ვაჟა ფშაველა-არწივი (განხილვა)

ვაჟა ფშაველა-არწივი (განხილვა)

ვაჟა ფშაველა-არწივი.

ერთხელ გზად მიმავალ ვაჟა-ფშაველას უღირს კაცებთან მოუხდა თურმე შეხვედრა, რაც უსიამოვნოდ დამთავრებულა. ცხადია, ფიზიკურად ძლიერ პოეტს გამოადგებოდა, პირველივე მოკრივე რომ იყო ერთ დროს გორის საოსტატო სემინარიის მოსწავლეთა შორის, მაგრამ მოწინააღმდეგის სიმრავლეს მაინც თავისი გაუტანია.
ნათქვამია: ზოგი ჭირი მარგებელიაო და ამ ინციდენტის შედეგად ქართულ პოეზიას ვაჟას „არწივი“ შეემატა.
„არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა“, – გვეტყვის ვაჟა და ეს არწივი საქართველოა ჩვენთვის, თუნდაც ლექსის შექმნის მომენტში ავტორს არც ეფიქროს ამგვარ ალეგორიაზე;
ქართული პოეზიის მთის არწივს, ისევე როგორც ნებისმიერ პოეტს, ჰქონდა უფლება, მისთვის სასურველი გააზრება ჩაედო ტროპში, მაგრამ საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში თითქოს მთელი ერი გამოვიდა ლექსის თანაავტორად, თავისი თავი დაინახა დაჭრილი არწივის უმშვენიერეს სახეში და უნებლიეთ დაკანონდა პოეტური ხატის ამგვარი გააზრება, მით უფრო, რომ ყვავ-ყორნები ჩვენს ესთეტიკურ შემეცნებაში უკვე სამუდამოდ დაკავშირებოდა მტრის სახეს, რადგან ვერ დავივიწყებდით უბერებელ სტროფს:
„კავკასიის მაღალ ქედზე მიჯაჭვული ამირანი
არის მთელი საქართველო და მტრები კი – ყვავ-ყორანი“.
ეს ყვავ-ყორანი მუდამ ერთია – „საქართველოს უკვდავი მტერი“. გარეულიც და შინაურიც, რომელიც ფეხქვეშ თელავს სიმართლის ყვავილებს, მითიურ გმირს გულ-ღვიძლს უკორტნის, მის წინააღმდეგ რკინას ჰკვერავს, ხოლო დაჭრილ არწივს წამოდგომას არ ანებებს:
„ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა.
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს, გულისპირს სისხლი სცხებოდა“.
საბედნიეროდ, არწივი არ მომკვდარა, მხოლოდ დაჭრილია, არც სძინავს და წამოდგომის სურვილი აქვს.
იმედიც და ძალაც ამ სურვილმა უნდა აღმოაცენოს და კიდევ იმან, რომ არწივს მართვეები რჩება ხოლმე, ხოლო ყვავ-ყორნებს – ბახალები.

სტატიის ავტორია: შორენა ქაჯაია

თქვენი online რეპეტიტორი