ფატმანის გამიჯნურება და მიმოწერა ავთანდილთან - განხილვა

ფატმანის გამიჯნურება და მიმოწერა ავთანდილთან – განხილვა

ფატმანის გამიჯნურება და წერილი ავთანდილთან
თუ კაცს მოთმინება შესწევს, დიაცის დაქსელილ ტრფობის ბადეს უნდა განერიდოს: ვნებააშლილი თვალს თვალში გაგიყრის, მოგხიბლავს, მიგიზიდავს, მიგინდობს, თავადაც მოგენდობა და… ანაზდად გიღალატებს, არ დაგზოგავს, არ შეგიბრალებს. ახლა მოდი და მას საიდუმლო გაუმჟღავნე, სულერთია, რაც გინდა იყოს!

“სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის:
გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის,
მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთს, რაცა დაესობის,
მით დიაცსა სამალავი არას თანა არ ეთხრობის.”

ფატმანს ავთანდილის ნდომა გულს ჩავარდნოდა. მალე მისი ტრფობის ცეცხლი ისე მძლავრად შემოენთო, ვერა და ვერ მალავდა. გამწარებული ვაებდა და თვალთაგან ცრემლს აწვიმებდა. აღარ იცოდა, რა ექნა: მიღმა ვუთხრა, ვაითუ გამიწყრეს და ჭვრეტაც დამანატროსო, არადა რანაირად გავუძლო ამ ცეცხლს, სულ უფრო მეტად რომ მწვავს და მდაგავსო!
ვეტყვი, მაინც ვეტყვი და ან მომკლას, ან დამარჩინოს, უთქმელობით ხომ ჩემს წყლულს მაინც არა ეწამლება რაო: “მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს?!” მოყმეს წერილი მისწერა, სიბრალულით კაცს რომ გულს შეუძრავდა, დაუფარავად აუწყა, მისი მიჯნურობით რა სატანჯველსაც მისცემოდა:

“ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად,
მით შეგქმნა მოშორვებულთა ლხინად, არ ჭირთა მწადებლად,
ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად,
მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩს, დასაქადებლად.

შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან,
ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არ შენ ზედა კრფებიან!
შენი შვენება ყვავილთა აჭნობს, ჩემიცა ჭნებიან,
სრულად დამწვარ ვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.”

– მოწმედ თვით ღმერთი მყავს, რა შიშითა და ძრწოლით გწერ ამას, მაგრამ ბედკრულმა რა ვიღონო, მოთმინება რომ ერთობ დამკარგვია, მაგ შავი წამწამების ისართა სობას გული ნიადაგ ხომ ვერ გაუძლებს?! თუ რამეს მიშველი, მიშველე, თორემ საცაა გავგიჟდები! ვიდრე პასუხი მომივიდოდეს და შევიტყობდე, დასამიწებლად გამწირე, თუ მოგენაღვლე და ვერ გამიმეტე, მანამდე კიდევ გავძლებ სულდგმული, რაგინდ ვეწამო. ან სიკვდილი და ან სიცოცხლე, ნეტავ, როდის გადამიწყდება?!
მისი წერილი ავთანდილმა ისე წაიკითხა, თითქოს დას ან ნათესავს მოეწეროს. არ იცისო ჩემი გულისნადები, ვისი ვარ და ვინ მეტრფიალება, სად ეგ და სად ჩემი მზე, ან კი იმას რად ვადარებო, ფიქრობდა ჭაბუკი და ფატმანზე ჯავრი მოსდიოდა.

“თქვა: `ყვავი ვარდსა რას აქმნევს, ანუ რა მისი ფერია!
მაგრამ მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია.
უმსავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.
რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”

გმობით რომ გული იჯერა, მერე სხვარიგად განსაჯა:
– თავს იქით შემწე ვინა მყავს და, რახან მისი პოვნა მწადია, ვისთვისაც გადმოვხვეწილვარ, მმართებს, რომ გულისყური ერთობ იმაზედ მქონდეს მიპყრობილი, როგორმე მის კვალს მივაგნო. დიაცს ვინც უყვარს, “გაექსვის და მისცემს გულსა”, სირცხვილს არას დაგიდევს, რაც რამ იცის, უამბობს, ხვაშიადს უკლებლივ გაუმჟღავნებს.
ის დიაციც ბევრი ვინმეს მნახველია, ყოველი მხრიდან მოსულ მგზავრთა ცნობისმოყვარე მასპინძელი. მიჯობს სურვილი ავუსრულო, არ გავაწბილო, ვინ უწყის, იქნება მან იცოდეს ის საიდუმლო, ესოდენი წვითა და დაგვით მე რომ დავეძებ, დაუფარავად ყოველივე მიამბოს და მომეშველოს მოძმის ვალი გადავიხადო, ჩემი გულისთვის მძიმე სატანჯველს რომ არ მოერიდა და სისხლის ცრემლი ღვარა.

“კვლა იტყვის: `ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების,
მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების,
ბინდის გვარია სოფელი, ეს თურმე ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!”.

ავთანდილის წერილი ფატმანთან
წავიკითხე, ჩემი ქება მოგიწერია, თქმა შენ დამასწარ, თორემ შენგან მე უფრო მაქვს ცეცხლი მოდებული, “შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება” და ჩვენი შეხვედრა სწორედ რომ პირიანია, მოვალ, თუ მიხმობო, სწერდა პასუხად ავთანდილი.
ენა ვერ იტყვის, რარიგ გაიხარა ფატმანმა. მყისვე მისწერა: კმარა, რაც უშენოდ ცრემლი მიღვრიაო, შენი მომლოდინე შინ მარტო ვიქნები და, რა შეღამდეს, ფიცხლად მომაშურეო.
დათქმულ დროს, მოყმე მასთან რომ მიდიოდა, წინ მსახური შემოხვდა და მოახსენა: შემოგითვალა, ამაღამ ნუ მოხვალო, “ვერა მპოვებ შენთვის მზასა”. ჭაბუკს ეწყინა, ეს რასა ჰგავსო, და გაჯავრებულმა გზა განაგრძო:

“წვეული აღარ დაბრუნდა კვლა ზევე უკუწვევითა,
ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა.”

შეხედვისთანავე ქალს წყენა შეატყო, თუმცა მისი შიშითა და ხათრით არკი იმჩნევდა. ერთად დასხდნენ და ხვევნა-კოცნაში დროს სიამით ატარებდნენ.
ანაზდად ვიღაც ლამაზი და ახოვანი მოყმე შემოვიდა, თან ხმლოსანი მსახური შემოჰყვა. მოყმე რა მათ მიუახლოვდა და ავთანდილი დაინახა, შეკრთა, თითქოს კლდიდან გზაზედ უფსკრულს წასდგომოდეს. ფატმანი მისმა მოსვლამ საშინლად შეაძრწუნა.

“მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა,
უთხრა: `არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა,
გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!”

