა ხელი.

– წავიდეთ. – მორჩილი ხმით უპასუხა სარდიმ და დაუმატა: – ყველაფერი შენს კისერზე იყოს, ჩემი ცოდოც და მადლიც.

 

– ვკისრულობ. – ღიმილით უპასუხა ნოდარმა და მეგობარი სნეულივით წამოიყვანა, თან ამხნევებდა, ართობდა და ძველისძველს საერთო თავგადასავალს იგონებდა.

III

დილის მატარებელი ტფილის სადგურს ჭექით, რახუნით და ოხვრით მოადგა.

ერთი ვაგონიდან ორი მეგობარი გადმოვიდა.

თავჩაღუნულები გაჰყვნენ ერთმანეთს, საბილეთო კამერაში გამოსხლტნენ, სადგურის ფორზე გავიდნენ და კუთხეში შესდგნენ.

– მაშ პირდაპირ… შინ მიდიხარ? – რყევით ჰკითხა სარდიონმა.

– ჯერ შინ წავალ, ცოლ-შვილს დავხედავ და… ხომ არ მატყუებ, სარდიონ. ხომ კარგათ არიან?

– აკი გითხარი, ხუთიოდე თვე იქნება არ მინახავს მეთქი. მაშინ კარგად იყვნენ.

 

– რა ვიცი, რამდენჯერმე გკითხე და… და შენს ხმაში რაღაც ყოყმანი, რაღაც რყევა მომელანდა.

– რის ყოყმანი, რის რყევა! – მიუგო სარდიონმა. – წადი და გაახარე. მერმე ჩემთან შემოიარე, კიდევ ვისაუბროთ.

– შენ თვითონ მოდი ჩემთან.

– არა, გეთაყვა, დღეს და ხვალ გარეთ ვერ გამოვალ მიზეზს მერმე გაიგებ.

მაშ შინიდან პირდაპირ “იქ” წახვალ?

– “იქ” წავალ, თორემ მანამდე რომ მტაცონ ხელი, ძალიან უხერხული იქნება.

და დამწვარი ხელი სამ დღეში მეასეჯერ მოისვა მარცხენა ჯიბეზე.

– მანდ არის? – ჰკითხა სარდიონმა.

– აქ არის.

სარდიონი შეყოყმანდა მერე მკლავში ხელი სტაცა და თითქმის შეემუდარა:

– ნოდარ, ერთხელ კიდევ მოიფიქრე. ნუ მისცემ, ნუ გაამჟღავნებ.

– ისევ დაიწყე?

– დამიჯერე, ნოდარ, მაგ ხალხს შენზე უკეთ ვიცნობ მეთქი.

არ დაგიფასებენ, მოგატყუებენ და ხელცარიელს დაგტოვებენ.

– გეყოფა, სარდი, გავიგე. ვერ დამაჯერებ. ხელცარიელი კი არასოდეს არ დავრჩები. კერამისტი ვარ და საქმეს მუდამ ვიშოვნი.

– მაგას არ გეუბნები. შენ საშინელ იარაღს აძლევ ხელში, რომელიც სულ სხვაგან და სხვანაირად იქნება მოხმარებული.

 

– ნუ გეშინიან, დაზღვეული ვარ. აბა, გავათავოთ. აქ დგომა სახიფათოა.

– შენ იცი. – მორჩილად უთხრა სარდიონმა. – უკანასკნელად გაგაფრთხილე. დანარჩენი შენი საქმეა.

მაშ ნახვამდის.

– ნახვამდის. მოგელოდები.

და ერთმანეთს დაშორდნენ.

გლურჯიშვილმა მარცხნივ გაუხვია, შუბიძე კი პირდაპირ დაჰყვა და გუშინდელივით ყველაფერს ხარბად სჭამდა თვალებით: ხალხს, შენობებს, ქვაფენილსა და მაღაზიებს: რა სწერია მავალების თვალებში სევდა თუ მხნეობა? უწინდელზე უკეთ აცვიათ თუ უარესად? შენობები ახალი კაბა-ჯუბით შეიმოსა თუ მაშინდელზე მეტად დაიძონძა? ქვაფენილი დაინგრა თუ მოიკირწყლა? ჭუჭყმა იმატა თუ დაიკლო?

და როცა აქა-იქ უწინდელზე უკეთესს რამეს მოჰკრავდა თვალს, გული სიამით ევსებოდა, ხოლო თუ სადმე გაუარესებას შეამჩნევდა, ზოგსავით ბოღმით კი არ ივსებოდა, არამედ გული ეკუმშებოდა და ისეთ ტკივილსა და სირცხვილს ჰგრძნობდა, თითქო მინაბარს ვერ მოუარა და თავის ბედოვლათობა საქვეყნოდ გამოჰფინაო…

მარცხნივ, რკინისგზის სამმართველოს გვერდით, ახალს, თლილი ქვის დიდ შენობას მოჰკრა თვალი და გზიდან გადაუხვია. სიხარულით უმზერდა ხალვათს, განიერ-ფანჯრიან შენობას, და გაიფიქრა:

“დიდებულია.

ხელახლად ვპოულობთ ჩვენს სახეს; ვისაც საკუთარი სტილი არა აქვს, მას საკუთარი კულტურაც არა აქვს”.

წამოვიდა და ახლად-გაყვანილ ქუჩაზე გამოიარა.

“მშვენიერია” – გაიფიქრა, მაგრამ თითო და ორ-სართულიანი ქოხმახები რომ დაინახა, სთქვა: – “ეს კი არ მესმის. რად გადაუქცევიათ შუა-ქალაქი სოფლად?”

გვერდით კრიალა და მძიმე ვაგონმა გაუარა.

“საუცხოვოა, მაგრამ… – და გაახსენდა, რომ ოდესღაც აქაურ გაზეთში ამოიკითხა: თითო ვაგონი ოცდაათ-ათასამდე დაჯდაო, და სთქვა: “მაშ თითო ვაგონი სამიოდე სამ-სართულიან სახლს ყიდულობს”.

დღე იყო და ვერ დაინახავდა, ქალაქი როგორ უნდა ყოფილიყო განათებული.

მაგრამ ლამფების რიგს თვალი გაავლო და გაიფიქრა:

“დიდებულია”. და მოაგონდა წეღანდელი საუბარი. მცხეთას რომ გამოსცდნენ, ნოდარი ხარბად დააშტერდა ზაჰესს და რამდენიმე აღტაცებული სიტყვა სთქვა:

– ნუ ჩქარობ, – შეანელა სარდიონმა, – ჯერ დასთვალე რამდენი დაჯდა და მერმე სთქვი.

– გესლი მოიშორე, სარდი, – უპასუხა ნოდარმა, – მართალიც რომ იყოს, დათვლა აღარაფერს არგებს. ახლა იმაზეღა უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვიყენოთ ეს უამრავი ენერგია.

– ვერ გამოიყენებ. ჯერ სახურავი ააშენეს და საძირკველზე ეხლაღა ჰფიქრობენ.

 

– დამიჯერე, მალე ათი ამოდენა სადგური არ გვეყოფა.

– ვითომ? რისთვის?

– ფინჯანი დაგავიწყდა.

– ჰო, მართლა, დამავიწყდა, – დაეთანხმა სარდიონი

– ეს ფინჯანიც რომ არ იყოს, ისედაც დაგვჭირდება. ნუ სჩქარობ. ათიოდე წელიწადი მოითმინე და მერმე ჩემი ნათქვამი გაიხსენე.

უცებ ვიღაცას მოჰკრა თვალი. ერთი უცნობი შესდგა და ნოდარს დააშტერდა.

