მინერალური რესურსები

მინერალური რესურსები

მინერალური რესურსები საქართველოში

საქართველოს, თავისი ტერიტორიის სიმცირის მიუხედავად, მეტად მრავალფეროვანი და უნიკალური ბუნებრივი რესურსები გააჩნია. ნებისმიერი ქვეყნის წიაღისეული სიმდიდრებიიდან მნიშვნელოვანია სათბობ-ენერგეტიკული რესურსები: ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი და ტორფი.

ნავთობის დაზვერილი მარაგი საქართველოში მხოლოდ 13 მლნ ტონას შეადგენს, თუმცა მაღალია მისი ხარისხი. სავარაუდო რეზერვი 580 მლნ ტონაა, აქედან 200 მლნ ტონას ვარაუდობენ დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე და მის შელფზე, 380 მლნ. ტონას კი – ხმელეთზე. ძალზე პერსპექტიულად ითვლება ტარიბანის ნავთობის საბადო, სადაც, წინასწარი გათვლებით, ერთი მილიარდი ბარელი ნავთობის მარაგია. ქვანახშირის მრეწველობას საქართველოში თითქმის ორი საუკუნის ისტორია აქვს. პირველი ინფორმაცია ტყიბულის მიდამოებში  არსებული ქვანახშირის შესახებ XIX ს-ის 20-იან წლებში გავრცელდა, თუმცა მისი შესწავლა გაცილებით გვიან დაიწყო. XIX ს-ის 80-იანი წლებიდან ცნობილია ტყვარჩელის ქვანახშირის საბადო.

დღეისთვის საქართველოში ქვანახშირის არსებული რეზერვი 450 მლნ ტონაა, რომელიც შეიძლება კიდევ 700 მილიონი ტონით გაიზარდოს. სამწუხაროდ, ქვანახშირის უმეტესი ნაწილი შედარებით დაბალი ხარისხისაა.
ნავთობის თანმხლები ბუნებრივი აირის მოპოვება წარმოებს სამგორ-პატარძეულსა და თელეთის საბადოებზე. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის საქართველოს შელფურ ზონაში ბუნებრივი აირის მარაგი 1,8 მლრდ კუბ. მ-ია.
მანგანუმს ჭიათურასა და საჩხერეში მოიპოვებენ. იგი შავი მეტალურგიის განვითარებისთვის მეტად საჭირო ნედლეულია. პერსპექტიული თვალსაზრისით, საყურადღებოა ჩხარი-აჯამეთის საბადო ქუთაისისა და თერჯოლის მიდამოებში, აგრეთვე შქმერის, აგარისა და ჯავის საბადოები. სულ საქართველოში გამოვლენილი მანგანუმის სავარაუდო მარაგი 0,5 მლრდ ტონას შეადგენს.
რკინის მადნის საბადოებიდან ყველაზე მძლავრია ფოლადაურის საბადო და მაგნეტიტური ქვიშები გურიის ზღვისპირა ზოლში. აქ რკინის მარაგი 150-200 მლნ ტონაა.  აღსანიშნავია, აგრეთვე, ძამის საბადო, რომლის მარაგი 20 მლნ ტონას შეადგენს.
საქართველოში ფერადი ლითონების საბადოებია: სპილენძ-ტყვია-თუთიის (მადნეული), ტყვია-თუთიის (კვაისა), დარიშხნის (ცანის და ლუხუნის).
ბარიტი გამოიყენება მედიცინასა და ქიმიურ მრეწველობაში, ბარიუმის  პრეპარატებისა და მინერალური საღებავების დასამზადებლად. მშენებლობასა და ქიმიურ მრეწველობაში ფართოდ გამოიყენება ანდეზიტი (მარაგი 13 მლნ კუბ.მ). სოფლის მეურნეობაში სასუქად და გაზის მრეწველობაში გამწმენდ საშუალებად წარმატებით იყენებენ ცეოლითებს.
ნავთობ-ქიმიური მრეწველობის უმნიშვნელოვანესი ნედლეულია ბენტონიტური თიხები. საქართველოში მისი სავარაუდო მარაგი 180 მლნ ტონამდეა. იგი გამოიყენება ლითონჩამოსასხმელ საწარმოებში, როგორც საყალიბე მასალა, ასევე როგორც ნავთობის, ცხიმებისა და ღვინის გამწმენდი საშუალება.
ტალკი და სერპენტინიტი ხაშურის მუნიციპალიტეტსა და ძირულას მასივის ტერიტორიაზე მოიპოვება . მათ რუბეროიდის წარმოებასა და სოფლის მეურნეობაში იყენებენ.
საქართველოში მოიპოვებენ მოსაპირკეთებელ  ქვებს: აქატს (ახალციხის მუნიციპალიტეტი), საიუველირო აქატს (მარნეულის მუნიციპალიტეტი), ობსიდიანს (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). მათ ზუსტი ხელსაწყოების, საათების წარმოებასა და საიუველირო საქმეში იყენებენ.
საქართველოს მინერალურ რესურსებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მინერალურ  წყლებს. ზოგიერთი მათგანი (ბორჯომი, წყალტუბო და სხვა) მსოფლიო მნიშვნელობისაა. ჩვენში მინერალური წყლების გამოვლინების ორი ძირითადი რეგიონია, კერძოდ: კავკასიონის სამხრეთ კალთებისა და მცირე კავკასიონის. ჯერჯერობით, მინერალური წყაროების უმრავლესობა არასაკმარისადაა შესწავლილი.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი

 

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]