საღამო აუქმებული.

ეკლესიის გალავანზე, მღვდლის მოლოდინში, გადმოყუდებულა მედავითნე;

იქვე, თითქმის გალავანზე მიდგმულ დუქნის წინ, დირეზე, ზის ერთი და წალდის ყუით ხაზავს, მგონი, მეზობელთან სადაო ნაკვეთის საზღვრებს;

კუთხეში, კუნძზე, წამომჯდარა მეორე, ცხვირსახოცით თავწაკრული და შალის ნაგლეჯით წელშემოკრული;

ახლადგათლილ სარს დაყრდნობია მესამე;

მედუქნე-ხარაზი მუშაობს გაღებულ დარაბის იქეთ.

სოფლის დამამშვიდებელი მიდამო.

მასლაათობენ.

– დიდი მდიდარი კაცია, ძმაო, დიდი მდიდარი…

– რამდენი ექნება მაინც?

– ჯიბეში არ ჩამიყვია ხელი, მარა ამბობენ, ათასი მანეთი გასესხებული აქვსო…

– იმე! რავა გეკადრება?

– ?!

– რა ჩემი ფეხებია ათასი მანეთი?!

– იტყვი შენც რაღა!! ათასი მანეთი არაფერიაო!!!

– ერთ კაი ქეიფში ხარჯავენ, ძმაო, ამდენს!…

– შე დალოცვილო, ვინცხა რაცხას შვება, იმას კი არ გეუბნები… აქ, ამ ჩვენ მიდამოში, ათასი მანეთი დიდი ღვთის წყალობა და ბედნიერებაა.

– ასე თუ თქვი, შე კაცო, ჩვენთვის ახლა წითელი თუმანიც კაი საქმეა!

– შენ უნდა თქვა, როკფელია ყოფილა ამერიკაში ვინცხა. ყოველ წამში – ფუუ! – მოლაპარაკემ სული შეუბერა, – აი, ამდენ ხანში, ერთ მუჭა ოქროს ღებულობს თურმე.

დაზგაზე მომუშავე ხარაზმა მიმიზნებული დანა შეაჩერა და მობაასეთ შეხედა:

– რავა, რავო?

– რავა და ერთ წამში – ფუუ – ამდენს ხანში, რაც კი ჩაეტევა ამ პეშვში, – მობაასემ პეშვი გააკეთა, – იმდენი ოქრო შემოდის.

– რას უშვება მერე ის სულწაწყმენდილი?

– ჩვენ არ გვიგზავნის, და რა ვიცი რას უშვება?!

გზაზე გამოჩნდა შუა ხნის დედაკაცი, თანაქით ხელში.

– მერე ერთ წუთში ერთი პეშვი, მეორე წუთში კიდევ ერთი პეშვი… დედავ, რამდენი შედგება ერთ საათში, ერთ დღეში… ახლა წელიწადში თქვი შენ!!

– ვერც ქე ვიანგარიშებთ მე და შენ, ჩემო ლავრენტი.

– მაგაზე დამიდგა ჯავრი! მომცა, იცოცხლე ვიანგარიშო, და რომ არ მაქვს, რათ შევიწუხო თავი?

ხარაზმა ისევ შეასწორა ტყავზე მომარჯვებული თარგი და უნდოდა შემოჭრა დაეწყო, რომ ქალმა მორიდებით შემოუარა მობაასეთ და მედუქნე-ხარაზს მიმართა:

– გირვანქა-ნახევარი ნავთი ჩამომისხი, ჩემო ლავრენტი…

– ნისია მომიტანე?

– ნისია არ მომიტანია, ახლანდელის აიღე.

– რა ვქნა, არ მაქვს ამდენი სერმია… ნუ გამაკოტრებთ, თვარა აღარც თქვენ გექნებათ ხელის მოსანაცვლებელი.

– არა, შე კაცო! არ ვიცი განა?

