თინათინისგან ავთანდილის გაგზავნა უცხო მოყმის საძებნელად - განხილვა

თინათინისგან ავთანდილის გაგზავნა უცხო მოყმის საძებნელად – განხილვა

ავთანდილი შინ მარტო იყო, პერანგისამარა იჯდა, ჩანგს უკრავდა და ზედ ლაღად დამღეროდა. მონა ზანგი შემოვიდა და მოახსენა, თინათინი გიხმობსო. ჭაბუკის ნატვრაც ეს იყო: მისი ჭვრეტითა და სიახლოვით დატკბებოდა, ვისზე ფიქრითაც ცრემლი ბევრჯერ უღვრია. პირისპირ პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ნაირფერი სამოსიდან უმჯობესი აირჩია, კოხტად გამოეწყო და მისი სამყოფისაკენ ამაყად გასწია. მოღუშული დაუხვდა სატრფო:

“იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა,
და მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა”.

სიასამურის ბეწვის უსაპირო სამოსი ტანთ შილიფად ეცვა, ძოწისფერი რიდე აშლილად მოებურა, თეთრ ყელზე ხშირი თმანი მიმობნევით ეხვივნენ. ავთანდილს დინჯად შესთავაზა დამჯდარიყო, შორიახლოს დაისვა. ჭაბუკი პირისპირ მოკრძალებით უჭვრეტდა, უზომო სიხარულით სავსე.
არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მეტი ვეღარ გავძელი, – უთხრა მას თინათინმა. – ახლაც, რომ გეუბნები ვძრწი და ვილევი. იცი რაზე გიხმე ან რად ვზივარ პირქუშად და დაღვრემით, ასე გონწართმეული?
თქვენი შესაძრწუნებელი რამ ჩემგან როგორ ითქმის? – მიუგო ავთანდილმა. – „მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის და-ცა-ჭნების“. მეც ამ დღეში ვარ, თავი დამვიწყებია, აზრისა და მიხვედრისათვის სადა მცალია, თვითონვე მითხარით, რა გიმძიმთ და რით განიკურნება ეგ სიმძიმილი.
თინათინს ხალისი შეემატა, მოტკბა, სიტყვა ალერსიანი გაუხდა:
აქამდე შენგან შორს მეჭირა თავი და, ვიცი გაგაოცებს ნატვრის ასე უეცრივ ასრულება. მაგრამ ჯერ ის გითხრა, რა ჭირშიაც ვარ ჩავარდნილი. გახსოვს, შენ და როსტევანი ნადირობიდან რომ ბრუნდებოდით და უცხო მოყმეს გადაეყარეთ? მას შემდეგ სულ იმაზე ვფიქრობ და ამ ფიქრმა დამანელა. გემუდარები, ცა და მიწა შეაჯერე და ის მოყმე მონახე. თუმცა აქამდე საამისოდ ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, მაგრამ ვიცი, შემიტყვია, შორით რომ მეტრფი:

„ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია,
შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია“

ესეც სათქმელია, ჩემი სამსახური ორნაირად გმართებს: ჯერ ერთი, როგორც მოყმეს, ვის სწორიც არვინა გყავს, მერე როგორც ჩემს მიჯნურს. წადი და საცა უნდა იყოს ის უცნობი მოყმე მოძებნე. ამით უფრო მეტადაც შაეგიყვარდები. ბილწი ეშმაკი დათრგუნე და ურვა გამიქარვე. მხნედ იყავ, გულს იმედის ია-ვერდი გიყვაოდეს.
სამ წელიწადს ძებნე. იპოვი – გამარჯვებული და მხიარული დაბრუნდები. ვერ იპოვი – დავიჯერებ, რომ მოჩვენება იყო. მოხვალ და „კოკობი და დაუფრჭვნელი, ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი“. ვფიცავ, შენ გარდა ქმრად სხვა არავინ ვინდომო, თვით ხორციელი მზეც რომ გამომეცხადოს. თუ გიმტყუნო, ქვესკნელს დავინთქე და იქაც შენი სიყვარულით ვიტანჯებოდე, გულში მახვილგანაწონები.
ჭაბუკმაც შეჰფიცა და საალერსო სიტყვები შეჰკადრა, დაუდასტურა, რომ სწამდა, სჯეროდა მისი. უცხო მოყმის ძებნაც აღუთქვა, თუმცა დიდი ხნით განშორება, ისიც ამ ბედნიერ ჟამს, ენით გამოუთქმელად ეძნელებოდა.

