– გამეიარე, გამეიარე, შე გასაწყვეტო! – ეუბნებოდა ახალგაზრდა გამალებული შიშველა ქალი ძლიერ ჩაფიქრებულ პატარა ბავშს.

სანამდი ხიდზე გავიდოდენ, ლევანიკო არაფერს ფიქრობდა. იგი თავმოღერილი მიდიოდა და ამხანაგებს თითქოს თავს აჩვენებდა, აი, მე ქალაქში მივდივარ, თქვენ კი აქედან ფეხს ვერ მოიცვლითო.

გაიარეს ვიწრო შუკა, გადახტენ რამდენჯერმე ღობეზე, საცალფეხო გზით ჩაათავეს ყანები და ფართო შარაგზას შეუდგენ.

 

აქ კი ეოცა ბავშს.

მგზავრი ბევრი იყო; ნაცნობები ძვირად ხვდებოდათ; არც ხარი, არც ბავშები, არც ადგილი და აქა-იქ გაფანტული სახლები, ეზოები არაფერს აგონებდენ ლევანიკოს.

– რავა ყველაფერი ეირია! – ფიქრობდა ბავში თავისთვის. – რა გვინდა ახლა ქალაქში? ბაბაიას ვნახავთ, მარა რატომ ის არ მოდის?..

ყველაფერი კარგად ახსოვდა ბავშს, მაგრამ კავშირს ერთიმეორესთან ვერ ამჩნევდა.

ლევანიკო თავიდან იწყებდა. უამბობდა თავის თავს ყველაფერს დაწვრილებით, მაგრამ რატომ აგრე მოხდა, რატომ აირია ქვეყანა – ვერ შეეგნო და ვერ შეეგნო.

 

უფრო ხშირათ კი ნათლათ და მწყობრათ დაწყებულ ამბავს რაღაცა შეეფეთებოდა, ზოგჯერ სრულიად უმნიშვნელო. ამ უმნიშვნელოს გაყვებოდა მისი აზრი და ფიქრი, და თავის თავზე გულმოსული, რომ ვერაფერი გაეგო, ხელახლა იწყებდა.

ხან ბოლოდან მოყვებოდა, ხან შუა ადგილიდან, მაგრამ ვერ აეხსნა, მაგალითად, რათ მიდიან ის და დედაია, როცა ბაბაიას უფრო ადვილად შეეძლო აქეთ მოსვლა.

ბაბა ათასჯერ წასულა დილით ქუთაისში და საღამოზე ქე ჩამოსულა უკან. ხან ქათმები წაუყვანია, ხან გასაყიდათ ატამი და ქლიავი წაუღია ზურგზე მოკიდებული და დაუღალავად დაბრუნებულა.

დედიას კი ბიცოლამ უთხრა, რა წაგაყვანიებს ძუძუმწოვარა ბავშსო; ჩემზეც უთხრა გაგაწვალებს, დეიღლება და მაგის თრევას რავა მოახერხებო; მარა „ვერ მოგართვეს პატრიჯანი“, დედიაზე უფრო ჩქარა წავალ…

ამ მოსაზრებასთან ლევანიკო ამჩნევდა, რომ დედას ძლიერ ჩამოშორდა და კვინტრიც-ხტუნვით დაეწეოდა.

 

სახლი ქე დავკეტეთ; ლიდიე დედამ აიხუტა; საქონელი ქართაში ჩავყარეთ; ნიკორეი მაინც გამეძღო… გამოჭრილი ჩალა ჩოუყარე, მარა ღორები დაანებებენ? უი, უი, რა ზუილს ატეხს! კაია – ბაბაიი არ გვიყურებს, თვარა აგვიყვანდა ყურით ცაში.

არა, სადაა ბაბაიე?..

ციხეშიო!!.

მეიცა… რავა იყო ახლა ეს საქმე? მაისი იყო, კოხინჯრობა; ძაან ადრე დილაზე ბაბაიამ ნასუქი გოჭი დაკლა… თვითონ გამოკუჭა, გაპუტა და შამფურზე წამოაგო.

