ნიკო ლორთქიფანიძე - „დაგვიანებული ყვავილები“ (ანალიზი)

ნიკო ლორთქიფანიძე – „დაგვიანებული ყვავილები“ (ანალიზი)

,,დაგვიანებული ყვავილები” 3 ნაწილისგან შედგება. I ნაწილის საერთო პათოსი გამოხატავს ფრაზა: ,,ყველა კმაყოფილია და მწყემსიც”. II ნაწილი უფლის იმედზე მიგვანიშნებს: ,,ცა ისე არ შეიკრავს პირს, ჭირნახული სრულიად გადაუხმოს” და მიწათმოქმედის შრომით მოგვრილ სიხარულზე გვიამბობს; III ნაწილი კი ცოდნის შეძენის აუცილებლობას ეძღვნება, რამდენადაც ცოდნის გარეშე ნიჭს სარბიელი არ ექნება, შრომა ნაყოფს ვერ გამოიღებს, ადამიანი კი ღმერთს ვერ შეიგნებს.
ავტორი გვიჩვენებს, რომ ფიზიკურ-სხეულებრივი პრობლემები მეტნაკლებად მოგვარებულია, სამშვინველი კმაყოფილია, სული კი ,,ღარიბი” და, ამდენად დაუკმაყოფილებელია, რამდენადაც უკულტურობა და უცოდინარობა მეფობს. ბედნიერება მხოლოდ სულიერი კმაყოფილებით მიიღწევა, ამიტომაც ადამიანები თავს უბედურად გრძნობენ.
დიდი საქმე მსხვერპლის გარეშე ვერ აღსრულდება (გავიხსენოთ, რომ თვით მაცხოვარი წმიდა მსხვერპლია). ,,ამ ქვეყნის ახალგაზრდა შვილი” მოწყდება მეგობრებს, წიგნებს, საყვარელ გასართობებს და გაჭირვებით გამოიხსნის სოფელს სიბნელისა და უმეცრების კლანჭებიდან, ასწავლის რა მათ ღვთისა და მამულის სიყვარულს.
წმიდა მსხვერპლი მუდამ ნებაყოფლობითია და უანგარო (ესეც მაცხოვრის მაგალითიდან გამომდინარე), ამიტომ ისე აღესრულება მასწავლებელი, რომ სიცოცხლეში ვერ ეღირსება მადლობასა და სივარულს.
სიმბოლურია საჩუქარიც, მასწავლებელს სოფელმა მიართვა ყვავილები, მტრედები და კრავები, რათა გამოეხატა სიყვარული, აღტაცება და მადლობა. ჩვენი აზრით, სიყვარულის გამოხატვა ხდება ყვავილებით, რადგან ყვავილი მიკო ლორთქიფანიძის სხვა ნაწარმოებებშიც სიყვარულის სიმბოლოა, მადლობის – კრავით, რადგან კრავი წმიდა მსხვერპლს გულისხმობს და სოფელი ახალგაზრდა შვილს ემადლიერებოდა გაწეული ამაგისთვის, ხოლო აღტაცების – მტრედით, როგორც ზეციურობისა და უმანკოების სიმბოლოთი.
ავტორი იაკობ გოგებაშვილს უძღვნის ,,დაგვიანებულ ყვავილებს”, რითაც აშკარავდება ნიკო ლორთქიფანიძის უდიდესი პატივისცემა ყველა ისეთი უანგარო და შრომისმოყვარე სამშობლოსა თუ თანამემამულეებზე მზრუნველი მასწავლებლის მიმართ, როგორიც იაკობ გოგებაშვილი იყო. თუ გავიხსენებთ, რომ ნიკო ლორთქიფანიძე თვითონაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, მასწავლებლობას გმირობად თვლიდა, კარგად მოეხსენებოდა ის სიძნელეები, რაც ამ უაღრესად საჭირო, მაგრამ დაუფასებელ პროფესიას ახლავს, გასაგები გახდება, რომ როგორც საკუთარ თავს, ისე ყოველ მასწავლებელს მწერალი ნიმუშად იაკობ გოგებაშვილს უსახავდა, მისებრი თავგანწირვით შრომისაკენ მოუწოდებდა, იმედად უტოვებდა, რომ ოდესმე მაინც ღვაწლი დაუფასდებოდათ.

ლალი დათაშვილი

თქვენი online რეპეტიტორი