„მოახსენა ყმამან: მზეო, ვინ გიშერი აწამწამე,
სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე?
მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე,
ვითა მონა, სამსახურად განაღამცა წავე, წა, მე!“

ღმერთს მზედ გაუჩენიხარ და თვით ცის მნათობნიც ერთობ გმორჩილებენ, მე როგორ უნდა შეგეურჩო, შენი უხვი წყალობის შუქით გამთბარი! წავალ, ეგ მაცოცხლებელი შუქი ყველგან მომწვდება და „ვარდი ჩემი არ დაჭნების“.
კვლავ შეჰფიცეს ერთმანეთს და პირობა შეჰკრეს. მიჯნურობის ჭირი სიამედ შესცვლოდათ. ენამჭევრობდნენ, ლაღობდნენ, ბედნიერების ღიმილით გაბადრულნი.

„ერთგან დასხდნენ, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს,
ბროლ-ბადაღში შეხვეული და გიშერი ასადაგეს.
ყმა ეტყვის, თუ: შენთა მჭვრეტთა თავი, ხელი, ა, სად აგეს!
ცეცხლთა, მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს“.

მოყმე ადგა და წავიდა. აღარ იცოდა, როგორღა გაეძლო უმისოდ. უკანვე იხედებოდა გახელებით, თვალი ვერ მოეშორებინა. მოვარდისფრო ღაწვები ცრემლის სეტყვას დაეზრო და დაეთრთვილა. გული გულთან გაეერთებინა სასიყვარულოდ. ფიქრით შეჰღაღადებდა: ადრე დამაჩნდა მზეო შენი სიშორე, ბროლისა და ლალის ფეროვანება ქარვის უყვითლესად გამხდომიაო. მაშინ რაღა ვქნა, როცა მართლა დიდი ხნით ვეღარ გიხილავ! მაგრამ წესად დამიდვია, სატრფოსთვის თუნდაც მოვკვდებიო.
შინ მივიდა და დასაძინებლად დაწვა, ტიროდა, ცრემლი ვერ შეეჩერებინა. ქარისაგან შერხეული ვერხვივით იზნიქებოდა და ტოკავდა. ჩათვლემდა თუ არა, სატრფო ეზმანებოდა და შემკრთალი ხმამაღლა გაჰყვიროდა., ზმანებით ათკეცად გატანჯული. ღაწვებზე ისევ ეფრქვეოდა მარგალიტის ცრემლი სატრფოს მოშორებით სევდაააშლილს.
რა გათენდა, კოხტად მოირთო და მოიკაზმა, ცხენზე შეჯდა და სადარბაზოდ გაემართა. ხელმწიფესთან მოციქული შეგზავნა, შეუთვალა:
მეფეო, გამიგონია, რომ მთელი ქვეყნიერება თავად ხმლით დაგიმონებიათ. ახლა მე მინდა წავიდე, „მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო“, თინათინის გახელმწიფება გარშემო ყველას ვამცნო, მტერთ გულში ლახვრად ვაძგერო, მორჩილნი ვახარო და ურჩნი ვატირო.
მეფე დიდად მადლიერი დარჩენოდა, ებრძანა: ომები, ლომო,  არც აქამდე დაგკლებია, მაგრამ ვაჟკაცი ხარ და ახლაც სავაჟკაცო საქმეზედ მიგიწევს გული, წადი, ოღონდ მე რა ვქნა, თუ ხანგრძლივ მერგო შენი სიშორეო.
მოყმე შევიდა, მოწიწებით მადლი მოახსენა და შეჰკადრა:
ხელმწიფეო, მიკვირს, რა ღირსი ვარ, რომ ჩემი ქება გიბრძანებიათ?! ღმერთმა ქნას, კვლავ მენახოთ და ამით ბნელი გამთენებოდეს, ერთმანეთს კვლავ მხიარული შევხვედროდეთ.
მეფე ყელზე მოეხვია და შვილივით გადაკოცნა. მერე გული აუჩვილდა და ცრემლი გადმოყარა. ძლიერ, ძლიერ შეყვარებოდათ ერთმანეთი, „სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი!“
მოყმე გზას გაუდგა, მხნედ და ამაყად ვიდოდა, თუმცა მძიმე დარდი ფეხდაფეხ ასდევნებოდა: თინათინი თვალწინ ედგა მოუშორებლივ და მისი ცეცხლით იწვოდა. არაბეთის განაპირა მხარეში ავთანდილს მაგარი ციხე-ქალაქი ჰქონდა, მტერთა საზაროდ ზვიადად აღმართულიყო, უქვიტკირო, კლდეების გალავნით მოზღუდული.
ჭაბუკი ჯერ იქითკენ მიეშურებოდა. ოცი დღე იარა, ხშირად ღამეც სიარულში დაათენდა. რა მივიდა, მთელ მის სამფლობელოს სიხარული მოედო. დიდებულნი მოეგებნენ, ძღვენს უხვად სძღვნიდნენ. მისი ნახვით ყველა ხარობდა. გამგზავრების მოსწრაფემ იქ სამიოდე დღე დაყო. წასვლის წინ შერმადინი იხმო, თავისი გაზრდილი მოყმე-ჭაბუკი, და „დაისვა სავაზიროსა“, უთხრა:

„მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა,
ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა,
ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა,
აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა“.

