საქართველოს მეურნეობა

საქართველოს მეურნეობა

საქართველოს მეურნეობა

საქართველოს მრეწველობა:

დღეისათვის საქართველოს უმნიშვნელოვანესი დარგია მომსახურება და სოფლის მეურნეობა. სწორედ აქ იქმნება მშპ-ის უდიდესი ნაწილი და ამ სფეროებშია დასაქმებული შრომითი რესურსების უმეტესობა. მშპ-ის მიხედვით საქართველო სახმელეთო მეზობლებს შორის წინ უსწრებს სომხეთს. ევროპაში იგი 36-ე ადგილზეა, მსოფლიოში კი 113-ეზე.

საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილია ნავთობისა და ნახშირის მრეწველობითა და ელექტროენერგეტიკით.

საქართველოში ნახშირის მოპოვებას 150-წლიანი ისტორია აქვს. სწორედ ამ დროს დაიწყო ტიბულის საბადოების ექსპლუატაცია, ტყვარჩელში კი ნახშირის მოპოვება 1935 წლიდან მიმდინარეობს.

საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე.

სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია ელექტროენერგეტიკა. მართალია, ჩვენს ქვეყანაში არასაკმარისად არის სათბობ-ენერგეტიკული წიაღისეული, მაგრამ იგი ძალზე მდიდარია ჰიდრორესურსებით.

ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, პირველი თბოელექტროსადგური თბილისში 1887 წელს ჩადგა მწყობრში. საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემა 1934 წელს ჩამოყალიბდა და დღეისათვის 8 თბოელექტროსადგურსა და 58 ჰიდროელექტროსადგურს მოიცავს.

ქვეყნის უდიდესი თბოელექტრო სადგურია თბილსრესი (თბილისის რაიონული თბოელექტროსადგური). იგი პირველად 1963 წელს ამოქმედდა.

საქართველოს მეურნეობა

საქართველოს მეურნეობა

პირველი ჰესი საქართველოში 1898 წელს ბორჯომის ხეობაში აშენდა და მისი სიმძლავრე 103 კვტ-ს უდრიდა. 1913 წელს ჩვენს ქვეყანაში უკვე მოქმდებდა საკმაოდ მცირე სიმძლავრის 8 ჰიდროელექტროსადგური. ქვეყანაში მოქმედი ჰესებიდნ უდიდესია ენგურჰესი.

საქართველოს მრეწველობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მეტალურგიას. მოქმედებს შავი მეტალურგიის ორი(რუსთავი და ზესტაფონი) და ფერადი მეტალურგიის ერთი საწარმო(მადნეული). დარგი ვითარდება როგორც ადგილობრივ, ასევე შემოტანილ ნედლეულზე.

საკმაოდ რთული სტრუქტურით გამოირჩევა ქვეყნის მანქანათმშენებლობა. ახლო წარსულში საქართველო ცნობილი იყო ისეთი საწარმოებით, როგორებიცაა საავიაციო ქარხანა, თბილისის “ელმავალთმშენებელი: ქარხანა, თბილისის საწარმოო გაერთიანება “ჩარხმშენებელი”, თბილისის ტელევიზორების ქარხანა, ქუთაისის საავტომობილო საწარმო, ფოთის და ბათუმის გემთსაშენი და გემთშემკეთებელი საწარმოები.

მრეწველობის სხვადასხვა დარგებიდან, ასევე, აღსანიშნავია ქიმიური და ნავთობ-ქიმიური (რუსთავი, ბათუმი), მსუბუქი მრეწველობა (თბილისი, გორი, თელავი, ქუთაისი, სენაკი), სამშენებლო მასალების ინდუსტრია (კასპი, თელავი) და ა.შ.

საქართველოს მრეწველობის დარგებს შორის, ტრადიციულად, გამოირჩეოდა კვების მრეწველობა, რომელიც მძლავრი სასოფლო-სამეურნეო ბაზის საფუძველზე ვითარდებოდა. კვების მრეწველობაში უძველესი დარგია მეღვინეობა.

საქართველოში მზადდებოდა ბაიხის ჩვეულებრივი (შავი) და მწვანე ჩაი, ასევე აგურა და ლაო ჩაი. ქართUლი ჩაის წარმოების აღდგენის, გაფართოებისა და ხარისხის გაუმჯობესების შემთხვევაში, მისი მსოფლიო ბაზარზე გატანაც შესაძლებელი გახდებოდა. ტრადიციულად, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მინერალური წყლების ჩამოსხმა, ასევე ლუდის, კოკა-კოლას და სხვა წარმოება.