 

“რა ღმერთი მიწყრება! – გაიფიქრა შუბიძემ. – მერეც მოვასწრებ ყველაფრის ნახვას”. – და იმ ვაგონს შეახტა, რომელიც სამს საშუალო შენობას უდრიდა.

ვერაზე ნოდარს საკუთარი სახლი აქვს – არა, ნოდარს კი არა, იმის ცოლს, სიდონიას, მზითევში რომ მოჰყვა – ერთსართულიანი, ხუთოთახიანი, ფართე, სუფთა და ნათელი. სახლს უკან პატარა ბაღიც აქვს, სადაც შუბიძე თავისუფალ დროს დიდი ხალისით და სიყვარულით მუშაობდა ხოლმე.

აგერ მისი წყნარი ქუჩაც, აი მისი თეთრი და მხიარული სახლიც. ფანჯრებს თხელი სუზანები აქვს ჩამოფარებული.

ჯერ ადრეა, რვა საათიც ძლივს იქნება, მაგრამ ალბათ ყველანი ზეზე იქნებიან.

ნოდარის დედა მართა რიჟრაჟზე დგებოდა და სანამ მისი შვილი და რძალი სიდონია ადგებოდნენ, მოახლეს მოიშველებდა, დატრიალდებოდა და ყველაფერს დამზადებულს დაუხვედრებდა ხოლმე.

ეხლაც ყოველივე მზად იქნება. ოთახებიც მოკრიალებულია. მაგიდაზე სამოვარი ჩიფჩიფებს. სიდონიაც ან ფეხზეა, ან ეხლაღა დგება. გაიოზი – ნოდარის შვილი, მისი ერთა, ბუთხუზა, ფუნჩულა, ანცი და გრუზა ბიჭია, – საცაა თერთმეტისა შესრულდება.

უკვე სკოლაში დარბის და ამ ჟამად, ამ დილას, აი ამ წუთში, ფაცაფუცით ემზადება გასაქცევად.

ნეტა იცნობს თუ არა მამას? რა თქმა უნდა, ვერ იცნობს. მაგრამ ეს არაფერია. სიდონიაც და ნოდარის დედაც პატარა გაიოზს თავსა და გულში რვა წელიწადი ალბათ ყოველ დღე ცეცხლსავით უბერავდნენ და უღვივებდნენ მამის ხსოვნას.

“შვილო გაიოზ, – ღიმილით ეტყვის ნოდარი, – იცანი მამა შენი?”

გაიოზი ჯერ აირევა, მერმე გაიღიმებს და დაკარგულ მამას კისერზე შეასკდება.

და საცაა, ორი წუთის შემდეგ, ამ პატარა სახლში, სიხარულის ალიაქოთი შადრევანივით იფეთქებს. დედა მართა – ალბათ თოვლივით გათეთრებული, შვილის მოლოდინით დანაოჭებული, დაბალი და მკვირცხლი ბებრუცუნა – მჭლე მკლავებით ეკალივით ჩამოეკიდება მკვდრეთით ამდგარ ერთას და მკერდს ცრემლით მოურწყავს.

 

სიდონია – მისი ერთგული და დატანჯული მეგობარი, რვა წლის ნამარხულევი, თითქმის ობოლი და თითქმის ქვრივი – ჯერ დავარცხნილიც არ იქნება. თმა-გაშლილი, გაწეწილი გამოვარდება და ნოდარს ჩაეხვევა.

დიდ სიხარულს ძლიერ დარდსავით ცრემლი სწყურია. ოთხივენი ატირდებიან. შვების ცრემლებით მოლბებიან და…

და მოღიმარე, მხიარული, სიხარულით გაჟღენთილი ნოდარი ბალღივით არბის ხუთიოდე საფეხურს, ნერვიულად აწკარუნებს ნაცნობ ზარს და გულის ფანცქალით უცდის კარის გაღებას.

წამი წუთად გადაიქცა, წუთი საათივით გაიჭიმა.

რა ამბავია! რა მოხდა! ჩქარა გააღეთ, მალე შეუშვით, თორემ გული მიელია.

და ზარის წკრიალს უმალვე ძლიერი კაკუნი მიაყოლა.

შიგნით მეორე კარის ჭრაჭუნი და ფეხის ხმა გაისმა. მერმე გასაღებმა დაიჩხარუნა. ღია კარში ვიღაც დედაკაცი, ვიღაც ხნიერი მოსამსახურე გამოჩნდა და –

– ვინა გნებავთ? – წაილუღლუღა.

ვინცა ჰნებავს, ნოდარის საქმეა. რა საჭიროა მახარობლის შეგზავნა, გაფრთხილება და ტალანში მოცდა! თვითონვე შევა, შევარდება და ობოლ ოჯახში სასიხარულო ელდას მეხსავით შეიტანს.

 

ტუჩებზე ხელი დაიდო, მსახურს დუმილი ანიშნა, მეორე კარი გამოაღო და ისე შევიდა სასადილოში, როგორც საკუთარ ოჯახში შედიან ხოლმე: თავისუფლად და გაბედულად, თან ხალვათი ღიმილი და მწვავე სიხარული შეიტანა.

თავისიანებისთვის მოულოდნელი ელდა შეჰქონდა, მაგრამ კარებშივე ნამეხარივით შესდგა, რადგან სასიხარულო ელდა გაოცების ელვად გადაექცა, რომელმაც პირი იბრუნა, თვითონ ნოდარს დაჰკრა თავში და სადღაც ქუსლებში ჩაიკარგა.

მაგიდის ირგვლივ სამნი ისხდნენ და ჩაის სვამდნენ: გაიოზი, სიდონია და… ნოდარის სიყრმის მეგობარი ლევან შაბრიშვილი.

პატარა გაიოზს სავსე პირი ღია დარჩა. სიდონიას ტუჩები აუთრთოლდა, ხელები ქვევით ჩაუვარდა, ხოლო ფართედ დაჭყეტილ თვალებში სიხარულის ნაცვლად სასიკვდილო შიში და ძრწოლა ჩაუსახლდა.

ერთ ხანს განწირულივით შეჰყურებდა ქმარს თუ ნაქმარევს, შემდეგ ჩუმი ხმით გადმოაგდო: “ვაი მე!” და ალაგიდან მოსწყდა.

მოსწყდა და, თმა-გაშლილი, შველივით გაიქცა. მეორე ოთახში შევარდა, კარი მიიხურა და გასაღებით ჩაიკეტა.

ნოდარი კედელს მიეყუდა. უძრავად იდგა და გაშტერებული, გაოცებული თვალები ცოლისა თუ ნაცოლარის ზურგიდან ლევანზე გადმოიტანა.

სტუმარი თუ მასპინძელი, ნოდარის მეგობარი თუ ნამეგობრალი – ინჟინერი ლევან შაბრიშვილი – უკვე ზეზე იდგა, მორცხვად იღიმებოდა, ხელებს უაზროდ აფათურებდა, უცნაურად იშმუშნებოდა და არ იცოდა, რა ექნა და რა ეთქვა, ტანზე ხალათი ეცვა და ეტყობოდა, რომ ახლად შემოსული კი არ იყო არამედ აქაური შინაური, ამ ოჯახის წევრი, ან… ან პატრონი.

ოცი წლის ნამეგობრალი იყვნენ და ერთმანერთს თავიანთ-თავზე უკეთ იცნობდნენ.

თავდაპირველად ლევანს ერთი რამ ემცნაურა. ერთი რამ ეცა ტვინსა და ყურში: ნოდარის მარცხენა ხელის სალოკი თითი ისე აკაკუნებდა კედელზე, თითქო წამის მეათედს ითვლიდაო. ასე აფართხალდებოდა ხოლმე ეს თითი მუდამ, როცა ნოდარის სულში დიდი რამ შფოთი შეიჭრებოდა. თრთოლა, კანკალი, რაკუნი და ფართხალი უებარი მაჩვენებელი იყო ნოდარის გუნებისა, და ლევანსაც ასჯერ უთქვამს მისთვის: – მაჩვენე შენი ტერმომეტრი… მაგ თითზე გეტყობა ყველაფერი.

