ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“-ს ანალიზი

ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“-ს ანალიზი

ქიაჩელის ნოველაში დრამატულად კვეთენ ერთმანეთს სხვადასხვა სოციალური ძალები, მათი გადაკვეთის შუა გულში კი ორი თავისუფალი პიროვნების ფიგურებია ამოზრდილი.
სოხუმის საზოგადოების და მისი მესვეურების სოციალური პროფილი, ფსიქოლოგია და მორალი მეშჩანურია. მათთვის მთავარია უშფოთველი ცხოვრება, ჩვეული, კმაყოფილი არსებობის მდორე რიტმის შენარჩუნება და ამის გულისთვის ყოველგვარ ძალადობას და დამცირებას შეეგუებიან, ნებისმიერ მორალურ ღირებულებას დათმობენ, სინდისის ქენჯნის გარეშე, უყოყმანოდ გაწირავენ თანამოქალაქეებს. განსაკუთრებით ეს ვაჭრებზე ითქმის, რომლებიც, თავგამოდებით იცავენ თავისი ქონების უსაფრთხოებას. ქალაქის მკვიდრებს შიში სრულიად აღებინებს ხელს ღირსებაზე და მთელ მათ ფარისევლობას ამჟღავნებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს პანიკური შიშით შეპყრობილი ხალხი თავისი ზღვარგადასული მლიქვნელობით, უთავმოყვარეობით, კონფორიზმით თვითონვე ახდენს სახიფათო სიტუაციის პროვოცირებას. ამ ხალხის რევოლუციურობით შენიღბული პოლიტიკური ლიდერები, რომელთა ნამდვილი სახე თუნდაც კრეისერზე მათი დამამცირებელი ვიზიტებისას ჩანს, ცდილობენ როგორმე ერთმანეთს დააკისრონ პასუხისმგებლობა, ბოლოს კი პირადი პასუხისმგებლობის სიმძიმეს კოლექტიურ უპასუხისმგებლობაში, ანუ ფაქტობრივად კოლექტიურ უპასუხისმგებლობაში გაურბიან. ნიშანდობლივია, რომ ქალაქის მფრთხალი და თვინიერი მკვიდრები ერთბაშად იქცევიან აგრესიულ, დაუნდობელ ბრბოდ და ნამდვილ ნადირობას მართავენ დევნილზე, ვინც თავისი არაორდინალური – ზნეობრივი საქციელით მათ მყუდროება დაურღვია.
შედარებით ღირსეულად თითქოს არისტოკრატია გამოიყურება (თუ არ ჩავთვლით ბოლშევიკებთან შეტაკებისას უჯუშის მიმტოვებელ მის არისტოკრატ ,,მეგობრებს“), მაგრამ ასე იმის წყალობით არის, რომ არისტოკრატები უფრო ინიღბებიან, არისტოკრატებმა სხვებზე უკეთესად იციან ღირსების იმიტირება. სინამდვილეში კონკრეტული ადამიანები, ამ ადამიანების სიცოცხლე და ბედი არც მათთვის არის მნიშვნელოვანი, მათ მხოლოდ თავიანთი კასტის პრესტიჟი ადარდებთ. უჯუშისადმი მათი დემონსტრაციული თანაგრძნობის და ნუგეშისცემის მიღმა გამოსჭვივის საიმისო მზადყოფნა, რომ გაწირონ იგი. როცა ჰაკის თავგანწირვას იწონებენ, სოხუმელი თავადები ადამიანის ბედისადმი გულგრილობასთან ერთად თვალთახედვის სოციალურ სივიწროვეს ამჟღავნებენ – თვლიან, რომ ბუნებრივი იქნება, თუ გლეხი თავადს სიცოცხლეს შესწირავს. გაქვავებული სოციალური სქემებით, სტერეოტიპებით აზროვნება მათ მოულოდნელად, პარადოქსულად ამსგავსებს თავიანთ მტერს – ბოლშევიკ კაპიტანს.
თავიდან რომანტიკული იდუმალებით მოსილი კაპიტანი თანდათან კნინდება, უჯუშ ემხას საპირისპიროდ, რომელიც თავიდან დაკნინებულია და თანდათან მაღლდება. რომალტიკულ-ჰეროიკული შარავანდედისგან განძარცული კაპიტანი გონებაშეზღუდული ფანატიკოსი აღმოჩნდება, რომელიც პრიმიტიული მოძალადის, ჯალათის უსახურ როლს ირგუნებს. კლასთა ბრძოლის თეორიის, მარქსისტული დოგმების მიღმა ის ვერ ხედავს ცოცხალ ადამიანებს და მათ სიმართლეს, შორდება ჰუმანიზმს და იმასაც, რისთვისაც თითქოს რევოლუცია მოხდა – რევოლუციის დეკლარირებული მიზანი სწორედ ჰაკისნაირი სოციალური წარმომავლობის ადამიანების ქომაგობაა და კაპიტნის იდეური და მორალური კრახია ის, რომ იგი ამგვარი ადამიანის მიმართ სულიერ სიბრმავეს იჩენს. კაპიტანი, რომელიც ჰაკის მონად მიიჩნევს, თვითონ გამოდგება თავისი დოგმების, აგრესიული იმპულსების და ძალაუფლების მოყვარეობის მონა.
