დამსეტყვე ცაო (განხილვა)

დამსეტყვე ცაო (განხილვა)

დამსეტყვე ცაო – განხილვა

„დამსეტყვე, ცაო“ ადამიანის დანიშნულების თემას ეძღვნება. რადგან კაცი მატერიალურ და სულიერ, მიწიერ და ზეციურ საწყისებს აერთიანებს, იგი მუდამ ირხევა დადებთსა და და უარყოფითს, კეთილსა და ბოროტს, სოფელსა და ზესთასოფელს შორის.  ადამიანს როგორც ეს ორმაგი ბუნება, ისე არჩევანის უფლება შესაქმიდანვე მიეცა, რადგან მიწის მტვრისაგან შექმნა იგი ღმერთმა  და შთაბერა მარადიული, უკვდავი სული. თუმცა კაცთაგან იშვიათი ახერხებს უფლის მცნებების ბოლომდე შესრულებას, წუთისოფლის შეცნობას და სამოთხის ბილიკის მიგნებას. ამის მიზეზი ის უამრავი საცდურია, ეს ქვეყანა რომ უმზადებს ადამიანს, საცდური თვალისა თუ გულისათვის, რითაც იტყუებს კაცს და თვალს უხვევს. არა მხოლოდ ხიბლი, ჭირი და ვაებაც ზემოქმედებს ადამიანზე, ქედს ადრეკინებს, ზნეობრივ კომპრომისს ჩაადენინებს.
ვაჟა მზადაა, გაუძლოს ყოველივეს, არ აჰყვეს ცდუნებას, სიბილწე ახლოს არ გაიკაროს, გაუტეხავი გულით, მოუღალავი მკლავით დაუპირისპირდეს საწუთროს. ამიტომაც ამბობს:
„რაც უნდა ჭირი მომკერძო,/ ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლევინებ/ მოზღვავებულის ავითა“.
პოეტი დაწყევლილია „ტარასტას“, „ტერტერას“ თუ ბევრი სხვა ამგვარი ადამიანისაგან, მაგრამ იცის, რომ მისებრნიც არსებობენ, ამით იმხნევებს თავს და „მითი ნუგეშობს“. მას უკვე უპოვნია ამქვეყნიური საყრდენი, გულიც „გაერთფერებული“ აქვს, იცის თავისი ვინაობა და საქმიანობის შინაარსი. ამიტომ ათასჯერ იმეორებს ერთსა და იმავეს, ძველებურად მტრობს, ვისაც ემტერებოდა, და უყვარს, ვისაც მოყვარედ თვლიდა. ეს ერთგულებაკაცური ყოფისთვის აუცილებლად მიაჩნია.
ლექსი საინტერესოა იმითაც, რომ გვიმხელს ვაჟას დამოკიდებულებას საკუთარ პოეზიასთან. პოეტი თავის ჩონგურს „მჭვარტლიანს“ უწოდებს, რითაც თავმდაბლობას ამჟღავნებს და თავის შემოქმედებას მეტად კრიტიკულად აფასებს, თუმცა კარგად იცის, რომ ეს „უხარისხო“ სიტყვა მთისთვისაც აუცილებელია და ბარისთვისაც, რაც არაჩვეულებრივი პოეტური მომხიბვლელობით აქვს გადმოცემული:
„მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი
გულ-მკერდზე დაიწეროდი!
ბარო, წარბნი და წამწამნი
იმ სიტყვით დაიკეროდი“…
ვაჟას უფლისგან აქვს ამ სიტყვის ქადაგება დაკისრებული, ამიტომ არ აპირებს ერთხელ არჩეული გზიდან გადახვევას, ერთგულია თავისი პოეტური მრწამსისა და წუთისოფლის საცდურის მიუხედავად, უღალატოდ აღასრულებს თავის მოვალეობას:
„დავუკრავ მჭვარტლიანს ჩონგურს
ათასჯერ, განა ერთხელა
და ზედ დავმღერებ იმასვე,
რასაც დღესნამდე ვმღეროდი…“
ლექსი „დამსეტყვე ცაო“ რამდენიმე შტრიხს ჰმატებს მკითხველის წარმოდგენას ვაჟაზე, როგორც პოეტსა და პიროვნებაზე.

სტატიის ავტორი:  ლალი დათაშვილი

თქვენი online რეპეტიტორი