მიხეილ ჯავახიშვილი - „ორი განაჩენი“ (ანალიზი)

მიხეილ ჯავახიშვილი – „ორი განაჩენი“ (ანალიზი)

მიხეილ ჯავახიშვილი ხშირად ძლიერი ექსპრესიით ხატავს ადამიანის მალულ გრძნობებს, ცხოველურ ინსტინქტებს, ადამიანის შინასამყაროში მოქმედ სტიქიურ, გონებით აულაგმავ ძალებს. ასეა ,,ორ განაჩენშიც”. მოთხრობის მთავარი პერსონაჟი პრიმიტიული სულის და გონების ადამიანია (როგორც კაენი ვაჟას პოემაში), ინსტიქტები და უმართავი ემოციური იმპულსები კი ამგვარ ადამიანში უფრო ადვილად მძლავრობენ.
ჯიბრის, შურისძიების, რისხვის ბრმა ძალას, უგუნურ ბოღმას ჯავახიშვილის პერსონაჟი ძმის მკვლელობამდე მიყავს. მას რომ გონების თვალი ახელილი ჰქონდეს, დაინახავდა – მისი ,,სატრფო” ჩვეულებრივი მეძავია და ამით ყველაფერი დასრულდებოდა. მწერალი დაუნდობელი ირონიით წარმოსახავს ბაჩილას ,,მიჯნურობას”, მის უბადრუკ ყოფას ციხეში, იმას, თუ როგორ მოტეხა და დააბეჩავა იგი ჩადენილმა ცოდვამ. ეს ირონია იმითაც არის გამოწვეული, რომ თუმცა ბაჩილა ითრგუნება დანაშაულის გრძნობით (რომელსაც პატიმრების მსახურებით და შრომით იყუჩებს), მაგრამ ნათლად ვერ აცნობიერებს, რა საშინელება ჩაიდინა. ოღონდ როცა იგი შემდგომ, სასამართლოზე მომხდარის ზეგავლენით, თანდათან წვდება თავისი ცოდვის მთელ სიმძიმეს, ირონია ავტორის ღრმა თანაგრძნობით იჩრდილება. მიხეილ ჯავახიშვილი ადამიანის არსების ცხოველური საწყისის ირონიული წარმოჩენით არ კმაყოფილდება. მისი მსოფლაღქმა უფრო რთულია და ის ხედავს იმასაც, რომ ადამიანში ზნეობრივ საწყისსაც ღრმა ძირები აქვს. მას სურს ადამიანში ადამიანურობის პოვნა, ყველაფერზე მეტად აინტერესებს ადამიანში სინდისის გონიერი ხმის არმოცენების და გაძლიერების პროცესი. ტრაგიკულ ჩიხს ის ქმნის, რომ როდესაც მოთხრობის გმირი ,,გაადამიანდება”, გონების თვალს ახელს, საკუთარი დანაშაულის უშეღავათო შეფასებას შეძლებს, მისი ცხოვრების გაგრძელება სწორედ ამის გამო შეუძლებელი ხდება.

თქვენი online რეპეტიტორი