ფატმანისა და ნესტან-დარეჯნის მიმოწერა - განხილვა

ფატმანისა და ნესტან-დარეჯნის მიმოწერა – განხილვა

ფატმანის წერილი ნესტან-დარეჯანთან
– ქვეყნის მანათობელო მზეო ზეცით მოვლენილო, – სწერდა ფატმანი, – შენგან შორს მყოფთა დამწველო და ამაჟრჟოლებო, “ტურფაო, ლამაზ-ენაო, ბროლო და ლალო, ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!” შენი ამბავი თუმცა თავად არ გამიმხილე, მაინც გავიგე დანამდვილებით, გული დავიტკბე და დავიამე.
ახლა ტარიელს წერილი და “ნიშანი რამ გაუგზავნე”, გაახარე უშენობით გაშმაგებული! გწამდეს, საწადელს ეწევით და “იგი ვარდობდეს, შენ იე”.
აქ მისი ძმადნაფიცია მოსული, არაბი მოყმე ავთანდილი, როსტევან მეფის სახელოვანი სარდალი, და შენ დაგეძებს. ეს ზანგი იმიტომ გამოვგზავნეთ, ქაჯეთისა ყოველივე დაწვრილებით გვინდა შევიტყოთ: ზღვის გაღმა მხარეს წასული ლაშქარი თუ დაბრუნდა, “ვინ არიან მცველნი შენნი” ან მათ ვინ მოთავეობს.
მანდაური რაც რამ იცოდე, უკლებლივ გაგვაგებინე, მოიწერე, ბრძენსა და თამამს როგორც შეგშვენის. მხნედ იყავ, აქამდე რა ჭირიც გინახავს, ლხინად შეგეცვლება, ვგონებ, ღვთის ნებით მალე შეგყაროთ ერთმანეთის შესაფერი უებრო მიჯნურნი!
ფატმანმა წერილი გრძნეულ ზანგს მისცა და უბრძანა, “მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!” გრძნეულმა ტანთ საგრძნეულო წამოსასხამი წამოისხა და წამსვე ისარივით გაფრინდა, გადაიკარგა. შებინდებისას უკვე ქაჯეთს იყო მისული. უამრავ მოყმეთ, მცველად რომ იდგნენ, გვერდი უჩინრად აუარა, ციხის დახშული კარნი ისე შევლო, თითქოს ღია ყოფილიყოს, და:

“შევიდა ზანგი პირ-შავი, თმა-გრძელი, ტან-ნაბდიანი,
იგი მზე დაკრთა, ეგონა სამისო რამე ზიანი,
შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის-ფერად – იანი.”

ზანგმა დაამშვიდა: ვინა გგონივარ, გული რაზედ მიგდის? მე ფატმანმა გამომგზავნა, სასურველი ამბავი მომიტანია, თუ არა გჯერა, აი, წერილი მოგართვი და დარწმუნდებიო, “მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!”
ფატმანის ხსენებაზე ქალი გაოცდა, თვალები ფართოდ გაახილა და შავი წამწამები შეარხია: “ნუშნი გააპნის, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა”. წერილი გამოართვა, კითხულობდა და მდუღარე ცრემლით ალბობდა, საბრალოდ მგმინავი. ქალს უკვირდა, საიდან გაუგიათ, რომ ისევ სული მიდგასო. ზანგსა სთხოვა, მიამბე, ჩემი მძებნელი ვინ არისო. მან მოახსენა:
– რაც წამოსულხარ, უშენობით მზე დაგვბნელებია. ფატმანი ხომ გულს ლახვარგაწონილი გაუთავებლივ მოგტირის, მისი ცრემლი ზღვას ერთვის. აქ ერთხელ ადრეც გამომგზავნა და შენი ამბავი მივართვი. ახლა ვინმე მკლავ მაგარი და პირმშვენიერი მოყმე ეწვია და, რაც რამ თავს ჭირი გადაგხდომია, დაწვრილებით მოუყვა. ის მოყმე დაგეძებს. მალე უნდა დავბრუნდე, მოუთმენლად მიმელიან.
– ეტყობა, მართალს ამბობ, – უთხრა ქალმა, – უეჭველად ჩემი დამწველი სადმე ცოცხალია, თორემ ფატმანმა რა იცოდა, `ვიყავ ვისი წანაგვარი?” წერილს მივსწერ და შენც მოახსენე, რარიგ გულმდუღარეცა ვარ!

ნესტან-დარეჯანის წერილი ფატმანთან
– ჩემო ტკბილო ქალბატონო და “დედისა მჯობო დედაო”, ხედავ, წუთისოფელმა რა მიყო მისგანვე დატყვევებულს, ტანჯვაზე კიდევ ტანჯვა დამერთო!
შენმა ბარათმა დიდად გამახარა. ორგზის ხომ მიხსენ გრძნეულთაგან და ჭირი შემიმსუბუქე. ახლა აქ მთელ ქაჯეთს თითქოს ჩემთვის მოუცლია, “ერთსა მცავს ერთი სამეფო”, ათასობით გმირი მდარაჯობს. ვაი, რომ ზრახვა ავად ამიხდა, რას ვაპირებდი და რას გადავეყარე!
აქაური ამბავი სხვა რა მოგწერო: ქაჯთა მეფე და მისი გრძნეულნი არ მოსულან და ჯერ ვერც დაბრუნდებიან, მაგრამ მამაც მეომართა უთვალავი ლაშქარი მაინც გარს მახვევია. მიხსნათ, ამაოდ ნუ ეცდებით, დაიჯერე, რომ ეს არა და არ იქნება!

“ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდ-მაშვრალია,
იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია,
მაგრა მას ვჰნატრი, უნახავს მზე, ამად არ-დამზრალია,
უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ბრალია!”

– მაშინ იმიტომ არა გიამბე რა, “ვერ იტყოდა ენა ჩემი”, მეთქვა, ვერ ავიტანდი და ჭირს განვერიდე. ახლა ამასა გთხოვ, ტარიელს მისწერე და შემახვეწე, ჩემ დასახსნელად ნუ წამოვა, სულერთია, მე ვერას მარგებს და ტყუილუბრალოდ დაიღუპება.
კმარა, რა სატანჯველსაც მივსცემივარ, შემიბრალოს და “ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა: მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა”.
თუ არ გისმინოს, შავი ქვითამც დაგიქოლივარ! ნიშნის გაგზავნა გიბრძანებია და მეც ვუგზავნი მცირე მონაკვეთს მისეული მოსახვევისას, ესოდენ რომ შევსტრფი, შევჰხარი, თუმცაღა ფერით ჩემი ბედის მსგავსად შავია.

წყარო: aura.ge/103-sabavshvo/1691-shota-rustaveli–vefxistkaosani-shinaarsi.html

თქვენი online რეპეტიტორი