ბოზო დიაცო, ხომ ასე მასხრად ამიგდე და შემარცხვინე, ნახე, ხვალ რაც მოგეზღოს მაგის სამაგიეროდ: უსაზომო სატანჯველს მიგცემ, “ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად!” თუ გადავთქვა, სახეში მომაფურთხეო. ეს უთხრა და წავიდა.
ფატმანმა თავში ხელი წაიშინა, ღაწვებს იკაწრავდა, “ცრემლთა, მისთა მონადენთა, წყაროსებრნი ისმნეს წკარნი”, მოდით, ქვა მომაყარეთ და დამქოლეთო, მწარედ ვაებდა.

“მოთქვამს: `მოვკალ, ჰაი, ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი,
იავარ-ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი,
გავეყარე საყვარელთა, ვა გამზრდელნი, ვა გაზრდილნი.
და ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი”.

ავთანდილი განცვიფრებული უსმენდა, მერე ჰკითხა: რა დაგმართია, რა მოთქმა-ვაებას მისცემიხარ, ან ის მოყმე ვინ იყო და რას გერჩოდა, რა წაგირთმევია, რაზედ დაგემუქრაო.
ნურას მკითხავ, ლომო, გახელებულს ცრემლი მახრჩობს და მაინც ვერაფერს გეტყვიო, მიუგო ქალმა, ვაი, რომ შენი მოუთმენელი სიყვარულით თავიც დავიღუპე და ოჯახიც ძირბუდიანად ამოვაგდე, რაღა გამახარებსო, მწარედ შესჩივლა.

“ესეგვარი დია მიჰხვდეს სიტყვა-მცთარსა, ენა-მეტსა,
ხვაშიადის ვერ-მმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა,
ვაგლახითა მეწივენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა!
მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა”.

– ახლა ორისაგან ერთი მოიმოქმედე, მეტს ნურას ეცდები, – უთხრა ფატმანმა ავთანდილს: – ან წადი და ის კაცი ამაღამ მალულად მოკალ. იცოდე, ამით მე და მთელ ჩემს სახლობას ამოწყვეტისაგან გვიხსნი. როცა დაბრუნდები, უკლებლივ გიამბობ, რაზედ ვტირი და ვვაებ.
ან არადა ამაღამვე თქვენი ბარგი ააკიდებინეთ და ჩემს მიდამოს ერთობ მოეცალეთ, მგონია, ჩემმა ცოდვამ შენც ჭირითა და წუხილით აგავსოს: თუ ის მოყმე ხვალ ხელმწიფესთან მივიდა, დიდი უბედურება დატრიალდება ჩემს თავს.

“რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზიარსა,
ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა!
`ამა საქმისა ვერ-ცნობა, – თქვა, ჩემი სიძუნწე არსა”,
ნუ ეჭვ სულ-დგმულსა ქვეყანად, თუ ვითმე მისებრი არსა!

კაცი მომეც, რომ გამომყვეს და გზა მიმასწავლოს, თორემ მისი შველა არად მინდაო, უთხრა მან ფატმანს. იმ მოყმეს რაღაც ვერ ვატყობ, რომ მეომრობაში გამიტოლდეს, მშვიდად დამელოდე, მოვალ და მოგახსენებ, რასაც ვუზამო.
ქალმა მსახური აახლა და მიმავალს მიაძახა: “ვინათგან ცეცხლი ცხელია აწ ნელად, თუ მო-ვითა-ჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად”, თითზე ჩემი ბეჭედი უკეთია და, გევედრები, ის მომიტანეო.
ქალაქი გავლეს და ზღვის პირას სასახლეს მიადგნენ: წითელ-მწვანე ქვით იყო ნაგები, ქვემოთ ვრცელი დარბაზები ჰქონდა, ზემო სართულს შუაში კიდევ სართული ედგა, ერთობ ტურფა და მიმზიდველი ჩანდა.
მხლებელმა ავთანდილს უჩურჩულა: ვისაც ეძებ, ეს სასახლე იმისიაო, დასაძინებლად ზემოთ ადის, ხოლო, თუ ფეხზეა, ქვემოთ იქნებაო. ავთანდილი იქით გაემართა. ნახა, კარის წინ ორი დარაჯი უწვა, ფეხაკრეფით მიეპარა, თითო ხელით ორივეს ყელში სწვდა და წამსვე სული გააფრთხობინა: “თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა”.
მოყმე საწოლს მარტო იწვა გულჯავრიანი, წამოდგომაც ვერ მოასწრო, ავთანდილი ფიცხლად მიეჭრა, ძირს დაანარცხა და დანით იდუმალ მოკლა.

“მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია!
ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელს მიწათა გარია,
ზღვათაკე სარკმლით გასტყორცა, ზღვისა ქვიშათა დარია,
და მისთვის არცაღა სამარე, არცა სათხარად ბარია.”

მათი დახოცვის ამბავი არავის გაუგია, იქიდან ისე უჩუმრად “წამოვიდა ვარდი ტკბილი”, ან კი რას უნდა გაემწარებინა?! უკან იმავე გზით დაბრუნდა და ფატმანს მისვლისთანავე მიახარა: მოვკალ, მზე დავუბნელეო, შენივე მსახური მოწმედ მყავს და, აჰა, ბეჭედიც თითითურთ მომიტანიაო.
ახლა კი მითხარ, წეღან ისე რამ გაგაშმაგა ან ის კაცი რას გემუქრებოდა, ამ ამბის შეტყობა მეტისმეტად მეჩქარებაო. ფატმანი მუხლებზე მოეხვია, სახეში გიცქერდე, ღირსი არა ვარო, ქება შეასხა და მადლი მოახსენა: “გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად”, მე და უსენი წვრილშვილითურთ თითქოს ხელმეორედ დავიბადეთო. მერე დასძინა: რახან იმისი ჯავრი ამომყარე, ყური მომაპყარ და ყველაფერს მოგიყვებიო.

ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
– ახალწლის დღესასწაულს მთელი ქალაქი უქმობს, – უამბობდა ფატმანი ავთანდილს, – “არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა”. ყველანი მოვირთვებით, მოვიკაზმებით და მხიარულებას ვეძლევით.
ათ დღეს სულ საკრავთა ჟღერა და სიმღერა ისმის. მოედანზე ხომ არის ერთი თვალის სეირი: ბურთაობა, ჯირითი, ნაირნაირი სხვა გართობა-თამაშობანი. სასახლეში დიდი ნადიმი და დარბაზობა იმართება. დიდვაჭართ წინ ჩემი ქმარი, უსენი, წაუძღვება და მეფეს ძვირფას ძღვენს მიართმევენ. მათი ცოლები მე გამომყვებიან და ჩვენ დედოფალს ვუძღვნით ძღვენს. თავადაც შესაფერის საბოძვარს გვიბოძებენ, “დარბაზს ამოდ გავიხარებთ” და შინ ხალისიანი ვბრუნდებით.
– მაშინაც, რა ეს დღესასწაული მოვიდა, დედოფალს ძღვენით ვეახლეთ, “ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსენით, ავივსენით”. დროზედ გამოვეთხოვეთ და მხიარულნი წამოვედით. მერე ჩემსა დავსხედით და კვლავ ნებიერად მოვილხინეთ. საღამოჟამს ბაღს მივაშურეთ, ვსეირნობდით, ვლაღობდით.

“მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა,
ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე-თმასა.”

ბაღში ნატიფად ნაგები მშვენიერი სახლი იდგა, ზედ ზღვას გადაჰყურებდა, მაღალი იყო და შემოგარენი ხელისგულივით მოჩანდა. მხლებელნი იქ მივიწვიე. შევედით და ისევ ნადიმად დავსხედით.
“ვაჭრის ცოლთა ვუმასპინძლე მხიარულად, ამოდ, დურად”. სმაში როგორღაც უგუნებოდ გავხდი და, ეს რომ შემატყვეს, დაიშალნენ.
მარტო დავრჩი, გულს სევდა უფრო შემომაწვა. სარკმელი გამოვაღე და კაეშნის მოსაქარვებლად სივრცეს გავსცქეროდი. თვალი მოვკარ, შორს ზღვაში რაღაც ოდნავ მოჩანდა, გაჩქარებული მოცურავდა, “მფრინველად ვთქვი, ანუ მხეცად”, სხვას ვერას ვამსგავსე.
რა მოახლოვდა, დავინახე, ნავი ყოფილიყო. შიგ ორი ზანგი იჯდა, რაღაცას აქეთ-იქით ამოსდგომოდნენ. ნავი ნაპირზე ბაღის წინ გამოიტანეს. მიიხედ-მოიხედეს, საიდანმე ხომ არავინ გვიყურებსო. რაკი ძეხორციელი ვერსად შენიშნეს, ნავიდან გულდამშვიდებით გადმოიღეს კიდობანი და:

“აჰხადეს, ქალი გარდმოსვეს უცხოთა რამე ტანითა,
თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა,
მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა”.

ქალი რა ჩემკენ შემობრუნდა, “შემოადგეს სხივნი კლდესა, ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ზესთა ზესა”, თვალი ვერ გავუსწორე და დავხუჭე, თითქოს ჩახჩახა მზეს შევსცქეროდი.
თან ოთხი მსახური მახლდა, ფიცხლად მოვიხმე და ვუჩვენე: “ჰხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი?” უჩუმრად ჩაეპარეთ და თავს წაადექით-მეთქი, მოგვყიდონ, ფასს ნუ დაეძებთ, რამდენიც გითხრან, მიეცით, ხოლო თუ არ დათმონ, ძალად წაართვით და “მოიყვანეთ ისი მთვარე”, აბა, თქვენ იცით, რა მარჯვედ იქნებით-მეთქი.
სულ ფრენით წავიდნენ და ანაზდად იქ გაჩნდნენ. მოგვყიდეთო, რომ შესთავაზეს, მათ ეს დიდად იწყინეს. რა შევატყვე, უარობდნენ, სარკმლიდან გადავსძახე, დახოცეთ-მეთქი. ზანგნი მყისვე შეიპყრეს და თავმოკვეთილნი ზღვაში გადაყარეს, მერე ქალს მოწიწებით გარს მოეხვივნენ და წამოიყვანეს. გახარებული ჩავეგებე და ჩამოვართვი.

“რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა,
ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა!
ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინ-მცა ვით ქმნა ნახაზობა!
მე თუ დამწვავს, აჰა მზად ვარ, აღარ უნდა ამას მზობა!”

თქვა თუ არა ეს, თავ-პირში წაიშინა და მწარედ ატირდა, ავთანდილსაც მდუღარე ცრემლი გადმოსცვივდა: “ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი”. მისთვის გახელებულთ ერთმანეთი დავიწყებოდათ. ტირილითა და ვაებით გული რომ იჯერეს, მოყმემ სთხოვა, ნუღარ გაწყვეტ, ბოლომდე მითხარიო.
– იმთავითვე ისე შევიტკბე და შევიყვარე, სულში ვიძვრენდი, – უამბობდა ფატმანი. – შინ რომ მივიყვანე, ჩემს ტახტზედ დავსვი და “გარდვუკოცნე ყოვლი ასო”, მომეტებული ალერსით თავი მოვაბეზრე.
მერე კრძალვითა და რიდით ვკითხე: მზეო, ვინა ხარ ან რა ტომისა-მეთქი, იმ ზანგებს შენთან რა ხელი ჰქონდათ და საიდან მოჰყავდი “შენ, პატრონი ცისა ხოლმთა?” მან არა მიპასუხა რა, ცრემლში იხრჩობოდა, “ას-ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა, მისთა მონაწთომთა”.
რა მაინც აღარ მოვეშვი და მეტისმეტად შევაწუხე, გულამოსკვნილი “ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა, ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთათ მოსდის გიშრისა ღარითა”, მისი შემყურე დავდნი და დავიწვი. მერე:

“მითხრა: `შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა,
რას აქმნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა!
ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა;
თუ რაცა მკითხო, ძალი-მცა გიგმია არსთა მხედისა!”

– რას ვიზამ, მოთმინებით უნდა ველოდო შესაფერის დროს-მეთქი, გავიფიქრე, ახლა ამაოდ ვშმაგობ და გონსა ვკარგავ: მზეს ბევრიც ეხვეწო ამოსვლა, სანამ საამისო ჟამი მოაწევს, ხომ ვერა და ვერ ამოიყვან, უნდა იცოდეს კაცმა, რა როდის მოიწადინოს-მეთქი, მე კი “რად არ ვაცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა?” გადავწყვიტე, დრომდე ფარულად მყოლოდა.
სამყოფელი მყუდრო ადგილას მოვუკაზმე პირმზე და ტანალვა ასულს. სარკმელნი მძიმე სტავრით მრავალკეცად ჩამოვუბურე და მაინც, მასვე ვფიცავ, “ძლივ დავმალე მისი შუქი”. მსახურად ერთი ზანგი მივუჩინე, სხვას სულიერს არავის გავნდობივარ, მალვით მარტო შევდიოდი და თავს ვევლებოდი.
საბრალო დღედაღამ მწარედ ტიროდა: “ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი”. შევეხვეწებოდი, დაწყნარდი-მეთქი, და ჩემი ხათრით ორიოდე წუთს თუ შეისვენებდა, მეტი ვეღარ მოეთმინა.

“შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები,
შიგან მელნისა მორევსა ეყარის გიშრის შუბები,
მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები,
შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.”