იმ გადაკარგული მოყმის ამბავი შემიტყვეო, დამიბრუნდები და გულის წადილს მაშინ აგისრულებო. სიყვარული და ერთგულება შემომფიცა, „მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა“. მოყმე ვარ, პატრონის სამსახური მმართებს. ქვეშედრომს მეფის ერთგულება შეჰფერის. ესეც არ იყოს მან ხომ მტანჯველი ცეცხლი დამივსო, გული დამიამა. წავალ, ხიფათსა და განსაცდელს მხნედ შევეჭიდები, „ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად“.
მე და შენ რომ ვართ, ასეთი მოყვარული მოყმე და პატრონი სხვა არავინაა, – დასძინა ათანდილმა – ამიტომაც გთხოვ ნათქვამი გამიგონო: მივდივარ და შენ გტოვებ მონაცვალედ, ჩემი მხედრობის მეთაურად. თუ არა შენ, ამ საქმეს ვერავის მივანდობ. ლაშქარი ალაშქრე, დიდებულთ მოეპატრონე. საზღვარი გაამაგრე, ფხიზლად იყავ, მტერმა მახლობლად ვერ იბოგინოს. ხელმწიფიანთ უჩემობა არ აგრძნობინო: ამბის გასაგებად კაცი უნდა გაგზავნო, ჩემ მაგიერ წერილი მიუწერო და უებრო ძღვენი უძღვნა.

„ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე,
აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე,
მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,
არ მოვბრუნდე, მომიგონე, მიტირე და მივაგლახე“.

მაშინღა შეჰკადრე მეფეს უსიამო ამბავი, ჩემი სიკვდილი აცნობე, „მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია“. აი, მაშინ კიდევ უფრო მეტი სიმხნე გმართებს. ხშირ-ხშირად მომიგონე, ადრე არ დამივიწყო. გახსოვდეს ცემი გაზრდილი ხარ, ცრემლი ნუ დაგენანება. ჩემი სულის დასაურვებლად ნურაფერს დაიშურებ, „გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია“.
ავთანდილის ნათქვამმა შერმადინი გააოცა და თავზარი დასცა, თვალთაფგან მდუღარე ცრემლი გადმოსცვივდა, გულმოკლულმა მოახსენა:
ვიცი, რომ წახვალ, არ დადგები, ამიტომ მაგას არც მე გიშლი. ეს კი როგორ მიბრძანე, ჩემ ნაცვლად დაგტოვებო, შენი მაგივრობა რანაირად უნდა გავწიო, სად შენ და სად მე?! ხომ მიწა გამეთხარა და დავიმარხე, რა, „შენ მარტოსა გიგონებდე“, სჯობს, მეც თან წამიყვანე, ორივე ერთად გავიპაროთ!
გამიგონე, – მიუგო ავთანდილმა – მიჯნური ველად მარტო უნდა გაიჭრას. ვიცი, გამიჭირდება, მაგრამ ნამდვილი ბედნიერება ჭირუნახავად და გაურჯელად ვის მოუხვეჭია?

„მარგალიტი არვის მიჰხვდეს, უსასყიდლოს, უვაჭრელად.
კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.“

ვის გავუზიარო ხვაშიადი ან სამფლობელოს მოვლა-პატრონობა ვის მივანდო? შენ გარდა საამისოდ შესაფერისი სხვა არავინ მეგულვის. მარტოობა ვერას დამაკლებს, თუ ციურ ძალთა დასი მფარველად მექნა. „ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს თუნდა ასი“. ეგების კვლავ დავბრუნდე, ღმერთმა სულმთლად არ გამიმეტოს დასაკარგავად. თუ სამი წლის თავზედაც არ გამოვჩნდი, მაშინ კი გლოვა გმართებს. ანდერძს დავტოვებ, მთელი ჩემი სამფლობელო შენ გმორჩილებდეს.

წყარო: http://www.aura.ge/103-sabavshvo/1691-shota-rustaveli–vefxistkaosani-shinaarsi.html

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]