წირვის რომ დარეკეს, ორი ქათამი დაკლა. ჩემი ქოჩორა რომ არ მიეყოლებიათ კარგს იზამდენ… ვაი დედა, რა გული დამწყდა!.. ბაბა მერე წირვაზე წევიდა. მე ცეცხლის პირას დამაჯინეს და გოჭი მაბრუნებიეს. რა სუნი ჰქონდა!.. მაინც როცა კანი შეებრაწა და დაუსკდა, მის ჭამას არაფერი ჯობდა…

დედიამ ჭადები დააცხო. ბებიამ ქათმის წვენი გააკეთა და ბოსტნიდან მწვანილი ამეიტანა. ამ დროს ჩვენი მოყვრები მევიდენ – სოფიკე ბიცოლე და სამსონე, ჩემი ნათლიე. ამასობაში ბაბაც ქე დაბრუნდა წირვიდან და ორი უცხო კაცი მეიყვანა. დეიბანეს ხელი, მუუჯდენ სუფრას. მე ქე გამაგდეს, იქით ჭამე ღობის ძირშიო. რატომ ახლა? როცა მარტო ვართ შინ, მეც ქე ვჯდები სუფრაზე, და თუ ვინმე მევიდა – გასწი აქედანო…

რატომ? დედა, რავა ყლაპავდა ღვინოს ნათლია სამსონე!.. ეიღებდა ერთ სავსე ჭიქას – ყლურჭ და ცარიელს ქე გადუგდებდა ვინმეს… მარა ის უცნობიც არ იყო ცუდი ბიჭი… სულ იახშიოლს იძახოდა და ულვაშებს იწმენდდა… „დალიე დამალევიე“-ს იმღეროდა და „ტოლუმბაშო ჩანჩალაო, ღვინო გვასვი ჩქარ-ჩქარაო“… ბაბიეც არ აკლებდა ხელს. სხვა დროს სულ იგინება, მაშინ კი „ჩემო შავტუხა ბიჭოვო“ მიძახდა…

მერე ყველა ადგა, ჯარში წევიდა… დედიამ უმარილი წეისვა, გამოკეტა კარები და ისიც უკან გაყვა სხვებს, რატომ ისობს დედიე, ნეტავი, უმარილს? გავთეთრდებიო თუ? ბაბიე ქე უძახის, ჩემო თეთრო გოგოვო, რძე და ღვინოს გავხარო… კაი ყოფილა, და ეს უმარილი რაღასია? ეჰ, ახლა ამაზე არ ღირს, – დააქნია თავი ბავშმა, თითქოს სურდა ამ ქცევით მოეშორებინა მაბეზარი აზრი…

დედა, რამდენი ხალხი იყო ჯარში! არღანიც ქე იყო, დაირაც, ბუზიკაც. ერთხან ქე ვიტრიალე აქეთ-იქით; მერე ოლღაიამ, მე და ბესიკიამ რიკიტაფელას თამაში დევიწყეთ… შევჯექი ერთი ბესიკიას ზურგზე და ვაძახებ „კვაატელა კვაატელას“. ამ დროს შეიქნა ყვირილი: „კაცი მოკლეს!“ „ვარდენი მოკლეს!“ – „ვინ მოკლა?“ – „ექვთიმიამ მოკლა!“ – მამაშენი ექვთიმე იქნებაო, – მითხრა ოლღაიამ…

რა იცოდა ახლა იმან, თუ კუდიანი არ იყოს?.. ყველა ქალები კუდიანები არიან! მე ახლაც არაფერი გამიგია, ის კი მაშინვე მიხვდა… მივირბინეთ ეზოში… მეშინოდა… ოლღაიე პირველათ შეძვრა – დიდობას ჩემობს, ვითომდა ასე! გადევიხედე ღობეზე: ბაბა ლაფაროში დედიას ურტყამს… კაცები აჩერებენ… ჩევიპარე ჩუმათ…

შუა ეზოში აგდია ვინცხა კაცი. ლევანე ბიძიე და სპირიდონე მედუქნე ეფათურებიან. ახლოს მიველი… „ვაი, მომკლა იმ ოჯახდასაქცევმაო“, – ამბობდა ის კაცი. თელი სახე მოთხუპნული ჰქონდა სისხლით. ჩავაჩერდი… ბიჭო?!.

