საქართველოსა და კავკასიის მდებარეობა

საქართველოსა და კავკასიის მდებარეობა

საქართველოსა და კავკასიის მდებარეობა

საქართველოს ტერიტორიის ფართობი ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა, ამჟამად კი 69700 კვ. კმ-ია. საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი აფხაზეთში, მდინარე ფსოუს ნაპირზე, სოფელ აიბგასთანაა, სამხრეთი – მთა ოკუზდაღთან (სომხეთის საზღვართან), დასავლეთი – დაბა ლესელიძესთან (მდინარე ფსოუს შესართავი) და აღმოსავლეთი – მდინარეების აგრიჩაისა და ალაზნის შეერთების ადგილზეა.

საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი ლიხის (სურამის) ქედის დასავლეთით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

საქართველოს საზღვრების საერთო სიგრძე 1970 კმ-ია. აქედან, სახმელეთოა 1660 კმ, საზღვაო კი 310 კმ.

სახმელეთო საზღვარი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დაბა ლესელიძესთან, მდ. ფსოუს შესართავთან იწყება და ამ მდინარის მარჯვენა სანაპიროს მიუყვება მთა აგეფსთამდე. ჩრდილოეთი საზღვარი ძირითადად კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს მიუყვება, თუმცა, მთა ვაციგკფარსიდან მთა შავკლდემდე საზღვარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით ექცევა – და მოიცავს მდინარეების: თერგის, ასას, არღუთისა და ანდის ყოისუს ხეობებს.

აღმოსავლეთი საზღვარი მთა ტინოვროსოდან კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ეშვება, შემდეგ კი მდინარე ალაზნის ქვემო დინებას მიუყვება მინგეჩაურის წყალსაცავამდე.

სამხრეთი საზღვარი შავ ზღვასთან, სოფელ სარფის მიდამოებში იწყება.

კავკასია:

კავკასიის ფართობი 440 ათასი კვ. კმ-ია. იგი ევროპისა და აზიის შესაყარზე, ალპურ-ჰიმალაურ მთათა სისტემის თითქმის ცენტრში მდებარეობს.

კავკასიის საზღვრები აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით მკაფიოს არის გამოხატული, თუმცა ამას ვერ ვიტყვით მის სამხრეთ ნაწილზე. იგი პირობითია და ძირითადად საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკურ საზღვარზე გადის ირანსა და თურქეთთან.

კავკასიის უმაღლესი მწვერვალია იალბუზი (5642 მ.), რომელიც ევროპის უმაღლესი მწვერვალიც არის.

დღეისათვის კავკასიაში ოთხი სუვერენული სახელმწიფოა. ფართობით, მოსახლეობის რაოდენობითა და მშპ-ის საერთო მოცულობით საქართველო ჩამორჩება აზერბაიჯანს და წინ უსწრებს სომხეთს.

საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა:

დღეისათვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე 12 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული სამხარეო ერთეულია. თითოეული ერთეული სამსაფეხურიანია: საკრებულო-რაიონი-მხარე. ჩვენს ქვეყანაში სულ 2 ავტონომიური რესპუბლიკა, 64 მუნიციპალიტეტი, 54 ქალაქი, მათ შორის 12 თვითმმართველი ქალაქი, 44 დაბა და 3668-მდე სოფელია.

საქართველოში მოქმედებს 1995 წლის 8 აგვისტროს მიღებული კონსტიტუცია 2010 წლის და მანამდე მიღებული ცვლილებებით. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ჩვენი ქვეყანა რესპუბლიკური მმართველობისაა. კანონის ძალით სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც არის საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. სწორედ იგი ნიშნავს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს.

ქვეყნის საკანონმდებლო უმაღლესი ხელისუფლება პარლამენტს ეკუთვნის. იგი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლებების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით არჩეული 150 დეპუტატისაგან. პარლამენტი ოთხი წლის ვადით ირჩევს თავმჯდომარეს.

პარლამენტში უმრავლესობის მქონე პოლიტიკური პარტია აყალიბებს მთავრობას. მთავრობა შედგება პრემიერისა და მინისტრებისგან. შესაბამისად მთავრობის სათავეშია პრემიერ-მინისტრი.

პარლამეტის წევრად შეიძლება არჩეული იქნას საქართველოს ყველა მოქალაქე 25 წლის ასაკიდან.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ საქართველოს ყველა მოქალაქეს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი