hfuuinlfsussddsfფრიდონისაგან წამოსულნი “იგი ლომნი, იგი მზენი” ჯერ დევთა გამოქვაბულისაკენ გაემართნენ, საცა ტარიელს დაედო ბინა. ტახტრევანით თან მოჰყავდათ პირმზე ასული, მჭვრეტელთ რომ მისი სიტურფე ჟრუანტელსა ჰგვრიდა:

“ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი,
მუნ ბადახშსა აშვენებდეს სინატიფე-სინაზენი.”

უგზო გზით მიდიოდნენ და ტყე-ველს მხეცთა სისხლით რწყავდნენ. როცა მოშენებულ მიდამოებში უხდებოდათ გავლა, მცხოვრებნი წინ ეგებებოდნენ, ძღვენსა სძღვნიდნენ და ხოტბას ასხამდნენ, მათი უებრო მშვენების ხილვით გახარებულნი: “მას ჰგვანდეს, თუცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა”.
ტკბილ საუბარში, ლაღობა-მხიარულებაში მრავალი დღე გაილია და, აი, იმ უდაბურ, ვრცელ მინდვრებს წაადგნენ, მათ მიღმა რომ დევთა გამოქვაბული იყო. დღეს თქვენი მასპინძლობა მე მმართებსო, თქვა ტარიელმა, სულ მალე იქ ვიქნებით, საცა გულგაშმაგებული იმდენ ხანს ვყოფილვარ, ერთი მივიდეთ და თქვენი მოსაწონი ძღვენი გიძღვნათ, ტურფა და ნაირფერი განძი მოგართვათო.
მივიდნენ და გამოქვაბულში დაისადგურეს. ასმათი ირმის ხმელი ხორცით გაუმასპინძლდათ. მხიარულობდნენ, ერთურთს მეგობრულად ეხუმრებოდნენ, ღმერთს ჰმადლობდნენ, რომ საქმე კარგად მიუდიდოდათ, ჭირი ლხინად შეეცვალათ. მერე საგანძურები მოინახულეს, ტარიელის ბეჭდით დაბეჭდილნი.
განძეულობა იმდენი იყო, ანგარიში არ ეგებოდა. ყველა შესაფერისად დააჯილდოვა, უხვი საბოძვარით აავსო, გულნაკლული არავინ დაუტოვებია, მაგრამ აურაცხელ საუნჯეს მაინც არა დასტყობია რა, გეგონებოდა, ხელიც არ უხლიათო. მერე ტარიელმა ფრიდონს უთხრა: შენს ამაგს, არ ვიცი, რანაირად გადავიხდიო, მაგრამ თქმულა, “კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების”. ახლა, რაც რამ აქ საუნჯე ძევს, შენი წილხვედრია და წაიღე, ერთობ შენი იყოსო.
ფრიდონმა მოწიწებით თაყვანი სცა და უსაზომო მადლი მოახსენა, თან უსაყვედურა კიდეც, ისეთი რა ამაგი მიმიძღვის, აგრე რომ აზვიადებო:

“მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი?
მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი,
ჩემი ლხინი მუნამდის ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!”