ჩვენი დიაკონის შვილი! რამ მეიყვანა აქანეი-თქვა, – ვიფიქრე. ამასობაში ბაბაიეს როგორც იყო ხელიდან დედიე გამოართვეს. – „მომჭრა თავი მაგ უნამუსომ, მომაკვლევიეთ, მაგ ოხრის შვილიო“… მერე მამასახლისი მევიდა… ზოგი კი ამართლებდა დედიას: „ქალს რა უნდა ექნა, მაგ უსინდისო დამთვრალა და გამოკიდებია, ახია, რომ მოკვდესო“.

ეს იყო და ეს… ვერაფერი გამიგია.

 

ამ ფიქრებში გართული ბავში შორს ჩამორჩა დედას. რომ დაწეოდა გაიქცა, უეცრათ შეჩერდა, უბეში ხელი ჩაიყო და კმაყოფილებით თქვა: ცოცხალია ჩემი ჩიტუნაია, რა უშავს…

ქალი მაღლა სერზე ასულიყო; ხის ქვეშ იჯდა და ბავშს ძუძუს აწოვებდა; ქალი იშვიათის სილამაზის უნდა ყოფილიყოს, მაგრამ უჯიათ შრომას, ცუდ საზრდოებას, შვილოსნობას და მოუვლელობას უნდა შეელახოს: სახეს ყვითელი ტალი გადაკროდა. ორს ნაოჭს შუა გაეპო შუბლი, მაგრამ ვერაფერს შეეკრთო თითქოს ძაფზე აწყობილი, თეთრი კბილების შუქი, ბეჭის დამბურავი, შავი მოელვარე თმა და მოხდენილი სიკეკლუცე. მწუხარებას დაეთრთვილა თვალები, მაგრამ ვერ წაერთმია სიღრმე და სივსივობა; პირიქით გამომეტყველება აზრით აღევსო.

– ასე უნდა გიცადო, ბიჭო, – შეუწყრა შვილს დედა. – თუ გშია, ჭამე, მერე გზაში არ დამიწყო თხოვა.

– ბავშმა გამოსტაცა დედას ჭადის ნატეხი და ხარბათ და სიამოვნებით დაიწყო ჭამა…

ჩრდილი საგრძნობლად შემრგვალებულიყო; იწყებოდა სიცხე. მწვანეთ მობიბინე ატეხილ ყანებში აქა-იქ მოსჩანდა მმარგვლელების თეთრი პერანგები. ძვირად მოისმოდა ორი-სამი მომღერლის შეწყობილი ხმა.

ყანების კიდეებზე დაბმული ცვარიანი ჩალით გამაძღარი ხარები ახლა უგულოდ ახრამუნებდენ დარჩენილ ღერებს, ან დაწოლილიყვენ, კუდით ზანტათ იგერიებდენ ბუზებს და იცოხნებოდენ…

– ეჰ! ჩვენი მხსნელი და პატრონი სადაა? – სასოწარკვეთილებით წამოიძახა ქალმა, როცა შეხედა ამ გაშლილ თვალუწვდენელ ყანებს, სავსეს მუშაობით და ადამიანის მოვლა-პატრონობით. – მე მთვლის ყველა დამნაშავედ.

