საქართველოს ატმოსფერო

საქართველოს ატმოსფერო

საქართველოს ატმოსფერო

საქართველოს ჰავა და ძირითადი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორები:

საქართველოს ტერიტორია ჰავის დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. შედარებით მცირე ფართობის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილია ჰავის არაერთი ტიპი. ჰავის ასეთი მრავალფეროვნება განპირობებულია ჩვენი ქვეყნის მდებარეობით სუბტროპიკულ და ზომიერი კლიმატური სარტყლების მიჯნაზე და რელიეფის თავისებურებით, აგრეთვე მნიშვნელოვანია შავი ზღვის გავლენა.

საქართველოში მზის ნათების ხანგრძლივობის საკმაოდ მაღალი წლიური მაჩვენებელია. მზის ნათების საშუალო წლიური ხანგრძლივობა 1360 სთ-დან, 2500 სთ-მდე იცვლება.

საქართველოს ვაკე-დაბლობებზე, დაბალ და საშუალო მთებში ჯამური რადიაციის საშუალო წლიური მაჩვენებლებია 120-130 კკალ/კვ.სმ-ზე.

რადიაციული ბალანსი საქართველოს ვაკე-დაბლობებსა და მთისწინეთებზე არის  50-60 კკალ/კვ.სმ-ზე. რადიაციული ბალანსი დამოკიდებულია ჯამურ რადიაციასა და ალბედოზე.

საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა აქვს კავკასიონს, რომელიც ბარიერის როლს ასრულებს და ცივი ჰაერის მასებს აიძულებს, კავკასიონის შემოვლით დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოაღწიონ საქართველოში.

საქართველოს ჰავის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს როგორც ზომიერი, ისე ტროპიკული და ზოგჯერ არქტიკული ჰაერის მასებიც.

საქართველოს ჰავის ფორმირებისას ასევე მნიშვნელოვანია ქვეფენილი ზედაპირის ხასიათI; რელიეფის დანაწევრება, ადგილის სიმაღლე, ქედების, ხეობების, ქვაბულების მონაცვლეობა. ქედების განლაგება ჰაერის მასებს იმდენად უცვლის სახეს, რომათ სხვადასხვა მხარეს, ერთი და იმავე პროცესის დროს, მკვეთრად განსხვავებული ამინდი ყალიბდება.

ჰავის ძირითადი ელემენტები:

საქართველოს ატმოსფერო

საქართველოს ატმოსფერო

ჰავის განმსაზღვრელი ძირითადი ელემენტები ჰაერის ტემპერატურა და ატმოსფერული ნალექებია.

ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლში +14 – +15°C-ია.

კოლხეთის დაბლობსა და მიმდებარე გორაკ-ბორცვებისათვის არის დამახასიათებელი საქართველოში ყველაზე თბილი ზამთარი. საშუალო ტემპერატურა აქ +4°C – +6°C-ის ფარგლებში მერყეობს.

ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა -42°C აღინიშნა ყაზბეგის მაღალ-მთიან მეტეოსადგურზე, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +43°C კი სოფელ ლათაში (მდ. კოდორის ხეობა) და სოფელ ჭარნალში (აჭარა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი). ჰაერის ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა ყველაზე ნაკლებია შავი ზღვის სანაპიროზე 15-17°C, ხოლო ყველაზე მეტი – ელდარის ვაკეზე 26-27°°C.

ატმოსფერული ნალექები საქართველოს ტერიტორიაზე მეტად არათანაბრადაა განაწილებული. კავკასიონისა და საქართველოს სამხრეთი მთიანეთების არსებობა და შავი ზღვა არსებით გავლენას ახდენს ნალექების წლიურ მსვლელობაზე.

ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი საქართველოში დიდ ფარგლებში იცვლება – 400 მმ-დან 5000 მმ-მდე. ნალექების მინიმუმი აზერბაიჯანის საზღვარზე – წითელ ხიდთან და ელდარის ვაკეზეა, მაქსიმუმი კი – ჩაქვის ქედის ზღვისპირა ფერდობზე, მტირალას (ცისკარას) მთის მიდამოებში, 5000 მმ-მდე.

ქარის საშუალო სიჩქარე საქართველოში 4-5 მ/წმ-ის ფარგლებში ცვალებადობს. ქარის საშუალო მაქსიმალური სიჩქარე 8,6 მ/წმ დაფიქსირებულია მთა საბუეთის (ლიხის ქედთან) მიდამოებში.

ჰაერის ტენიანობა ამინდისა და ჰავის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, რომელიც აორთქლებაზეა დამოკიდებული. აორთქლების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება კოლხეთის დაბლობის შავიზღვისპირეთი, სადაც ჯამური აორთქლების მაქსიმალური მაჩვენებელი დაახლოეთბით 900 მმ-ია წელიწადში. აორთქლების მინიმალური სიდიდე, წელიწადში 100-300 მმ-ზე უფრო ნაკლები, ელდარის ვაკეზე აღინიშნება. საქართველოს ტერიტორიების დიდ ფართოებზე წლიური აორთქლება 500-700 მმ-ის ტოლია.

ატმოსფეროს გაჭუჭყიანება:

ატმოსფეროს გაჭუჭყიანების ძირითადი წყაროებია: მტვერი, ნახშირორჟანგი, აზოტის ორჟანგი და გოგირდოვანი აირი, აგრეთვე ტრანსპორტის გამონაბოლქვი. ატმოსფეროს გაჭუჭყიანების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აღინიშნება თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონში, რუსთავში, ბათუმსა და კასპში.

ატმოსფეროს დაცვის ღონისძიებათა კომპლექსი ითვალისწინებს გაზმტვერდამჭერი დანადგარების დამონტაჟებას, არსებულის რეკონსტრუქციას, ტრანსპორტის ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე გადაყვანას, ქალაქების ეკოლოგიური თვალსაზრისით კომფორტულ განაშენიანებას და სხვა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი