tarieli– ბურთაობით დაღლილ-დაქანცული დასასვენებლად საწოლს შევედი. გულს მძიმეზე მძიმე სევდა შემომწოლოდა და ის იყო მკერდში მახვილის დაცემა კინაღამ დავაპირე, რომ ასმათის მსახური მეახლა.
ამაყსა და ჯან-ღონით სავსეს ვინ რას შემატყობდა, მხნედ დავუხვდი. ბარათი მომართვა: “ვინ სჩან ალვისა ტანისად, ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად”, მწერდა ასმათი.
– შევჯექი და გავეშურე. მასთან მივდიოდი და უზომოდ მიხაროდა. ბაღში შევედი, კოშკის ძირას ასმათი დამიხვდა, მოუთმენლად მიმელოდა. შევატყვე, ნამტირალევი იყო, “ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით”, უწინდებურად აღარ გამიღიმა, დაღვრემილი მომეგება, ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მერე კვლავ ტირილი მოერია და ცრემლი გადმოაწვიმა, “ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა”.
მეტად დავღონდი, მაგრამ არა ვკითხე რა. მე ერთსა ვფიქრობდი და სულ სხვა რამე კი ჩანდა. ქალმა კოშკში შემიყვანა, ფარდაგიც გადამიწია და, ჩემი მთვარე რომ დავინახე, ვარამი ერთობ მომექარვა, “გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა” გავუძელი, გონი აღარ დამიკარგავს.

“იყო არ-ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი,
ებურა მოშლით პირ-ოქრო რიდე, მე მივეც რომელი,
მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი,
ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.

ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,
არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული;
ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული;
მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.”

– მიკვირს, პირის შემშლელი და ფიცის გამტეხი, მუხთალი და გამწირავი აქ რად მოსულხარო?! მაგრამ არ შეგრჩება, სამაგიერო სატანჯველს ღმერთი მოგაგებსო!
არ ვიცი, ბრალს რაში მდებ-მეთქი, მოვახსენე, და პასუხი როგორღა მოგცე? მითხარი, რა შეგცოდე, შენთვის ფერგამკრთალსა და ცნობამიხდილს ასეთი რა მიქნია-მეთქი.
უარესად შემომწყრა: ცრუსა და მოღალატეს რა უნდა გელაპარაკოო, “მამაცისა სიცრუესა, ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს!” გული იმაზე მეწვის, დიაცურად რად მოვტყუვდიო:

“შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?!
შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი ჰრთულა ამას ნება,
შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება,
ღმერთმან ქმნას და დაგირჩინო ცუდად შენი ხელოვნება!”

გახსოვს, მწარედ რომ ქვითინებდი და ცრემლით ველსა რწყავდი, მკურნალნი თავს გეხვივნენ და ვერას გშველოდნენო, ახლა რახან გამიმეტე, მეც გაგიმეტებ და ვნახოთ, ვინ უფრო დაზიანდესო. იცოდე, ინდოეთს ისე ვერავინ დაეპატრონება, რომ, ავად განაგებდეს, თუ კარგად, მოზიარედ მე არ ვყავდე. არა, შენ რომ გგონია, ის არ მოხდება, ამაოდ მომცთარხარ, უნდოსა და უკუღმართს აზრიც ეგეთი მოგსვლია.
თუ ცოცხალი დავრჩი, ინდოეთში დიდხანს ვეღარ იბოგინებ, ბევრიც ეცადო, თავს ტყუილად წააგებ. ახლა წადი, გამეცალეო, “სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!”
რა ამის თქმა დაასრულა, ტარიელმა ამოიგიმინა და ატირდა.
– ეს რომ მისგან მოვისმინე, – უთხრა მერე ავთანდილს, – დიდად გავმხნევდი, თვალთაგან ბინდი ჩამომშორდა და კვლავ ღონე მომეცა მისი ნათლისათვის მეცქირა. ახლა სადღაა, დავკარგე! გასაკვირი ისაა, სული რომ მიდგას, თორემ სიშმაგეს ვინ დამიზრახავს?! რა ვქნა, ბოროტად მბრუნავ წუთისოფელს ჩემთვის მოუცლია, ვერა და ვერ გამძღარა ჩემი სისხლით!
– ბედად დროზედ შევამჩნიე, სალოცავი წიგნი სასთუმალს გადაშლილი ედო. ავიღე, ჯერ ღმერთს, მერე კი მას ქება შევასხი და შევჰკადრე: მზეო, შენგან დამწვარ-დადაგულს ბარემ სიცოცლეც მომისწრაფე და ის იქნება, ოღონდ, რახან აქამდე არ მომკალ, ერთიღა მათქმევინე. თუ გეცრუო ან რამე პირფერობით მოგახსენო, ზეცა მრისხავდეს და მზის შუქი ვეღარ ვიხილო! გამიგონე, ავი არა ჩამიდენია რა, და განკითხვა მაღირსე-მეთქი.
თავი დამიქნია და მიბრძანა: რაცა გაქვს სათქმელი, თქვიო. კვლავ შევჰკადრე: მზეო, მე თუ შენი ღალატი გულში გამევლოს, ღვთის რისხვა თავს მეხად დამატყდეს-მეთქი:

“ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს?!
მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს!”

