ტარიელის გამიჯნურების ამბავი - განხილვა

ტარიელის გამიჯნურების ამბავი – განხილვა

– ერთ დღეს მე და მეფე ნადირობიდან ვბრუნდებოდით, – განაგრძო ტარიელმა, კარგა ხნის ტირილის შემდეგ გული რომ შეიმაგრა. – ფარსადანმა ხელი ხელს ჩამკიდა და, ასულს მოვინახულებო, წამიყვანა. იმ ჟამს რომ ვიხსენებ, არ გიკვირს, სული როგორღა მიდგას?!
– ბაღში შევედით. იმის უტურფეს მოსალხენსა და განსასვენებელს კაცის თვალი ვერ ნახავდა. ფრინველები სირინოზის ხმაზე უფრო საამოდ გალობდნენ. ღარებიდან ბევრგან იღვრებოდა ვარდის წყალი. კარვის კარს ოქსინოს ფარდაგები ფარავდა.

“მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა,
გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა;
მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა.
ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!”

ვიცოდი, ფარსადანის წადილი იყო “არვისგან ნახვა მის მზისა დარისა”. მეფემ კარი შევლო, მე კი გარეთ გავჩერდი. ვერაფერს ვხედავდი, მარტო მათი საუბარი მესმოდა. ფარსადანმა ასმათს უბრძანა, დურაჯები გამოართვი და მოიტანეო.

“ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა,
ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა.
მოვიდა, მივსცენ დურაჯნი, მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა.
ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!”

ახლა სადღაა, დაიკარგა, ვისი ნათელიც თვით მზისას ამეტებდა: `აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!”
რა ეს თქვა, მის გახსენებას ვეღარ გაუძლო, მწარედ ამოიგმინა და გონი წაუვიდა. ასმათსა და ავთანდილს თავი ვეღარ დაემორჩილებინათ, მათი ტირილის ხმას არემარე ბანს აძლევდა. გული ეკუმშებოდათ, “გმირთა მემუქარე” ვაჟკაცს ასეთ ყოფაში ჩავარდნილს რომ ხედავდნენ. ქალმა ტარიელს წყალი ასხურა და მოასულიერა, მაგრამ ჭაბუკმა დიდხანს სიტყვა ვეღარ გაიღო: სევდას სულმთლად დაეპყრო, მწარედ ქვითინებდა და ცრემლით ალბობდა მიწას. მერე ძლივს ამოთქვა. `ვამე, რა დიდი ზარია” ჩემთვის მისი ხსენებაო, და წუთისოფლის სიმუხთლეც დაიჩივლა:

“მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,
იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;
ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან.
ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან.”

– დურაჯები მივეცი და… თავგზა ამებნა, მკლავი მომიდუნდა და მუხლი მომეკვეთა, გულწასული ჩავიკეცე. ცოტათი გონს რომ მოვეგე, ტირილისა და ვაების ხმა შემომესმა თვალი გავახილე და დავინახე, “გარე მომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა”. დიდ დარბაზში ვიწექი, ძვირფასი საგებელი მეგო. ხელმწიფე თვალცრემლიანი თავს მადგა, დამტიროდა და სახეს იხოკდა. დედოფალს ცრემლის ზღვა დაეყენებინა. შემლოცველნი მოეწვიათ და მათ ეთქვათ, ეშმაკეული სენიაო.
– მეფემ თვალგახელილი რომ მნახა, ყელზე მომეხვია და ცრემლნარევი ხმით მითხრა: შვილო ტარიელ, ნუთუ ცოცხალი ხარ, ხმა ამოიღე, თქვი რამეო! მე პასუხი ვერ გავეცი, შმაგივით შევკრთი, გულს სისხლი მომაწვა და გონი კვლავ დავკარგე.
– თუკი სადმე შემლოცველი და სჯულისმოძღვარი იყო, ყველა თავს დამახვიეს. ხელთ ყურანი ეპყრათ და ყველა იმას მიკითხავდა. აქაოდა ავი სული დასცემიაო, არ ვიცი, რაებს ჩმახავდნენ. სამი დღე უგონოდ ვიყავ, `ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან”. ზოგჯერ გიჟივით წამოვიჭრებოდი და სიტყვას არეულად წამოვროშავდი. მკურნალთაც უკვირდათ: ეს როგორი სენია?! ეტყობა, `სევდა რამე შემოჰყრია”, სხვაფრივ სამკურნალო არა სჭირს რაო.

“სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი,
მერმე ცნობა მომივიდა, მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი”.

ჰაი, რა დღეში ვარ, სიცოცხლის ნიშანწყალი წამსვლია-მეთქი! – გავიფიქრე და შემოქმედს შევევედრე: – შეისმინე ჩემი ხვეწნა-მუდარა, ნუ გამწირავ, გაძლების ძალა მომეცი, ცოტათი მაინც გამამაგრე, რომ შინ მივლასლასდე, აქ ყოფნა გამამჟღავნებს-მეთქი. ღმერთმა შემიბრალა და მისი წყალობით “მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე”.
– წამოვჯექი. ამბის შესატყობად მეფე კაცს კაცზე გზავნიდა და, რომ ახარეს, წამოჯდაო, თავშიშველი გამოიჭრა, სიხარულით არ იცოდა, რა ექნა. დედოფალიც სირბილით წამოსულიყო. აქეთ-იქით მომისხდნენ და საკუთარი ხელით მიმასპინძლეს, “მახვრიტეს სახვრეტელია”.
– მეფეს მოვახსენე: პატრონო, ახლა გული უკეთ გამიხდა, ცხენზე შეჯდომა მომენატრა, მინდა არემარეს თვალი მოვავლო-მეთქი. ცხენი მომგვარეს, შევჯექი, მეფეც თან გამომყვა. მივიარ-მოვიარეთ და მერე შინისაკენ გავემართე.
ხელმწიფე სახლამდე მიმყვა და უკან გავაბრუნე. შინ უარესად გავხდი, ცრემლსა და ნაღველს გავეყვითლებინე, გული უფრო დამწყლულებოდა:

“ზაფრანის ფერად შეცვლა ბროლი ცრემლისა ბანამან,
გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან”.

ვნატრობდი, ნეტავი მოვკვდე, მეტის რისიღა ღირსი ვარ-მეთქი.
– ანაზდად მეკარემ შემოიხედა და ფარეში იხმო. დავინტერესდი, რაღაც ამბავი უნდა ყოფილიყო. ასმათის მსახური გეახლაო, მომახსენეს. ვუბრძანე, მოსვლის მიზეზი ეკითხათ. შემოვიდა და სააშიკო წერილი გადმომცა. რა წავიკითხე, გავოცდი: გულის წამღებელ ტურფათაგან მოწონება და ყურადღება არ მაკლდა, მაგრამ ასმათისაგან ამას არ მოველოდი და დიდად მეწყინა, სევდა უფრო დამიმძიმდა. საიდან ვუყვარვარ ან ამის თქმა როგორ გამიბედა? მიუყოლობა მაინც არ ვარგა, უკადრისობაში ჩამომართმევს და, ჩემგან რომ იმედს გადაიწურავს, კიცხვას დამიწყებს-მეთქი, ვფიქრობდი მე. ავდექი და მივსწერე, რაც პასუხად აშიკობას შეშვენოდა.

“დღენი გამოხდეს და გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა,
ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა;
დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დაიწყეს მოსლვა მრავალთა,
მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.”