სოფლის მეურნეობა: 

დღეისათვის სოფლის მეურნეობა ქვეყნის მშპ-ის, 12,1%-ს ქმნის და მასში ჩაბმულია მთელი მუშახელის ნახევარზე მეტი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის ძირითადი დარგია მევენახეობა, მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, მეხილეობა და ზოგიერთი სახის ტექნიკური კულტურების მოყვანა. შედარებით სუსტი პოზიციები უკავია მარცვლეულ კულტურებს და მეცხოველეობას.

მომსახურების სფერო:

ქვეყნის დღევანდელ სატრანსპორტო კოფიგურაციას საფუძველი ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა პერიოდიში ჩაეყარა. სახმელეთო ტრანსპორტი საქართველოში წარმოდგენილია სარკინიგზო და საავტომობილო  ტრანსპორტის სახით.

პირველი სარკინიგზო ხაზი გაიხსნა 1871 წელს და ერთმანეთს დაუკავშირდა ზესტაფონი და ფოთი. 1883 წელს სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებით ბათუმი-თბილისი-ბაქოს ამიერკავკასიის სარკინიგზო ღერძი შეიქმნა. 1927-1946  წლებში ამოქმედდა სენაკ-ადლერის სარკინიგზო მაგისტრალი და საქართველო რკინიგზის საშუალებით დაუკავშირდა რუსეთს.

დღეისათვის რკინიგზის საერთო სიგრძე საქართველოში 2344,2 კმ-ია.

2006 წელს დაიწყო საქართველოში პირველი ავტობანის მშენებლობა. დღეისათვის კი საავტომობილო მაგისტრალის საერთო სიგრძე 20229 კმ-ია. საქართველოს მთავარი გზატკეცილის რეკონსტრუქცია მთავრობის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საქართველოში ზღვის საშუალებით ხდება ეკონომიკური ურთიერთობების განხორციელება მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან. საზღვაო ტრანსპორტის განვითარება განსაკუთრებული აღმავლობით 1967 წლიდან დაიწყო, როცა ბათუმში საზღვაო-სანაოსნო შეიქმნა.

საჰაერო ტრანსპორტის განვითარება საქართველოში სსრ კავშირის პერიოდში დაიწყო. თბილისი საჰაერო გზებით დაკავშირებულია ჩვენი პლანეტის მრავალ სახელმწიფოსთან. საქართველოში ამჟამად 4 ეროვნული და 13 უცხოური ავია კომპანია მოქმედებს.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე პირველი ნავთობსადენი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ათწლეულში შევიდა. 1907 წელს ეს იყო პირველი ნავთობსადენი მთელი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამ მილსადენით ბაქო დაუკავშირდა ბათუმს.
1991 წელს ამოქმედდა აირსადენი, რომელიც ჩრდილეოთ კავკასიიდან თბილისის გავლით მიემართება  სომხეთისკენ.

საქართველოში რადიომაუწყებლობა 1925 წლიდან მოქმედებს, ხოლო სატელევიზიო გადაცემები ეთერში -1957 წლიდან.

საქართველოს მომსახურების სფეროში ასევე მნიშვნელოვანია განათლების, ჯანდაცვის, საბანკო და სავაჭრო სფეროები.

1930 წელს საქართველოში ძალაში შევიდა კანონი საყოველთაო სავალდებულო სწავლების შესახებ, ხოლო გასული საუკუნის 70-იან წლებში სავალდებულო გახდა საშუალო განათლება.

1868 წელს თბილისში ამოქმედდა პირველი მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება “მიხეილის საავადმყოფო”. 1930 წელს გაიხსნა სამედიცინო უნივერსიტეტი.

ტურიზმი და რეკრეაციული მეურნეობა:

საქართველოს მეურნეობა

საქართველოს მეურნეობა

ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან რესურსებს ფლობს ტურისტულ-რეკრეაციული მეურნეობების განვითარებისათვის. საქართველოში 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილია ცნობილი. ჩვენს ქვეყანაში გამოვლენილია 2 ათასზე მეტი მინერალური წყალი. მათი რაოდენობით გამოირჩევა წყალტუბოს, ბორჯომის, ჯავის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. ასევე აღსანიშნავია სამკურნალო ტალახი ახტალასა და კუმისში.

საქართველოს საკურორტო-რეკრეაციული ზონებია: ზღვისპირა, ბალნეოლოგიურ-სამკურნალო, ბალნეოკლიმატური, სამთო-კლიმატური, სამთო ტურიზმის, სამთო-სათხილამურო სპორტისა და ალპინიზმის.

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი