გიორგი პირველი

გიორგი პირველი

გიორგი პირველი – პერსონაჟის გააზრება

არათუ მეფე, თავისი ქვეყნის სიმბოლო, წარულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე უზარმაზარი პასუხისმგებლობის ტვირთწამოკიდებული, არამედ რიგითი მოქალაქეც კი, თუკი სხვებზე ნაადრევად დააწვება პასუხისმგებლობის ტვირთი, იძულებულია  დაემშვიდობოს ყმაწვილკაცობის უფლებით მინიჭებულ სილაღეს.
თორმეტი წლის იყო, როცა მეფედ აკურთხეს:
ცოლიც უსიყვარულოდ შერთეს, ჩვეული პოლიტიკური ანგარიშიანობით.
ახალგაზრდობაში დაკარგული თავისუფლების ანაზღაურებას მოწიფულ ასაკში ცდილობს მეფე.
გლახუნა ავშანიძედ გარდასახული ხან სანადიროდ დაეხეტება თანშეზრდილ ყმებთან ერთად, ხან უზომოდ შეექცევა ღვინოს, ხანაც სასახლის ეტიკეტიდან და დედოფლის „მეურვეობიდან“ თავდაღწეული, მშვენიერ სქესთან ნებივრობს.
მოკვდავნი დიდებისკენ ილტვიან, დიდებულთ კი ხშირად ენატრებათ უბრალო მოკვდავთა უბრალო ცხოვრება.
თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მიწურულს მეფეს ნამდვილი სიყვაურლი ეწვია. ძლიერი მამაკაცური ვნებით შუყვარდა კოლონკელიძის ასული შორენა. ჭიდილი მეფის მოვალეობასა და სიყვარულს შორის პირველის გამარჯვებით დასრულდა ჯერ კვეტარის ციხეში, როცა გიორგიმ უარი უთხრა შორენას, შეეწყალებინა თალაგვა.
მეფე ქვეყნის ინტერესს უქვემდებარებს პიროვნულ სურვილებს, თუნდაც ეს ინტერესი ამ სურვილებზე უარის თქმას აიძულებდეს.
როცა ამბობენ – რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარსო – უპირველესად იგულისხმება ის, რომ, თუ თავისი დიდი მოვალეობის წინაშე პირნათელია კაცი, ეპატიება იმათზე მეტი,  ვისაც ამ ცოდვათა მოთოკვის გარდა სხვა რამ არცა-რა მოვალეობა აკისრია…
ცხადია, დანაშაული იყო არსაკიძესთვის მკლავის მოკვეთა. მარგამ კურიოზია მტკიცება იმისა, რომ მეფის ამ საქციელის მიხედვით ვიმსჯელოთ ხელოვანის ბედზე ტირანულ სახელმწიფოში, ვინაიდან მეფემ არსაკიძე როგორც ხელოვანი კი არა, როგორც მეტოქე, რაყიფი, სიყვარულში მოცილე -დასაჯა. ისე, როგორც გაიმეტა საკუთარი დეიდაშვილი, გირშელ ერისთავი, მოაწამვლინა ჭიაბერი. ამ ანალოგიით კი შეიძლება ვიმსჯელოთ მეფის დეიდაშვილების ან საწყალი ერისთავების ბედზე ტირანულ სახელმწიფოში, რაც აბსურდია.
როგორც ჩვეულებრივი მოქალაქის, ისე მეფის ადგილი ამ მზისქვეშეთში იმითაც განისაზღვრება, თუ რამდენად გრძნობს იგი საკუთარი მისიის პასუხისმგებლობას.
გიორგი I უპირველესად საკუთარი ღირსების შემგრძნები და ერის ღირსების დამცველია.
მონარქი, რომლის ერთი სიტყვაც საკმარისი იყო, მონასავით მოეგვარათ მისთვის ტყვედპყრობილი შორენა, უსაზღვროდ იტანჯება ამ ქალისადმი ცალმხრვი სიყვარულის გამო.
სვეტიცხოვლის დიდებული ტაძრის მშენებლობაც შინააშლილობითა და გარეშე მტრების მუქარით შეჭირვებულ ქვეყანაში გიორგის ეროვნული ღირსების ხაზგასასმელად სჭირდებოდა.
გიორგიმ ბერძნულიც იცოდა, არაბულიც, მაგრამ სასახლეში მხოლოდ ქართულად ესაუბრებოდა უცხოელებს. ეს ეტიკეტიც პურიზმის კი არა, სახელმწიფოებრივი აზროვნების  სანატრელი გამოხატულება იყო.
თავისთავად ის ფაქტიც, რომ გიორგი  წუთისოფლის სიამეთა საძიებლად სახეცვლილი, გლეხის ტალავარით შემოსილი გადის სასახლიდან, მეფური ღირსების გაფრთხილებასაც ნიშნავს. ის არ არის ასკეტი, მას სწყურია ადამიანური, სისხლსავსე, გნებავთ ბოჰემური თავდავიწყება და დიაცთა ფერება, მაგრამ მან იცის: როგორც სახლი, მაღალ გორაკსა ზედა დაშენებული, ჩანს ოთხივე მხრიდან, ისე მეფის ცხოვრების ყველა წვრილმანი ჩანს ქვეყნის ოთხივე მხრიდან და მეფე ქვეშევრდომთა თვალში ყოვლი ღირსებით შემკულად უნდა გამოიყურებოდეს, ადაიანურ სისუსტეთა საქვეყნოდ დემონსტრირების უფლება მას არ აქვს.
გიორგი პირველი ამითაც განსხვავდება იმ გულნამცეცა მეფეთა თუ დიდებულთაგან, რომელთათვის ძალაუფლება უპირველესად შეუზღუდავი და მოურიდებელი განცხრომის საშუალებაა.
ქვეყნის თვალში გიორგიმ ბოლომდე ზიდა მეფის ჭაპანი, მაგრამ თავად ხომ კარგად იცოდა, რომ აბობოქრებულ ადამიანურ ვნებას მაინც ვერ მოერია. დეიდაშვილი გირშელის სიკვდილს მისი ჩუმი დასტურიც ახლდა, სვეტიცხოვლის ცუდად აგების გამო კი არა, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკვეთა მარჯვენა არსაკიძეს და შორენას სიცოცხლეც მის ამ ქმედებას შეეწირა.
სიყავურლის ნიადაგზე გამოჩენილ სისუსტეს შეეწირა კიდეც გიორგი. იგი სიკვდილის საძებნელად გავარდა ტყეში და იპოვა კიდეც სიკვდილი.
ამ მოულოდნელი რაკურსით მეფის სახე გამსახურდიამ დაუვიწყარ მხატვრულ პერსონაჟად აქცია.

 

სტატიის ავტორი: ნოდარ გრიგალაშვილი

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]