მკურნალთ ვერა მარგეს რა, გულს ბნელი კვლავ ბინდად შემომწოლოდა. სხვამაც ვერავინ შემატყო, თუ რა ცეცხლით ვიწვოდი. სისხლის სიმეტე დამწამეს და ხელმწიფემ ბრძანა, გამოუშვითო. გამოვაშვებინე, რომ ჩემი დარდი და ვარამი დამეფარა, მიზეზი არავის შეემჩნია.
– გულმილეული და სევდიანი საწოლს ვიწექი, მარტო ვიყავი. ფარეში შემოვიდა და, ასმათის მსახური გეახლაო, მომახსენა. ვუბრძანე შემოეყვანა. რას ამოვუჩემებივარ, საიდან სადა-მეთქი, გავიფიქრე. წერილი მომართვა, დუნედ და უხალისოდ წავიკითხე. შევატყვე, შეხვედრას ჩქარობდა. პასუხად მივსეწერე: მართალი ხარ, რომ გიკვრის რაზედ ვგვიანობ, მაგრამ ნუ გგონია, მოსვლას დაგზარდები, რაკი მიხმე-მეთქი. თუმცაღა რა მეასმათებოდა, გულში ლახვარგაწონილს.
– გაუძელი, ეგ ლახვარი ნუ დაგაღონებს და ნუ დაიმჩნევ! – ვიმხნევებდი გულს, – მე ასე არ შემშვენის: “ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებენ”, დაეჭვდებიან, საქმეს ათასნაირად გასინჯავენ და, თუ გამიგეს, მაშინ ხომ მათი მიწა-წყლიდან ფეხი უნდა ამოვიკვეთო, ინდოეთში აღარ გამაჭაჭანებენ-მეთქი.
– სასახლიდან კაცი მომივიდა, ამბის შესატყობად მეფეს გამოეგზავნა. შევუთვალე: მოვჯობინდი, თანაც ის უფრო მახარებს, მანდ რომ მოვდივარ და გეახლები-მეთქი. სასახლეში მისულს ხელმწიფე შემეხუმრა, შემაგულიანა: აბა, მსგავსი რამ მეტი ნურა დაგემართება რაო. მერე აღარ დაახანა და

“ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა,
შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა,
მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: “შაბა, შაბა!”

ნადირობიდან დაბრუნებულნი ნადიმად დავსხედით. დიდი მოლხენა იყო, სიმღერას სიმღერა მოსდევდა. მეფემ წვეულნი უხვად დაასაჩუქრა, `გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი”, ყველანი საბოძვარით აავსო.
– ვცდილობდი სევდა მომექარვებინა, მაგრამ ამაოდ. მას რომ `ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად”.
ტოლ-სწორნი თან წავიტანე და შინ მივედი. ჩემი ტანჯვა და ჭირ-ვარამი რომ დამეფარა, ნადიმი გავმართე და სმა გავაჩაღე. ფარეშმა ყურში მიჩურჩულა: ქალი გეახლათ, ლამაზი პირისახე საბურველით მოუბურავს, თქვენ გკითხულობთ, ამირბარის ნახვა თუ შეიძლებაო. ვუბრძანე: საწოლს შეიყვანე, თვითონ დავიბარე-მეთქი.
– მე რომ ავდექი, ყველა წასასვლელად აემზადა. ვსთხოვე, არ დაშლილიყვნენ, მალე დაბრუნებას დავპირდი. გამოვედი და საწოლისაკენ გავწიე. მსახური კარის მცველად დავიყენე. გულს ვაქეზებდი, როგორმე გაეძლო და უღირს საქციელს არ მორიდებოდა: `გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად”. კარი შევაღე თუ არა, ქალი წინ მომეგება და თაყვანი მცა, მოწიწებით მითხრა: ბედნიერია, ვინც თქვენ წინაშე მოსვლას ეღირსებაო. გამიკვირდა: საყვარელს თაყვანისცემით ვინ მისალმებია? ეტყობა, არ იცის აშიკობა-მეთქი, `თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!”
– შევედი და ტახტზე ჩამოვჯექი. ქალი ნოხის კიდეს მოადგა და შეჩერდა, ჩემ გვერდით დაჯდომის ღირსად თავი არ ჩათვალა. ვუთხარი: მანდ რას უზიხარ, შენ თუ ჩემი სურვილი და სიყვარული გაქვს-მეთქი. მას ერთხანს არა უპასუხია რა, სიტყვაძვირობდა. მერე მითხრა:
– სირცხვილით ვიწვი, რომ მაგისთვის მოსული გგონივარ. მაგრამ `აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა”, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამის ღირსი ვიყო: საამისოდ ღმერთს წყალობა დაუკლია ჩემთვის. ძალიან, ძალიან მერიდება თქვენი, იმ წერილის გამო ახლაც გონება მებნევა. ოღონდ იცოდეთ, მე არაფერ შუაში ვარ: პატრონს ხათრი ვერ გავუტეხე, ესოდენ დიდი გამბედაობა მისი გულისთვის გამოვიჩინე. აი, წერილი და, რასაც მე ვერ გეტყვით, აქედან შეიტყობთო:

“ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია,
ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია”.

წყარო: http://www.aura.ge/103-sabavshvo/1691-shota-rustaveli–vefxistkaosani-shinaarsi.html

თქვენი online რეპეტიტორი