და აი, ეს თითი-ტერმომეტრი ეხლა დაკლულ ქათამივით ფართხალებდა და მრისხანე დუმილს მწვავე კაკუნით არღვევდა.

“იქნებ მდგმურად ჩასახლდა და…

მეტი არაფერი?”. – გაუელვა ნოდარს, და იმედნეულად გაიღიმა, მაგრამ სიდონიას “ვაი მე” და გაქცევა რომ გაახსენდა, თვითონაც “ვაიმე” ამოიკვნესა გულში და თავში გრიგალი შეეჭრა.

ბალღი მობრუნებული დარჩა; იჯდა და გაოცებული თვალებით ხან “ძია ლევანს” შესცქეროდა, ხან უცნობს სინჯავდა, თანაც პატარა გულით ჰგრძნობდა, რომ ვიღაც ახალმოსულმა, ასე უცნაურად რომ არახუნებდა კედელს, ამ მყუდრო ოჯახში რაღაც ქარიშხალი შემოიტანა და აქამდე სუფთა ჰაერი ელვით და ჩუმი ქუხილით გაჟღინთა.

გაიოზი ამ ელვას ნათლად ხედავდა უცნობის სახეზე, რომელიც უცნაურად იკლაკნებოდა და საოცარი სისწრაფით იცვლებოდა. ნეტა ვინ არის ეს შავი კაცი? რად შემოიჭრა ყაჩაღივით? რად აკაკუნებს ამ კედელს? ან მუდამ დინჯი და უშიშარი “ძია ლევანი” რაღად დაიბნა და აირია? რატომ არაფერს არ ეტყვის? თუ მტერია, მტრულად დაუხვდეს და თუ სტუმარია, რატომ გამარჯვებას არ ეუბნება და დასაჯდომად სკამს არ სთავაზობს?

ან დედას რაღა დაემართა? ასე შეშინებული გაიოზს არასოდეს არ უნახავს… მას შემდეგ აღარ უნახავს როცა… სამი თვის წინათ გაიოზს ბებია მართა უკვდებოდა.

მანამდე ძია ლევანი მხოლოდ სტუმრად მოდიოდა ხოლმე, მართას სიკვდილის შემდეგ კი ამ სახლში გადმოვიდა და გაიოზს მამობა დაუწყო.

მაგრამ ბებია მართა რომ კვდებოდა, გაიოზის დედა მხოლოდ დარდობდა, სტიროდა კიდევაც. ახლა კი, შვილმა დედის სახეზე ჯერ უნახავ შიშს მოჰკრა თვალი და მისი ელდანაცემი “ვაი მე” ახლაც ყურებში უწივის. გარდა ამისა, რად მოსხლტა, რად გაიქცა, რად ჩაიკეტა კარი?

ამ დიდმა კითხვებმა სწრაფად გაურბინა პატარა თავში და პასუხს ლაპარაკიდან მოელოდა, რომელიც საცაა უნდა დაწყებულიყო. მაგრამ ორივენი ჩუმად იდგნენ და თავიანთ-თავს ებრძოდნენ.

– გაიოზ, – ხმა ამოიღო ძია ლევანმა, – დაგიგვიანდა.

გაიოზს ჯერ ერთი ჭიქა არ დაელია.

საათს აჰხედა. ჯერ ადრე იყო, ჯერ ოცი წუთი კიდევ ჰქონდა.

– წადი, – დაუმატა ლევანმა, – იქ სადმე დალიე, ან მაწონი შესჭამე.

ხელი წაავლო, მიატრიალა და ტალანში გაიყვანა. ბავშვი უხმოდ დაემორჩილა და ერთი წუთის შემდეგ სწრაფი ნაბიჯით გავიდა.

ლევანმა კარი ჩაუკეტა, მეორე კარიც გამოიხურა და ნოდარს აჰხედა. ახალმოსული ისევ წეღანდელივით იდგა, ოღონდ ორივე ხელი მძიმე სკამის ზურგისთვის ჩაეჭიდნა, ოდნავ მოხრილიყო, დამწვარ თითს ახლა სკამს ურახუნებდა და ამღვრეული თვალები კედლისათვის მიებჯინა.

 

ლევანმა თავის-თავი უკვე იპოვა. ნელი ნაბიჯით შემოუარა მაგიდას და წეღანდელ ალაგზე შესდგა. გრძნობდა, რომ პირველი სიტყვა თვითონ უნდა ეთქვა, თოფივით გატენილი ოთახი როგორმე უნდა დაეცალნა და აყენებული ჩახმახი სულ ნელა, უხმოდ უნდა ჩამოეშვა. უნდოდა თბილად, ძველებურად, მეგობრულად ეთქვა: “გამარჯვება, ძმაო ნოდარ! საიდან გაჩნდი, როდის ჩამოხვედი?” და ორივე ხელი ჩამოერთმია. მაგრამ ლევანის მაგიერ ვიღაც სხვამ ერთადერთი სიტყვა მიუგდო – მშრალი, ცივი და უგულო: “დაჯექი”.

და ორივეს – მთქმელსაც და გამგონსაც – უმალვე გაახსენდათ გამომძიებელი, რომელიც დასაკითხად შემოყვანილ მდაბიო ვინმე ბრალდებულს სწორედ ასე ცივად ეუბნება ხოლმე: “დაჯექი”.

 

და ამ “დაჯექის” გაგონებაზე თითმა რაკუნს მოუხშირა.

 

ლევანი სხვანაირ კილოს ეძებდა და სულ სხვანაირს წააწყდა. მაგრამ გვიანღა იყო გამოცვლა. აღარ შეეძლო თბილად ეთქვა: “გამარჯვება, ნოდარ! კაცო, საიდან გაჩნდი, როდის ჩამოხვედი?”

მაგრამ გაყინული “დაჯექიც” უკუ აგდო და ნაძალადევი ღიმილით ჰკითხა:

– ეგ ხელი სად დაიწვი?

დამწვარმა თითმა კიდევ მოუხშირა რახა-რუხს. ლევანმა ისევ იგრძნო, რომ ის ხელი მის მიერ უხეშად მოთრეული საბაბი იყო ჰაერის გაწმენდისათვის, უქმი ცდა იყო კილოს პოვნისთვის, და ისევ აჯობებდა ეკითხნა: “როგორ იმგზავრე, ნოდარ? რა ამბავია ემიგრაციის ბანაკში?”

ნოდარმა მასპინძელს გესლიანი ღიმილი შეასხა, თითქოს ეუბებოდა: “მაგაზე ნამდვილი სათქმელი ვეღარ იპოვნე?” და ხრინწიანი ხმით ჰკითხა:

– ჯერ ეს მითხარი, ვინა ხარ აქ… ვინა ხარ ამ ოჯახში, სტუმარი თუ… თუ მასპინძელი?

ამ კითხვამ იდუმალების ფარდა ქაღალდივით გაფხრიწა. დრო იყო ნამალევი თქმულიყო და ნაჩუმარი გამოჩენილიყო.

ლევანი არც ლამობდა ამ წამის გადიდებას და თვითონაც ეძებდა შესაფერ სიტყვებს. ოღონდ ეგონა, წაიბორძიკებდა, და ეშინოდა სათქმელი ლუღლუღით არ ეთქვა.

– მასპინძელი გახლავარ.