ათასი ხვეწნა-მუდარით ძლივს ცოტა რამეს თუ შევაჭმევდი. ღონემიხდილი სასთუმლად მკლავს ამოიდებდა და ისე მიწვებოდა, უსაგებლოდ. მოსახვევი ეხვია მოუშორებლივ, მუდამ ერთი კაბით იყო, ესეც ამოეჩემებინა და სხვა აღარ უნდოდა.
რანაირი უცხო და ძვირფასი სამოსელი არ მინახავს, იმ მოსახვევისა და კაბისთანა საკვირველი კი არსად არაფერი შემხვედრია! ვერ გავუგე, რისგან ან როგორ დაემზადებინათ: “სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე – ნაჭედისა”.
– დიდხანს ასე საიდუმლოდ ვინახავდი, ქმარსაც არას ვეუბნებოდი: მეშინოდა, სასახლეში მივა და მიმუხთლებს, გამამჟღავნებს-მეთქი. მასთან ყოველი შესვლა-გამოსვლისას სულ ამის საგონებელში ვიყავი.
მერე გავიფიქრე: მარტომ რა მოვუხერხო, მეტადრე, როცა არ ვიცი, რა გასჭირვებია და ვის შეუძლია უშველოს რამე, ან კი “ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების?!” ქმარი შემიტყობს და უეჭველად მომკლავს, ვეღარაფერი დამიფარავს, მოდი, გავენდობი, თუკი შემომფიცავს, არ გაგამჟღავნებო, და ისე როგორ წახდება, ფიცი გატეხოს-მეთქი.
– რა უსენი მარტო მოვიხელთე, ვეფერე, ვუალერსე და ნელა შევაპარე: ფიცი მომეც, მტკიცე ფიცი, რომ არავის გაუმხელ, და ერთ საიდუმლოს გეტყვი-მეთქი. საშინელი ფიცით იფიცა, ოღონდ თქვი და, რაც გინდა იყოს, ცოცხალი თავით “არვის ვუთხრა სულიერსა, არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა”.
მეც ყველაფერი მოვუყევი, მერე მასთან წავიყვანე. შევედით და “უსენ გაკვირდა, გა-ცა-კრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი”, თქვა: ეს რა მიჩვენე, ღმერთი მრისხავდეს, თუ ხორციელი იყოსო. თავადაც გაოცებული ვარ და, რაც გიამბე, მის მეტი მეც არა ვიცი რა-მეთქი, მივუგე, ორივემ ერთად ვკითხოთ, ვინ არის ან ასე რას შეუჭირვებია, შევეხვეწოთ, იქნებ მეტად დაგვხათროს და რამე გვითხრას-მეთქი. მივედით და დიდი მოკრძალებით:

“ვჰკადრეთ, თუ მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა,
გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა,
რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მსგავსი ლალისა?”

ვერ მივუხვდით, გაიგონა, თუ არც უსმენია, რას ვეუბნებოდით:

“ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა,
გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შე-რე-შენდა,
მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა!”

პირქუშად იჯდა, ვეფხვივით გარინდებული, თითქოს არ გვიწყრებოდა, პასუხი კი ვერა და ვერ დავაცდინეთ. მაინც რომ არ მოვუსვენეთ და გული შევუწუხეთ, ცრემლი ნაკადად დაედინა და მტირალმა ესღა გვითხრა: არაფერი ვიცი, დამეხსენითო.
დავსხედით და მასთან ერთად ცრემლი ვღვარეთ. აღარას ვეკითხებოდით, რაც გვეთქვა, ისიც შევინანეთ, მოვუბოდიშეთ. დიდი ხვეწნა-მუდარით ძლივს დავაწყნარეთ, მერე ხილი მივართვით, მაგრამ პირი არ დაუკარებია. დიდხანს თვალი ვერ მოვაშორეთ, ბოლოს, ავდექით და გამოვეთხოვეთ, ოხვრა-ვაებით მოვდიოდით. რაც რამ დარდი და ვარამი მქონდა, ერთობ დამავიწყაო, ამბობდა განცვიფრებული უსენი, ამნაირი არა მინახავს რაო: “ესე ღაწვნი მზისად კმარან, კაცთაგანმცა ვინ იკოცნეს!”
რა გასამტყუნია, მისი ვერმჭვრეტელი უსაზომო სატანჯველს მიეცესო, ღმერთმა დამიხოცოს, თუ მას შვილები მერჩივნოსო. უმისოდ ვეღარა ვძლებდით, მოვიცლიდით თუ არა, მაშივნე მივაშურებდით, ნახვა სიხარულით გვავსებდა და მოშორება მწარედ გვაკვნესებდა, “გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით”.
– ასე გადიდოდა დღეები. ერთხელ უსენმა მითხრა: ხელმწიფის ნახვა შემიგვიანდა და, თუ მირჩევ, წავალ, ვეახლები, ძღვენს ვუძღვნიო. განზრახვა მოვუწონე. მან ლანგარზე ლალი და მარგალიტი დააწყო და სადარბაზოდ აემზადა. შევეხვეწე: სასახლეში ნადიმზე მთვრალები იქნებიან, შენც დაითვრები და, თუ ამ ქალის ამბავს გაამხელ, ბარემ მომკალი-მეთქი. კვლავ შემომფიცა: თავი ხმლით გამიპონ, მაინც არ ვიტყვიო.
– უსენი რომ ეახლა, ხელმწიფე ნადიმად იჯდა, სასურველი თანამესუფრის მოსვლა ესიამოვნა, წინ დაისვა, მირთმეული ძღვენი შეიძღვნა. სასმისს სასმისი მოსდევდა, უსენიც ერთიმეორეზედ ცლიდა და, რა დაითვრა, ცრუ, ცეტსა და ორპირ ვაჭარს

“დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი!
მართლად თქმულა: არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი.”

უჭკუო, მთვრალი უსენი მეფემ შეაქო. მიკვირსო, საიდან მოგაქვს ძღვნად ასეთი უებრო ლალი და მარგალიტი, ჩემმა მზემ, შენთა ძღვენთა მეათედსაც ვერ გადავიხდიო. უსენმა თაყვანი სცა და მოახსენა:
– დიდებულო ხელმწიფეო, “ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენელო არსთა, მზეო!” რაც რამ სხვა განძი გამაჩნია, ვისია, თუ არ თქვენი? დედის მუცლიდან არა გამომყოლია რა, ყველაფერი თქვენგან მაქვს ნაბოძებიო. თქვენმა სიცოცხლემ, აქამდე შემოძღვნილ ძღვენზე მადლის გადახდა არა გმართებთ, მაგრამ, თქვენი ძისათვის მზის სადარ საპატარძლოს რომ მოგგვრით, აი, იმას კი უეჭველად დამიმადლებთ, ისეთია, ბედს შენატროდეთო!
– რაღა ბევრი გავაგრძელო, ფიცი გატეხა და “უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა”. მეფეს მეტად ეამა, გულით გაიხარა, ბრძანა, უსენის ნათქვამი აესრულებინათ და ქალი სასახლეში მოეყვანათ.
შინ არხეინად ვიჯექი, როცა ანაზდად ხელმწიფის მსახურთუხუცესი კარს მომადგა, თან სამოცი კაცი ახლდა. ძლიერ გამიკვირდა, გავიფიქრე, რაღაც დიდი ამბავია-მეთქი. მომესალმნენ და გამომიცხადეს: მეფის ბრძანებაა, უსენმა რომ დღეს მას მზისაებრ მანათობელი ქალი უძღვნა, იგი მოგვგვარე, უნდა წავიყვანოთ.
რა ეს გავიგონე, “დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა”. მაინც თითქოს გავიკვირვე და ისე ვკითხე, რა ქალი გინდათ-მეთქი. მათ მითხრეს, უსენმა ხელმწიფეს რომ შემოსძღვნაო “პირი ელვათა მკრთომელი”. უარით, აბა, რას გავხდებოდი, აშკარა იყო, სულის ამოხდომის დღე დამდგომოდა.
ავთრთოლდი, ვერც ავდექი და აღარც ჯდომა შემეძლო. შევედი და ვნახე, ტიროდა, ცრემლად იღვრებოდა. გულმოკლულმა მწარედ შევჩივლე: მზეო, შავმა ბედმა, ხედავ, რარიგ მიმუხთლა, “ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე, იავარ-მყო, ამფხვრა სრულად!” ვაი, რომ დაგვასმინეს და შენს თავს მეფე მართმევს-მეთქი.

“მან მითხრა: დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია,
ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია.
კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!
და სხვა-და-სხვა ჭირი ჩემ ზედა არ ახალია, ძველია”.

თვალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი,
ადგა ასრე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი,
ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი.”
და მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.”

ფასდაუდებელი საგანძურიდან თვალ-მარგალიტი უშურველად გამოვუტანე, თითო მათგანი რომ თითო ქალაქად ღირდა, წელთ მალვით შემოვარტყი და ვუთხარი, იქნებ სადმე რამეში გამოგადგეს-მეთქი. მერე ხელმწიფის მსახურთ “ხელთა მივეც იგი პირი, მზისა დარი”.
– რა მეფეს ახარეს, მოგვყავსო, გამოეგება და ალვისტანა, პირმზე ასულის სილამაზით განცვიფრებული დარჩა: დიდი ამბით შეხვდნენ, ჟრიამული და საკრავთა ხმიანობა არემარეს აყრუებდა. მის სანახავად მოზღვავებულ ხალხს მცველნი ვეღარ აკავებდნენ. იგი თავდახრილი მდუმარედ მიდიოდა.

“ვითა მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნა თვალისა მფახველად,
მეფემან ბრძანა: გამხადა ნახული მე უნახველად,
ღმრთისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად,
ჰმართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს, ახ, ველად!”

სასახლეში რომ მივიდნენ, ხელმწიფემ გვერდით დაისვა და ტკბილად, ალერსიანად ვინაობა ჰკითხა. იგი თავაუწევლად, დაღვრემით იჯდა და ფიქრით სულ სხვაგან იყო, არც უსმენდა, მეფე რას ეუბნებოდა, და რაღა პასუხი უნდა მიეცა, ბაგე არც გაუხსნია: “ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა”.
გაკვირვებული მჭვრეტელნი ვერ მიმხვდარიყვნენ, მისი გულისნადები ვერ გამოეცნოთ. ხელმწიფემ აღარ იცოდა, რა ეფიქრა ან რა ეღონა. მერე ბრძანა, ორისაგან ერთი უეჭველიაო: ან მიჯნურია ვისიმე, თვალწინ მუდამ გულისსწორი უდგას და სხვისთვის რაღას მოიცლისო.

“ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,
არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი,
ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,
სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი”.

ღმერთმა ქნას, ჩემი ძე გმარჯვებული დამიბრუნდეს, იქნებ მან ათქმევინოს რამე და მისგან ჩვენც ხომ გავიგებთ, მანამდე კი “მთვარე შუქ-კრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული”.
უფლისწული გულადი მოყმე იყო, ქცევითა და ზნეობით უებრო, პირმშვენიერი და ტანახოვანი. სალაშქროდ წასული დიდხანს ვერ დაბრუნდებოდა. “მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა”.
ქალი შუქმოციაგე ძვირფასი თვლებით მოოჭვილ სამოსში გამოაწყვეს, თავს გვირგვინი დაადგეს “ერთობილისა ლალისა, მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა”.
მეფემ უფლისწულის საწოლი მოაკაზმვინა, ოქროს ტახტი დაადგმევინა და “მას ზედა დასვა იგი მზე”, მჭვრეტელთა გულის გამხარებელი. კარის მცველად ცხრა საჭურისი მიუჩინა, თვითონ კი კვლავ ნადიმად დაჯდა და დროს ისე ატარებდა, მის ხელმწიფობას რომ შეშვენოდა. პირმზე ასულის მოგვრისათვის უსენს უსაზომო განძი უბოძა.
ნადიმი გაგრძელდა, სმა და მოლხენა არ თავდებოდა, დოლისა და საყვირის ხმა სულ უფრო მძლავრად გაისმოდა. საბრალო ქალი კი მუხთალ ბედს მწარედ შესჩიოდა, მკვლელად რაზედ მომევლინეო: “სადაური სად მოსრულ ვარ, ვის მივჰხვდები ვისთვის ხელი”, რა ვქნა, რა მეშველება, ძლიერ, ძლიერ მიჭირსო სიცოცხლე!

“კვლაცა იტყვის: ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა,
ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა!
სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?
და რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!”

– გამიგონეთ და ჭკუაზე მოდით, – უთხრა მან საჭურისთ, – მოტყუებულხართ და ჩემს მოვლა-პატრონობაზედ ამაოდ ირჯებით, თქვენი ხელმწიფეც დიდად შემცდარა, სასძლოდ რომ მივუჩნევივარ, და სიხარულს ნაადრევად მისცემია.
არა, დედოფლად არ გამოგადგებით, ჩემი გზა სულ სხვაა და, რასაც თქვენ ფიქრობთ, ის არ იქნება. ღმერთმა მაშოროს მამაკაცი, რაგინდ პირმზე და ტანსარო იყოს! ცოცხლივ თქვენთან ვერ დავრჩები, უეჭველად თავს მოვიკლავ, გულში დანას დავიცემ, და მაშინ კი ხელმწიფე თქვენც დაგხოცავთ. მაგას ესა სჯობია, დიდძალ განძს მოგცემთ და გამაპარეთ. იცოდეთ დამიჯერეთ, თორემ ინანებთ.
რა  ეს თქვა, წელთ შემორტყმული თვალ-მარტალიტი შემოიხსნა, ლალის გამჭვირვალე გვირგვინიც მოიხადა, მათ გადასცა და გულმხურვალედ შეევედრა: ახლა გამიშვით და ამ დიდ სიკეთეს ღმერთი არ დაგიკარგავთო. მსახურნი სიმდიდრეს დახარბდნენ, მეფის შიში დაივიწყეს, თითქოს უბრალო ვინმე გზირი ყოფილიყოს, და გადაწყვიტეს, იგი უებრო მნათობი გამოეპარებინათ. დახეთ, წყეული ოქრო, “კვერთხი ეშმაკთა ძირისა”, რარიგ მაცთუნებელი შეექნათ!

“ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა,
შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,
კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა!”

ერთმა მსახურმა თავისი სამოსი ჩააცვა და, დარბაზს რომ გახურებული ნადიმი იყო, სხვა კარით იდუმალ გამოაპარეს: “დარჩა მთვარე გავსებული გველისაგან ჩაუნთქმელი”. მერე თვითონაც გადაიხვეწნენ.
– ქალმა კარს დამიკაკუნა და ფატმანობით მიხმო. ვიცან, გავედი და გულში ჩავიკარ. მის მოსვლას გავეკვირვებინე. შემოვიწვიე, არ შემომყვა, რა დროს ეგ არისო. მსწრაფლ მიამბო: შენი მოცემული განძით თავი ვიხსენ, მაგიერი ღმერთმა გიზღოსო. ახლა ვეღარ დამმალავ, ფიცხლად ცხენით გამიშვი, სანამ მეფე გაიგებდეს და მდევარს მომწევდესო. საჯინიბოში შევვარდი, არჩეული ცხენი გამოვუყვანე, შევუკაზმე და ზედ შევსვი გახარებული.

“ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი,
წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკი, რაცა ვსთესი.”

შებინდებისას ერთი აურზაური ატყდა, მდევრებმა მთელი ქალაქი მოიცვეს. რა ჩემთან მოვიდნენ და მკითხეს, ვუთხარი: თუ ჩემს სახლში ნახოთ, “მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი!” ამაოდ ძებნეს, გაწბილებულნი წავიდნენ.
მას აქეთ, რაც “მზე მოგვეშორვა” და მისი შუქი მოგვაკლდა, ხელმწიფე იგლოვს მახლობლებითურთ, მთელი სასახლე დამწუხრებულია.
– იმ დაკარგული მთვარის ამბავს კვლავ გიამბობ, ჯერ ეს გითხრა, ის კაცი რას მემუქრებოდა. “მე ვიყავი მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი”. კაცს უგულობა შეარცხვენს და დიაცს – ვნებააშლილობა. ქმარს იმიტომ არ ვსჯერდები, მჭლე და შეუხედავია. იმ კაცს ჭაშნაგირი ერქვა, წარჩინებული მოყმე იყო, სასახლეში მეტად გავლენიანი.

“ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი,
ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!

“ესე ამბავი მასთანა ვთქვი დიაცურად, ხელურად:
ჩემსავე მოსვლა მის მზისა და გაპარება მელურად.”

წავიჩხუბებდით თუ არა, მაშინვე გამჟღავნებას მემუქრებოდა. ვიშ, როგორ გადავრჩი, მოკვდა და მეც მოვისვენე! როცა გიხმე, შინ არ მეგულებოდა. ადრე დაბრუნებულიყო, შემოეთვალა, შენთან მოვდივარო. შევშინდი და მსახური წინ ამაზედ მოგაგებე, რა მექნა, შემოგბედე, ნუ მოხვალ-მეთქი. უკან აღარ გაბრუნდი და მოხვედი, “შუქნი თქვენ ჩემთვის არენით”, აქ ერთმანეთს შეეფეთეთ და, ვაი, რა დღეში ჩავვარდი!
იმას ჩემი სიკვდილი ენით კი არა, გულით ეწადა: სასახლეში მისვლა რომ მოესწრო, ჯავრისაგან გაცეცხლებული დამასმენდა და გამწყრალი ხელმწიფე ჩემს სახლ-კარს მიწასთან გაასწორებდა, “შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!”
არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო, მე თუ ვერა, ღმერთი გიზღავს სამაგიეროს, მშვიდობით რომ გადამარჩინე, იმ გველისაგან დაუგესლავი! ამიერიდან ჩემს ბედს შევნატროდე, ჰაი, რას მოვესწარი, სიკვდილისა აღარ მეშინია!

“ავთანდილ უთხრა: `ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია:
მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია,
ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.”

ახლა ისევ ის მითხარ: მას აქეთ, რაც ქალი გაისტუმრე, იმაზედ თუ რამე გსმენიაო. ფატმანს ცრემლი მოერია და ტირილით დაიჩივლა: “ვა, წახდეს შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!” იგი შორს გადაკარგულა და, ნეტავი, უმისოდ ცოცხალი როგორღა ვარო.

ნესტან-დარეჯანის ქაჯთგან შეპყრობის ამბავი
– მთელი ქვეყნის მანათობელი მზე, ჩემი სიცოცხლე და საუნჯე რომ მომშორდა, – თქვა ფატმანმა, – იმ დღიდან გაუნელებელი ცეცხლით ვიწვოდი და ვტიროდი, თვალთაგან მონადენი ცრემლის წყარო ვერა და ვერ დამეშრო.
ხალისი ერთობ დამკარგოდა, “ვჯდი უგულოთა გულითა”, სახლ-კარი და თვით შვილნიც კი მომეძულებინა. მღვიძარე ხომ სულ მის მოგონებაში ვიყავი და, ჩავთვლემდი თუ არა, მაშინაც მუდამ თვალწინ მედგა. ფიცის გამტეხსა და მოღალატე უსენს ვეღარ ვიტანდი, “მიჩნს უსჯულოთა სჯულითა, ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა”.
– ერთ დღეს, საღამოჟამს, კიბეს გადავადექ, ქარვასლის კარს გავსცქეროდი და, მისი მოგონების სევდით გულმოკლული, გუნებაში მამაკაცთა მთელ მოდგმას ვწყევლიდი, უპირობას ვუზრახავდი.

“მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა,
მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა”.

ქალაქში სასმელ-საჭმელი ეყიდათ, დასხდნენ, შეექცეოდნენ და მხიარულად ბაასობდნენ. იდუმალ ვუჭვრეტდი და ყურს ვუგდებდი. უცხონი ერთად შევკრებილვართ, მეგობრულად ვიშვებთ და ვიხარებთ, ის კი არ გვითქვამს, ვინა ვართ ან საიდან მოვსულვართ, მოდი, ბარემ ჩვენ-ჩვენი ამბავი მოვყვეთო, შესთავაზეს ერთმანეთს. სამივეს თავგადასავალი რომ მოისმინა, მაშინ მათ

“მონამან უთხრა: ჰე ძმანო, განგება რამე ზესია:
მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია.”