მობაასენი განაგრძობენ ბაასს.

– არაფერი მესმის, ძმაო, ამ ქვეყნის… რას არ გაიგონებ კაცი?!

ყველა მიაჩერდა.

– იმას ვამბობდი… ამას წინათ ქალაქში რომ ჩემ ბაღანასთან ვიყავი, – ვამზადებ ბანკის კლასისთვის, იქნებ ის მაინც გამოვიდეს კაცი, – მასწავლებელმა მითხრა, იმისთანა მანქანა მოიგონეს, სამოც კაცს ჰაერში აიყვანენ და აფრენენო!…

– იმე?! რავა შეიძლება?!

– ნახატი მაჩვენა, კაცო, ნახატი… დახატული… გაზეთში.

– ჰოდა ახლა ილაპარაკე, ღმერთი ყოვლათ ძლიერიაო! – მიუბრუნდა მობაასე დიაკონს.

– ნუ ცოდავ ღმერთს!.. – თქვა და თავის კადნიერების შესამსუბუქებლათ მუჭში ჩაიხითხითა დიაკონმა.

– ღმერთს კი არა, იმ კაცს არ უნდა შესცოდო, ჩემო ძმაო, სამოც ადამიანს ჰაერში რომ ატრიალებს „ბაბუას წვერებივით“.

– მე და ჩემმა ღმერთმა!.. უწინ გვიკვირდა, ანგელოზი და ღმერთი დაფრინავსო… თითო-თითო, და ახლა კი, ვინცხა ნემეცია, თუ ფრანცუზი, ეიყვანს შენს დათია კოპტაშვილს, პატიოსან აზნაუშვილს, და ატრიალებს, ქორი რომ წიწილს ეიყვანს ისე, ჰაერში… მოდი და ნუ სცემ იმას თაყვანს!…

– ჰოდა ის იქნება ვინცხა ანტიქრისტეს წინამორბედი, წერია ასე საღმთო წერილში, – კიდევ შეეცადა დიაკონი დაეცვა სარწმუნოება.

– წადი ახლა… ანტიქრისტე კი არა, ჭკუიანი კაცია ვინცხაა, ვაცხონე მისი დამბადებელი!.

მედუქნემ ნავთით სავსე თანაქი უკან მოიტანა.

– აბა, პარასკევს მივდივარ ქალაქში და ნუ დამაღალატიანებთ…

ქალი უკან წასვლას აპირებდა, რომ ერთმა მობაასეთაგანმა მიმართა:

– თედორე სახლშია, ქალბატონო ფოტინე?

– კი, ბატონო, სახლში გახლავთ; ყანიდან ახლა დამიძახა, მოვდივარო.

მეტათ ზრდილობიან მიმართვაზე ფოტინე ეცადა მეტის დარბაისლობით დაეჭირა თავი; მეტი რომ ვერა მოახერხა რა, ნიშნათ მოკრძალებისა, თავსაფარი შუბლზე უფრო ჩამოიწია და ქვემოდან ცხვირამდის ასწია.

– კაი დაგემართოს, აბა, ვნახავ…

– რა გნებავთ, ბატონო, მიბრძანე და თვითონ გეახლებათ.

– მე მაქვს საქმე და მე მივალ, რათ გავსაჯო… – მიუგო მობაასემ.

ქალი წავიდა.

– ნამეტანი თავმდაბლათ მელაპარაკებოდა… მიმიხვდა, ალბათ…

– რა საქმე გაქ, შე კაცო, ამისთანა?

– ქალაქს მივდივარ პარასკევს და უნაგირი მინდა ვინათხოვრო… უარს მეტყვის ნეტავი?