ფრიდონმა მულღაზანზარს კაცნი გაგზავნა, რომ საუნჯის წასაღებად აქლემები მოერეკათ, თავად კი ძმობილთ არაბეთს გაჰყვა. ავთანდილს მოსვენება დაეკარგა და გაფითრებულიყო, მიდიოდა “გალეული შესაყრელად მთვარე მზისად.”
დიდხანს იარეს და არაბეთის საზღვარს მიადგნენ. ხშირი ქვეყანა იყო, სოფლები და ციხე-ქალაქნი ერთმანეთზედ მიყოლებით ხვდებოდათ. ტანთ ერთობ ძაძა ემოსათ, “ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები”, მის დაკარგვას გლოვობდნენ. ტარიელმა როსტევანს მოციქული აახლა და შეუთვალა:
– ხელმწიფეო, ამას მე, ინდოთა მეფე, მოწიწებით მოგახსენებ: თქვენი სასახლისაკენ კეთილი სურვილით აღსავსე მოვეშურები, მოვალ და “გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა”.
თქვენს მიწა-წყალზედ უწინაც ვყოფილვარ, მაშინ ეს იწყინეთ და ავად მომექეცით, შესაპყრობად ლაშქარი მომისიეთ. მახსოვს, მეომრები მრავლად დაგიხოცეთ. ახლა ინდოეთს მიმავალს გზიდან აქეთ გადმომიხვევია და თქვენ წინაშე იმის სათხოვნელად მოვდივარ, შემინდოთ, რაც შეგცოდეთ, წყრომა მაკმაროთ. სხვა ძღვენი არა მაქვს რა, ფრიდონი და მისი მყმენი მემოწმებიან, “ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია”.
როსტევან მეფეს რომ მახარობელი მოუვიდა, ენა ვერ იტყვის, რარიგ გაიხარა. თინათინს ხომ ღაწვებზედ შუქ-ელვარება ერთისამად მოემატა, “ბროლსა და ლალსა იშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა”.
ლაშქრის შესაკრებლად დოლს დაჰკრეს და შეიქნა ერთი თქარა-თქური, გაჩქარებულნი აქეთ-იქით მიმორბოდნენ, ცხენებს კაზმავდნენ, “შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ, გულ-მაგრებისა”.
მეფე შეჯდა და მთელი ლაშქრითურთ მათ მისაგებებლად გაემართა. მოდიოდნენ და მოდიოდნენ ყოველი მხრიდან, ვისაც კი ესმა, შინ აღარავინ ჩერდებოდა. ყველა ღმერთს ჰმადლობდა, ხმამაღლა შეჰღაღადებდა: “ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია შენთვის მზანი!”
თვალსაწიერზედ რომ დაახლოვდნენ, ავთანდილმა დარცხვენით უთხრა ტარიელს: ხედავ, აიმ მინდორს მტვრის კორიანტელი რომ ასდის, ისინი მოდიანო და “ამისთვის ვიწვი, სახმილი გულსა ეცხელა, ებავთა”. ჩემი გამზრდელი ხელმწიფე შესახვედრად მოეშურება, ვერა, მე მასთან ვერ მივალ, რა პირით ვეჩვენო, ძეხორციელი ჩემებრ რომ სხვა არავინ შერცხვენილაო.
თავად იცით, შენ და ფრიდონი თუ რამეს მიშველითო. ტარიელმა ხელმწიფის წინაშე მოკრძალება მოუწონდა და უთხრა: მე მივალ და ვეტყვი როსტევანს, როგორ იმალებიო, მგონია, ღვთის წყალობით “ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა”, შენ აქ დარჩი და დამელოდეო.

“მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი,
ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი,
მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არავი.”

ტარიელს ფრიდონი წაჰყვა და წავიდნენ. კარგა ხანი დასჭირდათ, ვრცელი ველი რომ გაელიათ და მათ შეხვედროდნენ. როსტევანმა შენიშნა, ტარიელი მისკენ მარტო მიდიოდა, მოხდენილად მიირხეოდა მერანზედ ამხედრებული.
არაბეთის მხცოვანი ხელმწიფე ინდოთა ჭაბუკ მეფეს მამასავით მოწიწებით მოეგება, “გარდახდა და თაყვანის-სცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა”, ტკბილად მიუალერსა, გადაკოცნა, უძლეველი მკლავი დაულოცა და ხოტბა შეასხა: შენ მზე ხარო მანათობელი და, ვისაც შენი შუქი მოაკლდება, დღე ღამედ შეეცვლებაო.
ტარიელმაც თაყვანი სცა და ეამბორა, გულითადი ქება უძღვნა. ხელმწიფე შეცბა და შეწუხდა, აქაოდა მაგ ქების რა ღირსი ვარო. მერე ფრიდონიც ეახლა და მდაბლად მიესალმა “მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა”. როსტევანი თვალს ვერ აშორებდა ტარიელს, მისი მშვენებით განცვიფრებული და მოხიბლული.
– მეფეო, ესოდენ სიკეთეს, ნეტავი, რას ხედავთ ჩემში, – უთხრა მას ტარიელმა, – მიკვირს, რახან ავთანდილი თქვენია, “სხვა რად ვინ მოგეწონების?” ნუ გაიოცებთ, იგი რომ თქვენს ნახვას აყოვნებს. მოდით, ამ საამოდ ამწვანებულ კორდზედ დავსდეთ და მოგახსენებთ, თან რად ვერ მოგვიყვანია. ოღონდ ერთსა გთხოვთ, სიტყვა მიბოძოთ არ გაწყრებით.

“დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა,
ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა,
ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა-ქცევისა და ზმისა,
დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა.”

