მუდამ ის… ყოველგან ის… ყოველისფერში ის…

ქსელებში გახლართული წარმოუდგენელ ტანჯვასა ვგრძნობ და უტკბესს ნეტარებას!

ღრუბლის ნაფლეთები მისცურავს ცაზე, ერთმანეთს ასწრებს, ჯგუფდება და – საკვირველია! – ნათლად, ცოცხლად, ათასნაირად, გარკვეულად მიხატავს… მას.

ბალღის ტიტინში მის უმანკოებას ვხედავ; ვაჟკაცის გულმკერდში – მისსა მხნეობას.

ზღვის უფსკრული – მისი გონების სიღრმეა; ჩანჩქერი – მისი აზრის სიმკვირცხლეა.

ამომავალი, მილეული მთვარე – მისი სინაზეა; მზე – გამაცოცხლებელი ძალაა მისი.

ქაცვს, ეკალს ხელით ვგლეჯ – მეშინია არ გაუკაწროს მას პატარა ლამაზი ფეხები; ვარდს, იას ვრგავ, ვრწყავ – იქნებ ოდესმე დაყნოსოს იმან.

ის მეუბნება ნანას. ძილშიაც მეცხადება… ის მაღვიძებს…

მუდამ ის… ყოველგან ის… ყოველისფერში ის…

ქსელებში გახლართული წარმოუდგენელ ტანჯვასა ვგრძნობ და უტკბესს ნეტარებას!

1909 წ.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]