– რავა დაგიკავებს, რავა ღმერთი გაუწყრება, მარა რა დრო აგირჩევია, ისედაც ბევრია უქმე…

– ვენახი ქე მოვრწყე და ყანა ხომ პარასკევს არ ითოხნება… შემოგველია, შემოგვეხა ყველაფერი… სხვა რომ არაფერი, ხეირიან თუთუნს მაინც მოვწევ…

– ასე იცით, – შენიშნა დუქნიდან ხარაზმა, – ერთ კაპიკს არ მოაგებიებთ კაცს… მირბიხართ ქალაქში, თითქო იქ უფასოთ არიგებდენ.

– რა ვქნა, ჩემო ლავრენტი, იქ გავყიდი, რაცხა შალი მოქსოვა დედაკაცმა – იმას, და უფრო იაფათ ვიყიდი, რაც მჭირია.

– რაა ახლა უფრო იაფათ? თუთუნს რომ ამბობ, ამ თუთუნმა რა დააშავა, – და მედუქნე გადაწვდა დახლში და თაროდან თუთუნის პატარა პარკი გადმოიღო.

– რა ღირს?

– სამი შაური…

– თორმეტი კაპიკი რომ აწერია? – დიდი ხნის კითხვის შემდეგ შეეკითხა სარზე დაყრდნობილი მობაასე.

– შე მამაცხონებულო, ორი თვე რომ აქ მიწყვია საქონელი, ერთი კაპიკი არ უნდა მოვიგო?

– შენც მართალი ხარ, ჩემო ძმაო, მარა მეც მართალი ვარ: კაპიკი სპიჩკას მიყიდის და ბავშები აღარ ირბენენ მეზობლებში ნიგუზარზე…

დამსწრეთ გაეღიმათ.

თუთუნის პარკი ხელიდან ხელში გადადიოდა.

– ნუ დაფშვნით ერთი.

– ვშინჯავთ, შე კაცო…

– პწკენა პწკენაში დედოფალი დაორსულდაო; ამ შენ შინჯვაში ქე შემოგეფშვნება ხელში, და მერე ვინღა იყიდის?!

– რავალია, თუ კაცი ხარ, ეს თუთუნი?

– დიდებული, „ოსობი ზაკაზი“, წეიკითხე თუ შეგიძლია, ზედ აწერია რუსულათ.

– რუსულათ კი არა, ფრანციცულათ წამაკითხე ახლა.

– რა გიყო, აპა, თუ დამიჯერებ, ბოზარჟიანცია ნამდვილი… ძველი… ქალაქში, მგონი, ვეღარც იშოვო მაგისთანა…

– კაია ახლა ამით პირის ჩამტკბარუნება.

– იცოცხლე, კარგი იყოს… მომკლა ამ ნაპწენმა თუთუნმა!

– იყიდეთ მერე, რავა წახდით ასე ორი აზნაურიშვილი!

– აზნაურიშვილობა ქე წაგვართვეს კაი ხანია!

– მათი წართმეულიც შეარცხვინა ღმერთმა და მოცემულიც!

– იყიდე შენ… რვა კაპიკი მაქვს ჯიბეში და რას იყიდი?!

– გენდობათ.

– ისედაც ბევრი მაქვს ნისია…

კუნძზე მჯდომმა ჩუმათ ჯიბე გაისინჯა და უთხრა:

– შვიდ კაპიკს მე დავუმატებ და გავაბოლოთ ერთი რჯულზე.

– ჰო, შეერთდით, ჩემმა მზემ, კოოპერაცია გახსენით და მეც მიწილადეთ, მასარგებლეთ, – ოდნავის დაცინვით წააქეზა დირეზე მოკალათებულმა.

– მოდი…

– კარგი.

ფული მედუქნეს გადასცეს.

პარკის გასაჭრელათ ერთმა დაზგიდან დანა აიღო.

– რას შვები, კაცო… ორი წილი მიგაქვს? – ხელის ფათურით წაედავა მეორე.

– რა ორი წილი, სად ორი წილი, ერთი ნამცეცაა მეტი.

