როგორ გამოითვლება საგრანტო, საკონკურსო და სკალირებული ქულა?

როგორ გამოითვლება საგრანტო, საკონკურსო და სკალირებული ქულა?

ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტისათვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობის არა უმეტეს 2%-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, ან ნაცვალგების პრინციპით.

აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსების წესი:

აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა ყველა გამოცდის (3 სავალდებულო და  ერთ-ერთი არჩევითი საგნის) შედეგის მიხედვით.

აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საგრანტო(აბსოლუტური) ქულის დადგენის წესი:

სახელმწიფოს მიერ აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის 7% თანაბრად განაწილდება ყოველ არჩევით საგანზე (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია – თითოეულზე 1%). დარჩენილი 93%  – პროპორციულად განაწილდება კონკურსის შესაბამისად, ანუ იმის მიხედვით, თუ რამდენი აბიტურიენტი აირჩევს ამა თუ იმ არჩევით გამოცდას.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის საგამოცდო საგანს აქვს თავისი წონა
(ზოგადი უნარების გამოცდას – 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანს – 1).
თითოეულ გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის წონაზედა მიღებული
ქულები ჯამდება.

მაგალითად: თუ აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 169,1, ზოგად უნარებში _ 165,7, უცხოურ ენაში _ 164,8 და მათემატიკაში _ 164,0 ქულა, მისი საგრანტო (აბსოლუტური) ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: 169,1 + 165,7X1,5 + 164,8 + 164,0= 746,45. მიღებული ჯამი მრავლდება 10–ზე, ანუ აბსოლუტური საგრანტო ქულა იქნება 746,45X10= 7464,5
სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტისათვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობა განაწილდება შემდეგი პრინციპით:
სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა მოხდება არა ერთიანი რეიტინგული სიის მიხედვით, არამედ ყოველი არჩევითი საგნისათვის (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) შედგება საგრანტო (აბსოლუტურ) ქულაზე დაფუძნებული რეიტინგული სია და კონკრეტული არჩევითი საგნისათვის გამოყოფილი თანხა ამ რეიტინგული სიის მიხედვით განაწილდება.

მაგალითად: სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს ყველა ის აბიტურიენტი, რომელმაც ჩააბარა მათემატიკა, ზუსტად ასევე ერთმანეთს შეეჯიბრებიან აბიტურიენტები, რომლებმაც ჩააბარეს ქიმია, ან ლიტერატურა და ა. შ.
თუ აბიტურიენტი ჩააბარებს რამდენიმე არჩევით საგანს, ის სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს სავალდებულო საგნის გამოცდებისა და იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგად მიღებული სკალირებული ქულების საფუძველზე, რომლითაც ის მიიღებს სწავლის გაგრძელების უფლებას კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
თუ აბიტურიენტი ჩააბარებს საგანმანათლებლო პროგრამის მიერ მოთხოვნილ ორ ან მეტ არჩევით გამოცდას, ის დაფინანსების კონკურსში მონაწილეობას მიიღებს  იმ არჩევით  გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულით, რომლითაც მეტ დაფინანსებას მოიპოვებს, მიუხედავად იმისა, რომელი გამოცდის შედეგით მოხდება ჩარიცხვა ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

როგორ გამოიანგარიშება საკონკურსო ქულა თითოეულ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე?
საკონკურსო ქულის (რომლის მიხედვითაც ხდება ჩარიცხვა) გამოანგარიშება ხდება შემდეგნაირად: თითოეული გამოცდის სკალირებული ქულა გამრავლდება საგანმანათლებლო პროგრამის  მიერ  მინიჭებულ  კოეფიციენტებზე  და  შედეგები შეჯამდება.

მაგალითად: აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 151,6; ზოგად უნარებში _ 148,3, უცხოურ  ენაში  _  145,6, მათემატიკაში _ 154,0. ამ  გამოცდების  კოეფიციენტები ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამისად არის 4; 3; 3; 2. ჯამური საკონკურსო ქულა იქნება 151,6X4 + 148,3X3 + 145,6X3 + 154,0X2 = 606,4 + 444,9 + 436,8 + 308,0 = 1796,1. სხვა საგანმანათლებლო პროგრამისათვის, თუ  მას  განსხვავებული  კოეფიციენტები  აქვს  მინიჭებული  ამ  გამოცდებისათვის,  ანალოგიური  წესით  გამოთვლილი  ჯამური  საკონკურსო  ქულა განსხვავებული იქნება. კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისას უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ გამოცდების შედეგები, რომლებიც მითითებული აქვს ამ საგანმანათლებლო პროგრამას.

რა არის სკალირება?
გამოცდა თითოეულ საგანში რამდენიმე სესიად მიმდინარეობს, რაც განაპირობებს საგამოცდო ტესტების სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების აუცილებლობას. შესაძლოა, კონკრეტული  საგნის  ტესტის  სხვადასხვა  ვარიანტი  სირთულის თვალსაზრისით  უმნიშვნელოდ  განსხვავდებოდეს  ერთმანეთისაგან,  ამიტომ  აბიტურიენტებისათვის  თანაბარი საკონკურსო პირობების შესაქმნელად გამოიყენება სკალირება. სკალირება ხდება სპეციალური პროგრამის გამოთვლის საშუალებით, ის უნივერსალური მეცნიერული მეთოდია და აბიტურიენტების  მიერ  მიღებული  შედეგების საერთო სტანდარტულ სკალაზე განთავსების საშუალებას იძლევა. სკალირება ტესტის სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების ერთმანეთთან შედარების საშუალებას გვაძლევს და, ამდენად, მაქსიმალურად იცავს აბიტურიენტების ინტერესებს.

თანდართულ ფაილში მოცემულია პრეზენტაცია სკალირებაზე, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიაზროთ მსოფლიოში აპრობირებული ეს მეთოდი:
სკალირების განმარტება

წყარო: naec.ge

თქვენი online რეპეტიტორი

 

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]