საქართველოს მოსახლეობა

საქართველოს მოსახლეობა

საქართველოს მოსახლეობა

ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად იზრდება, რაც, უპირველესად, სიკვდილიანობის (მოკვდავობის) მკვეთრი შემცირებით აიხსნება. 

XX ს-ის 20-იან წლებში საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი აღწარმოების მაჩვენებლები იყო: შობადობა – 33,2­ პერცენტილი, მოკვდაობა – 14,2 პერცენტილი და ბუნებრივი ნამატი – 18,9 პერცენტილი. შემდგომში ეს მაჩვენებლები შემცირდა. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მატების მკვეთრი დაცემა 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან აღინიშნა, როცა მნიშვნელოვნად შემცირდა შობადობის კოეფიციენტი, ეს პროცესი 70-80-იან წლებშიც გაგრძელდა, რაც გამოწვეული იყო ურბანიზაციით, შიდა და გარე მიგრაციებით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების აქტიური და მზარდი როლით, ასაკობრივი სტრუქტურის დარღვევითა და სხვა ფაქტორებით.

საქართველოში მოსახლეობის ბუნებრივი ნამატი 2010 წლის მონაცემებით 4,0%-ს უდრიდა.

შობადობის მაღალი დონით გამოირჩევა მთიანი (შიდა) აჭარის, ქვემო ქართლის, ჯავახეთისა და სამცხის ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაში – აზერბაიჯანლებში, სომხებსა და აჭარის მკვიდრ ქართველებში, ისტორიული ტრადიციებისა და რელიგიური შეხედულებების გამო, ჯერ კიდევ შემორჩენილია მრავალშვილიანობა.

მიუხედავად იმისა, რომ ბარის რეგიონები უკეთესი დემოგრაფიული მდგომარეობით გამოირჩევა, აქაც იჩინა თავი დეპოპულაციამ, მაგ., გურიასა და კახეთში.

მოსახლეობის მექანიკური მოძრაობა:

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და გარკვეულწილად ზემოქმედებს მოსახლეობის მექანიკური მოძრაობა.

საქართველოში გარე მიგრაციებთან ერთად შიდა მიგრაციული პროცესებიც მიმდინარეობდა, ძირითადად, 3 მიმართულებით: სოფლიდან სოფლად, სოფლიდან ქალაქად და მცირე ქალაქიდან დიდ ქალაქში.

XX ს-ის 90-იანი წლებიდან საქართველოში მეტად გააქტიურდა მიგრაციული პროცესები და იგი მასობრივი ემიგრაციის ქვეყანა გახდა. ამის გამომწვევი მიზეზი იყო ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი.

ამავე პერიოდში დაიწყო არაქართველი მოსახლეობის ემიგრაცია, ხოლო ეთნიკური კონფლიქტების გამო წარმოიქმნა დევნილთა და ლტოლვილთა მრავალრიცხოვანი ნაკადები.

მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა:

საქართველოს მოსახლეობაში ქალები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მამაკაცები. განსაკუთრებით დიდია სხვაობა 60 წელზე უხნეს მოსახლეობაში. საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, შემდეგი, კანონზომიერება შეინიშნება: სრულასაკოვან მოსახლეობაში კაცებს შორის, ქალებთან შედარებით, მეტია სიკვდილიანობა, რის გამოც იზრდება განსხვავება ქალებისა და კაცების სიცოცხლის ხანგრძლიბობას შორის. ჩვენს ქვეყანაში ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 75 წელს შეადგენს, კაცებისა კი – 67 წელს.

XX ს-ში საქართველოში შემცირდა ახალგაზრდა თაობის ხვედრითი წილი, გაიზარდა უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობა და, შესაბამისად, ადგილი აქვს ე.წ. “დემოგრაფიულ დაბერების” პროცესს. წინა საუკუნეში თითქმის განახევრდა სიკვდილიანობა, მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა შობადობა. ასეთმა დემოგრაფიულმა პროცესებმა შეცვალა თანაფარდობა მოსახლეობის ასაკობრივ ჯგუფებში.

მოსახლეობის ეროვნული სტრუქტურა:

საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა და აქ 80-ზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. ეროვნული სიჭრელით ყველაზე მეტად გამოირჩევა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთის ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები – აფხაზეთი და ქვემო ქართლი.

პირველ მათგანში ოდითგანვე ცხოვრობდნენ ქართველები და აფხაზები, ქვემო ქართლში კი აზერბაიჯანლების, სომხებისა და ბერძნების მასობრივი დასახლება XIX ს-ში დაიწყო. საქართველოს ცენტრალურ ნაწილში კომპაქტურად არიან განსახლებულნი ოსები, ხოლო ჯავახეთში – სომხები.

XX ს-ის 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო საქართველოდან არაქართველი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ემიგრაცია. თავიანთ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდნენ ებრაელები, ბერძნები, სომხები, რუსები და მთელი რიგი სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ამ და სხვა მიზეზების გამო 1989 წელს ჩვენი ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში ქართველების ხვედრითმა წილმა 70,1%-ს მიაღწია, 2002 წელს კი – 83,8 %-ს.

1989 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობაში ქართველების ხვედრითI წილი 67,6%-ია, ხოლო სოფლისაში – 73,3%. ამასთან, რაც უფრო განვითარებულია ქალაქი, მით უფრო მრავალფეროვანია მისი მოსახლეობა. მაგ., თბილისში ქართველები მცხოვრებთა საერთო რაოდენობის 66,1%-ს შეადგენენ.

საქართველოს მოსახლეობა – რელიგიური სტრუქტურა:

საქართველოს მოსახლეობის რელიგიური სტრუქტურა ისეთივე ჭრელია, როგორიც ეროვნული შემადგენლობა. ქართველი ერი მსოფლიოს ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი უძველესია. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კი მსოფლიოს 15 მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიათა რიცხვში შედის. იგი 36 ეპარქიად იყოფა და მთელ საქართველოს მოიცავს. 20002 წლის აღწერით მართლმადიდებელი ქრისტიანია 84%, 9,9% – მუსლიმი, 0,8% – კათოლიკე. 28 ათასი კაცი არ აღიარებს არც ერთ რელიგიას, დანარჩენები სხვა აღმსარებლობას მისდევენ.

აჭარაში ქართველთა მცირე ნაწილი სუნიტი მუსლიმები არიან. აზერბაიჯანლები კი შიიტი მუსლიმები არიან, ქურთული მოსახლეობის უმეტესობა – იეზიდი, ებრალების რელიგია კი იუდაიზმია.

საქართველოში მცხოვრებ არაქართველ ერებს აქვთ თავიანთი სამლოცველოები – რუსული, სომხური, კათოლიკური, ლუთერანული ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგები.

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]