რუკა

რუკა

გეოგრაფიული რუკა დედამიწის მთელი ზედაპირის ან მისი ცალკეული ნაწილების შემცირებული და განზოგადებული, სიბრტყეზე შესრულებული გამოსახულებაა განსაზღვრული კარტოგრაფიული პროექციით, გრადუსთა ბადით, მასშტაბითა და პირობითი ნიშნებით.რადგან დედამიწა სფეროა, მისი სიბრტყეზე გადმოტანისას წარმოიქმნება უზუსტობები, ზოგი ადგილი მახინჯდება. დედამიწა ზედაპირის სიბრტყეზე გადმოტანის საშუალებას კარტოგრაფიული პროექცია ეწოდება.

რა არის მასშტაბი?

მასშტაბი გვიჩვენებს, სინამდვილეში არსებულთან შედარებით რამდენჯერაა შემცირებული რუკაზე გამოსახული ტერიტორიის ფართობი. რაც უფრო დიდ ტერიტორიას გამოვსახავთ, მით უფრო წვრილია მასშტაბი.
რუკებს თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ 1 : 10000 მასშტაბიან რუკაზე ასახულია დასახლებული პუნქტის მხოლოდ ცალკეული ნაგებობა, 1 : 50 000-მასშტაბიან რუკაზე კი – კვარტლები. 1 : 1 000 000-მასშტაბიან რუკაზე იგივე დასახლებული პუნქტი მხოლოდ პუნსონით იქნება ნაჩვენები.

მასშტაბი სამი სახისაა: რიცხვითი, ხაზოვანი და სახელდებული (სიტყვიერი). გეოგრაფიულ რუკებზე სამივე სახის მასშტაბს გამოსახავენ.
რიცხვითი მასშტაბი წილადის ან შეფარდების სახით გამოისახება. მაგ. 1 : 100 000 ან 1/100 000.
სახელდებული მასშტაბი სიტყვებით იწერება: 1 სანტიმეტრში 1 კილომეტრი, ან სმ-ში 1 კმ.
ხაზოვანი მასშტაბი ნახაზის სახით გამოისახება. იგი გამოსაყენებლად ყველაზე მოსახერხებელია. მისი საშუალებით მანძილს უფრო ზუსტად ზომავენ.

მასშტაბი

მასშტაბი

თუ რუკაზე ორ ქალაქს შორის მანძილი 7 სმ-ია, ხოლო რუკის მასშტაბია 1 : 500 000, სინამშვილეში ეს მანძილი ტოლი იქნება 7 სმ x 500 000= 3 500 000 სმ-ის, ე.ი. 35 კმ-ის.

რუკასა და გეგმაზე მდინარეთა სიგრძეების, სახელმწიფოთა საზღვრების ან სხვა კლაკნილი ხაზების სიგრძეების გასაზომად საზომი ფარგალი ან კურვიმეტრი გამოიყენება.

=> საინტერესოა: ზოგადი გეოგრაფია

რუკების შესახებ:

რუკები მრავალფეროვანია. მათ სამი ძირითადი ნიშნის მიხედვით ყოფენ: მასშტაბის, თემის ე.ი. შინაარსისა და დანიშნულების მიხედვით.

ზოგადგეოგრაფიულ რუკებზე დაახლოებით ერთნაირად გამოისახება ადგილის ძირითადი ბუნებრივი და სხვა მახასიათებლები: რელიეფი, მდინარეები, ტბები, მცენარეული საფარი, დასახლებული პუნქტები, საზღვრები და ა.შ. მათ მიეკუთვნება ტოპოგრაფიული რუკებიც, რომლებზეც ტერიტორიები კიდევ უფრო დაწვრილებითაა ნაჩვენები.

თემატურ რუკებზე მხოლოდ კონკრეტული ინფორმაციაა მოცემული. მათზე ასახულია დედამიწის ან მისი ცალკეული რეგიონის ბუნებრივი გარემოს რომელიმე კომპონენტი ან რომელიმე სხვა მახასიათებელი.

რუკა ხუთი ძირითადი ელემენტისგან შედგება: დასახელება, მიმართულება, მასშტაბი, გრადუსთა ბადე და ლეგენდა.

=> საინტერესოა: გეოგრაფიის კვლევის მეთოდები

რა არის რუკის ლეგენდა?