და ეს ორი სიტყვა ისე მტკიცედ წარმოსთქვა, რომ თვითონაც გაოცდა. ნამეტნავად უკვირდა, რატომ არ უთხრა: “მასპინძელი ვარ”, და რად იხმარა ასეთ დროს მწვავე და კადნიერი “გახლავარ”. რაც უნდა იყოს ძმადნაფიცები არიან. სიდონიაც ნოდარის ნაცოლევია და ეს ავეჯიც, ბინის მთელი მორთულობაც ამ კაცს ეკუთვნის…

ან მისი ნაკუთვნებია.

მაგრამ არა უშავს-რა: ლევანი კმაყოფილიც იყო, რომ ეს სიტყვა იხმარა, რადგან მტკიცე ხასიათი ჰქონდა და დოსტაქარი რომ ყოფილიყო, სურდოს მკურნალობასაც კი ნეშტარით შეუდგებოდა.

ნოდარის თითი ავტოს მოტორივით არაკუნდა. ლევანი უძრავად იდგა და ერთ თვალს იმ თითს ადევნებდა, მეორე კი ნოდარის სახეზე ჰქონდა მიბჯენილი, რომელიც ტკივილის ელვისგან თრთოდა და იგრიხებოდა.

“ეს წუთი გადასჭრის ყველაფერს” – გაიფიქრა ლევანმა და მარჯვენა ხელი უნებურად ჯიბისკენ წაიღო.

ნოდარმა სკამი იქით გადასდგა. თითი ჰაერში აუთამაშდა.

კრიჭა შეეკრა და ხელები თავისთავად მოეკუმშა. უნდოდა რაღაც ექნა თუ ეთქვა – რაღაც უკმეხი, შხამიანი და სახიფათო. მაგრამ ამ დროს – სწორედ ამ დროს – ჩაკეტილ ოთახიდან უცნაური ხმაური მოისმა. ნოდარმაც და ლევანმაც ყური მიუგდეს და მიჰხვდნენ: იქ, ჩაკეტილში, სიდონია ქვითინებდა.

იდგნენ და ხმა ვეღარ ამოეღოთ. ჩამხჩვალი, ჩუმი და ნაგლეჯად ამოვარდნილი ტირილი, თითქოს ორივეს ალხობდა, არბილებდა, დაჭიმულ სიმებს ადუნებდა, და ნოდარის თითმაც თითქო ფართხალს დაუკლო.

დედა-შენი…

დედა-შენმა აქ რაღაც დაგიტოვა. – უცებ ალაპარაკდა ლევანი.

– დედამ? – გაოცდა ნოდარი იმის გამო, რომ მშობელი ეხლაღა გაახსენდა, სხვამ გაახსენა. და ოთახს თვალი მოავლო. თითქო ვინმეს ეძებდაო. “რა იქნა?.. სად არის დედა?”

– დედა-შენი? – ისე ჰკითხა მასპინძელმა, თითქო კითხვა ვერ გაიგოო, და თავი ჩაჰღუნა.

 

– ჰო, დედა. სად არის დედა?

ლევანმა უფრო დაბლა ჩაღუნა თავი და სდუმდა.

მეორე ოთახში სიდონიას სლუკუნმა იმატა.

– დედა სად არის მეთქი, ლევან?

ლევანმა თავი ასწია, თვალებში შეხედა და ჩუმი ხმით ჰკითხა:

– ნოდარ… – და დუმილის შემდეგ დაუმატა: – უკვე სამი თვე გავიდა. ფილტვების ანთება ჰქონდა.

ნოდარმა დამწვარი ხელი მკერდზე მიიდო, ღრმად ამოიხვნეშა და ბარბაცით იქვე სკამზე დაეშვა.

 

წეღან ლევანი გუმანით მიხვდა, რომ სიდონიას ქვითინმა აყენებული ჩახმახი ნახევრამდე დაუშვა, ეხლა კი დედის სიკვდილმა თითქო კარ-ფანჯარაც გამოაღო და მოშხამულ ოთახში გრილი და სუფთა ჰაერი შემოუშვა.

– დაიცა… აქ მოიცა, – უფრო დაბალი ხმით უთხრა ლევანმა, – წავალ, სიდონიას დავხედავ – და მეორე კარისკენ გაემართა. და სანამ გავიდოდა, დაინახა, რომ ნოდარმა ისე ჩაიქნია თავი, თითქო თავის ბედს სჩიოდა, ან ლევანს ეუბნებოდა: ჰო, წადი, სიდონიას მიჰხედეო.

ჩაკეტილ ოთახში ჩურჩული გაისმა, მერმე გახშირდა, სამაგიეროდ ქვითინი ჯერ სლუკუნად გადაიქცა და შემდეგ სრული დუმილი ჩამოვარდა.

როცა ათიოდე წუთის შემდეგ ლევანი სასადილოში შემობრუნდა, ახალ-მოსული ისევ გახევებული იდგა და ეტყობოდა, ნამეგობრალის დაბრუნებას ელოდებოდა. ეხლა მთელი ტანით თრთოდა და ფორხილით ამბობდა:

– წეღან…

წეღანვე მინდოდა შენი ნახვა, სანამ… მანამ გავიგებდი, რომ შენ ამ სახლში… მაგრამ გადავდოთ.

– გადავდოთ, – უმალვე დაეთანხმა ლევანი.

– ასე სჯობია.

– სჯობია.

– მაშ…

– უნდოდა ეთქვა “მშვიდობით”, მაგრამ სთქვა – მაშ წავალ.

– წადი.

და ლევანის “წადი”, “სჯობია” და “გადავდოთ” წეღანდელ “დაჯექი”-ვით მშრალი და ცივი აღარ იყო, მაგრამ არც ოდინდელივით თბილი, არამედ მუდამივით დინჯი, წყნარი და იმ წითელ მაგიდასავით სწორი, სადაც ლევანი იჯდა ხოლმე და თანამშრომლებს მოკლედ და მკაფიოდ უჭრიდა:

– კარგი… არა… წადით… მოიტათ.

და ნოდარიც წამოვიდა.

ისე წამოვიდა, როგორც სამი თვის ნაწოლარი გამოდის ხოლმე სამკურნალოდან.

წეღანდელივით ქალაქს აღარ ათვალიერებდა. გულზე ლოდი აწვა, თავში ბინდი ედგა და წინ კაეშანი მიუძღოდა.

ერთი საათის შემდეგ სარდიონთან შევიდა და უთხრა:

– ოთახი მინდა. – და ჩამოჯდა.

სარდიონმა შეჰხედა. ენა დაიდუმა და გავიდა.

ათიოდე წუთის შემდეგ ისევ შემოვიდა და მოკლედ მოსჭრა:

– მზად არის. – და ვეღარაფერი ვერ შეჰბედა.

ნოდარი ლასლასით გავიდა და ისე ჩაიკეტა კარი, როგორც წეღან სიდონიამ. შემდეგ ნამეხარ გულზე ხელი მიიდო, თითქოს შისი შემაგრება ეწადოს. ოდნავ წაბარბაცდა და ჩაზნექილ საწოლზე მიეგდო. და ის საწოლიც ნოდარსავით აკრუსუნდა, აკვნესდა და დროგამოშვებით ისე მოსთქვამდა, და ოხრავდა, თითქო ზედმწოლარეზე მგლოვიარედ იყო და ზარს ეუბნებოდაო.

მაშ ასე: დედა ჰყავდა და აღარა ჰყავს, შვილი ეზრდებოდა და ვეღარც კი იცნო, ერთი მეგობარი – საყვარელი, უმაგივრო, ერთგული ცოლი ჰყავდა და ისიც მოჰპარეს.

 

“დიაღ, მომპარეს. არც კი შემატყობინეს”.

