გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობა“-ს განხილვა

გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობა“-ს განხილვა

გურმა რჩეულიშვილის ლირიკული გმირის პიროვნული თვითმყოფადობა თვალშისაცემად მკვეთრია. ეს არის მაძიებელი, ცნობისწადილით სავსე ადამიანი, რომელსაც სურს ყველაფერი თვითონ, დამოუკიდებლად, საკუთარი ხელის შეხებით შეიცნოს. ის სინამდვილის დაკვირვებული შემსწავლელია, მჭვრეტელია, მაგრამ ამავე დროს მჭვრეტელობით პოზიცია ევიწროება და მძაფრად, სისხლსავსედ ცხოვრობს. მისი ფიქრი, აზროვნება დაძაბულია, მაგრამ ღრმა აზრი მისთვის თავისთავად საკმარისი არ არის, მას აზრის განხორციელება სურს, ჭეშმარიტი აზრის მეოხებით სრულყოფილ პიროვნულ თვითრეალიზაციას ესწრაფის.
„ალავერდობის“ გმირს თავიდან ბუნებაში გნამარტოებულს ვხედავთ – ბუნებასთან ურთიერთობა მას სამყაროს დიდებულებას, მშვენიერებას და იდუმალებას, ჰარმონიას აზიარებს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იგი ბუნებასთან მიღწეული თანხმიერებით არ კმაყოფილდება, რადგან სურს ჰარმონია ბუნებიდან ადამიანთა ცხოვრებაშიც გადაიტანოს, დაამკვიდროს. მისი თვალთახედვით, ადამიანი სამყაროს დიდებულების ღირსი უნდა იყოს და ალავერდი, ადამიანის ქმნილება, არის ის, რითაც ადამიანი სამყაროს, ბუნების დიდებულება ამაყად პასუხობს.
ალავერდობის დღესასწაული, რონელსაც მთხრობელი ესწრება, ამ ადამიანური სიამაყის შემლახველია. ბუნების ჰარმონიასთან შედარებით უფრო მტკივნეულად საგრძნობი და დამამცირებელია ის დისჰარმონია, ქაოსი, რომელიც აქ ბატონობს. ერთმანეთისგან გაუცხოებული, გულგრილი ადამიანების უმწეო ცდები, სადღესასწაულო განწყობა შექმნან და გაერთიანდნენ, მხოლოდ ხაზს უსვამს მათ გათიშულობას და აბსურდული ფარსის ხასიათს აძლევს დღესასწაულს. ამ ადამიანებს დაკარგული ჰყავთ ერთმანეთი, რადგან დაკარგული აქვთ საკუთარი თავი – არსებობს აზრი, ნამდვილი ფასეულობები, ღირსება; დაცლილები არიან ძლიერი და ღრმა გრძნობებისგან, ნამდვილი სიცოცხლისმოყვარეობისგან. ის საზოგადოება, რომლის ბუნება და სახეც ამ ადამიანებში გამკვეთრებულად ჩანს, ჩლუნგ ბრბოდ არის ქცეული. იგი სრულიად მოკლებულია რელიგიურობას, ამაღლების, ექსტაზის და დიდი სიხარულის განცდის უნარს. გურამ რჩეულიშვილისთვის ჭეშმარიტი რელიგიურობა, ქრისტიანობა სწპრედ სასიცოცხლო ძალების სისავსე და სიცოცხლისმოყვარეობაა, სიცოცხლის სიხარულის გრძნობაა, ძლიერი, ღირსეული ადამიანების ღრმა დაახლოება და გამთლიანებაა სიყვარულის ძალით.
თვით ლირიკული გმირის ქმედებაში არის ეს რელიგიური ექსტაზი და სიცოცხლისმოყვარეობა, სიცოცხლის სიხარული. ამ ქმედების წამმართველი პათოსი ქრისტიანულია – მოყვასთა შველა, მათი დახსნა სიბრმავიდან, უღირსობიდან. მოთხრობის გმირს სურს, დაქსაქსულ და გამოფიტულ ხალხს დაანახოს ტაძარი – მისივე ნამდვილი და დაკარგული სახე. ისევე როგორც „მგზავრის წერილების“ ლირიკულ გმირს, გურამ რჩეულიშვილის გმირსაც ადამიანების სულიერი განახლება წყურია, ისიც საზოგადოების დეგრადირებას, შინაგან გახევებას, უსიცოცხლობას უპირისპირდება, მისი მიზანიც ის არის, რომ საზოგადოების არსებობა „თერგისებური“ გახადოს.
მაგრამ მოთხრობის გმირი კრიტიკულია არა მარტო ბრბოს მიმართ, არამედ თავისთავის მიმართაც, რადგან შეჭმარიტების მიკველვას ესწრაფის და არა საკუთარი უზადობის დემონსტრირებას. მკითხველმა უკვე ირწმუნა მისი მეამბოხური ქმედების სისწორე, აყვა მის რომანტიკულ ლტოლვას და არტისტულ გატაცებას, მოულოდნელად კი თვითონ იგი არღვევს ამ ერთსულოვნებას – თავის თავში ეჭვდება. ის ხვდება, რომ შრომა, შენება, შემოქმედება უფრო დიდი ფასეულობაა და უფრო შედეგიანია, ვიდრე გამომწვევი პროტესტი, ამბოხი; ამიტომ ხვდება იმასაც, რომ თვით ისიც და საერთოდ, პიროვნება ინერტულ ბრბოზე შეიძლება მხოლოდ შემოქმედებითმა შრომამ აამაღლოს და არა საკუთარი თავის საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოქცევამ. ბრბოსაც კვლავ ხალხად მხოლოდ შრომასთან მიბრუნება აქცევს, რადგან სწორედ შრომისგან მოწყვეტა გადააგვარებს ხალხს ბრბოდ, ართმევს სასიცოცხლო ძალას, არსებობის ხალისს და სიხარულს.
მოთხრობის ქვეტექსტში იკითხება, რომ შემოქმედებითი შრომა ამქვეყნად ყველაზე რელიგიური ფენომენია, რომელიც ადამიანის არსებობას აზრით და სიცოცხლის დაძაბული ნებით მსჭვალავს და რომლის მეშვეობითაც ადამიანი სამყაროს მშვენიერებას და ჰარმონიას ადამიანური შინაარსით შეავსებს, სამყაროში ადმიანურ წესრიგს ამკვიდრებს. ნამდვილი, ღრმა რელიგიურობა, ქრისტიანობა ხორცს ისხამს შემოქმედებით შრომაში, შენებაში, ახლის ქმნადობაში, ღმერთის შემოქმედების და სამყაროს სრულქმნის ადამიანის მიერ ღირსეულად გაგრძელებაში. გურამ რჩეულიშვილის მოთხრობა მრავალი საუკუნის მიღმა ეხმიანება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას“, ნაწარმოებს, რომელშიც ამგვარი მსოფლხედვა განსაკუთრებული სიმკვეთრით არის გამოხატული.

თამაზ ვასაძე

თქვენი online რეპეტიტორი