რუკასა და გეგმაზე სხვადასხვა ობიექტი ან მოვლენა შესაბამისი პირობითი ნიშნებით გამოისახება. მათი მნიშვნელობები რუკის რომელიმე კუთხეში ლეგენდის სახითაა განმარტებული. ლეგენდა რუკის წასაკითხი “გასაღებია”.
რუკის ლეგენდა ფერებისა და სხვადასხვა სიმბოლოსაგან შედგება და რუკის შინაარსის წაკითხვაში გვეხმარება.

გრადუსთა ბადე და გეოგრაფიული კოორდინატები:

გრადუსთა ბადე მერიდიანებისა და პარალელებისგან შექმნილი ქსელია, რომელიც რუკასა და გლობუსზე გეოგრაფიული ობიექტის ადგილმდებარეობის დადგენაში გვეხმარება.

პოლუსებიდან თანაბრად დაშორებული ყველაზე გრძელი წარმოსახვითი წრეხაზი ეკვატორია.

0º და 180°-იანი მერიდიანები დედამიწის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროებად ყოფს, ეკვატორი კი – ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებად.

პარალელები დედამიწის ქამრების მსგავსად არტყია გარს. ისინი ეკვატორის პარალელური, მისგან ჩრდილოეთით და სამხრეთით გავლებული წარმოსახვითი წრეხაზებია. ყველაზე გრძელი პარალელი ეკვატორია, ყველაზე მოკლე კი პოლუსებთან ახლოს გადის.

პოლუსების შემაერთებელ წარმოსახვით წრეხაზებს მერიდიანები ეწოდება. ისინი თანაბარი სიგრძისაა. ნულოვანი ანუ საწყისი მერიდიანი ლონდონის მახლობლად, გრინვიჩზე გადის. პარალელები დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებას გვიჩვენებენ, მერიდიანები კი – ჩრდილოეთ-სამხრეთისას.

გეოგრაფიული განედი გრადუსობით ათვლილი მანძილია ეკვატორიდან ჩრდილოეთით ან სამხრეთით. მისი სიდიდე 0-დან 90 გრადუსამდე იცვლება. გეოგრაფიული განედი ორია – ჩრდილოეთი (ჩ.გ) და სამხრეთი (ს.გ).

გეოგრაფიული გრძედი გრადუსობით ათვლილი მანძილია ნულოვანი მერიდიანიდან დასავლეთით და აღმოსავლეთით. მისი სიდიდე 0-დან 180 გრადუსამდე იცვლება. გეოგრაფიული გრძედი ორია – დასავლეთი (დ.გ) და აღმოსავლეთი (ა.გ).

როგორ განვსაზღვროთ გეოგრაფიული კოორდინატები?

თუ გვსურს, განვსაზღვროთ, დედამიწის რომელ წერტილში ვიმყოფებით, ამისათვის აუცილებლად უნდა ვიცოდეთ იმ ადგილის გეოგრაფიული კოორდინატები. წერილის გეოგრაფიული კოორდინატები გეოგრაფიული გრძედისა და განედი გადაკვეთის წერტილია.

GPS (Global Positioning Sistem) 24 სატელიტისგან შემდგარი სისტემაა, რისი დახმარებითაც შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია, თუ რომელ გრძედზე, განედზე და რა სიმაღლეზე ვიმყოფებით.

=> გამოსაცადეთ საკუთარი ცოდნა გეოგრაფიის ტესტებით

რა არის აბსოლუტური სიმაღლე?

აბსოლუტური სიმაღლე — დედამიწის ზედაპირის რომელიმე წერტილის სიმაღლე, რომელიც აითვლება ოკეანის ან მასთან შეერთებული ზღვის ძირითადი დონებრივი ზედაპირიდან შვეული ხაზის მიმართულებით. ოკეანეებისა და ზღვების დონეთა ცვალებადობის გამო სიმაღლე აითვლება ოკეანის ან ზღვის დონებრივი ზედაპირის ფიქსირებული სიმაღლის ნიშნიდან. შეფარდებითი სიმაღლე კი აითვლება გარემომცველი ზედაპირიდან.

გეოგრაფიული ინფრომაცია:

უმუშევრობის დონე

უმუშევრობის დონე

გეოგრაფიული ინფორმაცია რიცხვენისა და საზომი ერთეულების, ასევე გრაფიკებისა და დიაგრამების საშუალებით შეიძლება გამოისახოს, ამა თუ იმ მოვლენის დროში ცვლილების გამოსახატავად გრაფიკებსა და დიაგრამებს იყენებენ.

გრაფიკის აბსიცათა ღერძზე ქვეყნებია აღნიშნული, ხოლო ორდინატთა ღერძზე – ესა თუ ის სიდიდე.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.
2. ქართული ვიკიპედია

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]