„ჰაკი აძბა“ ტრაგიკული ფენომენის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ხორცშესხმაა ქართულ ლიტერატურაში. ტრაგიკული გმირები – ჰაკი და უჯუში შურიგებლად დაპირისპირებული არიან, ერთი მხრივ, ქალაქის საზოგადოების მეშჩანურ უპრინციპობასთან და კონფორმიზმთან, უღირსობასთან, მეორე მხრივ, ბოლშევიკურ ფანატიზმთან. ამ კონფლიქტში ისინი მორალურად იმარჯვებენ, რადგან აღმოაჩნდებათ ძალა, თავიანთ პრინციპებს მსხვერპლად შეეწირონ. კონფლიქტის შეურიგებლობად, ტრაგიკულობას განაპირობებს ის, რომ ადამიანური სიყვარული, ერთგულება, სიმართლე, ღირსება არც ქალაქის საზოგადოებას და არც ბოლშევიკებს არაფრად უღირთ, ახშობენ ამ ღირებულებებს, ხოლო ადამიანებს, ვის ცხოვრებასაც ეს ღირებულებები წარმართავს, მათი დათმობა არ შეუძლიათ.
ჰაკის დამოკიდებულება უჯუშისადმი, ცხადია, ძიძიშვილობის ტრადიციას ეფუძნება, რომელიც თავადების და გლეხების ურთიერთობას ზნეობრივ ხასიათს აძლევს, მაგრამ ტრადიცია ამ დამოკიდებულების სიმბოლური ფორმა უფროა, მისი შინაარსი კი ჭეშმარიტი ადმიანური სიყვარული და ერთგულებაა, ჭეშმარიტი მეგობრობაა. „გამზრდელში“ და „ჰაკი აძბაში“ გამოსახული ძიძიშვილობის ტრადიციის ღრმა აზრი ის არის, რომ ამ ქვეყნად ადამიანურ სივარულზე და მეგობრობაზე დიდი ფასეულობა არ არსებობს, რომ ადმიანის ყოფიერების გამართლება მოყვასის თავგამეტებული სიყვარულია.
ჰაკი აძბა უჯუშის სიცოცხლის გადარჩენას ვერ შეძლებს, მაგრამ ის, რასაც იგი აღწევს, არანაკლებ მნიშვნელოვანი და დასეულია – ჰაკი თავისი თავგანწირული ერთგულებით უჯუშს სულიერი ძალით ავსებს და ღირსეულად სიკვდილს შეაძლებინებს. თუ თავიდან ემხა ბოლშევიკებისადმი შიშით გატეხილია და ამ შიშისგან ბოლშევიკი მეზღვაურის მოკვლაც ვერ ათავისუფლებს, ჰაკის გამოჩენის შემდეგ იგი მშვიდი, თავდაჯერებული ხდება და მის მოქმედებას უკვე თანმიმდევრულად წარმართავს საკუთარი ადამიანური ღირსების მკაფიო შეგნება. ჰაკის წყალობით ის კვდება ამაყი, თავისი ჯალათების მიართ მორალური უპირატესობის გრძნობით შინაგანად გამაგრებული.
ჰაკი – უბრალო, ერთი შეხედვით განუვითარებელი გლეხი სულის სიმდიდრით ბევრად აღემატება მათ, ვინც სოციალურად და თითქოს კულტურითაც მასზე მაღლა დგას. ქალაქის მესვეურები საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბიან, ჰაკი კი სხვის პასუხისმგებლობას კისრულობს. ბოლშევიკი კაპიტანისგან განსხვავებით ჰაკის შეუძლია მოწინააღმდეგის თვალით, მისი პოზიციიდან შეხედოს სინამდვილეს. ჰაკი აშკარად უფრო გონიერია უჯუშის ახლობელ თავადებზე, რომლებსაც მათი თანასწორივით, თამამად ესაუბრება (ესეც მოწმობს, რომ კილგას აზრის საწინააღმდეგოდ, ჰაკის არსებაში მონობის ნატამალი არ არის). მითუმეტეს აშკარაა თავადების მიმართ ჰაკის ზნეობრივი უპირატესობა. ჰაკის სულიერ, მორალურ იერთან შედარება ამჟღავნებს ყველა სოციალური ძალის ზნეობრივ სიღარიბეს, რომლებიც ნაწარმოებში არიან წარმოჩენილნი. ასეთი ადამიანის მიერ ცხოვრების უარყოფა და დატოვება ნიშნავს, რომ ამ ცხოვრებაში სიმართლეს, ღირსებას, სიყვარულს ადგილი აღარ რჩება.
გამჭვირვალეა „ჰაკი აძბას“ კავშირი აკაკი წერეთლის „გამზრდელთან“, მაგრამ გაციელბით უფრო ღრმაა მისი სიახლოვე ვაჟას „სტუმარ-მასპინძელთან“. ამ პოემის მსგავსად ქიაჩელის ნოველაც აგებულია რამდენიმე, შეუჩერებელი დინამიკით და აჩქარებული ტემპით გაშლილ ექსტრემალურ სიტუაციაზე; აქაც მკვეთრია თვითმყოფადი პიროვნებების შეუთავსებლობა ნეგატიურად დახატულ, აგრესიულ მასასთან და ეს სავსებით წარმოაჩენს პიროვნებათა დაურღვეველი სოლიდარობის ფასეულობას; „ჰაკი აძბაში“ და „სტუმარ-მასპინძელში“ ერთნაირია მტრისადმი დამოკიდებულება – მისი სისასტიკე გამოწვეულია იმით, რომ მტერი ფაქტობრივად არაადამიანადაა მიჩნეული და ამიტომ მის მიმართ ყოველგვარი უზნეობის ჩადენა გამართლებულია; მტერთან ურთიერთობა შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ შურისძიების კანონს: როგორც ზვიადაურს სწირავენ ქისტები თავიანთ მკვდარს, ასევე სწირავენ ბოლშევიკები ემხას მოკლულ მეზღვაურს…

თამაზ ვასაძე

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]