ვასილ ბარნოვი - „აღდგომის ცოდვა“ (ანალიზი)

ვასილ ბარნოვი – „აღდგომის ცოდვა“ (ანალიზი)

ნოველის ავტორი სხარტი, ბასრი სიუჟეტის მეშვეობით წარმოქმნის ჭრილს, რომელშიც ერტბაშად ხდება ხილული მეტწილად დაფარული და შენიღბული ადამიანური მანკიერებები – შური სხვისი კეთილდღეობის მიმართ, შურისძიების წყურვილი, გამოწვეული სხვათა უპირატესობის წინაშე განცდილი საკუთარი სიმცირის გრძნობით, სხვისი გასაჭირის მომგებიანად გამოყენების სურვილი, ეროტიული სიხარბე, სხვა ადამიანის დაკნინებით ტკბობა, სხვისი უბედურებით აღძრული ბოროტი სიხარული. მათ შორის ყველაზე საშინელი და ძლიერი სხვა ადამიანის ტკივილით და დამცირებით სადისტური ტკბობაა, რადგან იგი ყველაზე ღრმად ფესვგამდგარია, ირაციონალურია, გონებას დაუმორჩილებელი და გაუგებარია. ამ ირაციონალური ძალის განმასახიერებელი დემონი იმიტომ ამარცხებს მეორე, ანგარების განმასახიერებელ დემონს, რომ ანგარება ფხიზელი გონების სფეროსთან უფრო ახლოსაა და ირაციონალურ სიღრმეს მოკლებულია, უფრო ზედაპირული და ჩვეულებრივია.
ნოველას ემოციურად და აზრობრივად ამძაფრებს ის, რომ მთავარ პერსონაჟს მოყვასის დამცირებით ტკბობის ჟინი აღდგომის დღესასწაულზე ეუფლება, როცა მოყვასის ქრისტიანული სიყვარული უნდა ზეიმობდეს. ეს მეტყველებს ქრისტიანობისგან მის გაუცხოებაზე, რაც არის კიდეც ბნელი იმპულსების წინაშე ამ ადამიანის უმწეობის მიზეზი. ქრისტიანობისგან გაუცხოებულია მისი მეგობარიც, რომელიც აღდგომის შესახებ ცინიკურად ლაპარაკობს. ეს დღესასწაული ნოველის პერსონაჟებისთვის (მათ შორის ეფემიას და კიმოთესთვის) ქეიფის და პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების საბაბი ჩანს და არა სულიერების გამოხატვის ფორმა. თუმცა ნოველის მთავარი პერსონაჟის აღსარებაში გამოსჭვივის გარკვეული შიში, შფოთვა ჩადენილი ცოდვის გამო, მასში მაინც უფრო თვალსაჩინოა დანანება, რომ ხელსაყრელი შემთხვევა მარჯვედ ვერ გამოიყენა.

თამაზ ვასაძე

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]