– ამხანაგობა თუა, შუაზე გავიყოთ, – ვითომ ხუმრობით და ღიმილით, მაგრამ დაბეჯითებით ეუბნებოდა მეორე და უშლიდა დანა იქ დაესვა პარკისთვის, სადაც მიმიზნებული იყო.

– რვა კაპიკია ჩემი, იმე!

– შენ არ მომიკვდე, ასე არ გაგაჭრევინო… ასე ორ ნაწილს შენ წაიღებ, რა სამართალია, მოიცა, შუაკაცმა გაყოს.

და სწორეთ იმ წამს, როცა პირველმა დანა დაუსვა, მეორემ პარკი თავისკენ მიიზიდა.

– უჰ, რა მიქენი, კაცო! – პარკს ხელი მიანება და მარცხენა საჩვენებელი თითი მარჯვენა ხელში ჩაბღუჯა.

– რა იყო?

– რაღა რა იყო, თითი ქე წამაცალე და!

– გეხუმრებოდი… – გაისმა შემკრთალი ხმა.

– კაი ხუმრობა გამოგივიდა – კაი მოგეცა!..

გაჭრილ თითს ხელი მოაშორა, სისხლმა მაღლა აასხა.

– ბიჭოს! ეს მართლა სახუმარო არ არის… მარილი დააყარე, და ახლავე შეიხვიე…

მედუქნე წამოდგა და დახლიდან მარილი წააყარა.

– უ, უ!.. რა ამიწვა, მომკლა…

– მოითმინე, ასე სჯობია, ვაჟკაცი არა ხარ?!

– ნუ გეშინია, სულ ერთია, ყველა აქ უნდა დაგმარხოთ, ამ სასაფლაოზე… ბოლოს და ბოლოს მე უნდა მოგიაროთ, – იოხუნჯა მედავითნემ, მაგრამ უდროო ოხუნჯობას ყურადღება არავინ მიაქცია.

– ობობასაც რომ დავადებდეთ, კაი იქნება, – გაისმა ისევ დარცხვენილი ხმა.

დუქნის კუთხიდან ჩამოიღეს ობობა და დაადვეს.

ახალოხის დაცრეცილი სარჩული მოიხია დამნაშავემ და მედუქნეს გადასცა, რომელიც დოსტაქრობდა.

შეხვიეს, მაგრამ სისხლი მაინც ასველებდა სახვევს და დროგამოშვებით წვეთავდა მიწაზე.

– ხელმეორეთ შევხვიოთ, თვარა სისხლიდან დაიცლები.

ისევ გახსნეს, ისევ დააყარეს მარილი, აუარებელი ობობა შემოადვეს და სადღაც მიგდებული ტომარი შემოახვიეს.

– ნუ დატოვებ ასე, აჩვენე თურმანიძეს ან ფერშალს, – შენიშნა მედუქნემ.

დაზიანებულმა ხელი ჩაიქნია.

– რამდენი გავიკაწრები, იმდენი თუ ექიმებთან ვიარე, აშენდა ჩემი ოჯახი. გაჭერი მაგ დასაწვავი თუთუნი და მაღირსე მაინც ერთი პაპიროსი.

დამნაშავემ ჯერ ამოაცალა პარკს სისხლით გასვრილი თუთუნი, და მერე ბევრათ უფრო დიდი ნაწილი მონაწილეს მიაწოდა:

– ეს შერიგების იყოს…

– კი არ გეჩხუბები, მარა ნამეტარი ხარბი ხარ, კინაღამ გადამაყოლე…

– რა ვიცოდი, მაგ ოხერ დანაში თუ ეშმაკები იჯდა?!

– ქე მინდოდა, ღმერთო შეგცოდე, თქმა, დანა ახალი ალესილია და ფრთხილათ იხმარეთ-თქვა, მარა გულზე გადამიარა რაცხა… დალახვროს ღმერთმა!

– ასეა ფათერაკი! – შენიშნა მესამემ და ნაომარი თუთუნით ყალიონი აავსო.

