საქართველოს ნიადაგები

საქართველოს ნიადაგები

საქართველოს ნიადაგები

საქართველოში წარმოდგენილია როგორც ჭაობისა და ნახევარუდაბნოს, ასევე მთისა და ბარის ნიადაგები. ამავე დროს, მკაფიოდაა გამოხატული ნიადაგების ვერტიკალური ზონალობა. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე ტერიტორიებზე წარმოდგენილი ნიადაგები თვისობრივად მეტად განსხვავებულია, მათში კი რეგიონული განსხვავება ნაკლებად შესამჩნევია.

დასავლეთ საქართველოს ვაკე-დაბლობებსა და გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთის ზონაში წარმოდგენილია ჭაობის, სუბტროპიკული ეწერი, ალუვიური, წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები.

კოლხეთის დაბლობის დადაბლებულ ნაწილში გვხვდება ჭაობის ნიადაგების სახესხვაობები, რომელთა სამეურნეო ათვისება მხოლოდ მელორაციული ღონისძიებების შემდეგ არის შესაძლებელი. ზღვიურ და ძველ მდინარეულ ტერასებზე სამეგრელოში, იმერეთში, აფხაზეთში და სხვ. გავრცელებულია სუბტროპიკული ეწერი ნიადაგები. ისინი მწირ და დაბალნაყოფიერ ნიადაგებად მიიჩნევა. მდინარეთა ქვემო წელის ხეობებში ჭალებსა და ტერასებზე ალუვიური ნიადაგებია ვითარდება, რომლებიც სამეურნეო თვალსაზრისით, მაღალნაყოფიერია.

წითელმიწები, გორაკბორცვიანი რელიეფის პირობებში, გავრცელებულია ზ.დ. 500 მ სიმაღლემდე აჭარის, გურიის, შედარებით ნაკლებად სამეგრელოსა და იმერეთის გორაკ-ბორცვებზე. წითელმიწები მაღალნაყოფიერი ნიადაგებია და ინტენსიურადაა ათვისებული სუბტროპიკული კულტურებით.

კოლხეთის დაბლობის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში- აფხაზეთის, სამეგრელოსა და იმერეთის ტერიტორიებზე ზ.დ.-დან 500-700 მ სიმაღლეზე წარმოდგენილია ყვითელმიწები, რომლებიც ძირითადად გამოყენებულია ჩაის, ციტრუსებისა და ტუნგოს მოსაყვანად.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, ზომიერად მშრალი და მშრალი ჰავის პირობებში ჩამოყალიბებულია მშრალი ველებისა და ნახევარუდაბნოებისათვის დამახასიათებელი ყავისფერი შავმიწა, წაბლა, რუხი და დამლაშებული ნიადაგები.

ტყე-სტეპის ზონაში, მუხნარ-რცხილნარის ქვეშ, ზ.დ.-დან 1000-1200 მ სიმაღლემდე გავრცელებულია ყავისფერი ნიადაგები. ისინი წარმოდგენილია ახალციხის ქვაბულში, თბილისის შემოგარენში, კახეთში, ქართლში და სხვ. ყავისფერი ნიადაგები ნაყოფიერებით შავმიწებს უახლოვდება. მათზე გაშენებულია ვენახი, ხეხილის ბაღები და მარცვლოვანი კულტურები.

ივრის ზეგნის შემაღლებულ ადგილებზე, შირაქისა და სამგორის ველებზე, ზ.დ.-დან 500-800 მ სიმაღლეზე გავრცელებულია ბარის შავმიწები; გარდაბნისა და მარნეულის ვაკეებზე, სამგორის ველებსა და ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილში – წაბლა ნიადაგები.

მთის ნიადაგებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ყომრალი ნიადაგები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში – ზ.დ.-დან 600 მ სიმაღლეზე, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზ.დ-დან 700-1000 მ-ზე იწყება და 1800-2000 მ-მდე ვრცელდება.

საქართველოს მთის ზონაში, სადაც ამგებ ქანებში კარბონატების მაღალი შემცველობაა, ნეშომპალა – კარბონატული ნიადაგები ჭარბობს. ისინი ძირითადად დასავლეთ საქართველოში გვხვდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი – ნაკლებად.

საქართველოს მაღალმთიანეთში ზ.დ.-დან  2000-3000 მ-მდე ფარგლებში გავრცელებულია მთა-მდელოს ნიადაგები. განასხვავებენ მათ კორდიან და ტორფიან სახესხვაობებს.

უმთავრესად კავკასიონის მაღალმთიან სარტყელში, ფრაგმენტების სახით კი სამხრეთ საქართველოში მთა-მდელო-სტეპის ნიადაგებს ვხვდებით. რაც შეეხება მთა-მდელოს შავმიწისებრ ნიადაგებს, ისინი სამხრეთ საქართველოს ვულკანურ მთიანეთისთვისაა დამახასიათებელი. ეს ნიადაგები მაღალი ნაყოფიერებით ხასიათდება, რის გამო მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ათვისებულია.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]