მიხეილ ჯავახიშვილის კალამი - ,,დიდი წინაპარი“

მიხეილ ჯავახიშვილის კალამი – ,,დიდი წინაპარი“

მიხეილ ჯავახიშვილის სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისი უშუალოდ არის დაკავშირებული უახლესი ქართული ლიტერატურის სათავეებთან.

მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის მიჯნაზე დასრულდა კლასიკური პერიოდი ახალი ქართული მწერლობისა, რომელმაც შექმნა უდიდესი და უმდიდრესი სულიერი მემკვიდრეობა და იმავე დროს, უმძლავრესი ბიძგი მისცა უახლესი ანუ XX საუკუნის ქართული ლიტერატურის განვითარებას… მანვე მოამზადა ნიადაგი სამწერლო ასპარეზზე ახალი თაობის გამოსასვლელად…

ამ ჭეშმარიტად დიდებულ თაობას ეკუთვნოდა მიხეილ ჯავახიშვილი. გალაკტიონ ტაბიძესთან, გრიგოლ რობაქიძესთან, გიორგი ლეონიძესთან და ქართული სიტყვის სხვა დიდოსტატებთან ერთად სწორედ მან დაუდო სათავე იმ ლიტერატურულ ღვაწლს, რომელსაც დღეს თამამად ვუწოდებთ ქართული ლიტერატურის ახალ კლასიკურ პერიოდს.

თვით ამ უნიკალური ღირსებებით აღბეჭდილი თაობიდანაც კი სრულიად განსაკუთრებულია „ჯაყოს ხიზნების“ ავტორის როლი და მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული ცნობიერების, ჩვენი უახლესი ისტორიისა და ეროვნული ბედისწერის წარმოსადგენად…

ისიც საგულისხმოა, რომ სწორედ მიხეილ ჯავახიშვილი აგრძელებს და ანვითარებს ეროვნული რომანის ტრადიციებს…და პირველი ავტორი ხდება ქართული ფსიქოლოგიური პროზისა…

რა პროფესიონალური ხილვებითაა აღბეჭდილი მისი ბრწყინვალე მხატვრული ქმნილებები, ამას შესანიშნავად ხვდება გონიერი და თავისი ქვეყნის ბედზე დაფიქრებული შთამომავლობა…

რა ღრმა და საოცრად მასშტაბურია უკიდეგანო ეროვნული სულისა და ხასიათის, განცდისა და გრძნობების, ინსტიქტებისა თუ სურვილების სივრცეებში ხეტიალი მწერლისა და ჭეშმარიტი მოაზროვნისა, ესაც არ უნდა იყოს საიდუმლოება დიდ ლიტერატურასთან განდობილი მკითხველისათვის… აღარაფერს ვამბობ ალბათ საყოველთაოდ აღიარებულ მის უმდიდრესსა და კლასიკური სისადავით სრულიად გამორჩეულ ენობრივ ქსოვილზე…

რა დიდი ბედნიერებაა, რაოდენ ამაღელვებელია, რომ სწორედ ჩვენ ვიყავით თანამედროვენი იმ უდიდესი ტალანტებისა, რომელთაც სულიერების უმაღლეს მწვერვალებზე აზიდეს უსასტიკესი საუკუნით ტანჯული და მაინც ზეცამდე ამაღლებული და ნეტარი ადამიანური ინდივიდუალობა…

რომ არა სულით უდრეკი და ძლიერი ქართული მწერლობა და მათი მართლაც რომ საოცარი ლიტერატურული ქმნილებები, უსახურზე უსახურ, მწირ და მხოლოდ სისხლისა და ცრემლების უდაბნოდ გადაიშლებოდა იგი ისტორიის სამსჯავროს წინაშე.

სწორედ მიხეილ ჯავახიშვილმა და მისმა უნიკალურმა თაობამ შესძლო თავისი ფიზიკური და სულიერი ხატით აღებეჭდა, გაეკეთილშობილებინა, სულიერად აეღორყინებინა XX საუკუნე და ამით ექცია იგი მრავალსაუკუნოვანი ქართული საზოგადოებრივი ისტორიიის ღირსეულ კუთვნილებად…

და რაც მთავარია, ეროვნული თავისუფლებისა და თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლის სული შთაებერა უიმედოდ მიძინებული და ამაღლებულ ვნებათაგან კასტრირებული ერისათვის…

მიხეილ ჯავახიშვილი იმ ისტორიული სულიერების მისიისა და ღვაწლის ჭეშმარიტი განსახიერებაა, რის წინაშეც უფრო მეტი მოწიწება და თაყვანისცემა მართებს, სამწუხაროდ, ჩვენი კლასიკური ლიტერატურით არც თუ მადლიერ შთამომავლობას…

ავტორი :  გურამ ბენაშვილი

წყარო : საქართევლოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

თქვენი online რეპეტიტორი