სამი თვის წინათ, როცა დედა უკვდებოდა, ან უკვე მკვდარი ჰყავდა, სიდონიასაგან უკანასკნელი წერილი მიიღო, ათჯერ მაინც წაიკითხა, მაგრამ იქ გადაკვრითაც არაფერი ეწერა, ახლაც ჯიბეში აქვს ის წერილი.

და მოთელილ ქაღალდს დაუწყო კითხვა:

“ჩემო ნოდარ”. – და ეხლაღა აკვირდება: აღარც “ძვირფასო”, აღარც “იმედო”, აღარც “სიცოცხლევ”: მაშ რაღაც მომხდარა, სადღაც რაღაც გამწყდარა.

რამ გააბრუა მაშინ მაგრე რიგად, რომ ეს მშრალი და ცივი დასაწყისი აქამდე ყურად არ იღო? ჰო, მართლა, მაშინ სხვა რამით იყო დაყრუებული, დაბრმავებული.

“მოთმინება გამომელია.

მეტის ატანა აღარ შემიძლიან”.

ცხადია, აშკარად ამბობს ყველაფერს. მაგრამ ნოდარმა ამასაც არ დასდო ფასი, რადგან რვა წელიწადში ერთი წერილიც არ მიუღია, რომ იგივე “აღარ შემიძლიან” არ წერებულიყო.

ფინჯნის ბრალია, ფინჯნისა!

“რაკი შენი ლანდები (ჰმ, ლანდები! – გაიფიქრა ნოდარმა) ჩემს თავსა და ჩვენს შვილს ამჯობინე, პასუხიც სავსებით მარტო შენ უნდა იკისრო”.

მარტო ნოდარმა უნდა იკისროს! ესეც ცხადია. აკი კისრულობს, აკი ჰგდია სხვის ოთახში და მოღვარებულ კაეშანს მარტო ებრძვის, – მარტოდ-მარტო, ისევ მარტო, ისევ ერთი, ერთად-ერთი!

“…და ნუ გაგიკვირდება, თუ იმანაც დაგივიწყა, ვინც რვა წელიწადია თითქმის აღარ გაგონდება”.

განა ამაზე პირდაპირ კიდევ შეიძლება აზრის გამოთქმა?! “ნუ გაგიკვირდება!” აკი არც უკვირს!.

დიაღ, აღარ უკვირს, მაგრამ ეს ოხერი გული ლამის ამოფრინდეს და ამ სულელმა ცრემლმა ლამის სულ დაალბოს ეს წერილი. და ისე ამოიოხრა: “ვაი მე!”, თითქოს ის გულიც ამოეყოლებინოს. ამოიოხრა და სიდონიას წეღანდელი “ვაე მე”, გაახსენდა.

მართლა ვუი შენ, ნოდარ შუბიძევ, რადგან ასე უცებ დაობლდი, დაქვრივდი და მთელ ქვეყანაზე ოხერ-ტიალად დარჩი. მაგრამ განაგრძე კითხვა, იქნებ იქ მაინც იპოვნო გულის მოსაოხი და ცრემლის მოსაშრობი.

“შენ მიერ გამოგზავნილ ფულს მარტო გაიოზის აღზრდაზე ვხარჯავ, ჩემზე კი მანეთსაც აღარ ვიმეტებ”.

აჰა, ცხადზე-უცხადესია! “ჩემზე კი მანეთსაც აღარ ვიმეტებ (წინათ იმეტებდა), რადგან ეხლა უშენოდაც შემიძლიან ვიცხოვრო”.

 

რა თქმა უნდა, შეუძლიან! ძალიან ადვილადაც შეუძლიან. ახალი ქმარი თუ საყვარელი იშოვნა (ეხლა ვიღა გაარჩევს) და იმის ხარჯით სცხოვრობს. მაგრამ რამ გამოატვინა ნოდარ შუბიძე, რომ ეს სტრიქონებიც ვერ გახსნა და ცხადი გასაგები ვერ გაიგო!

“ფინჯანი, წყეული ფინჯანი!” – წამოიძახა და განაგრძო:

“დროა გათავდეს და ჩვენს წარსულს მიჯნა დაედოს”.

რაო, რა სწერია? დროა გათავდეს?.. აჰა, მორჩა და გათავდა!.. და მიჯნა დაედოს… დიდებულია, ჩაყრილია! წეღან, ორი საათის წინათ ისეთი მიჯნა დაედო, – არა, დაედო კი არა, ჩაითხარა, უფსკრულივით ჩაინგრა, – რომ იმ ზვარს, იმ უნაპირო და უძირო ხრამს არწივიც ვეღარ გადაუვლის.

 

რა ფუქსავატია, რა ბეყეჩა ვინმეა ნოდარი!

“წყეული, შეჩვენებული ფინჯანი!” – და ფაიფური მაგიდაზე გადააგდო. ფინჯანმა ზარის ხმით გაიცინა, ყირამალა შეტრიალდა, პირქვე დაემხო და გახევდა.

ნოდარმა ძლივს ჩაიკითხა წერილი, რომელიც ვერხვის ფოთოლივით კანკალებდა, რადგან დამწვარი თითი ქვეიდან გრიგალივით ეხეთქებოდა და იალქანსავით ჰფურთნიდა.

წერილიც გადააგდო. მოიბუზა და კედლისკენ გადაბრუნდა, თითქო ვინმესი სცხვენოდა და პირსახეს იმალავდა.

სადილის დროს სარდიონმა კარი დაურახუნა.

– არ მინდა.

– უპასუხა და ფანჯარას მიუჯდა.

ვახშამმა რომ მოაწია, ერთხელ კიდევ დაუკაკუნეს.

ნოდარმა ბრაზით შესძახა:

– არ მინდა მეთქი!

და სამ დღეს იჯდა ტუსაღივით და დროგამოშვებით იძახდა:

– აკი გითხარი, არ მინდა!.. თავი დამანებე!.. გეუბნები, არ მინდა მეთქი!

ხოლო მეოთხე დილას ასე ჰფიქრობდა:

“დედა მომიხუცდა, გაცივდა და ფილტვების ანთებას გადაჰყვა. მაშ ბრალი არავისაც არ ედება. აქ რომ ვყოფილიყავი, ვერც მე ვუშველიდი”.

 

რასაკვირველია, ვერაფერს უშველიდა. რა თქმა უნდა, ბრალს ვერავის დასდებდა, რომ არ მისწერეს, ესეც გასაგებია. მაშ დედის საქმე გათავებულია.

“გაიოზი ჩვენთვის არავის წაურთმევია. საბრალო სიდონია რვა წელიწადს უჩემოდ ზრდიდა, და რადგან უკვე გათხოვდა, და შეიძლება მეორე და მესამეც ეყოლოს, ამიტომ”…

ამიტომ სიდონია გაიოზის თავს არ შეედავება. ესეც ცხადია და გათავებულია.

 

“თვითონ სიდონია ხომ”…

სიდონიას საქმეც ხომ მორჩომილია. ვერაფრით ვეღარ უშველის, და თუნდაც რომ მოახერხოს, არც იკადრებს: რა ოხრად უნდა ქალი სხვისი ნატუჩარი, ნახელარი და მონათელი? ჩანჩურაც აღარ მიიკარებს თავის და სხვის ნაცოლარს, მაშ რად უნდა შეირცხვინოს სახელი ნოდარ შუბიძემ. დიდებული სახელი, დიაღ, დიდებული, რადგან ასეთია მისი მომავალი: ხვალ თუ ზეგ მეხივით გავარდება და მთელ ქვეყანას მოედება.

და ფინჯანს ორივე ხელით მაგრად ეჭიდებოდა, თითქოს ეშინოდა, ჩიტივით არ გამიფრინდესო.

