ნიკო ლორთქიფანიძე - „გული გულს იცნობს“ (ანალიზი)

ნიკო ლორთქიფანიძე – „გული გულს იცნობს“ (ანალიზი)

ნადირობის ტრფიალს რომ იტყვიან, სწორედ ისა ვარ!…” – წერს ერთ-ერთ ნაწარმოებში დიდი ილია და, ვინც მას არ იცნობს, მყის დაიჯერებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ილიას სანადირო თოფი მხოლოდ ბუნებაში გასასვლელად სჭირდება, მიზეზი იყო და არა მიზანი – რაიმე მოეკლა.
როდესაც წიწამურის გზაზე მუხთალი ტყვია ესროლეს ერის მამას, ხმა გავარდა: პირველი, ვინც დიდი მამულიშვილი დაიტირა, ირემი იყოო – ქორბუდა ირემი. ის საიდანღა იცნობდაო?! – უკვირდა ყველას. ამ თემას მოგვიანებით შეეხება მწერალი აკაკი ბაქრაძეც, მაგრამ უფრო ადრე – 1910 წელს ეს ამბავი – ლეგენდა თუ სინამდვილე – ნიკო ლორთქიფანიძემ უამბო მკითხველს.
,,სახალხო გაზეთში” დაბეჭდილ ნოველაში არ იყო მითითებული – ვუძღვნი ილია ჭავჭავაძესო”, მაგრამ ნაწარმოების სათაურმა – ,,გული გულს იცნობს” – პირველივე სტრიქონებიდან მიახვედრა მკითხველი, ვისაც ეხებოდა იგი. ამ სიტყვებით, ხომ, ნიკო ლორთქიფანიძე გამოეხმაურა ილიას ნათქვამს: ,,გულს გული იცნობს და ღონეს – ღონე” (,,რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ”).
ნოველაში ჩვეული ლაკონურობით აქვს გადმოცემული მწერალს მონადირისა და ირმის შეხვედრა, მათი ურთიერთნდობა და პატივისცემა, შემდეგ კი ირმის მიერ მისთვის უცხო, მაგრამ დიდი ადამიანის დატირება.
ზემოთ აღინიშნა, ,,ნადირობის ტრფიალ” ილიასათვის თოფი მიზეზი იყო ბუნებაში გასასვლელი და გარემოზე დასაკვირვებელი, სწორედ ეს პატარა მოთხრობა ასაბუთებს ჩვენს აზრს.
მეგობარი მონადირის მიერ წყრომით ნათქვამ სიტყვებზე: ,,შენც მონადირეს უწოდებ შენს თავსო”, – ილია ღიმილით უპასუხებს: ,,რა უნდა მექნა?! მოდი, გულს უთხარი, კარგ სანახავზე ნუ ხარ-თქო ხარბი!!!” საიდანაც ჩანს, რომ სილამაზის, სიკეთის ქომაგია. სწორედ ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შემდეგ ირემი ,,ჭირისუფლად მივიდა; დაიჩოქა; დიდხანს დააშტერდა ჟუჟუნა თვალები; ცრემლები დააფრქვია…” გულმა გული, მართლაც, იცნო!
კეთილშობილმა ცხოველმა იგრძნო მოკლული ადამიანის სულიერი სისპეტაკე და კეთილშობილება.

ცირა ნიქაბაძე

თქვენი online რეპეტიტორი