ღმერთო, შენა ხარ მოწმე! თვითონ გამომყვა ის საწყალი. უყვარდი კი, მგონია. რაც გავთხოვდი ცხრა წელმა განვლო და ყოველთვის, თუკი იშოვიდა დროს, უსათუოდ მეტყოდა ტკბილ სიტყვას. ყოველთვის ისე შემომყურებდა, თითქოს საჩუქრად ჩემგან ერთ-ორ სიტყვას მოელისო. არ ჩეედგა ფეხი ჩვენს ცოდვაში ბიცოლაჩემს კაი იყო – ექვთიმე სხვა ქალს იშოვიდა; მე და ვარდენი დღესაც ბედნიერი ვიქნებოდით. მწარე ფიქრებმა წაიღეს ქალი… როცა გამოერკვა, საჩქაროდ წამოხტა ფეხზე და თავის პატარა ბიჭს უთხრა:

– გავსწიოთ! გავსწიოთ, თვარა დაგვაგვიანდება!..

 

ქალმა შეისწორა მხარ-თეძოზე გადაგდებული შალი, რომლითაც ძუძუმწოვარა გულზე ჰყავდა მიკრული, პატარა კარანჩხა ხელში დაიკავა… და გზას გაუდგენ.
***

დედაკაცს ძლიერ გაუკვირდა, როცა იგი საერთო ოთახის მაგიერ, სადაც ტუსაღები და მნახველები ერთმანეთიდან ორი მოაჯირით არიან გათიშული, შეიყვანეს ცალკე ოთახში. მართალია, იქაც იყვენ ტუსაღები, მნახველები და ჯარისკაცები, მაგრამ დედაკაცმა არ იცოდა ეს პატივისცემა იყო, თუ რამე სხვას მოასწავებდა. ამიტომ გაფაციცებული, შეშინებული და რაღაც ცუდი ამბის მოლოდინში აქეთ-იქით იცქირებოდა.

როცა შემოიყვანეს ექვთიმიე თეთრ ბლუზა-შარვალში გამოწყობილი, ფეხებში ბორკილგაყრილი, ქალს ქვითინი აუვარდა; პატარა ბიჭი კი გაკვირვებით შეყურებდა მამას, რომელსაც სახე დასწმენდოდა, წვერ-ულვაში კოხტად ჰქონდა შეკრეჭილი და ჯაჭვები ისე შვენოდა და ისე სასიამოვნოდ რაჩხუნობდა, რომ სრულიად არ ამჩნევინებდა ბავშს მათ საშინელ მნიშვნელობას.

– კარგია ახლა, აქ თავი-ტირილი არ გამომიწყო! – წარბშეკვრით უთხრა ტუსაღმა თავის ცოლს და თითქოს ძლიერ დაღალულიაო, ნელა დაეშვა ხის გრძელ სკამზე.

 

ქალი გაჩუმდა. გარეთ გამოსასვლელ ცრემლებს ყლაპავდა მთელი სხეულით და ამიტომ საცოდავად, უხერხულათ იჯდა. ადამიანები ცალ-ცალკე იყვენ. ერთმანეთს არც კი უყურებდენ. ხმას არავინ იღებდა. ტუსაღი წელში მოხრილი, ნიდაყვ მუხლებზე დაბჯენილი, ხელებს ერთმანეთზე უსობდა; ქალი ხან მიაჩერდებოდა ქაღალდებით სავსე, წითელ მაუდიან ფართო სუფრას, ხან ახედავდა დიდ სურათს, რომელიც კედლიდან გადმოყურებდა აქაურობას, უფრო ხშირად კი უსწორებდა დედის მკერდზე მიძინებულ ძუძუმწოვარა ბავშის სახეს.

