ტარიელის, ავთანდილისა და ფრიდონის ბჭობა ქაჯეთის ციხესთან - განხილვა

ტარიელის, ავთანდილისა და ფრიდონის ბჭობა ქაჯეთის ციხესთან – განხილვა

– მე ჩემსას ვიტყვი და, მგონია, არ უნდა ვცდებოდე, – თქვა ფრიდონმა. – ჩვენ ცოტანი ვართ, ქაჯთა ქალაქი კი დიდი ლაშქრის საომარია. პირისპირ ბრძოლით ვერას გავხდებით და ამაოდ ნუ დავიჩემებთ, კვეხნისათვის სადა გვცალია.
თუ კარი დაგვიხშეს, ათას წელიწადს ვეცადოთ, მაინც ვერსაით შევუვალთ. სიყმაწვილის ჟამს ჯამბაზობას მასწავლიდნენ, კარგადაც გავიწაფე: თვალის დახამხამებაში თოკზედ ისე გავირბენდი, ტოლ-სწორნი შემომნატროდნენ.
ახლა, ჩვენგან ვისაც უკეთ შეუძლია საგდებლის შეტყორცნა, გალავნის ერთ ბურჯს გრძელი თოკის მარყუჟი მოაცვას, და იმ თოკზედ ისე გავივლი, თითქოს ველად მივრბოდე. გალავანს ფიცხლად გადავევლები და მერე მე ვიცი: ვნახოთ, თუ ჩემს მახვილს გადარჩენილი კაცი იქ საძებნელი არ შეგექმნეთ!

“აბჯრითა გავლა არად მიჩნს ჭირად, გატანა ფარისა,
შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა,
ლაშქართა დავჰხოც, გავახვამ, ჰნახოთ გაღება კარისა!
თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა”.

– რა გვეთქმის, მოძმენი ვერ დაგემდურებით, – უთხრა ავთანდილმა: – ჯან-ღონით სავსე ხარ, არა გტკივა რა, და გალომებული მკლავის მოიმედე “სთათბირობ ძნელთა თათბირთა”, ხიფათს არ უფრთხი. მაგრამ, აბა, ყური მიაპყარ, რა ახლო-ახლოს ისმის გუშაგთა ძახილი! ნუ გგონია, შეუმჩნევლად გადახვიდე, აბჯრის ჩხარუნს გაიგონებენ და თოკს გადაგიჭრიან, მაშინ ხომ ყველაფერმა ფუჭად ჩაგიარა?! არა, ეგ რჩევა არ გამოგვადგება, საქმეს სხვარიგად უნდ ვუშველოთ.
კარგად იცით, ისინი ქალაქს შემავალ მგზავრს არ იჭერენ. სჯობია, თქვენ აქ სადმე უჩინარ ადგილას დაიმალეთ, მე კი ვაჭრულად მოვეკაზმები და თავს მოტყუებით შევაპარებ. მარტო უნდა წავიდე, სამივე რომ ერთად გვნახონ, ვაითუ განზრახვას მიგვიხვდნენ.
აბჯარს ერთ ჯორს ავკიდებ და, რა შევალ, მალულად ავისხამ, ღმერთმა ქნას, “უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!” გარეთ ლაშქარს თქვენ ეკვეთეთ “ყოველნი მსგავსად გმირისად”, შიგნითა მცვევლთ თვითონაც ადვილად გავუმკლავდები. რაც რამ კლიტეა, დავლეწავ და კარებს გავაღებ, ვერაფერი დამიმაგრდება! მე ეს მირჩევია და, თუ რამ სხვა სჯობდეს, თავად ბრძანეთ.
– ვხედავ, უებრო გმირები რომ ხართ, – თქვა ტარიელმა, – თქვენი რჩევაც თქვენს ძალგულოვნებას შეჰფერის. ფიცხელი ბრძოლა გწყურიათ და სხვა კაცი მარტოოდენ მაშინ გინდათ მშველელად, როცა გახურებულ ომში გაგიჭირდებათ. მაგრამ ჩემზედაც იფიქრეთ, მე რაღა ვაკეთო:

„ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა,
თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა?!”

ხომ შევრცხვი და თავი მომეჭრა! არა, მაგას ნუღარ მეტყვით, სჯობია, ასე ვქნათ: რაზმი თანბრად გავიყოთ, თითოს ას-ასი კაცი მოგვხვდება, და უთენია ცხენები ფიცხლად გავაქროლოთ, სამივემ სამი მხრიდან შევუტიოთ.
ვეცოტავებით და წინ მოგვეგებებიან, აი, მაშინ კი ხმალი ვაჟკაცურად დავატრიალოთ, “ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა მას, ჩვენგან მძლედ ნახმარებსა!” გონს მოსვლა არ დავაცადოთ, ყველანი ერთად ვეკვეთოთ და კართა დახშვას ვეღარ მოგვასწერებენ. სამიდან ერთი ხომ მაინც შევუვალთ და იმ ერთმა შიგნით მათი სისხლის ღვარი დააყენოს, სხვები გარეთა ლაშქარს დავერიოთ და მუსრი გავავლოთ.
– კარგად ვიცი, მაგ ჩემეულ ცხენს კარის დახშვას ვერ მოასწრებენ, – ღიმილით უთხრა ფრიდონმა, – არ მეგონა, თუ ქაჯეთს ლაშქრობა მოგვიწევდა, თორემ, ჩემი სიძუნწე გითხრა, არა და არ გიძღვნიდი.
ამაზედ გაიცინეს და გახალისდნენ, ენამჭევრი მეგობრები ერთმანეთს მოხდენილად და მიმზიდველად ეხუმრებოდნენ, ლაღობდნენ, მხიარულობდნენ.
ორივე ძმობილი ტარიელს მიემოწმა, მისი რჩევა გაიზიარა: რაზმი თანაბრად გაიყვეს, თითომ ას-ასი გმირთა დარი მეომარი წაიყვანა და თითო კარიბჭე დაიგულა საიერიშოდ. საომრად აბჯარასხმული სამი უებრო მხედარი-რაინდის ნახვას არა სჯობდა რა:

“იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა;
მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა;
ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა;
და დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია:
რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი და მთათა აღტყდეს ღვარია,
მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,
და მაგრა რა ზღვასა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.”

თუმცა ავთანდილი და ფრიდონი მიუწვდომელი სიკეთით ბრწყინავდნენ, მაგრამ ტარიელის ვაჟკაცურ შემართებას მაინც ვერა შეედრებოდა რა, როგორც მზეს, სხვა მნათობთ რომ ერთობ დაფარავს და მის შუქზედ თვით მთიებნიც აღარ ჩანან.
ახლა მათი ფიცხელი ომის ამბავს გიამბობთ და ყური დაუგდეთ, მოისმინეთ.

წყარო: aura.ge/103-sabavshvo/1691-shota-rustaveli–vefxistkaosani-shinaarsi.html

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]