დავით კლდიაშვილი

დავით კლდიაშვილი

,,შერისხვაში” ჩვეულებრივი ყოფითი დავა სერიოზული სოციალურ-ფსიქოლოგიური კონფლიქტის და სულიერი დრამის საფუძველი ხდება.
მთავარი პერსონაჟის რეაგირება საზოგადოებასთან მისი დაპირისპირების წარმომშობ მიზეზზე გაცილებით დრამატულია, ვიდრე თვით ეს მიზეზი – კაციასადმი საზოგადოების დამოკიდებულებაში არის გარკვეული უსამართლობა, მაგრამ არა იმ ზომის, რომ მასზე ასეთი მწვავე, რადიკალური პასუხი ბუნებრივი იყოს. კაციას გაბოროტებული ამხედრება ყველას და ყველაფრის, თვით ღმერთის წინააღმდეგ გამოწვეულია მისი უზომო თავკერძობით, ეგოცენტრიზმით.
თავისთავზე მაღალ ,,ინსტანციას” კაცია არ ცნობს – არც საზოგადოების ნებას და ინტერესებს, არც სამართალს და კანონს, არც ღმერთს. იგი თვითონაა ჭეშმარიტების ერთადერთი მფლობელი, მხოლოდ მან იცის, რა არის სიმართლე და სამართლიანობა. ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც კაციას სურს, თვით ღმერთის ნება მის ნებას უნდა დაემთხვეს. ქრისტიანული ცნობიერება დარღვეული და ამოპირქვავებულია: იმის ნაცვლად, რომ ღვთის ნებას, ზნეობრივ მცნებებს ემორჩილებოდეს, ადამიანი ღმერთისგან მოითხოვს მორჩილებას. ღვთისგან საკუთარი მტრის დასჯის ჯიუტ მოთხოვნას, შურისძიების წყურვილს ქრისტიანობასთან სართო არაფერი აქვს – ხატზე ადამიანის გადაცემა შენიღბული წარმართული მაგიაა, ღვთაებრივი ძალისთვის ადამიანური ნების თავსმოხვევის არაქრისტიანული ცდაა. ამგვარი პრიმიტიული რელიგიურობის შერყევას კი ღმერთის უარყოფა მოსდევს.
პრომეთეს მითოლოგიური სახიდან მოკიდებული, ადამიანების ღმერთთანს დაპირისპირება უპირველესად სამართლიანობის მოთხოვნილებას, ამ ქვეყნად სამართლიანობის უკმარობით გამოწვეულ უკმაყოფილებას უკავშირედება, მაგრამ ამ მოვლენის ფარული მიზეზი ადამიანური ამპარტავნობის და თვითნებობის სახიფათო მძლავრობაა. ღმერთის წინააღმდეგ კაციას ამბოხშიც მთავარია არა მისი პრინციპი – ღმერთმა ამქვეყნად სამართლიანობის დარღვევა არ უნდა დაუშვას, არამედ ამ ადამიანის ეგოისტური თვითდამკვიდრების ჟინი.
დავით კლდიაშვილის პერსონაჟი, ისევე როგორც ალუდა ქეთელაური, საზოგადოებას უპირისპირდება, მაგრამ მათ შორის არსებითი განსხვავებაა. ალუდას კონფლიქტი საზოგადოებასთან განპირობებულია იმით, რომ მან ამ საზოგადოებისთვის გაუგებარი ჰუმანური ჭეშმარიტება აღმოაჩინა, მისთვის ეს ჭეშმარიტებაა ყველაფერზე მეტად ღირებული და მას თავგანწირვით იცავს. კაციასთვის კი ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი კერძო ინტერესი, საკუთარი შელახული სიამაყის დაცვა შურისძიების გზით და ეს აპირისპირებს მას საზოგადოებასთან, რომელიც, თავის მხრივ, პიროვნების ღირსებას დიდად არ აფასებს.
ალუდა შიშისმომგვრელი, სასტიკი ღმერთის ნაცვლად ქრისტიანულ, კაცთმოყვარე ღმერთს აღმოაჩენს, ხოლო კაცია ღმერთის უაროფის შემდეგ კვლავ შიშისმომგვრელ, დამსჯელ ღმერთზე თავისი წარმოდგენის ტყვე ხდება – მას, ისევე როგორც საზოგადოებას, რომელშიც ის ცხოვრობს, დაკარგული ჰყავს შემწყალე და მიმტევებელი ქრისტიანული ღმერთი.

თქვენი online რეპეტიტორი