უცნობი ისტორია: კაპიტანი ყიფიანი

უცნობი ისტორია: კაპიტანი ყიფიანი

22 თებერვალი 1921 წელი … ტაბახმელა-კოჯორის მიმართულებაზე მტრის აღმატებულ ძალებს გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ ქართული დანაყოფები. ამ დღეს მოწინააღმდეგე გადაჯგუფებას ახდენდა და მძიმე ბრძოლები არ მიმდინარეობდა. საღამოს პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის განკარგულებაში თბილისიდან ამოვიდა სამხედრო სკოლის კაპიტანი ყიფიანი და თან ამოიყვანა რეზერვიდან მობილიზებული 60 ჯარისკაცი. ნაყარი ხალხი იყო, სრულიად შეუფერებელნი, ამიტომ დავაყენე ისინი ბაღში (სანგრების უკან) – მოკლედ აღნიშნავდა ჩხეიძე. 

დაღამებისას სახალხო გვარდიის დანაყოფი გაიპარა N0 სანგრიდან და მათი ადგილი ყიფიანის ნახევარასეულმა დაიკავა. ყიფიანს ბოგანო ხალხის მეთაურობა არ მოსწონდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო (მხოლოდ იუნკრები იდგნენ მაშველ ძალად) და დაიკავეს სანგარი.

23 თებერვალს რუსებმა დაიწყეს იერიში, ყიფიანის რაზმმა რამდენჯერმე მოიგერია შეტევა, მაგრამ საღამოსკენ ვეღარ გაძლეს და გაიქცნენ. ყიფიანმა ვერ შეძლო გაქცეულების დაკავება, გამწარებულმა ამოიღო რევოლვერი და 4 ტყვია დაიხალა. ერთადერთმა ჯარისკაცმა (კურსანტმა), რომელმაც იგი არ მიატოვა, ხელი სტაცა იარაღზე, მაგრამ გვიან იყო, ოფიცერი მძიმედ დაიჭრა.

შესახვევ პუნქტში კაპიტანი ინახულა ჩხეიძემ … როცა პოლკოვნიკი მას მიუახლოვდა, ყიფიანმა სახე დაიფარა და ატირდა. “ძლივს ვიკავებდი თავს და მორეულ ცრემლებს. მოვეხვიე მას, ვაკოცე და ვუთხარი: “ჩემო კარგო მეგობარო! ეს რა ჰქენი? რისთვის?” – “ბატონო პოლკოვნიკო, მე ვერ შევასრულე თქვენი ბრძანება და ეხლა ყველას შეუძლია სთქვას, რომ კაპიტან ყიფიანს ბრძოლაში ჯარისკაცები გამოექცნენ!” ამ სიტყვებში გამოიხატა მისი სულის ტრაგედია და ამასთანავე სიდიადე”

თენდებოდა 24 თებერვალი … ქართული სამხედრო სკოლის ოფიცრების და კურსანტების დიდების დღე …

ავტორი: პაატა გიგაური (გენ. მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის თანადამფუძნებელი)

თქვენი online რეპეტიტორი