ვაჟა ფშაველას „სინდისი“-ს ანალიზი

ვაჟა ფშაველას „სინდისი“-ს ანალიზი

ვაჟა-ფშაველა კაენს ხატავს როგორც პრიმიტიულ, პირველყოფილ ადამიანს, რომელიც მკვლელი თავისი ცხოველური ეგოიზმის და გონების სიჩლუნგის გამო ხდება.
სინდისი, ცხადია, კაენის შინაგანი სამყაროს ნაწილია, მაგრამ ის კაენის მთელ არსებას ვერ მსჭვალავს, მისი ტლანქი ბუნებისთვის მაინც უცხო ძალად რჩება. და ამას კაენის გონებრივი განუვითარებლობაც განაპირობებს – ვაჟა უზნეობას და უგუნურებას ერთმანეთს უკავშირებს. უგუნურება გზას უხსნის და ნიადაგს უქმნის უზნეობას. ზნეობა, სინდისი განუყოფელია ნამდვილი გონიერებისგან (ამიტომ ახასიათებს ვაჟა ცოდვილებს – მოღალატეებს ასე: ,,გადარეულნი”, ,,შხამით მთვრალები”).
ნამდვილი გონიერებაა ის, რომ ადამინი უფრთხილდება თავისი არსების უკეთეს, ღვთაებრივ ნაწილს, ვაჟას თქმით, ,,ღვთის კრავს”. ძალა, რომელიც ადამიანის არსების ღვთაებრივ საწყისს იცავს, სწორედ სინდისია – ღმერთის ხმა ადამიანში. ანუ სინდისი ადამინის მორალური თვითგადარჩენის ,,ინსტიქტია”. ამიტომ ის, ვინც უსინდისოდ ცხოვრებს, დაუნდობლად ეპყრობა თავისთავს, ამახინჯებს საკუთარ სულს, სიჯანსაღეს, სიმართლეს უკარგავს, სინდისის ქენჯნისთვის იმეტებს მას. ცოდვილის სული ,,შუა გაიპობა” – მისი მთლიანობა, ჰარმონია ირღვევა. სინდისი და ადამიანის არსება ერთმანეთს უპირისპირდებიან, ებრძვიან.
უზნეობა ისჯება არა მარტო შინაგანად – სინდისის ქენჯნით, არამედ იმითაც, რომ უზნეო დაუცველი ხდება სხვათა უზნეობის წინაშე: სხვები ისევე ექცევიან, როგორც თვითონ ექცევა სხვებს.
სინდისი ადამიანს უზნეო ქმედებასთან ერთად უზნეო აზროვნებას და სიტყვასაც უკრძალავს – სინამდვილის, სიმართლის გაყალბებას, ჭეშმარიტების გამრუდებას (,,ნუ გაასაღებ თეთრად შენ შავსა და არ დაარქვა შავს, კაცო თეთრი”). თუმცა სინდისი მხოლოდ აკრძალვების დამწესებელი და დამსჯელი არ არის. მას აქვს პოზიტიური მოთხოვნაც – იგი ადამიანს ავალებს სხვა ადამიანების სიყვარულს, კაცთმოყვარეობას და სიკეთის მქმნელს სიხარულის გრძნობით აჯილდოებს.
ვაჟა-ფშაველასთვის სინდისი კაცობრიობის გამაერთიანებელი უნივერსალური ფენომენია, რომელიც აღემატება ადამიანთა შორის არსებულ ეთნიკურ, სოციალურ, კონფესიურ განსხვავებებს – ამას პოემა ,,სინდისის” გარდა ,,ალუდა ქეტელაური” და ,,სტუმარ-მასპინძელიც” მოწმობს. კაცობრიობის ისტორიას, ვაჟას ხედვით, სწორედ სინდისიერების და უზნეობის ბრძოლა წარმართავს. ამა თუ იმ ხალხის ბედს და უბედობასაც, აღმავლობას და დაქვეითებასაც ის განსაზღვრავს, თუ რამდენად ზნეობრივია, სინდისიერია ეს ხალხი (,,ამ ხმისა ძაფზე კვლავ აიკინძა, ვინც ისინდისა; ვინც უარი ჰყო, ის ხომ დადაბლდა”).
ვაჟა-ფშაველას თვალთახედვით, სინდისის ჩაკვლა, რაც კაცობრიობის ცხოვრებაში ხდება, ღმერთის მოკვლის ტოლფასია(,,… და ის მებრძოლი ჩვენ გულში ღმერთი მოვკალით კაცთა”). ვაჟას ფიქრით, სინდისის კაენური უარყოფა და უღმერთობის, უზნეობის გაბატონება კაცობრიობას განადგურებას უქადის, რადგან ადამიანთა მოდგმის არსებობის შენარჩუნების და გაგრძელების საწინდარი სინდისია, ზნეობაა. ამაშიც ცხადად ჩანს, რომ უსინდისობა უგუნურებაა.
,,სინდისი” 1913 წელსაა დაწერილი – პირველი მსოფლიო ომის წინ, გლობალური სისხლისმღვრელი კონფლიქტების, რევოლუციების, ტირანების ეპოქის დამდეგს. ვაჟა-ფშაველას პოემაში წინასწარ ნაგრძნობია XX საუკუნის ტრაგედიები, რომლებიც უპირველესად კაცობრიობის სულიერ-ზნეობრივმა კრიზისმა განაპირობა.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]