სტიქიური მოვლენები

სტიქიური მოვლენები

სტიქიური მოვლენები საქართველოში

საქართველოში ხშირია ბუნებრივი სტიქიური მოვლენები და მათი თანამდევი უარყოფითი შედეგები. სტიქიური პროცესებით მეტ-ნაკლები სიძლიერით დაზიანებულია ან მათი ზემოქმედების საშიშროების რისკის ზონაშია ჩვენი ქვეყნის ყველა ბუნებრივ-გეოგრაფიული ზონა – შავიზღვისპირეთიდან დაწყებული მაღალმთიანეთით დამთავრებული. აქ ვლინდბა მეწყერები, კლდეზვავები, ღვარცოფები, ეროზიის სხვადასხვა სახეები და სხვა.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორია 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული. 1991 წლის რაჭა-იმერეთისა და შიდა ქართლის მიწისძვრების შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობები, კულტურის ძეგლები და ა.შ.

მიწისძვრები უმეტესად საქართველოს ბარსა და კავკასიონის სამიჯნაო ზოლში და სამხრეთ მთიანეთში ხდება. მიწისძვრებს ხშირად თან ახლავს მეწყერი, ღვარცოფი, თოვლზვავი, კლდეზვავი და სხვა.

საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებული მეწყრული ტერიტორიების საერთო ფართობი 1,5 მლნ ჰა-ს აღემატება. მეწყრული პროცესების წარმოქმნა-გააქტიურებას განაპირობებს რელიეფის ღრმა დანაწევრება და ძლიერ დახრილი ზედაპირი, დაბალი სიმტკიცის მქონე ქანების დიდ ფართობებზე გავრცელება და ადამიანის სამეურნეო საქმიანობა.

საქართველოში მეწყერსაშიში რეგიონებია: რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა, სვანეთი, იმერეთი, მთიულეთი და სხვა. დამეწყვრასთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა მთის კალთების გატყიანება და საინჟინრო ნაგებობებით გამაგრება, მიწისქვეშა წყლების დრენაჟის მოწყობა და სხვა.

ღვარცოფის წარმოქმნა-განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: ადვილადშლადი ქანები, უტყეობა და ხანგრძლივი გვალვიანი პერიოდი. ღვარცოფული საშიშროების ზონაშია ქვეყნის ტერიტორიის 2 მლნ ჰა ფართობი. საქართველოში ძირითადი ღვარცოფული რაიონებია: თერგის, არაგვის, ალაზნის ზემო დინებათა აუზები.

ღვარცოფის თავიდან აცილების ღონისძიებებიდან აღსანიშნავია: მდინარის კალაპოტში ჯებირების მშენებლობა, ხეობის ფერდობების გატყიანება, ტერასების მოწყობა, კალაპოტის ნაშალი მასალისგან გაწმენდა და სხვა.

საქართველოს საშუალო და, განსაკუთრებით, მაღალმთიანი რეგიონებისათვის დამახასიათებელია კლდეზვავები და თოვლზვავები. კლდეზვავური წარმოშობისაა რიწის, ამტყელის და ქვედის ტბები.

თოვლის ზვავს იწვევს ფერდობების თოვლით გადატვირთვა, ინტენსიური თოვა, ახალი თოვლის ძველთან ცუდი შეჭიდულობა. ზვავები ხშირია კავკასიონზე – მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, აგრეთვე მთიან აჭარაში და სხვ. მის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა ფერდობების დატერასება და გატყიანება, დამცავი ნაგებობების მშნებელობა, ხელოვნური აფეთქებით პატარა ზვავების გამოწვევა და სხვა.

საქართველოში მდინარეთა წყლიანობის რეჟიმთან დაკავშირებულია ისეთი სახიფათო სტიქიური მოვლენები, როგორიცაა წყალმოვარდნა და წყალდიდობა.

წყალმოვარდნას ძირითადად იწვევს თავსხმა წვიმები, ზოგჯერ უეცარი დათბობა და თოვლის დნობის პერიოდში უხვი წვიმების მოსვლა, შემოდგომაზე კი – ხანგრძლივი გაბმული წვიმები. საქართველოს მდინარეებზე ჩამოყალიბებული წყალმოვარდნებისა და წყალდიდობების სიმძლავრით გამოირჩევა აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები. ზოგ მათგანზე, განსაკუთრებით პატარა მდინარეებზე, წყალდიდობის ან წყალმოვარდნის მაქსიმალური ხარჯი საშუალო წლიურს 200-300-ჯერ აღემატება, დასავლეთ საქართველოში კი აღნიშნული მახასიათებელი 5-80-ს შეადგენს.

სეტყვა დასავლეთ საქართველოში იშვიათია, აღმოსავლეთ საქართველოში კი, ძირითადად, წლის თბილ პერიოდში, 2-3-ჯერ მაინც შეიძლება მოვიდეს. ამ მხრივ გამოირჩევა კახეთი. სეტყვა იშვიათია დაბლობებსა და მდინარეთა ფართო ხეობებში, ბორცვიანი და პლატოსებური რელიეფის პირობებში კი განმეორებადია. სეტყვა დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]