– მეფეო, საამისოდ თავი მემცრობა, მაგრამ გავკადნიერდები და მაინც მოგახსენებთ, რასაც იგი გევედრებათ, “რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად, ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად”. ავთანდილი თავგანწირვით ეცადა და წყლულზედ წამალი დამადო, დაივიწყა, რომ თვითონაც ჩემნაირი სატანჯველით იტანჯებოდა.
ბევრი ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ, პირდაპირ ვიტყვი: მათ ერთმანეთი უყვართ, თქვენს ასულსა და თქვენსავე ავთანდილს. საბრალო ჭაბუკი ამაზედ ტირის და ფერი გაკრთომია. ახლა თქვენ წინაშე მოციქულად მოვსულვართ და ხვეწნა-მუდარით ორივე ამასა გთხოვთ, “ნუღარ აწვევ იმათ ალსა, რომე მისცე ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა.”
რა ეს თქვა, ხელმანდილი ამოიღო, ყელზედ მოინასკვა და მოწიწებით მუხლი მოუყარა. ყველა გაკვირვებული შესცქეროდა ჭაბუკს. მეფემ რომ ტარიელი მორჩილად დაჩოქილი დაიანახა, შეძრწუნდა, შორს უკან დაიწია და თაყვანი სცა, “ქვე მიწამდის დაუვარდა”, მერე უთხრა:
– ხელმწიფეო, თქვენ რომ ჩემ წინაშე თავი აგრე დაიმდაბლეთ, ამან სიხარული ერთობ გამიქრო და თქვენი ნახვა ჩამადარდა, როგორ იქნება თქვენ რასაც მოიწადინებთ, ვინმემ გაგაწბილოთ! დატყვევებას ან თვით მოკვლასაც რომ უპირებდეთ, უარს არც მაშინ გეტყოდით და ჩემს ერთადერთ ასულს მოგგვრიდით უცრემლოდ, დაუნანებლად.
თუნდ გეთქვათ, ვიღაც მონას შერთეო, უკან ამაზედაც არ დავიხევდი, “ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვით მოგმდურდა!” ავთანდილის უკეთეს სიძეს ხომ, აბა, სად ვნახავ, თავადაც “სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცათამდისცა აღ-ცა-ფრინდეს!”
მოგეხსენებათ, მეფობა ჩემს ასულს შეჰფეროდა, მივეცი და აქვს კიდევაც, “ვარდი ახლად იფურჩქნების, მე ყვავილი დამებერა”, და როგორ შევკადრებ დავუშალო, რახან თვითონ კმაყოფილია ბედისა, მეტადრე, როცა მის არჩევანზედ მეც გული მიმერჩის:

“თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა?
დია, ღმერთო, წინაშე ვარ ესე ჩემგან დადასტურდა!”

რა ტარიელმა ხელმწიფის ნათქვამი მოისმინა, მოწიწებით თავი მიწამდე დახარა და მდაბლად მადლი მოახსენა. როსტევანი მიუახლოვდა და თავადაც თაყვანი სცა. ორივეს გული სიამით ავსებოდა.
ფრიდონი შეჯდა და ავთანდილის მახარობლად გაეშურა, ესოდენ “დიდი სიხარული გაეხარნეს მასცა განა!” წამოუძღვა და მოიყვანა. როსტევანი ადგა და წინ მიეგება. დარცხვენილ ჭაბუკს ფერი გაკრთომოდა, “შუქი ბნელად მოევანა”, ცხენიდან ჩამოხტა, მეფეს თვალს ვერ უსწორებდა, პირისახეს ხელმანდილით იფარავდა:

“მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა,
მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაფარვიდა?!”

როსტევანს უნდოდა გადაეკოცნა, ავთანდილი კი მუხლებზედ ეხვეოდა, “შუქნი ქვე დაუფენიან”. ვხედავ მაგ მოკრძალებასა და თავაზიანობასო, ალერსით უთხრა ხელმწიფემ, ისიც ვიცი, რაოდენი სიკეთე და სიმამაცე გამოგიჩენია, რაღად მერიდები, ნუ გრცხვენიაო ჩემი. ჭაბუკი წამოაყენა და:

“მოეხვია, გარდუკოცნა მან პირისა არე-მარე:
დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრამ წყალი არე მარე,
ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არემა-რე,
გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკე არე მარე!”