პატარა ბავში დაკვირვებით ათვალიერებდა ყველას და ყველაფერს, აკვირვებდა მამის ბედნიერება, რომელიც ასე კარგს სახლში იდგა, ასეთი კარგი ტანსაცმელი ჰქონდა და ასეთს ძვირფასს, ბრჭყვიალა, ვერცხლის ჯაჭვებს ატარებდა…

და ვერ გაეგო, რათ ამბობდენ სოფელში – „საწყალი ექვთიმიაო“. რაც უფრო ეჩვეოდა ბავში იქ მდგომ უცხო ხალხს და უნახავ მოწყობილობას, მით უფრო ხშირად იდებდა ხელს უბეში და რაღასაც სინჯავდა. ქალი რამდენჯერმე შემობრუნდა ქმრისაკენ, უნდოდა რაღაცა ეთქვა, მაგრამ ვერ ბედავდა მისსა და ქმარშუა ნისლათ ჩამოწოლილი სიჩუმე გაეფანტა.

– რავაა შენი საქმე? – როგორც იქნა ბოლოს დაბალის ხმით იკითხა ქალმა.

– ამ ერთ კვირაში გაგვაგზავნიან! – ჩავარდნილის ხმით მოკლეთ უპასუხა ტუსაღმა.

ქალმა ახლა ვეღარ მოითმინა, უფრო ძლიერ მოუჭირა ხელი კალთაში მწოლარე ბავშს და ჩუმათ დაიწყო ქვითინი. ცრემლები ბავშს დაეცა, გამოეღვიძა და დაიწყო მანაც ტირილი.

ქალმა მორცხვად ოდნავ გადიხსნა გული, ჩაუდო ბავშს ძუძუ და დაუწყო რწევა.

– შენ ეიღე ჩემი და ბავშების ცოდვა…

– ტყუილია, ღმერთია მოწმე, ექვთიმია, რომ ტყუილია! განგებ ჯარიდან გამოვიპარე, რომ ავშორებოდი, არ შევხვედროდი, გამომეკიდა, მიყვიროდა… თუ დაბარებული მყოლოდეს, ან მდომოდეს შენი მოტყუება, თუ ნამუსზე ხელს ავიღებდი, განა ავაყვირებდი ამდენს ხალხში, რომ შენც გაგეგონა და უკან გამოგვდევნებოდი.

– მე თვითონ ვნახე…

– რა ნახე, რა?! კარებში არ ვიყავი შესული, შენ რომ იმას შუა ეზოში დეეწიე.

– ჰო, კარგი ახლა!..

აქ უცხო ხალხია… შენ ვერ დამაჯერებ…

– სანამ შენ წამოგყვებოდი, კი მინდოდა მისი ცოლობა, მარა მერე ღმერთი იყოს მოწმე, ერთგული ვიყავი…

– იგი მაინც გიყვარდა…

– კი, მარა ნამუსი შევინახე… – სლოკინით უპასუხა ქალმა.

– უ, უ, გიყვარდა! – დააკრაჭუნა კბილი ტუსაღმა.

 

– Господа, пора, время уж прошло! – დაიძახა ახლათ შემოსულმა სამხედრო ტანისამოსში გამოწყობილმა კაცმა. – Еще минут пять, еще минут пять!.. – დაამშვიდა მანვე ტუსაღები, რომელნიც შეიშმუშენ, რადგან რუსულის მცოდნე ჭირისუფლებმა უფრო ხმამაღლა დაიწყეს ტირილი.

დედაკაციც მიხვდა, რომ წასვლის დრო მოახლოვდა. იგი დაიწია კალათისკენ, ამოიღო და უხერხულად გადასცა ექვთიმეს შალის მოყვითანო წინდები.

– ეს დედამ გამოგიგზავნა…

ქმარმა უხმოდ ჩამოართვა.

 

კიდევ უფრო შემკრთალმა ქალმა გადასცა ქმარს მოხარშული ქათამი, ათიოდე კვერცხი და ორი ხაჭაპური.

– შენ რაღა მომიტანე, ბიჭო? – მწარის ღიმილით დაეკითხა მამა პატარა ბავშს. ბავშმა ამოიღო უბიდან დიდი ხნის წინათ ჩადებული ხელი, უფრო მიეკრა მორცხვობით დედას და გაუწოდა…

… ექვთიმია სრულიად არ მოელოდა… დროზე ვერ მიაშველა ხელი და ოთახში იფრთქიალა გრძელკუდა და თეთრ გულმკერდიანმა ჩიტმა… იგი სარკმელს ეცა…

რომ ვერ გაატანა, იქვე ჩამოჯდა თაროზე. თვალი მიავლ-მოავლო, ისევ იფრთქიალა, იჟღივლა და გავარდა გაღებულ კარებში.

