ნიკო ლორთქიფანიძე - „თავსაფრიანი დედაკაცი“ (ანალიზისთვის)

ნიკო ლორთქიფანიძე – „თავსაფრიანი დედაკაცი“ (ანალიზისთვის)

,,თავსაფრიანი დედაკაცი” იმპრესიონისტული სტილით დაწერილი ნოველაა – შთაბეჭდილებათა ხატვა, მინიშნებები, მოკლე ფრაზები, ფრაგმენტული თხრობა. იმპრესიონიზმისთვისაც მთავარია სწორედ შთაბეჭდილებანი, უეცარი, მოულოდნელი განწყობილებანი, მომენტალურად დაფიქსირებული ფრაგმენტები სინამდვილისა. ამიტომაა ამ მოთხრობის საფუძველი ,,შემთხვევით შეხვედრილის ამბავი”, რომელიც მწერალმა გაიაზრა და თავსაფრიანი დედაკაცის მთელი ცხოვრება რამდენიმე გვერდზე დატია. ე. ი. დეტალებზე მინიშნებათა მეშვეობით გაშალა სიუჟეტი, გამოიყენა ლაკონური ხატვის ხერხი.
მწერალი ეპიგრაფის ბოლოს ხაზგასმით აღნიშნავს: ,,მე ვწერ ტავსაფრიან დედაკაცზე”.
თითქოს ეს ფრაზა ზედმეტია, ისედაც ვიცით ავტორის მიზანი, მაგრამ ფრაზას ახლავს პოლემიკური პათოსი… შეადარეთ: 20-იანი წლების ქართული ლიტერატურული ატმოსფერო, მწერლობაში გავრცელებული ე.წ. ძლიერი, განსაკუთრებული პიროვნების კულტი: პათეტიკური სტილის, მითოლოგიური პერსონაჟებისა და უჩვეულო ამბებისადმი ინტერესები (სენსაციური მასალით გატაცება თავად ნიკო ლორთქიფანიძესაც დაეტყო. გავიხსენოთ ,,შელოცვა რადიოთი”). ამ დროს მწერალი დაბეჯითებით მიგვითითებს, რომ იგი ტავსაფრიან დედაკაცზე წერს, ე. ი. ისეთ ადამიანზე, რომელიც არც ცოდნით, არც დიდი იდეებით, არც დიდი მასშტაბით არ გამოირჩევა.
ასეთი დედაკაცი, ბუნებრივია, მრავალი იყო საქართევლოში. ავტორს ცვეულებრივ ადამიანში სულის უჩვეულო სიდიდე, დიდი გრძნობები უნდა დაენახა. ეს იყო მისი მიზანი. ამით უნდა ეჩვენებინა, რომ ყოველი მოქალაქე საინტერესოა, თუ გვაქვს სურვილი ამის დანახვისა, რადგან ყოველი ადამიანი მიკროსამყაროა და თითოეულ მათგანს თავისი ყოფნა-არყოფნის პრობლემა აწვალებს. უბრალო დედაკაციც , რომლის სახელიც კი არ ვიცით, ამდენად იწვევს მკითხველის სიყვარულსა და თანაგრძნობას. მისი გაუხარელი და სევდიანი ცხოვრება აღიქმება არა მხოლოდ ერთი ქალის, არამედ ქართველი დედის ტრაგედიად, მსგავსად ილია ჭავჭავაძის ოთარაანთ ქვრივისა (ნიკო ლორთქიფანიძის ამ პერსონაჟს ენათესავება გიორგი ლეონიძის ,,ფორთოხალა”).
თავად ეპიგრაფი ნოველისტური ჩანახატია. იგი თავისთავად ემოციურობასაც ინარჩუნებს. ცალკე რომ ყოფილიყო დაბეჭდილი, მაშინაც კი ყურადღებას მივაქცევდით და აღვიქვამდით , როგორც ეტიუდს, მინიატურას. (ძნელია ამ შემთხვევაში ზუსტი ჟანრული სახელწოდების დადგენა), ხოლო ეტიუდები და მინიატურები დიდად იყო გავრცელებული 10-20-იანი წლების ქართულ მწერლობაში. მათ დიდი ადგილი ეთმობათ ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებაშიც.

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]