მდინარე

მდინარე

მდინარე ბუნებრივი წყლის ნაკადია, რომელიც თავისსავე გამომუშავებულ კალაპოტში რელიეფის დახრილობის მიმართულებით მიედინება. მას აქვს სათავე და შესართავი. სათავესა და შესართავს შორის ჩადაბლებას ხეობა ეწოდება.

ტერიტორიას, საიდანაც მდინარე თავის შენაკადებიანად იკრებს წყლებს, წყალშემკრები აუზი ეწოდება.

მდინარეთა აუზებს ერთმანეთისგან ამაღლებული ადგილები გამოყოფს, რასაც წყალგამყოფი ეწოდება. საქართველოს მდინარეების მთავარი წყალგამყოფია ლიხის ქედი.

=> საინტერესოა შიგა წყლები – მდინარეები

მდინარის სათავისა და შესართავის წყლი დონეთა აბსოლუტურ სიმაღლეებს შორის სხვაობას მდინარის ვარდნა ჰქვია. მდინარის ვარდნას მის სიგრძესთან მდინარის საშუაო დახრილობის შეფარდებით ანგარიშობენ  და პროცენტებში (%) გამოსახავენ. მდინარის წყლის მოცულობას, რომელიც 1 წმ-ში ცოცხალ კვეთში გაედინება, მდინარის ხარჯი ეწოდება. იგი მ³/წმ-ით გამოისახება.

წყლის იმ რაოდენობას, რომელიც გარკვეულ პერიოდში  მდინარის მოცემულ კვეთში გაედინება, მდინარის ჩამონადენი ჰქვია და კმ³(მ³)-ით იზომება.

მდინარის შესართავთან დატოტვას დელტა ეწოდება. მდინარეები გზადადზა შლიან და ანგრევენ ქანებს, რასაც მდინარის ეროზია ჰქვია. ჩამოშლილი ქანები კი შესართავთან იკრიბება და შესართავთან დაბლობები ჩნდება, რაც დელტას ქმნის.

მდინარის კალაპოტი სხვადასხვა ქანითაა აგებული. ფხვიერი ქანები ადვილად ირეცხება, მაგარი ქანები კი რჩება. ასეთ ადგილებში ჭორომები წარმოიქმნება.

მდინარის კალაპოტში წყლის ციცაბო საფეხურიდან ვარდნას ჩანჩქერი წარმოიქმნება. დედამიწის ყველაზე მაღალი ჩანჩქერია ანხელი (979მ) სამხრეთ ამერიკაში.

მდინარის საზრდოობაში მონაწილეობს წვიმის, მიწისქვეშა, თოვლისა და მყინვარის ნადნობი წყლები, რაც დმინარეში წყლის დონეს განსაზღვრავს.

=> გამოსაცდეთ საკუთარი ცოდნა: ტესტები გეოგრაფიაში

მდინარეთა საზრდოობა მდინარის ქცევის ხასიათს, ანუ რეჟიმს განსაზღვრავს. ზოგჯერ მდინარე კალაპოტიდან გადმოდის და ხეობის ნაწილს – ჭალას ფარავს. ეს არის წყალდიდობა, რომელიც ყოველწლიურად მეორდება.

მდინარეებზე ზოგჯერ იცის წყალმოვარდნაც, რასაც წყლის დონის სწრაფი მომატება და ნაპირებიდან გადმოსვლა მოჰყვება. ეს მოვლენა ძლიერი, უეცარი თავსხმა წვიმებითაა გამოწვეული. ზაფხულსა და ზამთარში მდინარეებში წყლის დონე კლებულობს. ეს წყალმცირობის პერიოდია.

ზოგჯერ მდინარეთა ხეობებში წარმოიქმნება ღვარცოფი. ეს არის ქვატალახის ნაკადი, რომელიც დაგროვილი ნაშალი მასალის სწრაფად გადაადგილების შედეგად წარმოიქმნება თავსხმა წვიმის, მეწყერის ან მიწისძვრის დროს.

მდინარეებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია მსოფლიო ტენბრუნვაში. მდინარის წყალს იყენებენ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საქმიანობაში.  ამავე დროს იგი იაფი სატრანსპორტო გზა და ენერგიის წყაროა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]