გურამ რჩეულიშვილი

გურამ რჩეულიშვილი

გურამ რჩეულიშვილის სტილისთვის ნიშანდობლივია ჯანსაღი, იდილიურად აუმღვრეველი განწყობის შეხამება დრამატულ თუ ტრაგიკულ საწყისთან. იდილიურობა უბედურების და სიკვდილის, ტრაგედიის თხელი საფარველია („ნელი ტანგო“, „სიკვდილი მთებში“, „ირინა“…).
იდილია „მუნჯ ახმედსა და სიცოცხლეშიც“ იხატება – ახმედის და ლილის უზრუნველი არსებობა ბუნებაში, სიყვარულით მათი ბუნებრივი, წრფელი შეკავშირება თითქოს პირველი მამაკაცის და ქალის სამოთხისებური ყოფაა. ისინი ბედნიერები არიან ისე, როგორც მხოლოდ სრულიად უბოროტო, უცოდველი ადამიანები შეიძლება იყვენენ ბედნიერები.
სიყვარულის წყალობით მუნჯი ახმედი თითქოს მეტყველების უნარს იძენს – ის ამეტყველდება „სიყვარულის ენაზე“, თავის სიყვარულს აგებინებს ლილის და თვითონაც ესმის ლილის სიყვარული. სიყვარულის ძალით ახმედი – სიმუნჯის გამო თავისთავში დახშული, გაუგებარი არსება ლილის უახლოეს ადამიანად იქცევა. მარგამ ახმედის ქოხში ჩასახლებული სიკვდილის მიერ დაშინებული ლილისთვის ეს კაცი უცხოვდება, თავისი სიმუნჯის მიზეზით შეუცნობელი და შემაძრწუნებელი ხდება.
ახმედი ცივილიზახიასთან თითქმის უზიარებელი, პირველქმნილად მარტივი ადამიანია, რომელიც სამყაროს ასევე მარტივად, შიშვლად გამოვლენილი მთავარი საწყისების – სიცოცხლის და სიკვდილის პირისპირ დგას. ახმედს, მის სიყვარულს ღუპავს არა შინაგანი კონფლიქტი ან კონფლიქტი საზოგადოებასთან, არა სოციალურ ურთიერთობათა დისჰარმონიულობა და ადამიანთა ბოროტება, არამედ უშუალოდ და საკუთრივს სიკვდილი. მოთხრობაში სიკვდილის ფენომენი ძალიან ახლოდან არის დანახული, სიკვდილის ძალა – საგნობრივი, ფიზიკური სიცხადით ნაგრძნობი.

თამაზ ვასაძე

თქვენი online რეპეტიტორი