თალაგვა კოლონკელიძე (პერსონაჟის გააზრება)

თალაგვა კოლონკელიძე (პერსონაჟის გააზრება)

თალაგვა კოლონკელიძე – განხილვა

კვეტარის ერისთავი თალაგვა კოლონკელიძე ერთი იმ ტიპიურ ქართველთაგანია, რომელნიც საკუთარი დიდების ტკბობით იწყებენ ქვეშევრდომთა მართვას და თანდათანობით ამ ტკბობას ხინჯად გასდევს შეგრძნება იმისა, რომ მის თანამემამულეთა შორის კიდევ მოიძიება სხვა კაცი, მასზე მეტი დიდებით შემოსილი. კაცი, რომელსაც პირველდაძახებისთანავე ქედდადრეკილი უნდა ეახლოს და საკუთარი დიდების უზრუნველსაყოფად ისევე უქიცინოს კუდი, როგორც მას მისივე ყმები ემლიქვნელებიან.
კვეტარის ციხე-დარბაზში გამოკეტილს ერთგულად იცავენ მისი ყმანი და კაცთაგან ფეხდაუდგმელი ქარაფები.
მაგრამ მაინც არსებობს ის ერთი, მასზე აღმატებულად წოდებული და, ამდენად, მისი ტკბობა დიდებით სრულყოფილი კი არა, ხანდახან შიში წამოუვლის ამპარტავან ერისთავს – ხომ შეიძლება, მეფეს მისი მამულების სხვისთვის ბოძება მოეხასიათოს, ხომ შეიძლება, მის ერთგულ ქვეშევრდომობაში ეჭვი შეეპაროს და გზიდან ჩამოიცილოს. ჯერ არ უქნიათ მეფეებს ამგავრი რამ, თუ რა?!
ამგვარი ფსიქოლოგიური განწყობილება, ერთი მხრივ, მეფისადმი პირფერობაში აჯიბრებს სხვა პირფერებთან, მეორე მხრივ, ბადებს იმ წინაპირობას, როცა ქვეშევრდომი მუდმივად მზად არის ზურგში მახვილის ჩასაცემად და მბრძანებლისაგან გასათავისუფლებლად. თუ ამ განწყობას ისიც დაერთო, რომ უფრო ძლიერი მფარველი გამოუჩნდა, უცხო და შორეული, ავადმყოფობადქცეულ პატივმოყავრეობას სარქველი ეხდება. თუ მორჩილებაა, სჯობს შორეული მბრძანებლის მორჩილებაში იყო, ვიდრე  იმისა, ვინც ცხვირწინ გიზის და მუდმივად უნდა შეჰყურებდე თვალებში…
ამბოხებისთვის კოლონკელიძესა  და მასთან შეთქმულთ საბაბიც ჰქონდათ – მეფე ქრისტეს რჯულს  ახვევდა თავს მთიელებს, როცა მათ საკუთარი , მამაპაპური ბომონები ეგულვოდათ სალოცავ კერპებად.
დიდი რელიგიების შემოქმედთ: ბუდას, მოსეს, ქრისტეს, მუჰამედს, ვინ იცის, შეძრწუნების როგორი გრძნობა მოიცავდათ, რომ ეხილათ, ადამიანები რა აღტყინებით თესავდნენ სიკვდილს მათივე სახელით.
მეორე ამბოხის შემდეგ მის საერისთავოში მიბრძანებულ მეფეთა – მეფეს გულმოწყალება შეამჩნია თალაგვამ,  იმედი გაუჩნდა გადარჩენისა, გადარჩენის კი არა, უფრო წარმტაცმა ილუზიებმა გაიტაცა – იქნებ მართლა უყვარსო გიორგი მეფეს შორენა, იქნებ მის ხელს მთხოვდესო, და ამ ფიქრმა კოლონკელიძეს ახალი პერსპექტივები გადაუშალა სასახლის კარზე აღზევებისა. აღარ მოეწონა თალაგვას შეთქმულთა დანახვა. ერთ წუთში გამოიცვალა მეამბოხე და ფიქრით უკვე მეფის საშველად ემზადებოდა მის მტერზედა…
ამ ფიქრმა გასცა აქამდე ურჩი ერისთავის ჯანყის ნამდვილი მიზეზი.
აკი წინაპართა რელიგიას იცავდა აქამომდე?
მისგან წასისინებული ათასობით ფხოველი კი იწვა მიწაში და არ იცოდა არც ერთმა მათგანმა, სინამდვილეში წინაპართა რჯულს კი არა, საკუთარ პატივმოყვარეობას რომ შესწირა ისინი მათივე ერისთავმა.
ეს სიუჟეტი მკაფიო სურათია შინააშლილობის ერთი მიზეზისა – როცა ხალხის ბედი ავადმყოფობამდე მისული პატივმოყვარე მმართველის ხელითაა, ეს ხალხი ვულკანზე ცხოვრობს, რომელიც ამოიფრქვევა მაშინ, როცა ამას პატივმოყვარე მმართველი თავისთვის ჩათვლის საჭიროდ.

სტატიის ავტორი: ნოდარ გრიგალაშვილი მწერალი, ფილოლოგი

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]