ყველას რაღაც სევდა მოაწვა გულზე. თითქოს ამ ჩიტს გაატანეს სალამი უსაზღვრო ქვეყნისადმი. მაგრამ ეს სევდა არ გავდა კრულვითა და წყევლით სავსე წინა წუთის მწუხარებას… არა, იგი რაღაც ლმობიერი და მიმტევებელი იყო.

– Ишь ты, мальчонок пташку отцу принес! – წამოიძახა ზედამხედველმა და ღიმილით შეხედა ბავშს.

 

დამწუხრებულმა ტუსაღებმა და მნახველებმა – ჭირისუფლებმა, ქვასავით გაჩერებულმა ჯარისკაცებმა, ყველამ თანაგრძნობით დაუწყო ყურება ამ ოთხ ადამიანს.

– Теперь уж пора, действительно пора! – შემობრუნდა ისევ წინათ ნამყოფი ადამიანი.

– მომიტევე, ექვთიმია, მომიტევე – დაგღუპე, მარა არ ვარ დამნაშავე! – ტიროდა ქალი, როცა სხვების მიბაძვით ისიც წამოდგა სკამიდან. ერთის ხელით მას ბავში ყავდა გულზე ახუტებული, მეორეთი კი თავსაფრის ყურით იწმენდდა თვალსა და ტუჩებს.

 

– ე, რაც იყო, ღმერთმა მოგიტეოს. ამ ბავშებს მოუარე, ნუ დეიზარებ, მტერსაც თხოვე შემწეობა და მოყვარესაც – არ დაგეძრახება – ობლები გყავს სარჩენი. დედაჩემსაც ნუგეში უთხარი – ცოდვაა დედაბერი.

 

ექვთიმეს თვალზე ცრემლები მოადგა.

– გეიზარდე, ბიჭო, გეიზარდე! – ექვთიმიამ აიყვანა მაღლა თავისი უფროსი ვაჟიშვილი აკოცა და უთხრა: – ეცადე, ბიჭო, დედას დეეხმარე, აი, პატარა დაი გყავს, იმასაც შენ უნდა მოუარო. ნუ ათქმევიებ ქვეყანას – მამაც ოხერი იყო და შვილიც ოხერი გამოუვიდაო.

ამ სიტყვებმა ერთიანად დაადნეს დედაკაცი; როცა ექვთიმიე ძუძუმწოვარას ჰკოცნიდა, ქალი დაიხარა და მოწიწებით კისერში აკოცა.

– არ ვიცოდი, ექვთიმია, თუ ასეთი კაი გულის იყავი. მშვიდობით! მშვიდობით! ვინ იქნება აწი ჩვენი შემწყნარებელი?!

ექვთიმიამ აწია თავი, გადაეხვია თავის ცოლს, აკოცა და თვალთაგან ცრემლები გადმოცვივდა.

– Ну, ну, брат! Чего Бывает! – თავისებურად ამშვიდებდა ზედამხედველი ექვთიმეს და ცდილობდა როგორმე გაეთიშა ცოლ-ქმარი.

 

– მშვიდობით, ცოლო და შვილო! – დაიძახა ექვთიმიამ კარებიდან, როცა იგი ოდნავის ძალის დატანებით გაყავდათ ჯარისკაცებს და ზედამხედველს.

– მშვიდობით! – ტირილ-ყვირილით უპასუხა ქალმა; დაიხარა და მარჯვენა ხელი ძლიერ დაიკრა მუხლზე, რასაც შვრებიან ჩვენში კუბოს უკან მიმავალი ახლობელი ჭირისუფლები.
1912 წ..