მეფემ სანატრელი მოყმე გვერდით დაისვა, სიამით შესცქეროდა, ტკბილად ებაასებოდა, ყელზედ ეხვეოდა, ჰკოცნიდა. მოყმემ მოახსენა: ხელმწიფეო, მიკვირს, რად აგვიანებთ ტარიელის მზეთამზის ნახვას?! ნეტავი იმ ბედნიერ ჟამს თქვენ რომ იმას მხიარული მიეგებებით და “სახლსა თქვენსა მოიყვანებ, შემოიმოს შუქთა მისთა, გარე ნათლად მოივანებ!”
შესხდნენ და მიეგებნენ. როსტევანი ცხენიდან ჩამოვიდა და ქალს შორით მიესალმა, ახლოს მისვლა ვერ მოეხერხებინა. ქალი თავად მოეგება მხცოვან მეფეს და ეამბორა. განცვიფრებულმა ხელმწიფემ ხოტბა შეასხა.

“ეტყვის: `მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო,
შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო,
მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო!
თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო.”

ნესტანის მშვენებას ყველა გაეკვირვებინა, მზისაებრ ბრწყინავდა, თვალს ვერავინ უსწორებდა. გზად საცა კი შენიშნეს, მოდიოდნენ და მოდიოდნენ მნახველები, შესტფოდნენ და შეჰხაროდნენ, მისი უებრო სიტურფით დამწვარ-დადაგულნი, ქება-დიდებით ამკობდნენ, “ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად.”
მალე როსტევანის სასახლეს მიადგნენ. აღარ დაახანეს, შევიდნენ და თინათინი მოინახულეს, “მჭვრეტთ მიმცემი ჭირისა”, მათი გულის დამადნობელი და გამგმირავი. სკიპტროსან-გვირგვინოსანს ძოწეული სამეფო სამოსი ჰშვენოდა, მოსულთ “პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა”. ტარიელი და ნესტანი მოწიწებით მიესალმნენ, აკოცეს და ტკბილი ბაასი გაუბეს.

“იგი სახლი განანათლეს, არ ნათელი შეაღამეს,
ბროლ-ბადახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.”

თინათინმა მათ სამეფო ტახტზედ დაბრძანება შესთავაზა. მაშინ ტარიელმა უთხრა: არა, თავად უნდა დაბრძანდე, ღმერთს ასე სწადიაო, ყველა სხვა დღეზე უფრო მეტად სწორედ დღეს შეგშვენის, რომ შენი ტახტი შენვე გეპყრას, “მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ, მზესა მზეთასა”.
ორივეს ხელი მოჰკიდა და თინათინი თავის ტახტზედ დასვეს, გვერდით ავთანდილი დაუსვეს, მისი სანატრელი გულისსწორი. უკეთეს სანახავს კაცის თვალი რას ნახავდა, “ნუ ეჭვ მიჯნურთა მათებრთა ნუცა თუ რამინს და ვისაა!” ქალს ფერი გაუკრთა და გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო.
მამამ მიუალერსა და გაამხნევა: რად დაირცხვინე, სიყვარული ხომ ბრძენთ დაუწესებიათ და მათვე უთქვამთ “ბოლოდ მისი არ-წახდომა”, კეთილად დაგვირგვინებაო.

“აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა,
სვე-სვიანობა, დიდობა, კვლა ჭირთა გარდუხდელობა!
ცა-მცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა!
და თქვენით ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!”

მერე ხელმწიფემ ლაშქარს გამოუცხადა: ღვთის ნებით ახლა თქვენი მეფე ავთანდილია, ამიერიდან: “დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე – სიბერე ვითა სნება”, მიბრძანებია თაყვანი ეცით და, როგორც ჩემთვის გიმსახურიათ, მასაც ისე ემსახურეთო.
ლაშქარმა და დიდებულებმა ქედი მოიდრიკეს და მოწიწებით თაყვანი სცეს ავთანდილს, მერე როსტევანის წინ აღთქმა დადეს: ვინც შენ პატრონად და ჭირისუფლად დასვი, მისი ფერხთა მტვერი ვიქნებითო, მორჩილნი წყალობით აგვავსოს და ურჩთ სიცოცხლე მოგვისწრაფოსო, “მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს.”
ტარიელმა ავთანდილსა და თინათინს ხოტბა შეასხა და აღუთქვა: არასდროს გიმტყუვნებთ, ჩემი იმედი მუდამ გქონდეთ, თქვენს ორგულსა და მოღალატეს სიფლიდეს შევანანებო. მერე თინათინს უთხრა: “შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება, ქმარი შენი ძმაა ჩემი, მწადს ეგრევე შენი დება”, ავთანდილი ჩემი ძმა არის და მწადია შენ დად მყავდეო. ბედნიერი დღე გაუთენდა ავთანდილს:

“იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიჰხვდა, ვითა ღირს-ა.
მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.”

წყარო 

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]