როცა გამოწვდილს დაგრეხილს პაპიროსს შეხედა, დაჭრილმა შეუტია:

– ბარეღამ ენაც გაუსვი, შე კაცო, რაღას მაწვალებ?!

– ახლა მეშინია, ძმაო, ჩემმა ნერწყვმა არ მოგწამლოს…

– ოჰ, კაი ახლა, გაათავე ოხუნჯობა!

ოთხივემ გააბოლა.

– კაია კაი ცხოვრება, ძმაო. ასეთს თუთუნს უნდა წევდე და კაი გემო გექნება პირში, თვარა ვწევთ ამ შხამივით მწარე ნაპწენს და რა გუნებაზე დაგვაყენებს?!

– აბა, აბა! და მერე რა ღირს? სამი შაური! რა ჩემი ფეხებია სამი შაური?

– ფეხები კი არა, ხელებია, ხელები, ჩემო ძმაო, სამი შაური… ხომ უყურებ, სამი შაურისთვის კინაღამ ხელი წაგათალეს… აბა!

მოსწრებულმა საბუთმა ყველას ღიმილი მოჰგვარა.

– მე და შენ რომ არ გვქონდეს, – ცოტა არ იყოს დაუშვა მედიდურობის კილო ხელშეხვეულმა, – რა ვქნათ ახლა? მარა სამი შაური… ფუ…

– ქე წევიდეთ ახლა სახლში. ღამე ნების, ბატონებო.

– მეიცა, მეც მაქეთ მოვალ…

ხარაზმა, როგორც იქნა, გაათავა წუღის აჭრა და დუქნის მილაგებას მიჰყო ხელი.

– რა გითხრა იცი, – მედუქნე მოულოდნელათ მიუბრუნდა დარჩენილს, – კიდო ურჩიე ეჩვენოს თურმანიძეს, თვარა რომ რამე დეემართოს, შენ იქნები პასუხისმგებელი…

– მიჩივლებს თუ?

– გიჩივლებს თუ რაცხას გიზამს, სისხლს დიდი ფასი აქვს.

– იმე, მე რა შუაში ვარ?

– მე კი მითქვამს და…

სოფელში, დაჭრილის მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს ცალკე სახელი შეარქვეს – „თუთუნის მსხვერპლი“.

– „თუთუნის მსხვერპლი“ თუ მკრა შუბლში, წამაქცევს… – გაიფიქრებდა პატარა ვაჟი, როცა მამას გაჯავრებულს დაინახავდა.

– „თუთუნის მსხვერპლი“ სწორეთ პაპიროსის გასაკეთებლათ და დასაჭერათ განგებისათ არის გაჩენილი, – ოხუნჯობდენ სოფლის ბიჭები.

– მადლობა ღმერთს, მარცხენა ხელზეა… მუშაობას არ უშლის – ფიქრობდა მამა.

რასაც ფიქრშივე ემატებოდა ცოლის აზრი:

– ეს გაშეშებული თითი აუშნოებს, აუშნოებს…

მედუქნის წინასწარმეტყველება არ გამართლდა:

წახდენილი თითის სამაგიერო არაფერი შეხვედრია დამნაშავეს. ერთხელ-ორჯერ გაკვრით უთხრა „თუთუნის მსხვერპლის“ პატრონმა, ცოტა რამ მომეციო, მაგრამ სიტყვები ხუმრობაში გაითქვიფა; ჩივილის შერცხვა დაზიანებულს; მეზობლებმა მოციქულობაზედაც კი უარი თქვეს.

ვერც მედავითნემ აასრულა დაპირება – მას არ მოუვლია მიცვალებულთათვის, – რადგან არც ერთს არ ღირსებია სამარე ეკლესიის გალავანში, საკუთარ სასაფლაოზე, ნაკურთხ მიწაში.

1926 წ.

თქვენი online რეპეტიტორი