არა, რაღა ლევანს აეკიდა, რაღა ლევან შაბრიშვილს შეეფეთა, ნამეგობრალს და ერთად-ერთ ინჟინერ-კერამისტს, რომელიც პარიზიდანვე აირჩია დამხმარედ და შუამავლად? ბედის სიცილია, უბრალო შემთხვევაა, ზევიდან ჩამოვარდნილი აგური რომ ვინმეს დაეცემა, ან ვაგონი გაიტანს, ყველა მისი ნაცნობ-ნათესავი იტყვის ხოლმე: “რაღა იმ უბედურს დაემართაო?” და ეს “უბედური” დღეს ნოდარ შუბიძე გამოდგა, ბედნიერად კი ნამეგობრალი ლევანი მოეჩვენა, რომელიც მრავალ ქარტეხილს გადარჩა, რადგან მუდამ შორს იდგა გრიგალების ბუდესგან და მხოლოდ თავის დარგში მუშაობდა – თავჩაღუნული, დაძაფული და კამეჩივით გამძლე.

თუმცა რა ბედენაა! ლევანს გაჰყვა თუ სხვა ვინმეს, რა ფასი აქვს? პირველ დღეს გულის თქმას აჰყვა, პატივის შელახვა იუკადრისა და სერიოზულად ჰფიქრობდა უკანვე დაბრუნებას, ახლა კი ამაზე თითქმის ეცინებოდა და თავის-თავს არიგებდა: “შე ტუტუცო, ეს ფინჯანი, ქვეყნის საჭე, ხელში გეჭიროს და ცოლის დაკარგვის გამო გასწირო შენი თავიც, შენი სახელიც, შენი მშრომელი ხალხიც და მისი მომავალიც?! ალბათ გავგიჟდი, თორემ ეს სისულელე თუნდ ერთ წამითაც როგორ მოიკიდებდა ფეხს ჩემს თავში?”

აგრეა, ცხადია, გაგიჟდა, დროებით შეირყა.

ან რა ექნა? ნოდარიც ხელმოცარულია და ისიც ყალბი სიამაყით, ხავსმოკიდებული თავმოყვარეობით არის გაჟღენთილი. მაგრამ რა დროს ეს არის!

“ჯანდაბას სიდონიაც და ჩემი თავიც!” – ღრმა რწმენით წამოიძახა და ერთხელ კიდევ გადალახა საზღვარი.

ფითრის ფერი ედო, მაგრამ უკვე განკურნებული იყო: ფეხზედ მაგრად იდგა, თვალები ულივლივებდა, სახეზე ხალისიანი ღიმილი უთრთოდა და ხმაც მტკიცე ჰქონდა. როცა სარდიონი შემოუშვა, ფული მისცა და უთხრა:

– ნურაფერს დამაკლებ, ნურც თქვენ დაიკლებთ. დღეს ერთი კარგი სადილი შეამზადებინე და… ჰო, ის უნდა მეთქვა: საათის სამზე სიდონიასთან გადი და გაიოზი… გაიოზი მოიყვანე…

უთხარი, დღესვე უკან გამოვგზავნი თქო.

– მეტი არაფერი ვუთხრა? – ყოყმანით ჰკითხა სარდიონმა.

 

– მეტი არაფერი… ჰო, მართლა, შენს კნეინასთან ბოდიში მომხადე. ოთხი დღეა აქა ვარ და ვერც კი მოვიკითხე. ახლა მეჩქარება… სადილად დავბრუნდები და მეც მოვთხოვ შენდობას.

მაშ ჯერჯერობით კარგად იყავით.

და გულდინჯად გავიდა.

ერთი საათის შემდეგ შუბიძე ფართე და ნათელ კაბინეტში შევიდა, ერთ წამს კარებში შესდგა. მაგიდასთან მჯდომს გადაჰხედა, გაუღიმა და ხელგაწვდენილი გაემართა მისკენ, თანაც მიაძახა:

– გამარჯვება, ლევან!

ლევან შაბრიშვილი წამოდგა, ღიმილითვე უპასუხა და ხელი მაგრად ჩამოართვა:

– გაგიმარჯოს, ნოდარ, როგორ ხარ?

– ძალიან კარგად.

– მეგონა აღარ მოხვიდოდი.

– მართალს გეტყვი: უკანვე გაქცევის სურვილმა ერთი წუთით გამკრა, მხოლოდ ერთით, მაგრამ დავძლიე და აი… აქა ვარ.

 

– მაშ რატომ აქამდის არა მნახე?

ნოდარმა მხრები შეიშმუშნა, გაიღიმა, შეყოყმანდა და –

– ვინელებდი, – მორცხვად უპასუხა.

ლევანმა თვალი აარიდა და მცირე დუმილის შემდეგ დაბალი ხმით ჰკითხა:

– მერმე?

– გათავდა… მოვინელე, – უფრო დაუწია ხმას ნოდარმა, – მოვინელე, რადგან… რადგან ეს საქმე… ჩემი პირადი საქმე მცირე წერტილად მომეჩვენა თვალუწვდენელ მინდორზე… მინდორზე, რომელიც უნდა მოვხნათ… ჩვენ უნდა მოვხნათ.

 

პირისპირ იდგნენ. თვალი თვალში გაუყარეს. ლევანს თვალებში სიამისა და ნდობის ნაპერწკლებმა გაურბინა.

– მაშ მე… მე აღარაფერს მაბრალებ? – ჩურჩულით ჰკითხა.

– არაფერს… აღარაფერს – წრფელი კილოთი მიუგო ნოდარმა.

 

ლევანმა ხელი გაუწოდა. ნოდარმა თავისი დაუხვედრა. დიდხანს ეჭირათ და უსიტყვოდ იღიმებოდნენ. მერმე ლევანმა ერთი სიტყვა მიუგო:

– დაჯექი.

ნოდარს ოთხი დღის წინათ ნათქვამი “დაჯექი” გაახსენდა, უნებურად შეადარა და დღევანდელში სითბო, ნდობა და სირბილე მოეჩვენა.

ორივენი პირისპირ მიუსხდნენ მაგიდას და დადუმდნენ. ხანგრძლივი, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა წითელ ოთახში.

ორივენი პირველ სიტყვას ერთმანეთისგან ელოდებოდნენ.

ბოლოს ლევანმა ჰკითხა:

– რას მეტყვი?

– აჰა, დავბრუნდი. ჩუმად შემოვიპარე – და გაჩუმდა.

– მართლა? მერმე?

– ვიცოდი, რომ შეეძლოთ სასტიკად დავესაჯე… მაგრამ ვეღარ მოვითმინე და წამოვედი.

– რა ვერ მოითმინე? – და თვალი თვალში გაუყარა.

– უცხოეთში ხეტიალი…

აღარა მჯერა იმათი… ჩვენს ხალხს დავუბრუნდი.

– რომელ ხალხს?

– ცხადია, მშრომელ ხალხს. სხვანაირი ხალხი აღარ არსებობს. ასში ხუთი სათვალავში ჩასაგდებიც არ არის.

– მიზანი?

შენთან და “იმათთან” ერთად მუშაობა ჩვენს მშრომელ ხალხისთვის და მასთან ყოფნა ლხინშიც და ჭირშიც, ნამეტნავად ჭირში, რადგან ლხინის დროს აფრიკელებიც კი აქ ამოვლენ, გაქცევით კი ბედნიერ ცხოვრებას მხოლოდ გიჟი გაექცევა.

და ისევ დუმილი ჩამოწვა.

ლევანი სწორად იჯდა და ნოდარს თვალს არ აშორებდა. ტუჩებზე ისევ წეღანდელი ოდნავი ღიმილი უთრთოდა, ხოლო შავი, ცივი, მჭრელი თვალები მოსაუბრის გულში ჰქონდა ჩაბჯენილი.