– ჩემი ამბავი თქვენსას ბევრად სჯობიაო, – თქვა მან. – მე ქაჯთა დიდებული მეფის მსახური ვიყავ, ახლაც მის ტახტს ვემსახურები. ვაი, რომ ჩემს ხელმწიფეს დამამხობელი სენი ეცა და “მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწნარებელი ობლისა”.
მცირეწლოვან უფლისწულთ როსანსა და როდიას ახლა მამიდა, დულარდუხტი, ზრდის. ღვიძლი მშობელივით თავს ევლება. ქალია, მაგრამ კლდისაებრ შეუდრეკელი, ქაჯეთს მეფედ ზის განცხრომით, შიში არაფრისა აქვს. მოყმენი ხომ უძლეველნი ჰყვანან, თვით სხვას სისხლს დაადენენ, მათ კი ვერავინ ავნებს.
ზღვის გაღმა მხრიდან მისი დის სიკვდილის ამბავი მოვიდა. ვეზირნი შეიკრიბნენ, საგონებელში ჩავარდნილიყვნენ: “ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა?!”
როშაქმა, ხელმწიფის რიცხვმრავალი რაზმის მოთავემ, თქვა: თუნდ მომკლან, მე აქ ტირილს ვერ ვუყურებ, წავალ, ვითარეშებ და ნადავლით სავსე დავბრუნდებიო, სანამ მეფე დის დასატირებლად წავიდოდეს, მეც მოვუსწრებ და თან წავყვებიო.
ხელქვეითთაგან ასი კაცი შეგვარჩია და გვიახლა. დღისით, მზისით ქარავანს ქარავანზე ვძარცვავდით, დიდძალი განძი ვიშოვვეთ. ღამეებიც ვათიეთ, უქმად არც მაშინ მოვმცდარვართ.

“მიდნორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა,
დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა,
ვთქვით, თუ `მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა!”

დაბნეულნი ხან რას ვამსგავსებდით და ხან რას. ზოგმა თქვა, ცისკრის ვარსვლავიაო, ზოგმაც – მთვარეო. ყველანი მისკენ გავეშურეთ, შორიდან მოვუარეთ და ალყად მოვერტყით. მოგვესმა, იმ ნათლიდან ხმა გამოვიდა, ჩვენ მოგვმართავდა: მხედარნო, ვინა ხართ, მერიდეთ გულანშაროდან ქაჯეთს მოციქული მივდივარო.
რა მივუახლოვდით, დავინახეთ, პირმზე ცხენოსანი იყო. განცვიფრებულნი შევსცქეროდით სახეს “მნათობსა, ელვათა მაელვარებსა”, მისი ციმციმი არემარეს მზისაებრ რომ ეფინებოდა. სიტყვაძვირობდა, პასუხს დინჯად იძლეოდა. ბაგე გახსნა თუ არა, “კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა”.
მივუხვდით, რომ ტყუოდა. როშაქი გვერდით ამოუდგა, მაშინვე შეატყო, ქალი იყო. აღარ გავუშვით, შევიპყარით. დავუყვავეთ და ვთხოვეთ, მართალი გვითხარიო: “ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?” მან არა გვიპასუხა რა, მდუღარე ცრემლი წყაროდ გადმოედინა. მწყარალად შემოგვყურებდა, “კუშტი, თავისა მკრძალავი, ვითა ასპიტი მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი”.
– ნუღარას ჰკითხავთო, გვიბრძანა როშაქმა. ეტყობა, ამისი ამბავი უცნაურია და არც ადვილად ითქმისო. ხედავთ, ჩვენს ხელმწიფეს რა სანატრელი ბედი ჰქონია: ეს საკვირველთა საკვირველი არსება “ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუგვრია”, არმაღნად მივუძღვნათ, მეტისმეტად დაგვიმადლებსო. დამალვა არ იქნება, სულერთია, დავმჟღავნდებით და ხომ იცით, ჩვენი მეფე რა ამაყიცაა, დანაშაულს შეგვანანებს, ესეც არ იყოს, დიდი აუგია, შევრცხვებით, თავი მოგვეჭრებაო.
– განზრახვა მოვუწონეთ და უმალვე ქაჯეთისაკენ გავემართეთ. ქალს მოწიწებით ვექცეოდით, ავი არა გვიკადრებია რა. იგი გულმდუღარედ ტიროდა, ღაწვებზე ცრემლი ღვარად ჩამოსდიოდა. მე როშაქს დავეთხოვე: გულანშაროს მინდა წავიდე, გამიშვი და ადრე დავბრუნდები-მეთქი. გამომიშვა, აქ ცოტაოდენი განძი მაქვს, წავიღებ და დროზედ ვეახლებიო.

“მათ კაცთა დიდად ეამა ესე ამბავი მონისა.
მე გავიგონე, შე-რე-მშრა ნაკადი ცრემთა ფონისა,
მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა,
ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა”.

– ამ ამბავმა მისთვის გამწარებულსა და სულთმობრძავს სიცოცხლის ძალა შთამბერა. მთქმელი მოვიწვიე, ახლოს დავისვი და ვსთხოვე: რას ჰყვებოდი, მეც მითხარი-მეთქი. მან იგივე ხელახლა მიამბო. თითქოს მკვდარი გავცოცხლდი. მე ორი ზანგი მსახური მყავს, გრძნებით სავსენი არიან, უჩინრად “წავლენ-წამოვლენ მათითა ხელოვნებითა”. მათ ვუხმე და ქაჯეთს გავგზავნე, ვუბრძანე, ფიცხლად იარეთ და მისი ამბავი მომიტანეთ-მეთქი. სამ დღეში დაბრუნდნენ და მომახსენეს:
– ქაჯთა მეფის დულარდუხტისათვის მიუგვრიათ. როსანს შევრთოთო, უბრძანებია მეფეს და უფლისწულის საცოლედ დაუწინდავს. ის იყო დულარდუხტი ზღვის გაღმა მხარეს მიდიოდა დის დასატირებლად, ასე უთქვამს: ჯერ მაგათ დასაქორწინებლად არა მცალია მწუხარებით გულდამწვარს, აი, დავბრუნდებიო და “შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია”, ციხე-კოშკში დაუსვამს და მსახურად ერთი საჭურისი მიუჩენია.
გრძნეულნი ერთობ თან წაუყვანია, რადგან წინ სახიფათო გზა უძევთ, მტრები შესაბმელად მზად არიან. ჯერ ვერ დაბრუნდებიან, ცოტა ხნის წინ წასულან. მოყმეთაგან ვინც უფრო გულადი იყო, ქაჯთა ქალაქის მცველად დაუტოვებია. ამ ქალაქს აქამდის ვერარა მტერი ვერ მორევია.

“ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია,
მას კლდესა შიგან გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია,
მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია”.

მზისაებრ ბრწყინავს, თვალი ვერავის გაუსწორებია. გვირაბის შესასვლელთან გამუდმებით ათიათასი რჩეული ჭაბუკი დგას მცველად, ქალაქის სამ კარიბჭეს კი სამიათას-სამიათასი მეომარი დარაჯობსო.
ავთანდილმა რა ეს ამბავი მოისმინა, დიდად ეამა, მაგრამ ფატმანს ხვაშიადი მაინც არ გაუმჟღავნა. პირმზე და მკალვმაგარმა რაინდმა ღმერთს მადლობა შესწირა, მერე ქალს მიუალერსა და უთხრა, ეს რა სანატრელი და საოცარი ამბავი მიამბეო, ოღონდ ერთი ვერ გამიგია, ქაჯნი ხომ უსხეულონი არიან და იმ ქალთან რა ესაქმებათო:

“მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა,
მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქმნევენ, მიკვირს, ქალსა?!”
ფატმან უთხრა: `მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა,
არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა.”

ქაჯები იმიტომ ჰქვიათ, რომ გრძნეულობაში გაწაფული კაცნი ერთად შეკრებილან, მათ ვერავინ ვერას ავნებს, თავად კი “ყოველთა კაცთა მავნენი” არიან, რა საკვირველება გინდა, რომ არ ჩაიდენენო: მტერთ თვალს დაუბრმავებენ, საშინელ ქარიშხალს აღძრავენ და ზღვაში ხომალდს ჩაძირავენ, წყალს პირწმინდად დააშრობენ და ზედ ისე გაივლიან, თითქოს ხმელეთი ყოფილიყოს! “ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი”, თორემ ისე ჩვენებრვე ხორციელი ადამიანები არიან.
ვაი, როგორ მეცოდება იგი, მათ ხელში ჩავარდნილიო: “რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!” ავთანდილმა მადლი გადაუხადა: დიდად მაამე, ეს რომ მითხარი, მწველი ცეცხლი დამიშრიტეო. სიხარულით ცრემლმორეული ჭაბუკი გუნებაში ღმერთს ადიდებდა: “გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი, ყოფილი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი”, საოცარია, რა იჩქითად მოგვფენ მოწყალებასო!
ფატმანს ეგონა, ჩემთვის ტირისო, და ტრფობის ცეცხლი უფრო ედებოდა, მოყმეს ყელზე ეხვეოდა, “პირსა მზესა აკოცებდა”. ხვაშიადი რომ შეენახა, ჭაბუკიც იფერებდა მის სიყვარულს.

“მას ღამით ფატმან იამა ავთანდილს თანა წოლითა;
ყმა უნდომ-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა,
ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა,
და გული მხეც-ქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა.

ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად
შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად;
იტყვის, თუ: “მნახეთ, მიჯნურნო, იგი, ვინ ვარდი-ა ვისად,
და უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!”

მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია;
გიშრისა ტევრი აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია;
ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია.
და თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.”

გათენდა. ქალმა ქვეყნის მანათობელ მოყმეს ნაირნაირი ტურფა სამოსი მიართვა, რაც გეწადოს, ჩაიცვიო, და აბანოს გაისტუმრა. დღეს სიმართლეს ვეტყვი, მეტს აღარ დავუმალავო, გადაწყვიტა ჭაბუკმა და ვაჭრულის ნაცვლად სარაინდო “შეიმოსა ტანსა მხნესა, მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.”
ფატმანს ავთანდილისათვის სუფრა გაეწყო. მოყმე მხიარულად შევიდა. ფატმანს გაუკვირდა, ვაჭრულად რომ არ ეცვა, შემოსცინა და უთხრა: აგრე სჯობს, შენთვის გახელებულთ უფრო მოეწონებიო. სუფრას მიუსხდნენ და ხალისიანად შეექცეოდნენ.
ღვინოსმული ჭაბუკი თავის სამყოფელში დაბრუნდა, კარგ გუნებაზედ იყო, დაწვა და ტკბილად დაიძინა. საღამოჟამს გაეღვიძა, “შუქი ველთა მოაფინა”. ფატმანი იხმო: მინახულე, მარტო ვარო. ქალი უმალვე ეახლა, ავთანდილს მისი ოხვრა-კვნესა შემოესმა.

“იტყოდა: `მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო, ხისა!”
გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა,
ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.”

– ვიცი, ფატმან, ამ ამბის გაგონებაზე გველნაკბენივით შეკრთები და შეძრწუნდები, – უთხრა ავთანდილმა, – მაგრამ სიმართლე მაინც უნდა შეგატყობინო. შენ ვაჭარი გგონივარ, ქარავნის მეპატრონე, მე კი დიდებული ხელმწიფის როსტევანის სარდალი ვარ, მის მეფობას რომ შეშვენის, ისეთი რიცხვმრავალი ლაშქრის მოთავე. განძიც უამრავი მაქვს და აბჯარ-იარაღიც.
კარგი მეგობარი ხარ, ერთგული და მისანდო, მეც მოგენდობი. როსტევანს ერთადერთი ასული ჰყავს, “მზე ხმელთა მანათობელი, იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი”. შენ რომ ქალის ამბავი მიამბე, ჩემმა სატრფომ მის საძებნელად გამომგზავნა. მთელი ქვეყნიერება შემომივლია “მის მზისა მონაცვალისად”. მე თვითონ მინახავს, მისი მიჯნურობით ველად გაჭრილი ლომივით ვაჟკაცი რა უზომოდ იტანჯება, რა ფუჭად მიდის მისი სიცოცხლე:

“მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად,
გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად.”
ავთანდილმა ფატმანს ყოველივე დაწვრილებით უამბო, თავისი ამბავიც და ტარიელისაც, მერე დასძინა: იმ უებრო მოყმეს თუმცა არც იცნობ, მაგრამ “შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა, ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა”.
მოდი და დამეხმარე, ვეცადოთ, იქნებ რამე ვუშველოთ იმ მნათობ მიჯნურთ და ერთმანეთით გავახაროთო, ვინც შეიტყობს, ყველა ჩვენი მაქებარი შეიქნებაო. შენი გრძნეული მსახური ქაჯეთს კვლავ გავგზავნოთ, ქალს ყველაფერი ვაცნობოთ და:

“მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული,
ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!”

ღმერთო დიდებულო, ეს რა ამბები გავიგონეო დღეს, “უკვდავებისა სწორანი”, თქვა განცვიფრებულმა ფატმანმა. მყისვე გრძნეული მსახური იხმო, ყორანივით შავი, და უბრძანა: ქაჯეთს გგზავნი და, იცოდე, ახლა ვნახავ, რა მოსახმარიცაა ჩემთვის შენი გრძნეულობაო.
ფიცხლად იარე, წინ შორი გზა გიძევს, მიდი და “მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა”, აბა, თუ დამივსებ, გულს რომ მტანჯველი ცეცხლი მიკიდიაო. მან მოახსენა, ხვალ აქ ვიქნები და მის ამბავს მოგართმევთო.

წყარო: aura.ge/103-sabavshvo/1691-shota-rustaveli–vefxistkaosani-shinaarsi.html

თქვენი online რეპეტიტორი