– მეფემ სადარბაზოდ მიხმო და დიდვეზირთა ბჭობა გამართა. დავრწმუნდი, რომ ზედსიძედ ხვარაზმელი უფლისწულის მოყვანა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ. დამეშალა, მაინც არ დაიშლიდნენ და უგნურებად ჩამეთვლებოდა. გული გავიმაგრე და თავისთავს ვუთხარი: ამჯერად ასე სჯობია, დავუდასტურო-მეთქი. უარი რომ შემეკადრებინა, რახან თვითონვე ვერ მიმხვდარა, რომ ინდოეთი უპატრონოდ არ დარჩენილა:

“ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა,
ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?!”

ბევრიც ვიუარო, ამით არაფერი გამოვა, სხვა რამ უნდა ვიღონო-მეთქი, გავიფიქრე და მხნეობა მოვიკრიბე, თუმცა “მედვა გული მხეცისაებრ” და ტყე-ველად გაჭრას ვნატრობდი. რას მიქვიან, “ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო?!” ამაოდ გარჯილან-მეთქი.

“სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა.
იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა,
ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა”.

– ეს აზრად როგორ მომივიდაო, მითხრა. ვერა, შენს ღალატსა და ორგულობას ვერ დავიჯერებ, ღვთისა და კაცის წინაშე ასეთი უმადურობა რაზედ უნდა გამოგეჩინა?! ჩემგან ხელს ითხოვდი და შვება-დიდებით ინდოეთის ფლობა გეწადა, აგრე იყოს: ხელმწიფედ მე და შენ დავსხდეთ, ყოველ სიძე-სძლობას ესა სჯობიაო.

“მოლმობიერდა, მომიტკბა გამწყრალი, გარისხებული,
ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული,
ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ-ღირსებული,
მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი ამითა გზებული”.

მერე მითხრა: “გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს”, რაცა სჯობია, დინჯად უნდა მოვაგვაროთ. სასიძო რომ არ მოუშვა, ვაითუ ამან ხელმწიფე გაამწაროს, “შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!” მოუშვებ და შემირთავს, ისინი იშვებენ და იხარებენ, ჩვენ კი, ერთმანეთს დაშორებულნი, ასკეც სატანჯველს მივეცემით, ძოწეული ძაძით შეგვეცვლება. არა, ეს მოუთმენელია, რომ სპარსნი გაგვითავადდნენ, ხვარაზმელთა მონა-მორჩილი გავხდეთო.
– ღმერთმა ნუ ქნას, იმას შენი ქმრობა ეღირსოს-მეთქი, მოვახსენე. ინდოეთში შემოვლენ თუ არა, ვუჩვენებ, რა მეომარიცა ვარ, ჩემი ძალგულოვნება, აი, მაშინ ნახონ: ისე დავხოცავ, ხელის გაქნევაც ვერ მოასწრონ-მეთქი.
– რაც გინდა იყოს, ქალი ვარ და ქალური გულჩვილობა მომდევსო, მითხრა: დიდ სისხლისღვრას ერიდე, ლაშქარს ნუ იახლებ, სასიძო მიპარვით მოკალ, მის რაზმს კი დაეხსენ, ნუ დახოცავ, კაცმა კაცის სისხლი უბრალოდ რად უნდა იტვირთოსო. ასე მოიქეც, ჩემო ლომო და გმირთა მძლეველო! ეს იქნებაო ნამდვილი სამართალი, ხმელ ხესაც რომ სიცოცხლეს ანიჭებს: “ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად”.
– რა იგი მოჰკლა, მამაჩემს შეუთვალე, ინდოეთს სპარსთა სათარეშოდ ვერ გავხდი-თქო: ჩემი სამკვიდრო მამულია და ერთ ციდასაც არავის დავუთმობ, თავი გამანებე, თორემ ციხე-ქალაქს ერთობ გაგიცამტვერებ, ტრამალად გიქცევ-თქო. ჩემი ნდომა და სიყვარული არც ახსენო, რომ შენს სამართალს ჩრდილი ვერავინ მიაყენოსო, ხელმწიფე ქედმოდრეკილი თვითონვე შემოგეხვეწება და `ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა”.
– მისი რჩევა მეტად მომეწონა. მტერს ხმლით ავკაფავ-მეთქი, დავიქადე. მერე წამოსასვლელად რომ წამოვდექი, ისევ დაჯდომა შემომთავაზა. მინდოდა მოვხვეოდი, მაგრამ ვერ შევბედე.

“ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი.
ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი.
ჭირი ბევრჯელ ვაათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი,
მერმე წასვლა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი”

ტარიელისაგან ხვარაზმელი სასიძოს მოკვლა
– მაცნემ, სასიძო მოდისო, გვახარა. რას იფიქრებდა, რაც იმას მოელოდა. მეფეს დიდად ეამა, მიმიხმო, ახლოს დამისვა და მითხრა: ეს დღე ჩემთვის ლხინისა და სიხარულის დღეაო, დიდებული ქორწილი უნდა გადავიხადოთ, ყველგან კაცი გავგზავნოთ და მთელი საუნჯე აქ მოვატანინოთ, უხვად გავსცეთო საბოძვარი, `სიძუნწე უმეცრულია”.
– ის იყო საქმეს შევუდექი, რომ სასიძოც მოგვივიდა. აქედან ჩვენები გაეგებნენ, იქიდან ხვარაზმელნი მოდგნენ და ერთად იმდენმა ლაშქარმა მოიყარა თავი, ტევა აღარ იყო. მოედანი კარვებით მოკაზმეთო, ბრძანა ფარსადანმა, სასიძომ ცოტა ხანს დაისვენოს, მერე კი მოყმენი უშენოდ ეახლონ, ისინიც `კმარიან იქა ნახვისად”, შენ აქ ინახულეო.

“მოედანს დავდგით კარვები წითლისა ატლასებისა,
მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა,
შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა,
დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.”

– თავი არ დამიზოგავს, ჯერისაებრ გავისარჯე და დაღლილ-დაქანცული დასაძინებლად შინ წამოვედი. მსახური მეახლა და ასმათის ბარათი მომართვა, მწერდა: “ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა”. ცხენიდან არც ჩამოვსულვარ, ფიცხლად გავეშურე. ასმათი ნამტირალევი დამხვდა, ვკითხე: “ცრემლსა რასა ჰმილდი?!” შენს გადამკიდეს სატირალს რა გამომილევსო, შემომჩივლა, მუდამ მოსარჩლედ როგორ დაგიდგე ან რით გამართლოო?! შემიყვანა, ვნახე, წარბშეჭმუხვნილი იჯდა.

“მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას გაენათლა რომ არე,
წავდეგ, მიბრძანა: “რასა სდგა? დღე მიგჩს წინ საომარე!
ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცდომარე?!”

მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლა გარე შემოვბრუნდი.
უკუ-ვჰყივლე: “აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი!
ქალი ომსა რაგვარ მაწვევ, აგრე ვითა დავძაბუნდი?”

– შინ მივედი და ჯაჭვ-იარაღით შევიჭურვე, მის მოკვლას ვესწრაფოდი. ასი რჩეული მეომარი ვიახლე, შევსხედით და ქალაქი უხმოდ გავიარეთ. რა მივადექით, “კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე” და შევედი. სასიძო ნებივრად იწვა და ეძინა, გახსენებაც კი მზარავს. ფეხებში ვსწვდი და თავით სვეტს მივახალე. უსისხლოდ მოვკალ, თუმცა მისი სისხლი მწყუროდა. “წინა-მწოლთა დაიზახეს” და საარაკო გლოვას მიეცნენ. ცხენს მოვევლე და გამოვეშურე. დიდი განგაში ატყდა, მდევარი დამადევნეს. ვინც კი დამეწია, დავხოცე.

“ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი,
მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!”

მთელ ღამეს, უკუნ სიბნელეში, მდევრის მოსვლა არ შეწყვეტილა. ჩემი მკლავის ამბავს რომ გებულობდნენ, დამფრთხალნი თავს ხელით იფარავდნენ, თუმცა ჯერ არა სჭირდათ რა. ყველგან კაცი გავგზავნე და ინდოთ ლაშქარი ვიხმე: ვისაც გინდათ მომეშველოთ, აქეთ ისწრაფეთ-მეთქი.
– უთენია ავდექი და შევეკაზმე. დილით მეფის სამი დიდებული მომივიდა, შემოეთვალა: ღმერთია მოწამე, შვილივით გამიზრდიხარ, და სიხარული გლოვად რად შემიცვალეო?! უდანაშაულო ხვარაზმელი უფლისწულის სისხლი რად დამაკისრე, ადრევე რად არ მითხარ, თუ ჩემი ქალი გინდოდაო?! რას მერჩოდი შენს ბებერ გამზრდელს, რომ სიცოცხლე გამიმწარე და შენი თავიც დამიკარგე, სიკვდილის დღემდე განუყრელად თან არ მაახლებინეო.

“მე შევუთვალე: მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა,
თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა?
მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა.
მე, თქვენმან, მზემან, მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!”

– მოგეხსენებათ, ინდოეთში რამდენი სატახტოც იყო, სხვა მეფენი ამოწყვეტილან და მთელს მათ სამფლობელოს ახლა თქვენ დაპატრონებიხართ-მეთქი. მაგრამ ღმერთს თქვენთვისაც ძე არ უბოძებია, ერთადერთი ასული გაგაჩნიათ, მეტი სხვას არავის ერგება-მეთქი. აბა, ეგ სადაური სამართალია, გადამთიელი გაგვიხელმწიფო, მე წელზე ხმალი მერტყას და ინდოეთს მეფედ სხვა დაჯდეს! ვერა, თქვენმა სიკეთემ, მაგას ვერ დაგყაბულდებით-მეთქი:

“შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე,
ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე,
ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,
სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!”

წყარო: http://www.aura.ge/103-sabavshvo/1691-shota-rustaveli–vefxistkaosani-shinaarsi.html

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]