სამხრეთ აფრიკის

სამხრეთ აფრიკის

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

ფართობი – 1,2 მლნ კვ. კმ.
მოსახლეობა – 52 მლნ კაცი (2011 წ.)
დედაქალაქი – პრეტორია (ადმინისტრაციული), კეიპტაუნი (საკანონმდებლო), ბლუმფონტეინი (სასამართლო).
ფულადი ერთეული – სამხრეთ აფრიკული რანდი.

გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნება:
სარ-ი აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. მას ფართო გასასვლელი აქვს როგორც ინდოეთის, ასევე ატლანტის ოკეანეში.

სარ-ს განსაკუთრებული ეკონომიკურ-გეოგრაფიული და სტრატეგიული მდებარეობა უკავია სამხრეთ ნახევარსფეროში.

ქვეყანა ალმასის, ოქროს, პლატინის, სურმის, რკინის მადნი, მაგანუმის მარაგითა და მათი მოპოვებით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს იკავებს.

ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი ქათქინ-პიკია (3 659 მ).

უმნიშვნელოვანეს მდინარეებს განეკუთვნება ორანჟი, რომლის სიგრძეც 2200 კმ-ია. აღსანიშნავია ასევე მდინარეები: ლიმპოპო, გრეით-ფიში, თუგელა, გრეით-ქეი.

მოსახლეობა:

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მოსახლეობის რაოდენობით მესამე ქვეყანაა კონტინენტზე. ქვეყნის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ცხოვრობენ ჰოტენტოტები, ბუშმენები და ბანტუს ხალხები.  XVII საუკუნის დასაწყისიდან აქ ჰოლანდიელები და ბრიტანელები გამოჩნდნენ.

სარ-ში მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს 41 კაცს 1 კვ.კმ-ზე.

სარ-ი კონტინენტის ყველაზე მაღალურბანიზებული სახელმწიფოა. ქალაქებში 60,7% ცხოვრობს, მათ შორის, მთელი “თეთრი” მოსახლეობის 85-87%.

სახელმწიფო წყობილება:

სამხრეთ აფრიკის კავშირი 1910 წლის 31 მაისს ორი ბრიტანული კოლონიისა და ბურების ორი სახელმწიფოს გაერთიანების შედეგად ბრიტანეთის დომინიონის სტატუსით შეიქმნა.

გასული საუკუნის 40-იან წლებში სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების სათავეში ეროვნული პარტია მოვიდა, რომელიც ძირითადად აპარტეიდის პოლიტიკას ატარებდა. 1961 წელს სამხრეთ აფრიკის კავშირი რესპუბლიკა გახდა და მთავრობის პოლიტიკური კურსის გამო თანამეგობრობა დატოვა.

1994 წელს ქვეყანაში არარასობრივი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა; შეიცვალა ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობაც: აღდგა მისი ადგილი თანამეგობრობაში.

ქვეყანაში 1996 წელს მიღებული კონსტიტუცია მოქმედებს. სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, რომელსაც ეროვნულ ასამბლეაზე ხუთი წლის ვადით ირჩევენ. 1994 წელს ქვეყნის პირველი არარასობრივი არჩევნების შედეგად სარ-ის პრეზიდენტი ნელსონ მანდელა გახდა.

ქვეყნის უმაღლესი ორგანოა პარლამენტი, რომელსაც 5 წლის ვადით ირჩევენ.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის შენობა კეიპტაუნში, ხოლო სამთავრობო რეზიდენცია პრეტორიაში მდებარეობს.

ეკონომიკა:

თანამედროვე ეკონომიკური მდგომარეობით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აფრიკის კონტინენტის ყველაზე განვითარებული სახელმწიფოა. ეკონომიკური პოტენციალით ქვეყანა კონტინენტზე პირველია და მასზე მთელი კონტინენტის სამრეწველო წარმოების 40% მოდის.

ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს უცხოური კაპიტალი, სადაც აღსანიშნავია ბრიტანული, ამერიკული, გერმანული და იაპონური პოზიციები.

მშპ-ის საერთო მოცულობით სარ-ი 28-ე ქვეყანაა მსოფლიოში და პირველი აფრიკის კონტინენტზე. მშპ-ის უდიდედი ნაწილს (66%) მომსახურების სფერო ქმნის.

პრეტორია:

პრეტორია ქვეყნის ერთ-ერთი დედაქალაქია და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. აპისზე, ზ. დ-დან 1200 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქი 1855 წელს პოლიტიკოსმა მარტინუს პრეტორიუსმა დაარსა. 1910 წლიდან კი ქვეყნის დედაქალაქია.

ქალაქის ისტორიულ ცენტრად ქერქპლათსი მიიჩნევა. აქ მდებარეობს სახელისუფლო ორგანოები, მათ შორის პრეზიდენტის რეზიდენცია.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი