როსტევანისა და ავთანდილის ნადირობა

როსტევანისა და ავთანდილის ნადირობა

ადრე დილით მოვიდა სასახლეში ავთანდილი, „იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადიხშოსანი“, ოქრომკერდით ნაქარგი მოსახვევი მოეხვია, წელი ხმლით დაემშვენებინა, თეთრ ტაიჭზე ამხედრებული მეფეს ელოდებოდა. როსტევანი მოიკაზმა, ცხენზე შეჯდა და გამოვიდა. სანადიროდ გაეშურნენ.
ურიცხვ ლაშქარს ველი დაეფარა, ზეიმობდნენ, ჟრიამულობდნენ. ვრცელ მინდორს ირგვლივ შემორტყმოდნენ. ხელმწიფემ თორმეტი რჩეული მშვილდოსანი იხმო და უბრძანა: თან გამოგვყევით და “მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა“, ნასროლი დათვალეთ და ნაკრავი შეადარეთო. მონადირეებმა ნადირი მორეკეს, მინდორს ყოველი მხრიდან უთვალავ ჯოგად მოაწყდა:

„ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკა მაღლა მხტომელი.
მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!
აჰა, მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!“

როსტევანი და ავთანდილი მარჯვედ დაერივნენ ნადირს და მუსრს ავლებდნენ. მათგან დაჭრილი მხეცი წინ ერ ნაბიჯსაც ვერ დგამდა. ველი წითლად შეეღებათ, თავადაც ნადირთა სისხლში მოსვრილიყვნენ. მათი ცხენების ნატერფალთაგან ამდგარი მტვრის კორიანტელი მზეს აბნელებდა. ავთანდილის ახოვანებით მოხიბლული მჭვრეტელნი ჭაბუკს „ალვას, ედემის ხეს“ ამსგავსებდნენ.
ასე გალიეს ვრცელი მინდორი, შეუსვენებლივ გადაიჯირითეს, მინდვრის ბოლოს მდინარე დიოდა, მის ნაპირას კლდეები ამართულიყო. ნადირთა ჯოგი მახლობელ ტყეში გაუჩინარდა, სადაც ცხენი ვერც გაივლიდა.
როსტევანი და ავთანდილი უკან გამობრუნდნენ დაღლილ-დაქანცულნი, „იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია“. მეგობრულად ოხუნჯობდნენ, მე გაჯობეო, ერთმანეთს სიცილით აჯავრებდნენ. მერე, როცა მშვილდოსანნი წამოეწივნენ, მეფემ მათ უბრძანა, ყოველივე მართალი გვითხარით, ხათრით ნურაფერს დაგვიმალავთო, მათ მოახსენეს:
– ახლავე რომ დაგვხოცო, მაინც ვერ გეტყვით, რომ თქვენი მშვილდოსნობა, ხელმწიფეო, მაგისას შეედრებოდეს. ავთანდილის დაკოდილ მხეცთაგან ერთიც ვერ ვნახეთ, რომ წინ ნაბიჯი წაედგას. ერთად ორივეს ასჯერ ოცი დაგიხოცავთ, ოღონდ ავთანდილს ოცით მეტი მოუკლავს: რამდენიც შეუტყორცნია, ერთიც არ აუცდენია, თქვენი ისრები კი მრავლად დაგვიწმენდია, მიწით მოსვრილი.

„მეფესა ესე ამბავი უჩნს, ვითა მღერა ნარდისა,
უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,
აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა,
სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა.

იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა.
ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა.
ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა.
თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა."

დიდი ხნით ჩრდილში შეისვენეს. ლაშქარმაც იქ იწყო მოდენა, ბზის უმეტესი შეიკრიბა. მხიარულად ერთობოდნენ, ტყისა და მდინარის ჭვრეტით ტკბებოდნენ.

წყარო: http://www.aura.ge/103-sabavshvo/1691-shota-rustaveli–vefxistkaosani-shinaarsi.html

თქვენი online რეპეტიტორი