უცებ ის თვალები ნოდარის დამწვარ ხელზე გადაიტანა და შეამჩნია, რომ თითი-ტერმომეტრი ოდნავღა უკანკალებდა.

“ორგული რომ ყოფილიყო, – გაიფიქრა – თითი ფართხალს და კაკუნს დაუწყებდა”.

იმ თითიდან თვალი კვლავ ნოდარის გულში გადაიტანა, იქიდან ისევ თითზე გადმოვიდა და ბოლოს ჰკითხა:

– მაშ… რა მოგიტანე? რა გიდევს თავში?

ნოდარმა თავისებურად გაიგო და უპასუხა:

– თითქმის რვა წელიწადს ვმუშაობდი განთქმულ სევრის ქარხნებში, ქიმიკოსი და კერამისტი ვარ.

– ვიცი.

პოლიტიკურად რას იტყვი?

ნოდარი არც ჩაფიქრდა, არც აირია და მტკიცე ხმით მიუგო:

– სრული ლოიალობა, სრული ერთგულება!

ლევანი კვლავ ტუჩებით იღიმებოდა, ზედა ტანით ოდნავ შესამჩნევად ირხეოდა. მკვეთრი თვალები ნოდარის გულიდან თითზე და თითიდან ისევ გულში გადაჰქონდა. შემდეგ თითქო თავისთვის წაილაპარაკა:

– ოდესღაც ეგეც საკმარისი იყო, ახლა კი… – და გაჩუმდა.

– ახლა კი შეიძლება აღარ იკმარონ? – გაოცებით დაამთავრა ნოდარმა და თვალი თვალში გაუსწორა. მაგრამ იქ ვერაფერი ამოიკითხა, რადგან მეგობრის თუ ნამეგობრალის თვალებსა და ღიმილში ვერავინ ვერასოდეს ვერაფერს კითხულობდა. დუმილის დროს მისი აზრი, მისი “ჰო” და “არა”, წყრომაც, სიამეც, დასტურიც და უარიც მუდამ გულსა და ტვინში რჩებოდა ცხრაკლიტულით ჩაკეტილი და არასოდეს თვალებსა და ტუჩებზე არ გამოდიოდა.

 

– ახლა კი შეიძლება აღარ იკმარონ? – ხელახლა ჰკითხა ნოდარმა და თითმა კანკალს ოდნავ უმატა.

ლევანმა ტერმომეტრის აწევა შენიშნა და ისევ ღიმილით სდუმდა.

მაშინ ნოდარმა უთხრა:

– ლევან, ყური მიგდე. – და თითის კანკალის ანარეკლი ხმაში გადმოუსახლდა, – ერთგულება ხურმა კი არ არის, რომ მოგბეზრდეთ და დაიწუნოთ. ხვალ რომ რაიმე მოხდეს, თოფი უნდა ავიღო და მტრისა და ჩემი სისხლი უნდა დავღვარო.

– საბუთს მოგთხოვენ. – ცივად მიუგო ლევანმა.

 

– ამ საბუთს მაშინღა მივცემ, როცა დრო დადგება – და გაჩუმდა.

– საბუთს მოგთხოვენ მეთქი. – განიმეორა ლევანმა.

– აქაურ ფულზე რომ ვიანგარიშოთ, პარიზში ორი ათასი მანეთი მეძლეოდა, აქ კი… არ ვიცი რა მომელის. შეიძლება ციმბირშიც გადამასახლონ.

– ადვილად შეიძლება.

– დაუდასტურა ლევანმა.

– მიუხედავად ამისა, მაინც ვეახელი.

– საბუთი მეთქი? – ჩააცივდა ლევანი.

ნოდარმა იყუჩა. თითმა კიდევ მოუმატა კანკალს.

– საბუთი მეთქი? გაახსენა მეგობარმა თუ ნამეგობრალმა და ისე გაუშვირა ხელი, თითქო მონათხოვს ნივთსავით ხელში ჩადებას ელოდებოდა.

– საბუთი? – ჰკითხა ნოდარმა და წამოდგა.

 

დამწვარი ხელი აუჯანყდა. ჯიბისკენ წაიღო, ისევ ამოიღო და ლევანს გამოწვდენილ ხელში პატარა ფინჯანი ჩაუდო, თანაც დააყოლა:

– აჰა, ინებე.

და ისეთი იერი აისხა, თითქოს იმ ხელში ქვეყნის ბედი ჩაედოს.

ლევანმა იმ ფინჯანს დაჰხედა, შემდეგ გაოცებული თვალები ნოდარს აავლო და გაიფიქრა: “გაგიჟდა?” მერე ის თვალები ისევ ფინჯანზე გადმოიტანა, კვლავ ამაყად მოღიმარე ნამეგობრალს შეანათა და განცვიფრებას ოდნავი შიში დაერთო: “ცხადია, გაგიჟდა”, და ორი სიტყვაც დაუმატა: “საწყალი ნოდარი!”

და შეწუხებული ლევანი იმაზეღა ჰფიქრობდა, რომ “საწყალი ნოდარი” როგორმე მშვიდობიანად გაესტუმრებინა. უცებ მეგობრულად გაუღიმა და უთხრა:

– დიდებულია!. მშვენიერია!..

– მშვენიერი კი არა, განძია, უდიდესი განძია.

– ღრმა რწმენით შეუსწორა ნოდარმა.

– რა თქმა უნდა, – უმალვე დაეთანხმა ლევანი, – ნამდვილი განძია.

 

– ფასდაუდებელი რამ არის! – ფორიაქით შესძახა შუბიძემ. – ორ წელიწადში ქვეყანას შეატრიალებს და მილიარდებს მოგვცემს.

“საწყალი!” – ერთხელ კიდევ გაიფიქრა, ხმამაღლა კი უმალვე დაეთანხმა: – უეჭველად, უეჭველად. – და ფინჯანი გაუწოდა. – წაიღე და მაგრად შეინახე.

არავის აჩვენო, თორემ…

ნოდარი ეხლაღა მიუხვდა: “გიჟი ვგონივარ”. ფინჯანი ჩამოართვა და უთხრა:

– ლევან, ჭკუიანი, მცოდნე კაცი ხარ და მალე გაიგებ. აბა, მიყურე და მიმიხვდი.

უცებ ხელი მოიქნია, ის ფინჯანი მთელი ძალღონით კედელს მიანარცხა.

ფინჯანმა უცნაური ზრიალი მოიღო და ოთახი რაღაც ახალი, უჩვეულო და გაუგონარი ჟღარუნით გაივსო. კრიალით უკანვე გადმოხტა, მუხის იატაკზე გაგორდა და იდუმალი ჟღარუნი ერთხელ კიდევ გაიღო.

 

ნოდარი გაგორებულ ფინჯანს მიჰყვა. შმაგიანივით ეცა და ისე ურტყამდა მძიმე ფეხებს, თითქო გველს სჭყლეტავდაო, თანაც სიხარულით გაიძახოდა:

– აჰა, ლევან, აჰა! შეხედე!.. ნახე! დარწმუნდი!

შემდეგ უვნებელი ფაიფური აჯანყებული ხელით აიღო, განცვიფრებულ ლევანს გადასცა და ჰკითხა:

– გაიგე?.. გესმის?.. მოისაზრე? –

ლევანს სწრაფი მოსაზრება და შესაფერი ცოდნა ჰქონდა, ამიტომ პირველივე სიტყვა საგნის შუაგულს მოახვედრა:

– რისგან არის ეს ფინჯანი?

– თიხისაგან.

– რაო? – და თავის სიცოცხლეში თვალები პირველად გაახილა ასე ფართედ და განცვიფრებით.

– თიხისგან მეთქი! – ამაყი სიხარულით მიუგო ნოდარმა.

 

– თიხისგან?

– თიხისგან, ნამდვილი თიხისგან. – განიმეორა ნოდარმა.

– თიხისგან და… კიდევ რა?

– შვიდი მეათედი თიხა, ესე იგი უფრო მასალა, და კიდევ რაღაც… რაღაც… ძალიან იაფი. ყური მიგდე, ლევან…

– და ორივე ხელით მაგიდაზე დაებჯინა. თითი სარეკელასავით არახუნდა. – ყური მიგდე. ეს თიხა, ეს ფინჯანი ფოლადზე უფრო მაგარია.

– დაუჯერებელია.

– ეხლავე დაიჯერებ… აქ მომეცი.

 

ფინჯანი ხელახლა გამოართვა, კედელთან მდგარს პატარა მაგიდაზე გვერდით დასდო, ზედ კედელს მიაყუდა და უთხრა:

– ამოიღე რევოლვერი და ესროლე…

ლევანი ყოყმანობდა.

– ამოიღე მეთქი, ნუ გეშინიან. პირველი მცდელი და მიმრქმელიც შენ იქნები.

– დაიცა, აქ არ შეიძლება. სარდაფში ჩავიდეთ.

– ძალიან კარგი.

ჩავიდეთ.

სამი წუთის შემდეგ ელექტრონით განათებულ სარდაფში იყვნენ. ნოდარმა ფინჯანი ისევ კედელს მიაყუდა და განზე გადგა.

ლევანის ხელში ნაგანის შავმა ლულამ იელვა.

– ოღონდ ოდნავ ცერად დადექი. ტყვია არ ასხლტეს და არ მოგხვდეს… აი ასე…

აბა, დაუმიზნე.

ლულამ ჰაერში რკალი მოხაზა, ნელა დაეშვა და გაიყინა.

უცებ სარდაფი ქუხილმა გაავსო.

– აჰა, დაჰხედე. – და ნოდარმა უვნებელი ფინჯანი მიაწოდა.

ლევანი ფინჯანს ათვალიერებდა და არა სჯეროდა: ძირის შუაგულში ოდნავ ეტყობოდა მონახვედრი.

– აი ტყვია სად არის.

 

ლევანმა უკან მიიხედა და იქ, კედელზე, სადაც ნოდარის თითი ფართხალებდა, მცირე ნაჩვრეტი დაინახა. ისევ ზევით ამოვიდნენ. ლევანმა ორივე კარი გასაღებით ჩაჰკეტა, ისევ თავის ალაგზე დაჯდა და უთხრა:

– კარგად გამაგებინე.

ნოდარმა ადვილად გააგებინა, რადგან ლევანს სწრაფი მოსაზრება ჰქონდა და ამ დარგშიც კარგა ხნის ნამუშევარიც იყო. დაბალი ხმით, მაგრამ აღფრთოვანებით და ფორიაქით უხსნიდა.

მალე მთელ ქვეყანას ამის ჭურჭელი მოედება, რადგან ძალიან ლამაზიც არის და არც ოდესმე გატყდება. ხის მრავალ ნივთსაც გასდევნის და ერთი სახლიც არ დარჩება, რომ გარედან მაინც აგურისა და ქვის მაგივრობა არ გასწიოს.

რკინა და ფოლადი დაძველდა, დაძვირდა და მალე მათი სახსენებელიც აღარ იქნება.

– დაიცა, დაიცა! – შეაწყვეტინა ლევანმა. – ან შენ ყოფილხარ გიჟი, ან გსურს მე გამაგიჟო.

– ყური მიგდე მეთქი.

ყური უგდეთ და ნუ შეშინდებით: არც ნოდარია გიჟი, არც ლევანი გაგიჟდება, რადგან –

– ვთქვათ რკინისა და ფოლადის გაუქმება ცოტა შორეული ამბავია, დანარჩენი ხომ შენვე გამოსცადე და უკვე ხელში გიჭირავს.

– ეგეც კმარა, თუ მართლა აგური, ხე, ქვა, ფაიფური და ფაიანსი განდევნა.

– დამიჯერე, კიდევ ბევრ რამეს განდევნის.

მთელი ქვეყანა პურსავით მიესევა. უმთავრესი კი ის არის, რომ საიდუმლოებას ვერ გაიგებენ.

– მართლა?

– მართალს გეუბნები. ჩვენი ქვეყანა ბოლით გაჟღინთება. ყოველი მხრიდან მილიარდები წამოვა. ათიოდე წელიწადში ჩვენს თავს ჩვენც ვეღარ ვიცნობთ. ქვეყანას ბადესავით დავსერავთ ქარხნებით, გზებით, არხებით, სკოლებით, სამკურნალოებით, ხალხი ჭუჭყს მოიცლის, უმეცრებას ჩამოირეცხავს, გასუქდება და…

და ამერიკას გაუსწრობს.

– დაიცა, დაიცა! – ერთხელ კიდევ შეაჩერა ლევანმა, რადგან თვითონვე ეშინოდა ნოდარის ბოდვა დაეჯერებინა.

მაგრამ აშლილი გამომგონი მაშინღა შესდგა, როცა სათქმელი ძირამდე დასცალა, დასცალა და დაუმატა:

– ახლა ხომ გესმის ჩემი?

– მესმის, მაგრამ… ჩემს გარდა კიდევ ვინ იცის ეს ამბავი?

– ჯერ არავინ, არც ერთმა სულიერმა.

– არც უცხოეთში?

– არც უცხოეთში. მე ადვილად შემეძლო მილიონების შოვნა, მაგრამ… უკვე გითხარი…

ხომ გესმის, ლევან?

ლევანი უხმოდ უგდებდა ყურს და აღარ იცოდა, ნათქვამის მეათედი დაეჯერნა თუ მეასედი. მაგრამ სწრაფი, ნათელი, პრაქტიკული გონება ჰქონდა და უმთავრესი თავის თვალით ნახა და ტყვიითაც გამოსცადა. ესეც საკმარისი იყო, რომ ეს ურყევი, მტკიცე და შეუვალი კაციც შინაგანი ცეცხლით და იმედით ანთებულიყო. ბედნაკრავ მეგობარს ყველაფრით უსმენდა: ყურებით, გულით, თვალებით, შუბლით, ტვინით და კბილებითაც, უსმენდა და წეღანდელი “საბუთი” აღარც კი აგონდებოდა.

კიდევ დიდხანს ისაუბრეს, ათასჯერ ასწონეს, გაზომეს და ნაუბარს თავი მოუყარეს. ბოლოს ლევანმა უთხრა:

– წამო, ნოდარ, “იქ” წავიდეთ, და ეს საქმე გავაცნოთ და იმათაც მოვუსმინოთ.

– წავიდეთ.

 

და ორივენი წავიდნენ.

კარს რომ მიადგნენ, ლევანი შესდგა და მეგობარს მიუბრუნდა:

– ერთი რამ უნდა გკითხო, ნოდარ.

– მკითხე, ლევან.

– ეს… ეს ფინჯანი რომ არ გქონოდა, მაინც… მაინც დაბრუნდებოდი? – და მჭრელი თვალებით გულის ფსკერამდე ჩასწვდა.

– რა თქმა უნდა, დავბრუნდებოდი! – უმალვე დაუხვედრა შუბიძემ.

– უფრო ადრეც დავბრუნდებოდი.

ლევანმა თავი ჩაიქნია და გაიფიქრა: “დაბრუნდებოდა”, და კარებში გასაღები გადაატრიალა.

– მაშ მივდივართ?

– მივდივართ.

და სწრაფი ნაბიჯით გავიდნენ.

1929 წ…

მიხეილ ჯავახიშვილი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]